Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ზოოპარკს უცხოელი სპეციალისტები ეხმარებიან


თბილისის ზოოპარკის ტერიტორია, 2015 წლის 17 ივნისი
თბილისის ზოოპარკის ტერიტორია, 2015 წლის 17 ივნისი

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიას საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადა ასუფთავებს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მუშაობაში ჩართულია ჩეხეთის სამი ქალაქიდან ჩამოსული სპეცილისტთა შვიდკაციანი ჯგუფი და ისრაელის ზოოპარკის ორი ვეტერინარი.

ზოოპარკში იმ ადგილას, სადაც ადრე დათვების, ლომებისა და მაიმუნების ვოლიერები იყო, ახლა ჩეხეთიდან ჩამოსული სპეციალისტები მუხლამდე ტალახში დგანან და ელექტროხერხით ვოლიერების გისოსებს ჭრიან, რომ შიგნით შეაღწიონ. როგორც ზოოპარკის მთავარი მექანიკოსი პაპუნა ბობოხიძე გვეუბნება, კოლეგები მათ დაღუპული ცხოველების მოძიებაში ეხმარებიან:

„პრაღის ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ჩამოვიდნენ. საკმაოდ დიდი ჯგუფია. მათ გუშინვე დაათვალიერეს აქაურობა. დღეს დაღუპული ცხოველების გვამების გატანა დაიწყო. ელექტროენერგია არ არის. ამიტომ გენერატორი მოიტანეს და ჭრიან გალიებს და გამოაქვთ დაღუპული ცხოველები, რათა ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ შეიქმნას“.

პრაღის, ზლინისა და უსტინა ლაბეს ზოოპარკებიდან თბილისში შვიდი სპეციალისტი ჩამოვიდა - ხუთი მომვლელი და ორი კურატორი, გვეუბნება პრაღის ზოოპარკის კურატორი პეტერ ვალენსკი. მისი თქმით, როგორც კი ინფორმაცია მიუვიდათ თბილისის ზოოპარკში მომხდარის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო, არასამუშაო დღე, ერთ საათში მიიღეს თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება.

პეტერ ვალენსკი
პეტერ ვალენსკი

როგორც პეტერ ვალენკსი ამბობს, მცირე, მაგრამ ძალიან ეფექტური გუნდი ახლა თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს ეხმარება. მათთვის ადვილი წარმოსადგენი იყო, რა ხდებოდა ზოოპარკში, რადგან მსგავსი ამბავი პრაღის ზოოპარკსაც გადახდა თავს. თუმცა ვითარება პრაღაში განსხვავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ადიდებული მდინარე რომელმაც პრაღის ზოოპარკი დატბორა, საათების განმავლობაში დიდდებოდა და, პეტერ ვალენსკის თქმით, მათ საშუალება მიეცათ ცხოველების ევაკუაცია მოეწსროთ:

„ამწუთას ჩვენ დაღუპული ცხოველების მოძებნაში და ვოლიერებიდან გამოტანაში ვეხმარებით, რომ ზოოპარკის ტერიტორია დასუფთავდეს. ასევე ვმონაწილეობთ ლომების, იაგუარის, დათვებისა და მაიმუნებისთვის ადგილის შეცვლაში. სულ 5 დღე დავრჩებით და კვირას გავემგზავრებით“.

სანამ თბილისში ჩეხი სპეციალისტები ჩამოვიდოდნენ, ერევნის ზოოპარკის თანამშრომლებმა გაუწიეს კონსულიტაცია თბილისელ კოლეგებს. თბილისში იმყოფება ისრაელის ზოოპარკის ვეტერინარიც, რომელთან შეხვედრის საშუალება არ მოგვეცა.

ზოოპარკის დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადა. ბრიგადის საინჟინრო მხარდამჭერი, ბატალიონის შტაბის ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი ბეგლარ იაკობაძე ამბობს, რომ ზოოპარკში 10 ერთეული ტექნიკა და 50 ადამიანი ასრულებს გაწმენდით სამუშაოებს, თუმცა, როგორც ბეგლარ იაკობაძე ამბობს, ტექნიკა ძალიან ფრთხილად მუშაობს, რის გამოც საქმე დროში ხანრძლივდება:

„სირთულე ისაა, რომ ამ ჩამოტანილ მასაში შეიძლება იყოს ადამიანების ცხედრები და, შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღებით და ნელი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ან ცხედრები არ დავაზიანოთ, ან ნაგავს არ გავატანოთ“.

მერიაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომლის კომპეტენციაცაა ამ დახოცილი ცხოველების გატანა, თორემ მიგვაქვს ლილოს ნაგავსაყრელზე, სადაც სპეციალური ორმოა მოწყობილი ზოოპარკში დაღუპული ცხოველებისთვის...
ლევან ჯღარკავა

ზოოპარკიდან დაღუპული ცხოველები ექსკავატორებით გამოაქვთ. როგორც თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ჯღარკავა ამბობს, მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით, დაღუპული ცხოველები ლილოს ნაგავსაყრელზე მიაქვთ.

„მერიაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომლის კომპეტენციაცაა ამ დახოცილი ცხოველების გატანა, თორემ მიგვაქვს ლილოს ნაგავსაყრელზე, სადაც სპეციალური ორმოა მოწყობილი ზოოპარკში დაღუპული ცხოველებისთვის“.

ზოოპარკში დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობი რჩება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG