Accessibility links

ბლოგები

სახელებს დიდ მნიშვნელობას არასოდეს ვანიჭებდი. უფრო პრაქტიკული კუთხით ვუყურებდი: მთავარი იყო დამემახსოვრებინა გარშემომყოფებს რა ერქვათ, რათა საჭიროების შემთხვევაში იმას მოეხედა, ვისაც ვეძახდი. ამ მეთოდმა გაამართლა. სახელებზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ ვიყენებდი მათ, როგორც, ვთქვათ, ჩანგალს.

მაგრამ ერთხელ, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც მომიხდა ამ თემაზე დაფიქრება. სხვა გზა არ მქონდა - მეორე დღეს ჩემს ცოლს უნდა ემშობიარა. ამ შემთხვევაშიც ცივი გონება შევინარჩუნე და საკითხს, პრაქტიკულად, მხოლოდ 15 წუთი დავუთმე. დავეყრდენი საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მკარნახობდა, რომ ჩვენს პლანეტაზე, რეალურად, ან გოგონები იბადებოდნენ, ან ბიჭები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ორი სახელი უნდა შემერჩია: გოგოსი და ბიჭის.

ბიჭის სახელზე თითქმის არ მიფიქრია: საფრანგეთში ემიგრირებული წინაპრის თხოვნით, რომელიც კომუნისტების ზიზღით სამშობლოში ვერ ბრუნდებოდა, ბიჭისთვის მისი სახელი უნდა დაგვერქმია. გამოდის, რომ მხოლოდ გოგონას სახელი უნდა შემერჩია. აქაც ტრადიციებიდან გამოვედი და გადავწყვიტე ბავშვისთვის წინაპრის სახელი დამერქმია. არც მე და არც ჩემს მეუღლეს ჩვენი დედების სახელები არ მოგვწონდა, ამიტომ ბავშვისთვის მამაჩემის დედის სახელი ავირჩიეთ.

სულ ეს იყო. ამის შემდეგ სახელებს დიდი, ძალიან დიდი ხანი არ შევუწუხებივარ. თუმცა, უკვე ნახევარი წელია, რაც ყველაფერი უკუღმა დადგა. ეს კი იმის ბრალია, რომ ჩემი სახელი ზედმეტად ტირაჟირებული გახდა.

საერთოდ, ჩემი სახელის შესახებ არცთუ ბევრის თქმა შემიძლია. პირველ ყოვლისა, ვიცი, რომ ქართული სახელია და ჩვენ გვარში ტრადიციულად ითვლება. მეც პაპაჩემის მიხედვით დამარქვეს. 21 წლის იყო, მამამისთან ერთად რომ დახვრიტეს კომუნისტებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან თანადგომისთვის. მამაჩემი მაშინ ექვსი თვის ყოფილა და ბებიაჩემთან ერთად, რაღაც ხნით, აკვნით, ციხეშიც კი ჩაუსვამთ. ზემოთ ნახსენები საფრანგეთში ემიგრირებული წინაპარი კი პაპაჩემის ძმა იყო, რომელმაც დახვრეტისას წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და გაიქცა.

ეს ისე, ცოტა ისტორიული გადახვევა გამომივიდა. ისევ თემას რომ დავუბრუნდეთ, იმ უცხოელებს გავიხსენებ, რომლებიც პირადად არ მიცნობდნენ და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით გვქონდა ურთიერთობა. მათ აბსოლუტურ უმეტესობას აინტერესებდა სახელ Bidzina-ს უკან Dear Sir იდგა, თუ Madam. „ახლოსაზღვარგარეთელებს“, ამ მხრივ, ნაკლები პრობლემა ჰქონდათ: რუსები, მაგალითად, ყოველგვარი ირონიის გარეშე, თუმცა, მსუბუქად გაოცებულები, ბენზინას მეძახდნენ ხოლმე. შეიძლება იყო კიდევ რამე ტუტუცური ისტორია, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ.

ცნობილია, რომ გასული საუკუნის 50-იანი წლების შუახანებამდე ჩვენში პიროვნების კულტი არსებობდა. სტალინის კულტი. საბედნიეროდ, ამას ვერ მოვესწარი. ჩემი ცხოვრების პირველ ნახევარში კი სხვანაირად იყო. ოჯახის წევრების და ნათესავების გარდა, ქვეყნის მეთაურები არავის უყვარდა. პირიქით, ისინი, ძირითადად, სძულდათ.

90-იანების დადგომისთანავე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი კერპი გახდა, მეორეს ქუჩაში დაუჩოქეს, მესამეს პოპულარობასთან საქართველოს ვერც ერთი სპორტსმენი ან შოუბიზნესის წარმომადგენელი ახლოსაც ვერ მივა.

ახლა კიდე ეს ჩემი სეხნიაც გამოჩნდა და წამართვა სახელი. ამას წინათ ახლობელს დავურეკე მისთვის უცნობი ნომრიდან. როგორც კი მიპასუხა, რომ არ დაბნეულიყო, ეგრევე მივახალე ჩემი სახელი და გვარი. წამიერად ჩაფიქრდა და მიპასუხა, ნეტავ გვარი არ გეთქვაო.

ასეთი შემთხვევაც. იყო: ერთმა ჩემმა კოლეგამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის დირექტორს უთხრა, ხომ შეიძლება ჩვენს შეხვედრას ბიძინაც დაესწროსო. დირექტორმა მშვენივრად იცოდა, ვისზეც იყო საუბარი, მაგრამ არ გაუშვა შანსი, დაეფიქსირებინა თავისი პოლიტიკური ორიენტაცია და „იუმორის“ გრძნობა და ღიმილით თქვა, გააჩნია, რომელი ბიძინაო.

ერთხელ კიდევ ლიტერატურული პორტალის პრეზენტაციაზე ვიყავი. საღამოს წამყვანმა, რომელიც ცალსახად ასოცირებულია ჩემს სეხნიასთან, მიკროფონით, მთელი დარბაზის გასაგონად, მხოლოდ სახელით მომმართა. საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იყო: ერთგვარი იმედგაცრუებაც კი შევატყვე, როცა მე შევრჩი ხელში.

ერთსაც მოვყვები და გვეყოფა. ქალბატონებმა, რომლებიც საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით კარდაკარ დადიან, ვერაფრით დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მე უპირობოდ არ გამეზიარებინა იმ ადამიანის შეხედულებები საქართველოს მომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის სახელიც მერქვა.

ამ ბოლო შემთხვევამ საბოლოოდ დამასამარა და ასე დავკარგე იდენტობა ჩემს სახელთან. თუმცა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეს სახელი ჩემს თაობაში სწორედ ჩემთან და ჩემ ერთ კოლეგასთან ასოცირდებოდა.

მაშინ ის დაკავშირებული იყო როკთან და ფეხბურთთან, კინოსთან და, საერთოდ, ხელოვნებასა და სუბკულტურასთან. დღეს რასთან არის დაკავშირებული, ასე უბრალოდ ვერ იტყვი. თავიდან ერთ რამეში ყველა თანხმდებოდა - ის იყო ყველაზე მდიდარი ქართველი, მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ მეცნიერებს და ხელოვანებს, ეკლესიას და სახელმწიფოს.

მერე გადაწყვიტა პოლიტიკოსობა. და სწორედ მაშინ გახდა ჩემი „კონკურენტი“. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მოუტანა უზომო პოპულარობა.

და სწორედ ამ პოპულარობის გამო მგონია, რომ საქართველო ჯერ ძალიან, ძალიან ღრმა სოროშია ჩარჩენილი და ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო გავა, სანამ იქიდან ამოვა.

ამ შემთხვევაში ჩემ გაპოპულარულებულ სეხნიას არაფერს ვერჩი. ვერჩი იმ გარემოს, რომელმაც ჩვენი საზოგადოება ისეთად ჩამოაყალიბა, რომ კერპად პოლიტიკოსის მეტი ვერავინ გაიხადა.
50 მილიონი ფანი ფეისბუკზე და 25 მილიონი ტვიტერზე (ბევრია!) - ეს, ალბათ, საკმარისი მიზეზი იყო ლედი გაგასთვის, რომ საკუთარი ქსლის, Little Monsters-ის შექმნა გადაეწყვიტა.

“Welcome, Little Monster!” – ასეთი მისალმება დაგხვდებათ, თუ ლედი გაგას საიტზე დარეგისტრირდებით. იმისთვის, რომ ლედი გაგას მილიონობით ფანს შეურთდე, მხოლოდ ფეისბუკის, ტვიტერის ან იმეილის ანგარიშია საჭირო. რეგისტრაცია უმარტივესი პროცედურაა, შეიძლება შენი ახალი ანგარიში ფეისბუკის პროფილს მიაბა და, შესაბამისად, საიტიც მთელ შენს ინფორმაციას ავტომატურად გადმოიტანს ფეისბუკიდან. უბრალოდ, ორჯერ დაკლიკვაა საჭირო და უკვე პატარა მონსტრი ხარ... მომღერალმა საიტს სახელი თავისი სიმღერის მიხედვით შეურჩია: „Welcome, Little Monsters!“ - სწორედ ასე მიმართავს ხოლმე იგი თავის ფანებს.

საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა მართლაც ლოგიკური ნაბიჯია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლედი გაგას ფანები ფეისბუკზე თითქმის 30-ჯერ აღემატებიან საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა საერთო რიცხვს და თითქმის 11-ჯერ - მთელი საქართველოს მოსახლეობას. გასაგებია რომ ასეთი სტატისტიკით ქსელი „წარმატებისთვისაა განწირული“. ამ შთამბეჭდავი ინტერნეტრესურსის ათვისებაში მომღერალს დაეხმარა კომპანია Backplane. ამ ქსელის გაშვება ამავე დროს Backplane-ის იმ ახალი პროექტის განაცხადიც იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული „ვარსკვლავებისთვის“ საკუთარი საიტის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი ფუნქცია ინფორმაციის გაზიარება და ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება. ანუ ეს იგივეა, რაც ფეისბუკი, უბრალოდ, საგანგებოდ ერთი ადამიანისთვისაა შექმნილი.

რა განასხვავებს პირად ქსელს ფეისბუკისგან ან სხვა ქსლებისგან?

ფეისბუკზე გვერდის შექმნა რომელიმე ფირმის ან ადამიანის პიარ-კამპანიის ნაწილია; გვერდის ადმინისტრატორს შეუძლია, ფირმის ან ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხმარებლამდე მიიტანოს ნებისმიერი ინფორმაცია. ეს ერთგვარი ვენის დიაგრამაა, როცა ერთმანეთისგან განსხვავებული ორი პირის ინტერესების სფერო გადაკვეთის წერტილს პოულობს. სწორედ ამ გადაკვეთის წერტილში არის მნიშვნელოვანი სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენება. მსოფლიო „აბლაბუდაში“ (რომელსაც პირობითად ინტერნეტს ვეძახით) ინფორმაცია ისევე სწრაფად შეიძლება დაიკარგოს, როგორც გავრცელდეს. სისტემა, რომლის დახმარებითაც ახლა ამ პოსტს კითხულობთ, კარგად მუშაობს მაშინ, როცა არ გჭირდებათ ინფორმაციის ძიება - ინფორმაცია თვითონ მოგძებნით.

სწორედ ესაა საკუთარი ქსლის შექმნის ერთ-ერთ მთავარი პლუსი. წარმოიდგინეთ ფეისბუკი, სადაც მხოლოდ ერთი შინაარსის „ლინკები შეარდება“, „სტატუსები იწერება“ და „ივენთები იგეგმება“. ასეთი ქსლის მომხმარებელს არასდროს გამოეპარება სიახლე, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ვერ გაეგო ან დაგვიანებით გაეგო. ლედი გაგას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, თვითონ მართოს საკუთარი მსმენელი და, შესაბამისად, მომხმარებელი, მიაწოდოს მას ახალი ალბომები, გააგებინოს ახალი სკანდალების შესახებ და ა.შ.

თვითონ საიტიც ისეა შექმნილი, რომ ვერაფრით აუვლი გვერდს გაგას (თუ გვერდის ავლა გინდა, უბრალოდ, არ დარეგისტრირდე). ახალი თემის წამოჭრა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. შესაძლებელია ლინკის გაზიარება, დისკუსიის წამოწყება, ფრენდების გაჩენა და სტატუსების წერა, როგორც ნებისმიერ ქსელში. საიტი ამომწურავად გაწვდის ინფორმაციას იმაზე, რას და როგორ აკეთებს გაგა: როდის მიდის ტურნეში, რას წერს მსოფლიო პრესა მის შესახებ და ა.შ.

მოკლედ, საიტს აქვს ყველაფერი, რომ კარგი სოციალური ქსელი ერქვას. საყურადღებოა, რომ შეუძლებელია ლედის გაგას საიტის გამოყენება სარეკლამო დანიშნულებით. მაგალითად ისე, როგორც ფეისბუკისა, სადაც იუზერებს საკუთარი კამპანიის წარმართვის საშუალება აქვთ. თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან თვითონ ქსელი სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს და მას დამატებითი რესურსების ათვისება აღარ სჭირდება.

იქნება თუ არა პროექტი წარმატებული?

პროექტის წარმატებას ამ შემთხვევაში დიდწილად განაპირობებს მისი რეიტინგი. გაგას რეიტინგის შესახებ კი პოსტის დასაწყისში მოყვანილი სტატისტიკის გახსენებაც საკმარისია. გარდა ამისა, საკუთარი სოციალური ქსელი გაგას საშუალებას მისცემს, თავად იყოს თავისი ფანებისათვის ინფორმაციის მიწოდების პირველწყარო. პოპ-ვარსკვლავი ერთ ადგილას უყრის თავს ქსელში გაბნეულ სხვადასხვა სტატიებს. შესაბამისად, საიტზე ასი ადამიანი დარეგისტრირდება თუ ასიათასი, ამას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. მთავარია, რომ ყველა მომხმარებელი აუცილებლად მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელიც სჭირდება (ან საერთოდ არ სჭირდება და ჩემსავით, უბრალოდ, ახალ სოციალურ ქსელს „ტესტავს“). ეს გარანტირებული შედეგია, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქსელი ვერ მოგცემთ, გარდა საკუთარისა. ვფიქრობ, Backplane-ის პროექტი სწორედ ამიტომ მიაღწევს წარმატებას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG