Accessibility links

logo-print

ჯიმშერ რეხვიაშვილი

კალენდარი

შეიძლება მტერს ვერ მოერიო, ვერც დაამარცხო და ვერც თავი შეაკლა, მაგრამ ამის გამო მისი მოკავშირე არ უნდა გახდე! არ შეიძლება წყალში გადაყარო შენი წინაპრების ლამის სამასწლიანი გამოცდილება, ბრძოლა და თავგანწირვა!

„ჯვრით, ცულით და მათრახით,
ლოცვით და დედის გინებით.“

აკაკი წერეთელი

თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია, ამასთან მნიშვნელოვანია როგორც მთელი ერის, ასევე მისი ცალკეული მოქალაქეებისა. სწორი არჩევნის შემდეგ, თანმიმდევრულობა ალბათ ყველაზე მეტი სიქველეა! მე თუ მკითხავთ, თანმიმდევრულობა გონივრულობის აუცილებელი პირობაც კია! თანმიმდევრვულობის გარეშე, ვაბნევთ მოყვარეს და ვახარებთ მტერს, რომელიც, ბედის ირონიით, ჩვენს მიმართ, ზედმიწევნით თანმიმდევრულია! თანმიმდევრული იყო მაშინ, როცა 95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს მისმა მე-11 წითელმა არმიამ არაფრად ჩააგდო საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება და დაიკავა თბილისი. თანმიმდევრული იყო იმიტომ, რომ ლამის ერთი საუკუნით ადრე, 1801 წლის 12 სექტემბერსაც იგივე გააკეთა, როცა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გვერდზე გადადო გეორგიევსკის ტრაქტატი (რომელიც ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის სამეფოს სუვერენიტეტს) და ხელი მოაწერა უმაღლეს მანიფესტს - ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან მიერთების აქტს:

„ჩვენ აღსრულთა ყოვლისა რუსეთისა საყდარსა ზედა ვჰპოვეთ სამეფო საქართველოისა შეერთებული რუსეთისადმი, რომლისთვისაცა გამოცხადება იყო უკვე 18 იანვრის დღესა 1801 წელსა... ერთმორწმუნე ხალხის განსაცდელში მხარდაჭერის ვალდებულებამ გვაიძულა თქვენი მფარველობაში მიღება. ისედაც ვრცელი იმპერიის საზღვრების კიდევ უფრო გაფართოებისათვის კი არ ვიტვირთეთ საქართველოს მმართველობის სიმძიმე“ და ა.შ.

ამასთან იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა რუსეთისა და სხვათა, და სხვათა, და სხვათა მანიფესტის ბოლო აბზაცში შეახსენებდა „ყოველთა საქართველოსა სამეფოსა შინა მყოფთა“, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება ქართველთა საკეთილდღეოდ მოხდა, „რათა სცნათ თქვენ ფასი კეთილად მმართველობისა“ (Наконец, да познаете и вы цену доброго правления).

რუსეთის იმპერია ალექსანდრე პირველის ამ მანიფესტამდე თანმიმდევრული ნაბიჯებით მივიდა, წესით, შესაბამისი თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა დაპირისპირებოდა მას საქართველოს სამეფო კარიც, თუმცა პლატონ იოსელიანის გადმოცემით („ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“), ამაოდ მოუწოდებდა გონზე მოსვლას დავით მემკვიდრეს იოანე სარდალი: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობას, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსსა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქედან განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისევე ვიმეფოთ“.

და რა გააკეთა დავითმა?

„მეფის ძემან დავით მიუთხრა ესე ამბავი ღენერლებსა ლაზარევსა და კოვალენსკის“!

სწორედ დავითის ამ და სხვა არაერთმა საქციელმა ათქმევინა სოლომონ ლიონიძეს გლოვითა: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცრო ერი თვისი და თვით თავი თვისი“.

დავით მემკვიდრემდე ბევრად უფრო ადრე გიორგი მეთორმეტემაც არ შეისმინა მასთან დაახლოებული კათოლიკე პატრის ნიკოლა რუტილიანოს დაჟინებული რჩევა, არ მინდობოდა უცხო ხელმწიფეს და ქვეყანა არ დაექვემდებარებინა რუსეთისათვის (დ. შველიძე „საქართველოს მფარველობა და დაპყრობა რუსეთის მიერ“):

„სხვათაგან დამოკიდებული ქვეყანა იქმნება დაცინებული და საკიცხველი. უცხო ნათესავი, პატრონად ქვეყნისა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტერად და მდევნელად, და მაწუხებლად. მამაშვილური მთავრობა მეფეთა, - გარდაიქცევა მამინაცვლისა და დედინაცვლისა სახედ სიყვარულისა უგვანისა და ბუნებისაგან არასოდეს აღსარებულისა. რუსნი შემოიტანენ პირველადვე მძიმესა უღელსა და ქვეყნისა კისერსა. მოითხვენ დიდთა ხარკთა, რომელთაცა თქვენ ვერ შესძლებთ. მაშინ თქვენი მამულნი და ყმანი გაისყიდებიან ბარაბანითა და მკვდარნი თქვენი დაიმარხებიან მუსიკითა“ .

ქართველები გონს დაახლოებით სამი ათეული წლის შემდეგ მოეგნენ: დაიწყო შეთქმულებრივი პატრიოტული მოძრაობა და მზადება სახალხო აჯანყებისთვის, რომლის გზითაც რუსის ჯარი უნდა განედევნათ და ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა აღედგინათ. კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პოლკოვნიკ ცებრიკოვს სოფელ ხაშმთან სწორედ ამგვარი ინფორმაცია მიუტანეს. მან კი, როგორც გ. გოზალიშვილი წერს თავისი ნაშრომის, „1832 წლის შეთქმულების“ პირველ ტომში, სწრაფად მოახსენა მთავარმმართებელ გრიგორი როზენს, რომ „საქართველოს სოფლებს აზრად ჰქონდათ აჯანყებულიყვნენ, რათა რუსის ჯარი ნაწილობრივ ამოეჟლიტათ, ნაწილობრივ კი საქართველოდან გაეძევებინათ“.

1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ალექსანდრე („პუპლია“) ორბელიანი, ერეკლე მეორის შვილიშვილი, რომელმაც სიყმაწვილეში, „ვიდრე თვალი აეხილებოდა“ იმერეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში „გამოიჩინა“ თავი, თუმცა სულ მალე მოიძულა დამპყრობელი და სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეუცვლია მრწამსი. აკი სიჭარმაგეში იხსენებდა კიდეც: „მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოკიდებული კასპიის ზღვამდისინ, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა უნდა მოგვეხდინა. ან უნდა გავწყვეტილიყავით სულ ერთიან ან არადა მამული გამოგვეხსნა, საშინელის ჩვენის მტრის რუსეთისგან“.

ასევე ბოლომდე თანმიმდევრული იყო სიმონ მაჩაბელიც, 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობის კიდევ ერთი მონაწილე (ვანო მაჩაბლის პაპა), რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თავის მამულში - თამარაშენში ჩაიკეტა და ყოველ ცისმარე დღეს აგზავნიდა მოსამსახურეს ცხინვალში იმის გასაგებად, „წავიდნენ რუსები თუ ისევ იქ დგანან“, მოსამსახურე კი თურმე უპასუხებდა: „არა, ბატონო, რუსები ჯერ კიდევ არ წასულანო“.

ცხადია, სიმონ მაჩაბელი, პუპლია ორბელიანი და კიდევ რამდენიმე მამულიშვილი, თავიანთი თანმიმდევრულობით გამონაკლისი იყვნენ. მთლიანობაში მე-19 საუკუნის ქართველობამ (ქართველი თავად-აზნაურების თითქმის მთელმა გვაროვნულმა და ინტელექტუალურმა ზედაფენამ), შეთქმულების კიდევ ერთი მონაწილის გრიგოლ ორბელიანის „ოქროს ბორკილების“ გზა აირჩია (არაფერს ვიტყვით, იასე ფალავანდიშვილზე - პეჩორის თავადად წოდებულზე, რომელმაც შეთქმულებრივი მოძრაობა გასცა) და ყოვლისა რუსეთის იმპერატორისა და თვითმპყრობლის სამსახურში ჩადგა.

XX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთმა (ამჯერად უკვე საბჭოთა რუსეთმა) ასევე შესაშური თანმიმდევრულობით გააგრძელა იმპერიის პოლიტიკა, საქართველომ კი კვლავ არათანმიმდევრულობით უპასუხა. არადა, 1921 წლის 25 თებერვალს გამოსული ქართული პრესა გვაფიქრებინებს, რომ მტერ-მოყვარე მკაფიოდ იყო გამორჩეული ერთმანეთისგან.

25 თებერვლის გაზეთმა „საქართველომ“ გამოაქვეყნა კათალიკოზ პატრიარქის, ლეონიდის სიტყვა თქმული 20 თებერვალს თბილისის მცხოვრებლებისადმი სამხედრო ტაძრის ეზოში. ცნობილია, რომ 19 თებერვალს თბილისის დამცველებმა „წითელი არმიის“ მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. ფრაგმენტი პატრიარქის სიტყვიდან:

„თვითეულს აქ მდგომთაგანს ნათლად და ცოცხლად გვეხატება თვალწინ ის ბნელი ჯოჯოხეთი და ყოველ ზომას აღმატებული უბედურობა, რომელიც თავს დასტრიალებდა ჩვენს დედაქალაქს და მასთან ერთად ჩვენს სამშობლოს. მყრალი მტერი გვექადოდა აოხრებას, განადგურებას, გაუპატიურებას და სამარცხვინო უღლის დადგმას. ...მომენტი მოითხოვს, რომ მოხდეს ყოველი ძალების მობილიზაცია. მთავრობა მეთაურობას გვიწევს თავდაცვის საკითხებში და ჩვენც ყველანი მოვალენი ვართ, მჭიდროდ გავერთიანდეთ მის გარშემო, დავივიწყოთ პარტიული განსხვავება, ყოველგვარი განხეთქილება, უსიამოვნება, თუ გნებავთ, ცხადი უსამართლობაც. ჯერ მტრის დამარცხება და ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება, მერე შინაური საქმეების მოგვარება.

ზეციურო ჩვენო მამაო, მუდმივი ძლევა გამარჯვების ბრწყინვალე შარავანდედს ნუ მოაკლებ ქართველ ჯარს!

იესო ტკბილო, აღაყვავე, გააძლიერე და განამტკიცე ჩვენი ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკა!“

„ერთობა“ კი წერდა:

„რუსის ბარბაროსულმა ქუსლებმა უნდა სთელონ ჩვენი კარმიდამო, თუ ევროპის ნათელმა სხივმა უნდა გააბრწყინოს ჩვენი ცხოვრების მომავალი ბაღნარი? - აი, რა წყდება დღეს!“

25 თებერვალს გამოსული კიდევ ერთი გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ მკითხველს შეახსენებდა, თუ როგორი ვერაგი მტერი უტევდა სამშობლოს:

„ზოგმა [დამპყრობელმა] ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის არ მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის გამგებლად და ავად თუ კარგად თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, რომ დღესაც კი - რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი არამც თუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქართველი - მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა, თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი.“

თუმცა, საქმეც ისაა, რომ მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპის ქართველები ბევრნი აღმოჩნდნენ. მე-11 წითელმა არმიამ და შულავერში შემდგარმა საქართველოს რევკომმა, რომელსაც ფილიპე მახარაძე თავმჯდომარეობდა, იოლად გააწითლეს საქართველო, რომელმაც მალევე დაივიწყა „რუსის მტრობა“ და შემდგომი 70 წლის განმავლობაში ერთგულად და სიყვარულით (დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო) ემსახურა ერთმორწმუნე მეზობელს.

რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი ასევე თანმიმდევრული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან საქართველოს გამოსვლის მცდელობას სისხლში ახშობდა და ასეთად რჩება დღესაც, როცა საქართველოს ევროპული არჩევნის პასუხად ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. წესით, ამგვარ თანმიმდევრულ მტრობას საქართველოც თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა პასუხობდეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ რაც დრო გადის, სულ უფრო მრავლდებიან და ძლიერდებიან დავით მემკვიდრის, იასე ფალავანდიშვილის და შულავერის რევკომის სულიერი მემკვიდრეები ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური მოძრაობების სახით, რომ არაფერი ვთქვათ სტალინის ქართველობითა თუ რუსეთის ერთმორწმუნეობით გაბრიყვებულ თანამოქალაქეებზე.

შეიძლება მტერს ვერ მოერიო, ვერც დაამარცხო და ვერც თავი შეაკლა, მაგრამ ამის გამო მისი მოკავშირე არ უნდა გახდე!

არ შეიძლება წყალში გადაყარო შენი წინაპრების ლამის სამასწლიანი გამოცდილება, ბრძოლა და თავგანწირვა!

როგორ შეიძლება იყო ასეთი არათანმიმდევრული, როცა საქმე სამშობლოს თავისუფლებას და მის მომავალს ეხება? მით უფრო, რომ ჩვენგან არავინ მოითხოვს ისეთ თანმიმდევრულობას, როგორითაც ისტორიას შემორჩა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მცხოვრები რომის მოქალაქე, ციცერონის მეგობარი ტიტუს პომპონიუს ატიკუსი (Titus Pomponius Atticus ), რომელმაც მას შემდეგ, რაც წყალმანკით დაავადდა, ხოლო ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო, გადაწვიტა შიმშილით მოეკლა თავი და ამგვარად მოეღო ბოლო ტანჯვისათვის. დაემშვიდობა მეგობრებს, ნათესავებს და უარი თქვა საკვების მიღებაზე, მაგრამ მოხდა „სასწაული“: გარკვეული დროის შემდეგ შიმშილობის შედეგად დაავადებამ უკან დაიხია, რამაც ძალზე გაახარა ავადმყოფის ახლობლები, თუმცა არა თავად ატიკუსი, რომელმაც არ შეწყვიტა შიმშილობა.

„როცა ასე ახლოს მიხვალ სიკვდილთან, სირცხვილია უკან დაბრუნება“, თქვა და შიმშილით მოიკლა თავი.

ცხადია, ჩვენგან ასეთ თანმიმდევრულობას არავინ ითხოვს! სულ ცოტა ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთისგან მტერი და მოყვარე გავარჩიოთ! თუ არ ვიბრძოლებთ, სიმონ მაჩაბელივით ყოველ დილით ის მაინც ვიკითხოთ, წავიდნენ ცხინვალიდან რუსები თუ ისევ იქ დგანან?

გარემონტებული და განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე წასვლას არ ვაპირებდი, არც „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმის ნახვის წყურვილი მახრჩობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ არათუ ჩემნაირთა, არამედ კლასიკური მუსიკის თავგადაკლულ მოყვარულთა მისვლაც კი შეუძლებელი იყო, ავფორიაქდი და მოსვენება დავკარგე.

გარემონტებული და განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე წასვლას არ ვაპირებდი, არც „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმის ნახვის წყურვილი მახრჩობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ არათუ ჩემნაირთა, არამედ კლასიკური მუსიკის თავგადაკლულ მოყვარულთა მისვლაც კი შეუძლებელი იყო, ავფორიაქდი და მოსვენება დავკარგე. მეგონა, გადამივლიდა, მაგრამ ენერგია (მით უფრო - ნეგატიური ენერგია) მოსვენებას არ მაძლევდა. გადავწვიტე, სადმე წავსულიყავი. ბევრი ფიქრის შემდეგ, იმ კაცის სევდით, რომლის შვილები საშობაო ნაძვის ხის ნაცვლად ჩიჩილაკს სჯერდებიან, ოპერისა და ბალეტის თეატრს გავცდი, ქაშუეთსა და „მაგთის“ მშენებარე მონსტრს შორის ჩავუხვიე, ცოტაც გუდიაშვილის ქუჩით ვიარე და საჯარო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსს მივადექი, რათა 30 იანვარს მთლად „უაბესალომდაეთეროდ“ არ დავრჩენილიყავი. როგორც მოსალოდნელი იყო, წიგნებსა და ძველ ჟურნალ-გაზეთებს ფალიაშვილსა და მის „აბესალომ და ეთერზე“ მართლაც ბევრი რამ სცოდნიათ. მითხრეს, რომ საუკეთესო ქართული ოპერის ისტორია დაიწყო ასზე მეტი წლის წინ, როცა 1908 წლის 21 დეკემბერს სალიტერატურო და სამხატვრო ჟურნალ „ფასკუნჯში“ გამოქვეყნდა „აბესალომ და ეთერი“ - ძველი ხალხური თქმულება ლექსად, რვა სურათად. შეკრებილი და დაწყობილი პეტრე მირიანიშვილის მიერ.

სწორედ პეტრე მირიანიშვილმა, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ცნობილმა პედაგოგმა, ლიტერატორმა და საზოგადო მოღვაწემ „დაიჟინა“ ქართული ხალხური ეპოსის, „ეთერიანის“ ტექსტზე პირველი ქართულ ოპერის შექმნა, რისთვისაც (მას შემდეგ, რაც თავისი იდეით ვერავინ აანთო), 40 წელს გადაცილებულმა კაცმა სამუსიკო სასწავლებელში შესვლა და საკომპოზიციო ხელოვნების შესწავლა გადაწვიტა, იმავდროულად მოაგროვა ხალხში გაფანტული დრამატული პოემის უამრავი ვარიანტი და შეადგინა ლიბრეტო.

„თქმულების მთლიანობის აღსადგენად საჭიროდ დავინახე ყოველი ვერსია, რაც დაბეჭდილი იყო ან გაგონილი მქონდა, შემეკრიფა და ამესხა ერთ ჩონჩხად თავიდან ბოლომდე ყოველი ნაწილის თავთავის ადგილზე მოქცევით“, - იხსენებდა პეტრე მირიანიშვილი 1923 წელს „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის“ მეცხრე ნომერში გამოქვეყნებულ წერილში.

ქართული ოპერის სასიკეთოდ, პეტრე მირიანიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის გზები გადაიკვეთა 1903 წელს, როცა მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული ზაქარია თბილისის სათავადაუზნაურო გიმნაზიაში (სადაც პეტრე მსახურობდა) მუსიკის მასწავლებლად დაინიშნა. 1947 წელს „სახელგამის“ მიერ გამოცემულ წიგნში „ზაქარია ფალიაშვილი“, რომლის ავტორია შალვა კაშმაძე, ვკითხულობთ: „პეტრე მოსვენებას არ აძლევდა ზაქარია ფალიაშვილს - „აბესალომ და ეთერს“ ხელი მოჰკიდეო, მაგრამ ზაქარიას ამის ფიქრიც კი აშინებდა. ნიადაგ ერთსა და იმავეს უპასუხებდა: რა დროს ეგაა, ჯერ ჩვენი მუსიკალური ფოლკლორი შეუსწავლელია. ხუმრობა ხომ არ არის ოპერის წერა. სადა მაქვს ასეთი ძალა!“

თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა „ფასკუნჯში“ „ეთერიანის“ ლიბრეტოს გამოქვეყნება. წაკითხვის შემდეგ, ფალიაშვილმა ოპერაზე მუშაობა დაიწყო, რისთვისაც, მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ემზადებოდა. მუშაობის პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა ლიბრეტო, რომლის პირვანდელი ვარიანტი ვერ იძლეოდა მასალას ისეთი რთული საკომპოზიციო ნომრების შესაქმნელად, რომლებიც უხვადაა წარმოდგენილი „აბესალომ და ეთერში“.

„ოპერის შექმნის პროცესში პეტრე მირიანიშვილი, ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი ზაქარიას ხშირი სტუმრები იყვნენ. უშუალოდ ფორტეპიანოსთან სწორდებოდა ცალკე ფრაზები, სცენები, არიები. იქმნებოდა დუეტები და დიალოგები. ზაქარია დიდ ანგარიშს უწევდა ვანო სარაჯიშვილს. მის არტისტულ ქარგაზე გამოჰკვეთა თავისი დიდებული აბელსალომი“, ვკითხულობთ შალვა კაშმაძის წიგნში, რომლიდანაც მკითხველი ასევე შეიტყობს, რომ ქართული ჰანგის „ევროპულ სამოსელში წარმოსადგენად“ ფალიაშვილს დიდი შემოქმედებითი მუშაობა დასჭირდა, რადგანაც პირველი ქართული ოპერის ავტორი არასოდეს მიმართავდა ფოლკლორის უხეშ ციტირებას. აკი, „ავტობიოგრაფიულ ცნობებში“ თავად კომპოზიტორმაც აღნიშნა: „დიდი სიფრთხილით ვეკიდებოდი ხალხურ სიმდიდრეთა ჰარმონიზებასა და სტილიზირებას. რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ხელუხლებლად ვინახავდი მათში თვით ხალხის მიერ შემუშავებულ ეროვნულ იერიანობასა და ტრადიციებს.“ ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ როგორი თავმდაბალი ადამიანი იყო ზაქარია ფალიაშვილი, რომელიც მეგობართა წრეშიც ხშირად იტყოდა ხოლმე: „პრეტენზიები არ მაქვს, რათა ჩემზე სთქვან ოპერა დაწერაო“.

ზაქარია ფალიაშვილს პირადად იცნობდა აკადემოკოსი ვახტანგ ბერიძე, რომელიც 1987 წელს გამოცემულ „მოგონებებში“ კომპოზიტორის შესახებ წერს: „გარეგნულად არტისტული და მით უფრო რომანტიკული არაფერი ჰქონდა. სრულიად მელოტი იყო, გაპარსული, სახე აწითლებული. პენსნეს ატარებდა. ლაპარაკობდა სწრაფად და არც მაინცდამაინც მკაფიოდ. ხშირად იცოდა აღელვება და მაშინ „დედაია, დედაიას“ იძახდა. თავაზიანი შეხვედრა იცოდა და მოსალმებისას ყოველთვის ერთიანად იღიმებოდა.“

თბილისის ოპერის სცენაზე „აბესალომ და ეთერი“ პირველად 1919 წლის 21 თებერვალს დაიდგა. პრემიერა ბევრად ადრე გაიმართებოდა, რომ არა კომპოზიტორის პირადი ტრაგედია. ოპერაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა ფალიაშვილის ერთადერთი ვაჟი, ათი წლის ირაკლი, რომელიც უდიდესი მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. სმენით უკრავდა ცნობილ მარშს „რუსლან და ლუდმილადან“. იცოდა ქართული, რუსული და რამდენიმე ევროპული ენა, წერდა მუსიკას და ა.შ.

აგარაკზე ყოფნის დროს ბავშვს დაგორებულმა მორმა ხელი დაუზიანა, რამაც, თავის მხრივ, დაბადებიდან თანდაყოლილი გულის დაავადების გართულება გამოიწვია. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ირაკლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც შალვა კაშმაძე გადმოგვცემს, კომპოზიტორი აუწერელ წამებაში ჩავარდა: „მთელს დღეებს შვილის საფლავზე ატარებდა. ხშირად, გვიან ბრუნდებოდა შინ, ღონემიხდილი. ეშინოდათ, თავისთვის ცუდი რამ არ აეტეხნა. ვერავითარი დაყვავება ვერ მოქმედებდა. ზაქარიას არაფერი არ აინტერესებდა, ფორტეპიანოს დანახვაც კი აღარ შეეძლო. „აბესალომიც“ სადღაც კუთხეში მიაგდო და მიივიწყა“.

თუმცა, გავა დრო და კომპოზიტორი მოიკრებს ნებისყოფას და კვლავ აამატყველებს ხმაგაკმენდილ როიალს, ერთ დღესაც კი „აბესალომის“ კლავირს წააწერს:

„ძეგლად დედისერთა ყრმის - ირაკლის უმანკო სულისა, მამამისის ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილისგან“.

„აბესალომ და ეთერს“ უკავშირდება კიდევ ერთი დრამატული ისტორია თბილისის ოპერიის დირიჟორის, 45 წლის სამუელ სტოლერმანისა, რომელმაც 1920 წლის 15 იანვარს თავის ბინაში (სასამართლოს ქუჩა #31) რევოლვერის ორი გასროლით მოკლა მძინარე ცოლი ალექსანდრა სტოლერმანი. საბრალდებო აქტიდან ირკვევა, რომ განსასჯელის სკამზე მყოფ დირიჟორს მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესად ავიწროებდა ცოლი, რომელიც ართმევდა ლამის მთელ შემოსავალს, უშლიდა კოლეგებთან ურთიერთობას, ერეოდა შემოქმედებით საქმიანობაში და ფიზიკურადაც ძალადობდა ქმარზე. სტოლერმანის მოთმინების ფიალა კი აივსო 15 იანვრის დილით, როცა ადრიანად გაღვიძებულმა მოინდომა ცოლის ძილით ესარგებლა და გადაშალა „აბესალომის“ პარტიტურა, რომელშიც რამდენიმე ფურცელი დახეული აღმოჩნდა. გახელებულმა სტოლერმანმა რევოლვერით მოკლა მძინარე ცოლი. პროცესის მსვლელობისას მუსიკოსის ადვოკატმა შალვა მესხიშვილმა (რომლის შესანიშნავი სიტყვა შესულია 1963 წელს გამოცემულ „ქართველ ადვოკატთა სამოსამართლო სიტყვების“ კრებულში) საგანგებოდ შენიშნა, რომ „აბესალომის“ პარტიტურა ხელნაწერი და ერთადერთი ეგზემპლარი იყო. სასამარლომ ჩათვალა, რომ დირიჟორმა ცოლი ავადმყოფური სიშმაგის შემოტევის დროს მოკლა და, პროკურორის მიერ მოთხოვნილი 15-წლიანი კატორღის ნაცვლად, გამოუტანა გამამართლებელი განაჩენი.

პარტიტურა, რომელიც სამუელ სტოლერმანს შინ ჰქონდა წაღებული და შემთხვევით გადაურჩა განადგურებას, დროთა განმავლობაში მნიშნელოვნად შეიკვეცა. პრემიერის დროს „აბესალომ და ეთერი“ ხუთ მოქმედებასა და ექვს სურათს შეიცავდა. მალე კომპოზიტორისთვის ნათელი გახდა, რომ საჭირო იყო მთელი მესამე აქტის და სხვა ცალკეული ადგილების ამოღება. შედაგად, ოპერიდან გაქრა ბელიარ-ეშმაკის პარტია, ისევე, როგორც საქორწინო სცენისთვის შეუფერებელი მარიხის არია „შუქურ ვარსკვლავი“, რომელიც კომპოზიტორმა მოგვიანებით „დაისში“ გადაიტანა. საბოლოო ჯამში დარჩა ოთხი მოქმედება და ხუთი სურათი.

პრემიერის შემდეგ ასევე მალე შეიცვალა აბესალომის პარტიის შემსრულებელი ბორის ზალიპსკი, რომლის ადგილი ვანო სარაჯივშვილმა დაიკავა. სხვათა შორის, www.yandex.ru-ს ენციკლოპედიურ ლექსიკონში ბორის ზალიპსკის გარდაცვალების თარიღად მითეთებულია 1919 ანუ პრემიერის წელი. მალევე, 1924 წლის 11 ნოემბერს გულის მძიმე დაავადებით გარდაიცვალა „ქართველი ბულბული“ ვანო სარაჯიშვილიც, რომლის დაკრძალვა აღწერილი აქვს აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს თავის „მოგონებებში“: „ათი წლისა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მახსოვს მხოლოდ მისი დაკრძალვა - გრანდიოზული პროცესია, რომელიც ერთიანად ავსებდა მთელ გზას მწერალთა სახლიდან ოპერის თეატრამდე. ახლა ვეღარ გამირჩევია, ნაამბობით ვიცოდი, თუ გაზეთებში ეწერა, რომ ვანოს გარდაცვალების გამო დაიდგა „აბესალომ და ეთერი“ უაბესალომოდ - მის პარტიას ვიოლონჩელო ასრულებდა. არ ვიცი, გემოვნების მხრივ რამდენად კარგი იყო ეს მელოდრამატული გამოგონება, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, დიდი ეფექტი მოახდინა, მითუფრო, რომ ვანო ძალიან პოპულარული იყო და ახალგაზრდა გარდაიცვალა“.

შალვა კაშმაძის გადმოცემით, „აბესალომ და ეთერის“ უაბესალომოდ დადგმის ინიციატივა კოტე მარჯანიშვილს ეკუთვნოდა. აბესალომის პარტია ჩელოთი ემილ კაპელნიცკიმ შეასრულა, ვანო სარაჯიშვილის ნაცვლად კი სცენაზე შუქი დადიოდა. მომღერალი ოპერის ბაღში დაკრძაალეს. ცხრა წლის შემდეგ იქვე გაიჭრება კიდევ ერთი საფლავი, ამჯერად ზაქარია ფალიაშვილისთვის. თანამედროვეების გადმოცემით, „კომპოზიტორი მიეკუთვნებოდა ისეთი ადამიანების რიცხვს, რომლებსაც თავიანთ თავზე ზრუნვა ახასიათებთ და ნიადაგ ჯანმრთელობას ჩაჰკირკიტებენ, რომელნიც ეჭვით უცქერენ უბრალო სატკივარს და ხშირად ფრჩხილის წამოტკენას ერთ უშველებელ რამედ აზვიადებენ“. თუმცა, დიაგნოზი, რომელიც კომპოზიტორს 1933 წლის გაზაფხულზე დაუსვეს გაზვიადებას აღარ საჭიროებდა: ხელისა და წელის ტკივილის მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის კიბო აღმოჩნდა.

„კონსერვატორიის დარბაზში ესვენა, იყო პანაშვიდები ყველა აუცილებელი ატრიბუტით - ორკესტრით, გვირგვინებით, საპატიო ყარაულით... მაგრამ მართლაც ამაღელვებელი და საზეიმო განწყობილება შეიქმნა, როდესაც მეორე პანაშვიდზე ორკესტრმა, გუნდმა და ნიკო ქუმსიაშვილმა „აბესალომის“ მესამე მოქმედება შეასრულეს მთლიანად. ამ განწყობილებას ისიც უწყობდა ხელს, რომ დირიჟორობდა ზაქარიას უფროსი ძმა, ივანე ფალიაშვილი. ქუმსიაშვილს ხომ ლამაზი და ძლიერი ხმა ჰქონდა, აქ კი, შედარებით მცირე დარბაზში, მისი ხმა ერთიანად ავსებდა იქაურობას. ახლაც მახსოვს, როგორ მივლიდა ჟრუანტელი“, - წერს ვახტან ბერიძე „მოგონებებში“.

სახელმწიფო კონსერვატორიიდან ზაქარია ფალიაშვილი თავისმა ხუთმა ძმამ გამოასვენა (სულ 17 და-ძმა იყვნენ). ხუთიდან ერთი, დირიჟორი ივანე ფალიაშვილი, რომელსაც განსაკუთრებული ამაგი ჰქონდა ზაქარიაზე, სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ გარდაიცვლება. მისი დაკრძალვის დღესაც თბილისის ოპერის სცენაზე კვლავ გლოვის ზარივით აგუგუნდება „აბესალომი“, რომლიც შესახებაც ლიბრეტოს ავტორის პეტრე მირიანიშვილის მიერ „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში“ ( #9. 1923 წ. 12 აგვისტო) გამოთქმულ მოსაზრებას დამაჯერებლობა დღემდე არ დაუკავრგავს:

„კომპოზიტორი არა ვარ, რომ დავაფასო ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა, რომლითაც გამოსთქვა სულისკვეთება აბესალომის, ეთერისა და მურმანისა, მაგრამ იმდენი ყურთა სმენა მაინც მაქვს, რომ ვსთქვა, რამდენადაც დემონის და ღალატის მუსიკა ეუცხოება ქართველსა, იმდენად აბესალომისა და ეთერის მუსიკა ქართულია და გულის მისახვედრი არა თუ მარტო იქ, სადაც ეთნიკურ კოლორიტს გვიხატავს, არამედ იქაც, სადაც ნამდვილი მუსიკალური შემოქმედება სჩანს ავტორისა, მაგალითად, ოპერის მესამე მოქმედებაში, რომელიც მთლიანად შედევრია და დამყარებულია ქართული ძველებური გლოვის ზარის კილოზე.“

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG