Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელობურთი, ხმაური და მძვინვარება

ლელობურთი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელიც გურიაში, ჩვეულებისამებრ, ყოველწლიურად აღდგომას იმართება. თამაშში ორი სოფლის, ზემო და ქვემო შუხუთის მცხოვრებლები სხვა მოხალისეებთან ერთად მონაწილეობენ. ეს თამაში ორ მეზობელ სოფელს შორის ერთგვარი "ღირსების" შეჯიბრებაა, რომლის მთავარი მიზანიც დაახლოებით 16-კილოგრამიანი ბურთის სოფლის ან ერთ, ან მეორე მხარეს გადატანაა. თამაშის დაწყებამდე სოფლის მღვდელი ბურთს აკურთხებს, მერე ბურთს ხალხისკენ ისვრის. ხშირ შემთხვევაში ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც შეიძლება, ქვიშით გატენილ მძიმე ბურთს თვალი მოჰკრათ. რამდენიმე საათის განმავლობაში ბურთი ასობით ადამიანს შორისაა ჩაკარგული. თითოეული მათგანი მთელი ძალით ცდილობს ცენტრამდე მიაღწიოს და ლელო თავისი სოფლისკენ წაიღოს. შედეგად კი მტვრის კორიანტელის, ერთმანეთთან ჯაჯგურისა და ხმამაღალი, ხშირად, გაბრაზებული შეძახილების შემდეგ, ლელობურთი მაინც გაოფლილ, ტანსაცმელშემოხეულ ადამიანებში იკარგება. წინასწარ არავინ იცის, თამაში როდის მთავრდება - ის ყოველთვის იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც საჭიროა. როდესაც ბურთი, ბოლოსდაბოლოს რომელიმე სოფლის მხარეს გააღწევს და თამაში სრულდება, ლელო იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე მიაქვთ, სადაც ის სამუდამოდ რჩება. შუხუთის სასაფლაოზე ყველაზე ძველი ლელობურთი ერთ-ერთ საფლავზე უკვე 30 წელიწადია დევს.

16x9 Image

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG