Accessibility links

logo-print

კობა ლიკლიკაძე

კალენდარი

უახლეს ისტორიაში ძნელია მოიძებნოს სხვა მაგალითი, როდესაც ერთი ქვეყნის რეგიონული ლიდერი მეორე ქვეყანაში, თანაც მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულ ქვეყანაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოფილიყოს და ყველაფერი გაეკეთებინოს ამ „პარტნიორი“ და „მეგობარი“ სახელმწიფო ხელისუფლების იმიჯის შესალახად.

ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ 7 ნოემბერს დატოვა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. ზუსტად ცხრა წლის წინ, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენდანტის საათი შემოიღო − მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებმა თბილისის ცენტრში სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მიტინგი და პირდაპირი ეთერიდან გათიშა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“. სააკაშვილს, რომელმაც უთუოდ იცის თარიღების მნიშვნელობა, სავარაუდოდ, სურს, თავისი, როგორც პროდასავლელი ლიდერის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, გადაფაროს ხმაურიანი გადადგომით, რომლის არსიც კორუფციისაგან უკრაინის გათავისუფლების ბრძოლა გახდება. თუმცა, მისი ეს ჩანაფიქრი მოსახლეობისათვის დამაჯერებელი რომ გახდეს, საჭიროა სკანდალი, საჭიროა მთავარი ოპონენტის გამოკვეთა და მისთვის ყველა ცოდვის დაბრალება.

ამ შემთხვევისათვის სააკაშვილის სამიზნე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, მიზანი კი − მისი სავარძლის დაკავება. ვინც საქართველოდან იცნობს სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და მის პიარტექნოლოგიურ ხელწერას, მისთვის არფერია გასაკვირი იმ სიტყვებში, ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა პრეზიდენტ პოროშენკოს მისამართით რომ წარმოთქვა. „ოდესის ოლქში პრეზიდენტი პირადად უჭერს მხარს ორ კლანს. ეს არის ტრუხანოვის ბანდიტური, კრიმინალური, 90-იანი წლების მკვლელების კლანი და ურბანსკის კორუფციული კლანი. რეალურად, ოლქში მთელი ძალაუფლება მან ამ ორ კაცს და მათ მოკავშირეებს ჩააბარა“ − განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი სრულიად დაუფარავად ხდება. „ოდესის ოლქს ხელში უგდებენ არა მხოლოდ კორუმპირებულებს, არამედ უკრაინის მტრებს. მე არ ვაპირებ ამაზე გაჩუმებას“, − დასძინა სააკაშვილმა.

მაგრამ, ვიმეორებ, ამაში არაფერია მოულოდნელი იმისთვის, ვინც კარგად იცის სააკაშვილის განვლილი გზა და ზოგიერთი ჩემი უკრაინელი კოლეგასავით გულუბრყვილოდ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილი, როგორც საქართველოს ლიდერი, ერთია, ხოლო სააკაშვილი, როგორც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი − სულ სხვა.

ასეთი მოსაზრება იმთავითვე იქცა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის გაცემულ ერთგვარ ინდულგენციად და ჩემი უკრაინელი კოლეგები და პოლიტიკოსები (პრეზიდენტ პოროშენკოს ჩათვლით) ბოლო მომენტამდე მშვიდად უყურებდნენ, როგორ აგრესიულად ერეოდა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოს საშინაო საქმეებში, რამაც კულმინაციას მიაღწია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

უახლეს ისტორიაში ძნელია მოიძებნოს სხვა მაგალითი, როდესაც ერთი ქვეყნის რეგიონული ლიდერი მეორე ქვეყანაში, თანაც მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულ ქვეყანაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოფილიყოს და ყველაფერი გაეკეთებინოს ამ „პარტნიორი“ და „მეგობარი“ სახელმწიფო ხელისუფლების იმიჯის შესალახად.

საქართველოს შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ეს არ გამოუვიდა. თავის სამშობლოში ის არა მხოლოდ დამარცხდა, არამედ მისმა მოწოდებებმა და ცრუ დაპირებებმა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში, გახლიჩა მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სწორედ ექს-პრეზიდენტის „წყალობით“ აღარ არის „ერთიანი“.

ნატოს ვარშავის სამიტის დეკლარაციაში ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააძლიერონ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს წევრი ქვეყნების დიდძალი ფული, ჯარი და პოლიტიკური ენერგია ამ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებში მცხოვრებ მილიარდამდე მოქალაქის დაცვას ემსახურება. ამ ფუძემდებლური პრინციპის განმეორება და მოკავშირეების დარწმუნება ალიანსის ხელმძღვანელობას სულ უფრო ხშირად უხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი წლის წინ ყირიმის ანექსია მოახდინა და მეთოდურად ავითარებს სტრატეგიას, რომლის არსი საკუთარი ინტერესების საკუთარ საზღვრებს გარეთ დაცვაში მდგომარეობს.

წესით, ათვლა საქართველოს ტერიტორიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიით უნდა იწყებოდეს, რადგან სწორედ იქ გამოსცადა რუსეთმა ის გეგმა, რაც „ჰიბრიდულ ომად“ შემოუბრუნდა დასავლეთის ალიანსსა და მის მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე. სულ ახლახან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ისკანდერის“ სახელით ცნობილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი განათავსა კალინინგრადში, რამაც ნატოს ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ შეაშფოთა. დიახ, შეაშფოთა, მაგრამ ვერ გააბრაზა. ამ ვერგაბრაზებას თავისი მიზეზი აქვს. ძალის დემონსტრირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მუქარას და, მით უფრო, თავდასხმას, რასაც, ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, აგრესორის წინააღმდეგ ომის გამოცხადება უნდა მოჰყვეს.

ახლა შეიძლება ვიმსჯელოთ და ვიმარჩიელოთ იმაზე, მივიდოდა თუ არა საქმე აქამდე, თავის დროზე პარტნიორი და, ფაქტობრივად, წევრობის კანდიდატი ქვეყნების (საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის) მიწების მიტაცების დროს რომ ამოქმედებულიყო თუნდაც რუსეთის შემაკავებელი მექანიზმი, რაზეც დღეს ალიანსის ამდენი ენერგია იხარჯება.

აღმოსავლეთის ფლანგის დასაცავად და ამ მიმართულებაზე რუსეთის შესაკავებლად ვარშავის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ლიდერებმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. და რაკი ზუსტად ასი დღე შესრულდა განვლილი სამიტიდან, ალიანსის თავდაცვის მინისტრთა 26-27 ოქტომბრის შეხვედრა ბრიუსელში იყო ერთგვარი შეჯამება იმისა, თუ რა გაკეთდა და რის გაკეთება იგეგმება ალიანსის საზღვრების დასაცავად – ატლანტის ოკეანიდან ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანემდე. თუმცა, უსაფრთხოების მხრივ, როგორც გაირკვა, ნატოს ყველაზე დაუცველ ტერიტორიას წარმოადგენს ბალტიისა და შავი ზღვების აუზი, სადაც, საქართველოსა და უკრაინის შავიზღვისპირა მიწების – აფხაზეთისა და ყირიმის – ანექსიის შემდეგ რუსეთის სამხედრო ფლოტი გაბატონდა.

შავი ზღვა ნატოს რამდენიმე სახელმწიფოსთან – თურქეთთან, ბულგარეთსა და რუმინეთთან – დამაკავშირებელი საქართველოს საზღვაო საზღვარია. ნატოს ვარშავის სამიტის დეკლარაციაში ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააძლიერონ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში. ეს ჩანაფიქრი გულისხმობს უსაფრთხოების გაძლიერებას ჰაერში, ხმელეთსა და წყალზე.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 ოქტომბერს განაცხადა, წინა სამიტიდან გასული ასი დღის განმავლობაში ალიანსის რამდენიმე წევრმა – აშშ-მა, გერმანიამ, თურქეთმა, კანადამ, პოლონეთმა და ჰოლანდიამ – გამოთქვა მზადყოფნა, თავიანთი წვლილი შეიტანონ შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში. სხვათა შორის, ვარშავის სამიტზე ალიანსის წევრობის კანდიდატმა საქართველომაც გამოაცხადა მზადყოფნა, რომ, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, თავის შესაძლებლობის ფარგლებში, ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში. რაც, კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის მეტიჩრობა თბილისის მხრიდან, რადგან ნატოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების გემები ხშირად სტუმრობენ ბათუმსა თუ ფოთს, და საქართველოს, სულ ცოტა, საპორტო ინფრასტრუქტურით მაინც შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა უსაფრთხოების ზემოხსენებული საერთაშორისო პროექტის რეალიზებაში.

თუმცა, ამ პროექტის განხორციელებას ნატო მხოლოდ ახლა იწყებს, მაშინ როცა, ბალტიის ზღვის აუზის, ანუ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ამ მხრივ უფრო გაუმართლათ. ვგულისხმობ იმას, რომ უკვე დაკომპლექტდა და მომზადდა ის ოთხი მრავალეროვნული ბატალიონი, რომლებიც გაისად გაემგზავრებიან ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის დასაცავად.

თუ პირველ ეტაპზე ამ მრავალეროვნული ბატალიონის გაწვრთნისა და აღჭურვისათვის აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და კანადამ იზრუნეს, მისიის შესრულების შემდეგ, როტაციის წესით, მათ ჩაანაცვლებს სხვა მრავალეროვნული ქვედანაყოფები, რომელთა ფორმირებაში მონაწილეობის თანხმობა 26 ოქტომბერს ოფიციალურად დაადასტურეს ალბანეთის, ბელგიის, დანიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიის, საფრანგეთის, ხორვატიისა და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრებმა.

„სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მიცემულ პირობას ვასრულებთ და რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იმედია, პირობას ნატო სხვა შემთხვევაშიც პირნათლად შეასრულებს. მხედველობაში მაქვს ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინისათვის მიცემული პირობა, რომ ეს ქვეყნები აუცილებლად გახდებიან ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, როდესაც ყველა არსებით კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ.

კრიტერიუმების შესრულების მხრივ არის შეფერხება, თუ ნატოს წევრი ქვეყნები განგებ აჭიანურებენ ამ სიტყვის საქმედ ქცევას? ეს საკითხი დაუსრულებელი სპეკულაციების საგანი იქნება მანამ, სანამ გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებს არ ეცოდინებათ კონკრეტული დრო, თუ როდის დაიწყება ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში მათი ინტეგრაციის პროცესი. როგორც ეს შარშან მოხდა დასავლეთ ბალკანეთის პატარა ქვეყნის, ჩერნოგორიის შემთხვევაში, რომელიც გაისად უკვე ალიანსის სრულფასოვანი, 29-ე წევრი გახდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG