Accessibility links

ბლოგები

როდესაც ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ჰუსეინ ობამა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "formal transition of power"-ზე - ძალაუფლების ოფიციალურ, კანონიერ გადაცემაზე - ელაპარაკებოდა, როგორც ჩანს, გულისხმობდა, რომ სიტყვა „ძალაუფლებას“ ამერიკასა და საქართველოში ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. რას ნიშნავს ძალაუფლება და როგორია მისი სტრუქტურა საქართველოში? ამ შეკითხვაზე ყველაზე თვალსაჩინო პასუხი, შესაძლოა, სოფელ კარალეთში მომხდარმა ინციდენტმა გასცა, როდესაც სააგიტაციოდ ჩასულ პოლიტიკურ მოძრაობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ახლო ნათესავები ქვებით, ჯოხებით და მუშტებით დახვდნენ. ამ სტრუქტურის აღსაწერად თანამედროვე პოლიტიკური თეორია ნაკლებად გამოგვადგება, ამიტომ მაგალითისათვის სხვა სფეროს მივმართავ.

შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა, სერ ჯეიმს ფრეზერმა 1890 წელს გამოაქვეყნა „ოქროს ტოტი“ (The Golden Bough). 12-ტომიანი ნაშრომი, რომელმაც თანამედროვე ანთროპოლოგიის, რელიგიათმცოდნეობისა და ლიტერატურის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა, იწყება ერთი სცენის აღწერით. ანტიკურ ხანაში, იტალიაში, არიჩიას ტბის მახლობლად ყოფილა „ტყის დიანას“ სამლოცველო. ამ წმინდა ტყეში, ერთი ხის გარშემო, დღედაღამ მიმოდიოდა ხმლით შეიარაღებული ქურუმი, რომელიც ტყის მეფის ტიტულსაც ატარებდა. მეფე-ქურუმი მკვლელი იყო და მკვლელს ელოდებოდა, რადგან სამლოცველოში ძალაუფლების გადაცემის ასეთი კანონი მოქმედებდა: თუკი გაქცეული მონა მოახერხებდა ხის ტოტის მოტეხვას, მაშინ მას მეფე-ქურუმთან შებრძოლების უფლება ენიჭებოდა. წაგებული კვდებოდა, მოგებული კი მეფედ რჩებოდა. მეფე-ქურუმი იქამდე ძლებდა, სანამ ჯანი ერჩოდა: ჭაღარა მისთვის სასიკვდილო განაჩენს უდრიდაო - წერს ფრეზერი. ამ უცნაურ რიტუალს, ანთროპოლოგის თქმით, კლასიკურ ხანაში პარალელი არ ეძებნება და მის ასახსნელად უფრო არქაულ მაგალითებს უნდა მივმართოთო.

გაქცეული მონა - უცხო და უუფლებო - და მეფე-ქურუმი, იქაურობის აბსოლუტური ბატონ-პატრონი (მაგრამ თვითონაც ყოფილი მონა) ერთმანეთს ძალაუფლებისათვის ებრძვიან სიცოცხლის ფასად - არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნილებით. ამ არქაულ სტრუქტურაში ძალაუფლება განუყოფელია. ის შეიძლება მხოლოდ ერთს ეპყრას. მეორე მხრივ კი ძალაუფლება განუყოფელია სიცოცხლისაგან: ან შენ გაქვს ძალაუფლება, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ინარჩუნებ, ან, თუ ძალაუფლებას კარგავ, კარგავ სიცოცხლესაც. კარალეთის ინციდენტი გვიჩვენებს ძალაუფლების სწორედ ამ, შესაძლოა, ყველაზე არქაულ სტრუქტურას. ის, რომ კარალეთელი „მამასახლისებისათვის“ დემოკრატიული პოლიტიკა და მისთანები უცხო ხილია და ძალაუფლება მათთვის, ისევე, როგორც ჩვენი შორეული წინაპრებისათვის, ჯერ კიდევ უშუალოდ უკავშირდება სიცოცხლესა და გადარჩენას, პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია.
კარალეთი, 2012 წლის 11 ივლისი
კარალეთი, 2012 წლის 11 ივლისი

უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ კარალეთი თანამედროვე საქართველოს ძალაუფლების სტრუქტურას აშიშვლებს და გვიჩვენებს, რომ „დასავლური ფასეულობები“, ნატო, ევროკავშირი, თავისუფალი არჩევნები, რუსეთის საფრთხე და ა.შ. ლეღვის ფოთლებია, რომლებიც (არცთუ ისე კარგად) ფარავს ძალაუფლების ქვებით, ფრჩხილებითა და კბილებით შენარჩუნების შიშველ სურვილს. პოლიტიკური ოპონენტი იქცევა სასიკვდილო მტრად, აბსოლუტურ უცხოდ, იმად, ვინც უნდა გაანადგურო, რადაც უნდა დაგიჯდეს. ქვებისა და ჯოხების როლს „მაკროპოლიტიკაში“ კონტროლპალატაყოფილი სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პროკურატურა და სასამართლო ასრულებენ.

კარალეთის ინციდენტის კიდევ უფრო შემაშფოთებელი ეფექტი ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილის სრულიად ეიფორიული და გახარებული რეაქცია იყო. კარალეთელი მამასახლისების ქვის სროლა მათ მტერთან ბრძოლაში მამულიშვილური სულისკვეთების გამოვლინებად ჩათვალეს. აქ უკვე დემოკრატიისა და თანამედროვე სახელმწიფოს საფუძვლების გაგებაზეც აღარ არის საუბარი. ერთადერთი ემოცია, რომელსაც ამგვარი საქციელი შეიძლება იწვევდეს, ამრეზაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არათუ კანონიერი, ეთიკური შეფასების ყველა კრიტერიუმიც დაკარგეს და ყველაფრის გამმართლებელ ბრბოდ გადაიქცნენ: ისეთად, რომელიც ტაშით ხვდებოდა დახვრეტის პროცესებს სსრკ-ში და ებრაელების ხოცვას ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში.

Transition of power თანამედროვე პოლიტიკური თეორიის ცნებაა. ამ ცნებასთან, ისევე, როგორც თანამედროვე სახელმწიფოსა და თანამედროვე პოლიტიკის გაგებასთან ახლოს რომ მივიდეთ, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ძალაუფლება არ არის რაღაც, რაც შეგიძლია დაიპყრო და დაიმკვიდრო, სანამ შენზე ძლიერი არ მოვა, თავს არ მოგაჭრის და არ აგართმევს. ვიდრე ჩვენი „პოლიტიკური პარტიები“, მმართველი პარტიის თამადობით, ამ მარტივ ჭეშმარიტებას არ გააცნობიერებენ, საქართველოს არათუ არ ექნება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა, არამედ მუდმივად იდგება სამოქალაქო ომისა და საკუთარი არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე, რაც მას ნებისმიერი მსურველისათვის იოლ საკბილოდ აქცევს.

პოლიტიკური ბრძოლის გადაქცევა ძალაუფლებისათვის ბრძოლად და მისი არქაიზაცია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, ალბათ, ყველაზე უფრო სერიოზული საფრთხეა. პოლიტიკური პროცესის მონაწილეები ამ პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, აცნობიერებენ. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უწყებათშორისმა ცენტრმა გაავრცელა დეკლარაცია, რომელშიც პოლიტიკური პარტიები, თუკი დეკლარაციას დაეთანმხებიან, უარს ამბობენ „საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით.“ (ასევე უარს ამბობენ სიძულვილის ენაზე, ოღონდ, დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, რატომღაც მხოლოდ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხში. სხვა შემთხვევებში ცენტრისათვის ეს, როგორც ჩანს, მისაღებია).

ამ დეკლარაციამ ისევ ლეღვის ფოთლის როლი რომ არ შეასრულოს, ალბათ, უმჯობესია, მმართველმა პარტიამ უარი თქვას პოლიტიკური კონკურენციის საეჭვო ხერხებზე.

ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ძალაუფლების სტრუქტურის ამგვარი არქაიზაციის სათავე ერთპარტიული მმართველობაა. როდესაც აბსოლუტური ძალაუფლება გიპყრია (შენს ხელთ არის სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები), მისი შენარჩუნების სურვილი ყველაზე არქაული პარადიგმების რეპროდუქციას ახდენს. საქართველოში, პირველ რიგში, ძალაუფლების ეს სტრუქტურაა შესაცვლელი, რომელიც ვარდების რევოლუციამ არათუ ვერ შეცვალა, არამედ გაამყარა კიდეც. თუ ამ სტრუტქტურის შეცვლა ვერ მოხერხდა, მაშინ ძალაუფლების შეცვლის ერთადერთ ფორმად პუტჩი, გადატრიალება და რევოლუცია დარჩება (როგორც აქამდე იყო საქართველოში და როგორც ახლაც არის, ვთქვათ, სირიაში).
დათოს „კინდლი“ აქვს, ლელას „კინდლ ტაჩი“, რეზოს „იოტა რიდერი“, სალომეს „ნუკი“ და დოდოს კიდევ ჩინური „ჰობაო რიდერი“. შენც გინდა, მაგრამ იტანჯები - არ იცი, რა განსხვავებაა მათ შორის - რომელი ჯობს და საერთოდ, ღირს თუ არა რიდერის შეძენა. ნუ გეშინია. მე აქ ვარ. ჩამკიდე ხელი და გამომყევი რიდერების ჯადოსნურ სამყაროში. დახე, აქ ათასწლოვანი ხეების გარშემო პიქსელები ცეკვავენ, ვირტუალური ჩანჩქერის ტალღები უსწრაფეს დომკრატებად ეცემიან და მისგან გასროლილი მოკისკისე შხეფები ანცად ასველებენ მდინარეში მოლივლივე სამძივარს, მოქუფრულ კლდეზე ჩამომჯდარი უკულტურო დევები კი ჩანგლით შეექცევიან ხინკალს. მეც შორიახლო ვიდგები და გაგათვითცნობიერებ.

1. ღირს თუ არა რიდერის ყიდვა?

თავად გადაწყვიტე. ჯერ, თუ „აიპედი“ ან ანდროიდის რამე პლანშეტი გაქვს და ზედ კომფორტულად კითხულობ და თვალს არ გიღლის, მაშინ, ალბათ არ ღირს. თუ წელიწადში ორ-სამ წიგნს კითხულობ, არც მაშინ ღირს.

თუ არც ინგლისური იცი და არც რუსული ისე, რომ წიგნი წაიკითხო, მაშინ ჯერ ვერაფერს გირჩევ, ცოტა ქვემოთ იქნება ნახო პასუხი.

თუ თვეში ერთ ან მეტ წიგნს მაინც კითხულობ, თუ გინდა, რომ წიგნი (ან ასობით წიგნი) მუდამ ჯიბეში გედოს, მაშინ მაგაზე უკეთესს ვერაფერს იყიდი.

2. ვთქვათ, მინდა ყიდვა. რა უნდა ვიცოდე?

პირველ რიგში ის, რომ რიდერები წიგნის კითხვის გარდა არაფრისთვის გამოდგება. ამიტომ არ მიაქციო ყურადღება არც ერთ ფუნქციას, რომელიც წიგნების კითხვასთან არ არის დაკავშირებული. თამაშები მოყვება? MP3-ებს უკრავს? არა აქვს მნიშვნელობა! მაგისთვის ტელეფონი გაქვს. ინტერნეტში შედის? არა აქვს მნიშვნელობა! რიდერის ეკრანი საიტების უმეტესობას ცუდად აჩვენებს.

რიდერის მთელი ხიბლი სპეციალური, „ელექტრონული მელნის“ ტექნოლოგიის ეკრანია, რომელიც ძალიან ჰგავს დაბეჭდილ გვერდს და ცოტა ენერგიას მოიხმარს - დასასვენებლად რომ წახვალ, დამტენის წაღებაც კი არ დაგჭირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტექნოლოგია დიდად არ შეცვლილა (ყოველ შემთხვევაში, დღეს რაც იყიდება, ამათ შორის.) თანამედროვე რიდერების უმეტესობას ერთმანეთის მსგავსი ეკრანები აქვს - ზოგი ოდნავ უკეთესია, ზოგი ოდნავ უარესი, მაგრამ დიდი განსხვავება აქ არ არის.

განსხვავება არის ფასში, წონაში (რაც ნაკლები, მით უკეთესი. ცალ ხელში რომ კომფორტულად გეჭიროს), გამოყენებული მასალის ხარისხში (დიდხანს რომ გაძლოს), დეტალებში (რამდენად მოხერხებულადაა განლაგებული წიგნის გადასაფურცლი კლავიშები, რამდენად იოლად ეჭირება ხელი...) და რიდერთან დაკავშირებულ წიგნის მაღაზიების ხარისხში (ყველა კარგი რიდერი რომელიმე მაღაზიასთანაა კავშირში). წესიერი რიდერისთვის ნაყიდი წიგნი არ გეკარგება. ის ინტერნეტში, შენს სივრცეში ინახება და მისი წაკითხვა შეგიძლია როგორც ამ მკითხველზე, ისე პლანშეტზე ან ტელეფონზე. თუ რიდერი გაგიფუჭდა და ახალი იყიდე, შეგეძლება, ხელახლა ჩამოტვირთო. ისე, ნუ გეშინია, მეკობრული წიგნების ჩაწერაც ყველაზე შეიძლება. ერთის ფორმატი მეორეზე არ წავა, მაგრამ ეგ პრობლემა არ არის - პირატული წიგნები ყველა ფორმატისთვის მრავლადაა.

ასევე, Kindle Fire, Nook Color და სხვა დღეს არსებული ნებისმიერი ფერადეკრანიანი ხელსაწყო რიდერი არ არის. ეგენი პლანშეტებია, თან არცთუ ძალიან კარგი. მაგათ სხვანაირი ეკრანები აქვთ და დაივიწყე.

ახლა უშუალოდ რიდერების ბრენდებზე გადავალ, თორემ უკულტურო დევი ხინკლების ბოლოშია გასული, ჩანგალს ლოკავს და მუშტრის თვალით მიყურებს.

3. „კინდლი“, „ნუკი“, „იოტა“ თუ რა?

ჯერ ერთი, ამათ გარდა კიდევ არის „კობო“, ”სონის” რიდერები და უამრავი სხვა, ნაკლებად ცნობილი ბრენდი. ყოველი მათგანის პლუსებისა და მინუსების აღწერას კარგა მოზრდილი დისერტაცია დასჭირდებოდა. ამიტომ მსჯელობას გამოვტოვებ და პირდაპირ დასკვნებზე გადავალ (ჩემი ხომ გჯერა?).

თუ ქართული ელექტრონული წიგნების ყიდვას აპირებ, მაშინ არჩევანი არა გაქვს - უნდა იყიდო ”იოტა რიდერი”. სხვა რიდერები ქართულ შრიფტს კი წაიკითხავს, მაგრამ მათთვის წიგნებს ქართულ ენაზე ძნელად თუ იშოვი. ქართული ელექტრონული წიგნების მაღაზია არის lit.ge და მასზე ნაყიდი წიგნები სხვა რიდერზე არ წავა. თუმცა, „იოტას“ ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევ, თუ აი, აუცილებლად უნდა გქონდე რიდერი, სადაც ქართულ წიგნებს წაიკითხავ. მე თვითონ „იოტას“ არ ვიყიდდი - ძალიან ძვირია (269 ლარი ღირს), ლიდერ რიდერებთან (პოეტი ვყოფილვარ) შედარებით მოუხერხებელია, უფრო მძიმეა, აკუმულატორი მალე ჯდება (ერთ კვირაში) და, მე თუ მკითხავ, შეუხედავია.

თუ დღესვე გინდა იყიდო, თან მაქსიმალურად იაფად და ხარისხიანად, მაშინ ჩვეულებრივ კინდლს გირჩევდი. 79 დოლარი ღირს (დღევანდელი კურსით 130 ლარზე ნაკლები) და ვირივით მუშაობს. ამ კინდლს რეკლამა მოჰყვება, მაგრამ ის, დამერწმუნე, ხელს საერთოდ არ შეგიშლის - რეკლამას სკრინსეივერად გიჩვენებს. შეიძლება ასევე 99 დოლარიანი ნუკის ყიდვაც, რომელიც დაახლოებით ეგეთივეა, მაგრამ მე შესახედავად კინდლი უფრო მომწონს. ყოველ შემთხვევაში, თუ ნუკი უფრო მოგივიდა თვალში, მაშინ ეგ იყიდე, არ წააგებ. ასევე, თუ სახელად ნუკი გქვია, მანდაც ბევრი საფიქრალი არაფერია - ნუკის „ნუკი“ უნდა ჰქონდეს (პოეტი ვარ მეთქი! ოღონდ ბანძი).

თუ დღესვე გინდა იყიდო ყველაზე კარგი რიდერი და ფასს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ გირჩევდი 139-დოლარიან ნუკს. ამის ძირითადი ხიბლი ის არის, რომ განათება აქვს „ჩამონტაჟებული“ და კითხვა სიბნელეშიც შეიძლება. (ელექტრონული მელნის ეკრანს, წიგნის ფურცლისა არ იყოს, გარე განათება სჭირდება.) მე თუ მკითხავ, კარგი ფუნქციაა, მაგრამ 60 დოლარით მეტის გადახდა მაგაში მეტისმეტია. მაინც, თუ პალტონენადა ტიპი ხარ, ეს უნდა იყიდო.

მთავარი რჩევა კი ესაა: თუ შეგიძლია, რომ აუცილებლად, სასწრაფოდ დღესვე არ იყიდო, მოიცადე. ახალი კინდლის გამოსვლის თარიღი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ წარსულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ან ამ ზაფხულს გამოვა და ან, მაქსიმუმ, სექტემბერში. „ამაზონი“ კიდევ ცნობილია იმით, რომ ყოველი ახალი კინდლი წინაზე უკეთესია და თანაც იაფი. მართალია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფასი 80 დოლარზე დაბლა ჩამოვიდეს, მაგრამ, მაინც... როგორი იქნება, რიდერი რომ იყიდო და ერთ კვირაში უკეთესი გამოვიდეს იმავე ფასად?

ცუდი იქნება.

PS. წიგნისა და რიდერის შერკინება

ბოლოს, ვიდრე ვინმე იტყოდეს, რად მინდა ელექტრონული ეკრანი, ნამდვილი წიგნის ფურცლების შრაშუნი სულ სხვაა და ქაღალდის სუნს ვერ შეველევიო... ერთი მხრივ, მართალი ხარ, რადგან „ნამდვილ“, აკინძულ წიგნს სულ სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, არა ხარ მართალი. კითხვა გიყვარს? ჰოდა, წარმოიდგინე, რომ ახლა, ხუთ წუთში, თითქმის ნებისმიერი წიგნი შეიძლება გეჭიროს ხელში (რაღაცები ელექტრონულად არ არის. მაგალითად ეს წიგნი მინდოდა ძალიან, მაგრამ არაო. სამაგიეროდ ათიათასობით სხვა წიგნის წაკითხვა შეიძლება). ფურცლებს ვერ გადაკეცავ, სახელს ვერ დააწერ, ვერ დაყნოსავ, მაგრამ წაიკითხავ. რა ჯობია მაგას?

ასეთ ამბავს მოგიყვებით. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც საყვარელმა დეიდამ ფილიპ ფარმერის „მდინარის სამყაროს“ პირველი წიგნი მათხოვა (ცხადია, რუსულად იყო. მაშინ ფანტასტიკას ქართულად ვერ შეხვდებოდი). შეცდომა დავუშვი და შეღამებულზე დავჯექი წასაკითხად. ბოლოსკენ რომ გავედი, უკვე თენდებოდა. უძილობისგან ცოტა დარეტიანებული ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, ახლა, ამას რომ მოვრჩები უკვე დილა იქნება, ჰოდა, გავვარდები და გაგრძელებას ვიყიდი, ძილის დედაც, ჯეკ, და სკოლაც მოითმენს-მეთქი.

ჩემი ფეხები. ოკუპანტებს მეორე წიგნი ნათარგმნი ჯერ არ ჰქონდათ. ან, იქნებ ჰქონდათ და ჩვენთან არ ჩამოეტანათ. ასეა თუ ისე, გაგრძელება არსად იყიდებოდა. არსად! კვირაში ერთხელ დავივლიდი ხოლმე მაღაზიებს - იქნებ და სადმე მენახა. ერთხელ დამესიზმრა კიდეც, რომ მეორე წიგნი დავინახე მაღაზიაში. აი, ეგრე ვიყავი. რა ფურცლების შრაშუნი და რის მელნის სუნი! ხელმახინჯ ნიკუშას (ჩემი გამოგონილი პერსონაჟია. საშინელი ხელწერა აქვს) თავისი გადაწერილი ასლი რომ მოეცა, დავუკოცნიდი იმ მახინჯ ხელს.

ჰოდა, იცი, რამდენ ხანს ველოდე გაგრძელებას? იმდენ ხანს, რომ, როდესაც წაკითხვის საშუალება მომეცა, სულ აღარ მაინტერესებდა. მეორე წიგნის შუაში ვიყავი, როდესაც მივაგდე და დანარჩენი „ვიკიპედიაში“ წავიკითხე. განა ცუდი იყო, ან რამე ეგეთი. არა. ყმაწვილკაცობისას გადავყლაპავდი მაგას. უბრალოდ, აღარ ვიყავი მაგისი მუშტარი.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ წიგნის სუნი კარგია, მაგრამ ყნოსვას ისევ კითხვა მირჩევნია.

შეცდომის გასწორება: 99 დოლარიანი ნუკის ფასი მქონდა მითითებული 79 დოლარად. მადლობა მკითხველს, რომ შეგვისწორა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG