Accessibility links

ბლოგები

დღეს სათქმელი ძალიან სწორხაზოვანი მექნება.

ერთი მარტივი და კარგად ნაცნობი ფორმულა მინდა შეგახსენოთ: კანონთან და მის უზენაესობასთან ის მიმართება, რომელიც მკაფიოდ გამოარჩევს დემოკრატიულსა და სამართლებრივ სახელმწიფოებს ყველა იმ ქვეყნისა თუ ფორმაციისგან, რომლებიც დიდად არც დემოკრატიას დაგიდევენ და, მით უმეტეს, არც კანონსა და სამართლიანობას.

იმ კულტურებში, სადაც „კანონის უზენაესობა“ ფუნდამენტურ ცნებადაა მიჩნეული, როგორც ვიცით, არავინ დგას საჯაროდ და გამჭვირვალედ დამტკიცებულ კანონზე მაღლა. ყველა მოქალაქე ერთსა და იმავე კანონებს ემორჩილება და ერთი და იმავე კანონებით სარგებლობს, ხოლო ეჭვმიტანილებს, ბრალდებულებს და პატიმრებს მკაფიო და მყარი უფლებები აქვთ. ამასთან, სისტემა მიუკერძოებელი, სამართლიანი და რუტინული მიდგომით ასამართლებს ყველაზე მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებსაც კი - ანუ მათ, ვინც ხშირად საზოგადოების რისხვის და სიძულვილის ობიექტად არის ქცეული; და გასამართლების პროცესში ზუსტად იცავს პროცედურულ ნორმებს თუ პედანტურ ბიუროკრატიას.

ამ ფორმულის საპირისპირო სურათი - გარემო, რომელშიც კანონი ტოტალიტარული თუ ავტორიტარული სისტემის, ან მმართველი ელიტის იარაღადაა ქცეული - ათწლეულების ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენთვის ტკივილამდე ნაცნობია. ამ სურათს ბევრი „სიმბოლო“ გამოარჩევს: კაკუნი კარზე შუაღამისას; დაპატიმრებულის გაუჩინარება; იარაღის ან ნარკოტიკების „ჩადება“; ადვოკატის ბუტაფორიული ინსტიტუტი; საჩვენებელი სასამართლო; შანტაჟით, მუქარით და წამებით გამოძალული ჩვენება... ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი, როგორც ვეტერანი ბრიტანელი იურისტი, ტომ ბინემი ამბობს, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

ცხადია, რომ ზედმეტია იმის ანალიზი, ამ ორი მოდელიდან რომელს უფრო მოგვაგონებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და დღევანდელი პატიმრის, ვანო მერაბიშვილის მონათხრობი - რომ ის ციხიდან ღამით, მალულად, თავზე ქურთუკჩამოცმული გაიყვანეს, მთავარ პროკურორს მიჰგვარეს და მუქარით და შანტაჟით ცდილობდნენ მისგან ჩვენების გამოძალვას. ამბავი, რომელსაც მერაბიშვილი ჰყვება, ერთმნიშვნელოვნად მოიცავს დანაშაულს და, თუ სიმართლეა, მისი, როგორც პატიმრის უფლებების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს.

ოღონდ სიმართლეა თუ არა, ამას, როგორც ჩანს, ვერ გავიგებთ. გამოძიების საჭიროების შესახებ მმართველი კოალიციის წარმომადგენელი არაერთი დეპუტატის განცხადებების მიუხედავად, გამოძიების დაწყებაზე ხელისუფლება ჯიუტად ამბობს უარს. პროკურატურაში თურმე მხოლოდ „გაეღიმათ“ და მუშაობა განაგრძეს; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი კი, სწორი, მიუკერძოებელი პოზიციის დაკავების ნაცვლად, მერაბიშვილს ფსიქიატრის დახმარებას ურჩევს და მზამზარეულ ვერსიებსაც გვთავაზობს - თითქოს ამ განცხადებით მერაბიშვილი ერთდროულად შეეცადა ახალი მთავრობის დისკრედიტაციასაც და სააკაშვილის შანტაჟსაც.

გამოძიებაზე ყოყმანი, ცხადია, ამყარებს ეჭვებს, რომ მერაბიშვილის მონათხრობი სიმართლეა. ამასობაში დროც გადის და, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრისგან შევიტყვეთ, დღე-დღეზე ავტომატური წაშლა მოუწევს ციხის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც საქმეს მარტივად მოჰფენდა ნათელს. შესაბამისად, ძალიან მალე ალბათ „მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის“ ამბავიც ვერსიების, ჭორების, ვარაუდების და თეორიების იმ უსასრულო სიას შეემატება, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში გაუთავებელი პოლიტიკური სპეკულაციების უშრეტ წყაროდ არის ქცეული.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს მისი ღრმად ირონიული განზომილება. ბევრისთვის, ალბათ, ძალიან ძნელია ცინიზმის არდანახვა იქ, სადაც პატიმრის უფლებებისა თუ დაკითხვის პროცედურების დაცვას წინა ხელისუფლების გავლენიანი ფიგურები ითხოვენ. ხელისუფლებისა, რომლის მემკვიდრეობა შეიცავს, მაგალითად, რეპრესიული კოშმარის არქეტიპულ სცენარს, სერგო თეთრაძის ტრაგედიას - ჯაშუშობის ბრალდებით გამთენიისას სახლიდან წაყვანილი და რამდენიმე დღეში სასტიკი წამებით მოკლული სამხედრო ოფიცრის ამბავს. კი ბატონო, გვეუბნებიან და გავიგეთ, რომ სიტყვათშეთანხმება „9 წელი“ უკვე კლიშედ იქცა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერ მხარეებზე ლაპარაკი „აქტუალური“ აღარ არის. მაგრამ როცა თითქოსდა მის მიმართ ჩადენილი უკანონობის ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას მერაბიშვილი ითხოვს, მაინც ძნელია არ გაგახსენდეს სათვალთვალო კამერების მიერ ოქროყანის გზაზე გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებისთვის იყო საჭირო და რომელიც წინა ხელისუფლებამ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, სრული სახით სტრასბურგის სასამართლოსაც კი არ გადასცა (ადამიანის უფლებათა სასამართლო მაშინ აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სრული ვიდეოჩანაწერის არწარმოდგენის მიზეზების დასაბუთება და დუმილი შეინარჩუნა მაშინაც, როცა 2010 წლის აპრილის საჯარო სხდომაზე მოსარჩელეებმა ღიად უსაყვედურეს ამის თაობაზე).

დიახ, გასახსენებელი უამრავია და ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ოღონდ ახლა ამ გზით წასვლა და არგუმენტად წინა ხელისუფლების მანკიერი მხარეების მოტანა ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. საკითხი მართლა მარტივად დგას: ან გულგრილად ვხვდებით ცნობას იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება თავზე ქურთუკგადაფარებული პატიმარი (სულ ერთია, ვინ და რა ბრალდების მატარებელი) ღამით ციხიდან გაჰყავდეთ და მისგან ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ; ან კი ვთანხმდებით, რომ ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ასეთი პრეცედენტის ადგილი არ არის, ეს საქმე აუცილებლად საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას და, დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ან ვაგრძელებთ კანონის უგულებელყოფის ტრადიციაში ცხოვრებას (რომელიც უკვე ათწლეულებს ითვლის), ან რეალურად ვცდილობთ სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

ხელისუფლების ქედმაღალი და აროგანტული პოზიცია, რომ ამ საქმეს „არ გამოიძიებს და მორჩა“, ცხადია, მერაბიშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობას ეყრდნობა; იმის ცოდნას, რომ ცნობას პატიმარ მერაბიშვილის უფლებების ხელყოფის შესახებ ბევრი მოქალაქე გულგრილად, ან ცინიკურად მოეკიდება.

ეს გულგრილობა კი რამდენიმე თვალსაზრისითაა სახიფათო. ჯერ ერთი, სახელმწიფოს სამართლებრივი ინსტიტუტების გამართულობის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ის არის, თუ რამდენად ართმევენ ისინი თავს საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ შერისხული პირების კანონიერად და ობიექტურად გასამართლებას. და ესეც იქით იყოს - მსგავსი პრეცედენტის არდაშვება ყველა მოქალაქის პრაგმატული ინტერესია, რადგან თუ მერაბიშვილისნაირი მაღალი პოლიტიკური პროფილის მქონე პატიმარს ღამით თავზე ქურთუკჩამოცმულს დაატარებენ, მსგავს პირობებში აღმოჩენილ რიგით მოქალაქეს, სავარაუდოდ, უარესი ბედი ელის.

მაგრამ უფრო საგანგაშო კიდევ სხვა ფაქტორია. თუ წინა ხელისუფლების და, კონკრეტულად, მერაბიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო მშვიდად შევხედავთ იმას, რომ სახელმწიფო შესაძლო დანაშაულს არ იძიებს, ამით ავტომატურად გავიზიარებთ ლოგიკას, რომ ზოგიერთი, „ცუდი“ პატიმრის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევა მისაღებია. ეს ლოგიკა კი ჩვენთვის ნაცნობსა და მანკიერ წრეს უდევს საფუძვლად. თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამაც სხვა „ცუდი“ პატიმრების - კანონიერი ქურდების, ბოროტმოქმედების - წინააღმდეგ დაიწყო კანონის დარღვევა და ძალადობრივი ფორმების დამკვიდრება. ხოლო ეს ამბავი როგორ დამთავრდა, ამის შეხსენება, არა მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს.
„As I search for a piece of kindness
And I find Hitler in my heart“
Antony and the Johnsons

გორის თვითმმართველობა, კულტურის სამინისტროს დასტურით, გორში, მუზეუმის ტერიოტირაზე სტალინის ძეგლის დაბრუნებას აპირებს. იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება თავისუფალ ადამიანს ან თითქოს გათავისუფლებულ თვითმმართველობას მაინცა და მაინც მონობის სიმბოლოს დადგმა მოუნდეს, ადრე დავწერე. ახლა კი, მოდი, იმაზე ვილაპარაკოთ, რანაირად ხდება, რომ სტალინის კულტი დღემდე ცოცხალია.

უშანგი დავითაშვილი თბილისში, თავის ეზოში კოცნის სტალინის ბიუსტს.
უშანგი დავითაშვილი თბილისში, თავის ეზოში კოცნის სტალინის ბიუსტს.
გერმანელი ფილოსოფოსი ჰანა არენდტი (1906-1975), რომელმაც ტოტალიტარიზმის წარმოშობას შესანიშნავი წიგნი მიუძღვნა (The Origins of Totalitarianism, 1951; Elemente und Ursprünge totaler Herrschaft, 1955), ფიქრობდა, რომ ტოტალიტარული ბელადები ტოტალიტარული სისტემის ნგრევასთან ერთად უჩინარდებიან. ასე, მაგალითად, ჰიტლერის კულტი გერმანიაში არ შემორჩენილა (თუმცა ნეონაციზმი შემორჩა). რატომ შემორჩა სტალინის კულტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? ერთი ახსნა, უფრო სწორად ახსნის ნაწილი, ის არის, რომ სტალინის კულტი იმდენად არსებობს, რამდენადაც ჩვენ, გერმანელებისაგან განსხვავებით, დღემდე არ გავთავისუფლებულართ ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობისაგან. მაგრამ ეს პასუხი ნაწილობრივია და ყველაფერს არ ხსნის. მოკლე პასუხის გაცემას მეც შევეცდები, რაც ნაწილობრივ სახალისო იქნება, ნაწილობრივ კი სულაც არა.

მაშ, რა გააკეთა სტალინმა თავისი დიქტატორულად, ავტორიტარულად და ტოტალიტარულად მმართველი კოლეგებისაგან განსხვავებული, რომ ბევრი ადამიანის გულში დღემდეა ცოცხალი, თანაც ისე, რომ ეს სიცოცხლე პერიოდულად მისი ვიზუალური რეპრეზენტაციის, ძეგლის ფორმით გვიბრუნდება ხოლმე? (ცალკე სახსენებელია სტალინიზმის და მართლმადიდებლობის შერწყმა, რომელიც განსაკუთრებით რუსეთშია პოპულარული, მაგრამ საქართველოშიც იკიდებს ფეხს. სტალინს დადებითად აფასებს პატრიარქი ილია II-ც.)

ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი სტალინის შესახებ სტალინიზმის არა ისტორიულ, არამედ ესთეტიკურ საფუძვლებს იკვლევს. ეს გახლავთ ბორის გროისის „გეზამტკუნსტვერკი სტალინი“ (Boris Groys, Gesamtkunstwerk Stalin, 1988).

ხატი „მატრონა და სტალინი“, 2008, სტრელნა (რუსეთი)
ხატი „მატრონა და სტალინი“, 2008, სტრელნა (რუსეთი)
გროისის თეზისი ის გახლავთ, რომ სტალინურმა პოლიტიკამ ავანგარდული ხელოვნების მემკვიდრეობა გააგრძელა. ავანგარდისტმა ხელოვანმა თუ ღმერთის ადგილი დაიკავა და ახალი სამყაროს შექმნა ნულიდან გადაწყვიტა, სტალინურმა პოლიტიკამ ავანგარდის ტოტალური პროექტი პირდაპირ გაიგო და რეალობაში გადმოიტანა: არა რეალობის რეპრეზენტაციის, არამედ რეალობის სრული შეცვლა დაისახა მიზნად. შესაბამისად, უზარმაზარი პროექტი, საბჭოთა კავშირი, პოლიტიკური და ესთეტიკური „ერთიანი ხელოვნების ნაწარმოები“ (გერმანულად: Gesamtkunswerk) იყო.

გროისის კრიტიკას ახლა არ შევუდგები, მასზე დაყრდნობით, მაგრამ ოდნავ განსხვავებულად, მე მგონია, რომ თავისი კოლეგებისაგან განსხვავებით, სტალინს, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, დემიურგობაზე, ახალი სამყაროს შემოქმედებაზე პრეტენზია არ ჰქონია. მისი ამბიცია იყო ყოფილიყო
ფიოდორ შურპინი „ჩვენი სამშობლოს დილა“, 1946-1947
ფიოდორ შურპინი „ჩვენი სამშობლოს დილა“, 1946-1947
ისტორიული ძალის, ისტორიის გამომხატველი და რეპრეზენტანტი. სტალინს უნდა განესახიერებინა ისტორიული აუცილებლობა, ისტორიის წინსვლა. სტალინი ჰეგელისეული აბსოლუტური გონის რეპრეზენტაცია, მისი დროის კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ სივრცეში განხორციელება უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ავანგარდისტებისაგან (და ასევე ორთოდოქსი მარქსისტებისაგან და კომპარტიის მემარცხენე ფრთისგან) განსხვავებით, სტალინი ისტორიას უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდა. სტალინი, ერთი მხრივ, ნათელ მომავალს წარმოადგენდა აწმყოში, მეორე მხრივ კი ამავე აწმყოში წარსულის „პროგრესული ძალების“ წარმომადგენელი გახლდათ. ის იყო ცოცხალი ხიდი პროგრესულ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის, გზა და ჭეშმარიტება.

ამ რეპრეზენტაციული პრეტენზიის განსახორციელებლად ერთადერთი გზა არსებობდა. სტალინის ერთ-ერთი და შეიძლება ერთადერთი მთავარი აღმოჩენა და სიკვდილისშემდგომი წარმატების რეცეპტი ის იყო, რომ მან არა მარტო მომავლის შენება მოინდომა, არამედ წარსულის მშენებლობა და მისი შეცვლა დაიწყო. ტოტალიტარიზმის სტალინური ვერსიის თავისებურება ის გახლდათ, რომ სტალინს არა მარტო თანამედროვეობაზე, არამედ წარსულზეც უნდოდა ტოტალური კონტროლის დაწესება და ხშირ შემთხვევაში ამას წარმატებითაც ახერხებდა.

ე. ბელოსტოცკი, გ. პივოვაროვი, ე. ფრიდმანი „სტალინი და ლენინი გორკიში“, 1937
ე. ბელოსტოცკი, გ. პივოვაროვი, ე. ფრიდმანი „სტალინი და ლენინი გორკიში“, 1937
პირველი ასეთი წარმატებული პროექტი რევოლუციის ისტორიის გადაწერა-გადაკეთება იყო. ამ პროექტის პირველი ეტაპი გახლდათ რევოლუციის „დამფუძნებელი მამის“, ლენინის კულტის შექმნა, რომელიც უპირობო ავტორიტეტად გამოცხადდა. მეორე ნაბიჯმა კი სტალინი ლენინს განუყრელად დუკავშირა.

ისტორიული ფაქტების საწინააღმდეგოდ, სტალინი გამოცხადდა ლენინის ერთადერთ მემკვიდრედ. სტალინის პროექტის წარმატებისათვის მარტო ისტორიის გადაწერა საკმარისი არ ყოფილა. მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ლენინის და სტალინის განუყრელი კავშირის ადამიანების ცნობიერებაში ჩანერგვა, რამდენადაც მისი არაცნობიერში დამკვიდრება. ეს კი ლოზუნგების, ძეგლების, სურათების საშუალებით კეთდებოდა. სტალინის ძეგლების პირველი ვერსია მას ყოველთვის ლენინთან ერთად წარმოადგენს. პარალელურად არსებობდა ლოზუნგი „სტალინი დღევანდელი ლენინია“.

ვ. ვიხტინსკი, ბ. ჟუკოვი, ე. ლევინი, ლ.ჩერნოვი, ლ. შმატკო, „მშვიდობისათვის. საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების ხელმოწერა“, 1950
ვ. ვიხტინსკი, ბ. ჟუკოვი, ე. ლევინი, ლ.ჩერნოვი, ლ. შმატკო, „მშვიდობისათვის. საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების ხელმოწერა“, 1950
სტალინი ცხადდებოდა ლენინის ცოცხალ ხატად, ის იყო ერთდროულად ცოცხალიც და მკვდარიც და მკვდრის, დამფუძნებლის ავტორიტეტის მატარებელიც, ამიტომაც მის კურსთან კამათი საბჭოთა სახელმწიფოს საფუძვლების შერყევას არა მარტო რიტორიკულად, არამედ მისტიკურადაც უტოლდებოდა. სტალინი საბჭოთა კავშირის საფუძვლების ცოცხალი განსახიერება გახდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ სსრკ კომპარტიის ახალი გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის დესტალინიზაციის კამპანია, რომელიც სტალინიზმისაგან შეურყვნელ ლენინიზმთან დაბრუნებას ისახავდა მიზნად, წარუმატებლობისათვის იმთავითვე განწირული იყო. თუკი სტალინი ლენინის ცოცხალი ხატი, „დღევანდელი ლენინი“ იყო, მაშინ, ჩანაცვლების პრინციპით, ლენინი გუშინდელი სტალინი გამოდიოდა. ის ლენინი, რომელთანაც ხრუშჩოვმა დაბრუნება დააპირა, სინამდვილეში სტალინი იყო, რომელსაც ლენინის ნიღაბი გაეკეთებინა. არანაირი შეურყვნელი ლენინიზმი (თუკი ასეთ რამეს როდისმე უარსებია) აღარ არსებობდა - ლენინიზმი სტალინის მიერ შექმნილი მითოსი იყო, საბჭოთა პროექტი კი სტალინური პროექტი. სხვანაირი საბჭოთა კავშირი უბრალოდ ვერ იარსებებდა.

ლენინი არ ყოფილა ერთადერთი დამფუძნებელი მამა, რომელსაც სტალინმა თავისი თავი დაუკავშირა. ის რუსულ იმპერიულ ისტორიაში ისეთივე წარმატებით ჩაეწერა, როგორც რუსულ რევოლუციურ ისტორიაში. ფილმების (მაგ. ეიზენშტეინის „ივანე მრისხანე“) და რომანების (მაგ. ალექსეი ტოლსტოის „პეტრე I“) მეშვეობით სრულიად მიზანმიმართულად ინერგებოდა აზრი, რომ სსრკ რუსეთის იმპერიული ისტორიის, ხოლო სტალინი ივანე მრისხანის და პეტრე I-ის გამგრძელებელი და მათი საქმის დამაგვირგვინებელი იყო. სტალინურ მითოსში იმპერიას ფერი ეცვალა და ხალხთა ჩაგვრის ნაცვლად ხალხთა მეგობრობაზე დამყარებული მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო იყო, რომელიც შეუქცევადად იდგა კომუნიზმისაკენ მიმავალ ნათელ გზაზე. სტალინის და რუსული იმპერიული პროექტის დიფუზია გვიჩვენებს, რატომ არის რუსული იმპერიული პროექტი სტალინთან დღემდე ორგანულად დაკავშირებული და მის გარეშე წარმოუდგენელი.

კიდევ ერთი მაგალითი რუსული კულტურის სტალინური ვერსია იყო: ამის საილუსტრაციოდ ერთ ანეკდოტს გავიხსენებ. 1937 წელს, პუშკინის საიუბილეოდ მისი ძეგლის დადგმას აპირებენ. სტალინთან მოაქვთ პროექტი: პუშკინი კითხულობს სტალინს. სტალინი უკმაყოფილოა: პროექტი პოლიტიკურად სწორია, მაგრამ ისტორიულად არასწორი. მოაქვთ მეორე პროექტი: სტალინი კითხულობს პუშკინს. სტალინი ისევ უკმაყოფილოა. ამჯერად პროექტი ისტორიულად სწორია, სამაგიეროდ პოლიტიკურადაა არასწორი. ბოლოს მოაქვთ მესამე პროექტი: სტალინი კითხულობს სტალინს. ამჯერად სტალინი კმაყოფილია. პროექტი ისტორიულადაც და პოლიტიკურადაც სწორია. ეს ანეკდოტი შესანიშნავად გვიჩვენებს ჩანაცვლების პროცესს, რომელიც ისტორიულ ფიგურებს მათი სტალინური სიმულაკრებით ანაცვლებს და, მეორე მხრივ, მათ სხვადასხვა სფეროებში სტალინის წარმომადგენლებად აქცევს. სტალინმა საბჭოთა კავშირში შექმნა კულტურული გმირების კულტი, რომლებიც ცოცხალი მწერლებისათვის მიუღწეველი მაგალითების სტატუსს ატარებდნენ და ამიტომაც უპირობო ავტორიტეტები იყვნენ. ეს კულტურული გმირები ცოცხალი მწერლების კონტროლის ინსტრუმენტებად გადაიქცნენ და შესაბამისად სტალინს წარმოადგენდნენ. საბჭოთა კულტურულ პანთეონში შესვლა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იყო შესაძლებელი. ორი არარსებული: წარსული და მომავალი (ორივეს სტალინი წარმოადგენდა) აწმყოს ადგილს იკავებდა და თანამედროვეობისათვის ადგილს არ ტოვებდა. ეს იყო სტალინური ტოტალიტარიზმის ისტორიული ფორმულა.

სტალინს მარტო რუსეთის ისტორიის გადაწერა არ უცდია. ის საქართველოს ისტორიასაც იმავე მეთოდებით წერდა ხელახლა, რომლებითაც საბჭოთას ან რუსეთისას. ამის სალუსტრაციოდ სტალინის იკონოგრაფიაც გამოგვადგება: ირაკლი თოიძის სურათზე ვხედავთ სტალინს, რომელიც ილია ჭავჭავაძეს უკითხავს ლექსს „ივერიის“ რედაქციაში, კედელზე კი შოთა რუსთაველის პორტრეტი კიდია.

ირაკლი თოიძე, „ი. ჯუღაშვილი ლექსს უკითხავს ილია ჭავჭავაძეს 'ივერიის’ რედაქციაში“
ირაკლი თოიძე, „ი. ჯუღაშვილი ლექსს უკითხავს ილია ჭავჭავაძეს 'ივერიის’ რედაქციაში“
ასეთი ოპერაციებით, რომლებიც რუსეთის ისტორიის მაგალითზე განვიხილეთ, სტალინი არა მარტო ქართული კულტურის ტრადიციაში ეწერებოდა და შოთას და ილიას იყენებდა საკუთარი ლეგიტიმაციისათვის, არამედ მათაც „ცვლიდა“ და თავისი თავით ანაცვლებდა. თოიძის სურათი ისტორიული ნარაციის „შეჩერებულ მომენტს“ წარმოგვიდგენს: გენეალოგიური ხაზი, რომელსაც რუსთაველიდან ილიას გავლით სტალინთან მივყავართ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს (რომელიც ქართული კულტურით არის ჩანაცვლებული) ნათელი მომავლით სრულდება. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო პოლიტიკურად არ არის რეპრეზენტირებული, სსრკ-ის შემადგენლობაში მისი მთავარი ფუნქცია კულტურაა. ილიას რუსთაველთან დაკავშირება მას არა პოლიტიკურ მოღვაწედ, არამედ მწერლად აქცევს. სტალინი კი რუსთაველის „საქმის“ გამგრძელებლად, მის დამაგვირგვინებლად გვევლინება. სურათის სათქმელი, რომელიც მაყურებელმა უნდა ამოიკითხოს, ასეთია: ქართული კულტურა, რომლის უდიდესი წარმომადგენელი რუსთაველია, ილიას ხაზით სტალინურ, საბჭოთა საქართველოში „გაბრწყინდება“.

მეორე ასეთი სურათი (ასევე ირაკლი თოიძისა) გვიჩვენებს სტალინს, რომელიც კავკასიის მთების ფონზე რუსთაველს კითხულობს.

ირაკლი თოიძე, „ი. ჯუღაშვილი კითხულობს რუსთაველს“, 1949
ირაკლი თოიძე, „ი. ჯუღაშვილი კითხულობს რუსთაველს“, 1949
აქ უკვე სტალინი არა მარტო კულტურასთან, არამედ ქართულ ბუნებასთანაცაა ორგანულად დაკავშირებული და მისი წარმომადგენელი ხდება. საქართველოს ისტორიის გადაწერის სტალინური პროექტი, ბუნებრივია, ასეთი სურათებით არ ამოიწურებოდა. მასში ჩართულები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და ისტორიკოსები. კონსტანტინე გამსახურდია არა მარტო „ბელადს“ წერდა, არამედ „დავით აღმაშენებელსაც“, რომელსაც ბელადის კულტი ისტორიაში უნდა გადაეტანა. გამსახურდიას (და ასევე ქართველი ისტორიკოსების) მეოხებით დავით აღმაშენებელი სტალინის კულტის ისტორიული გამართლება უნდა ყოფილიყო. აკადემიკოსები სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი სტალინთან ერთად, მისი დავალებითა და კარნახით ადგენდნენ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს, რომელიც წინა საუკუნის 40-იანი წლებიდან დღემდე გამოიყენება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ფაქტობრივად, ჩვენ საქართველოს ისტორიის სტალინურ ვერსიაზე გავიზარდეთ. ცხადია, საქმე არა იმდენად ფაქტების დამახინჯებაშია (თუმცა, ფაქტებიც მახინჯდებოდა), რამდენადაც ისტორიული თხრობის კომპოზიციაში (ნარატივში), ისტორიული მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებაში და მათ შეფასებაში (მაგალითად, სტალინურმა ისტორიოგრაფიამ დაამკვიდრა საქართველოში „უმცირესი ბოროტების“ ცნება, რომლითაც საქართველოში დღემდე ცდილობენ კატასტროფული „არჩევანის“ გამართლებას). ის ნარატივი, მოვლენათა კავშირი და შეფასება, რომელიც ჩვენ სტალინური ისტორიოგრაფიიდან მოგვდევს, სტალინზეა „აწყობილი“. ამ ისტორიული თხრობის დასასრული სტალინის გზით საქართველოს კომუნისტურ ნათელ მომავლამდე მისვლა იყო. ყველა მოვლენა ამ თხრობაში სწორედ იმ კუთხით იყო შეფასებული, თუ რამდენად სასარგებლო ან უსარგებლო იყო ის ამ ნათელი მომავლისათვის. („უმცირესი ბოროტება“, რუსეთთან „შეერთებაც“ იმიტომ იყო „უმცირესი“, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს სსრკ-მდე მიიყვანდა). ჩვენ თუ დღეს ისტორიის ამ ვერსიას მეოცე საუკუნეს მექანიკურად გამოვაკლებთ, ამ თხრობის სტალინურობაში მაინც არაფერი შეიცვლება (ისევე, როგორც საბჭოთა ენციკლოპედიაში არაფერი შეცვლილა იქიდან „კომუნისტური“ სტატიების მექანიკური ამოღების შემდეგ). ისტორიის ეს ვერსია სტალინით არის გაჯერებული. ის მასში უხილავად მონაწილეობს.

ახლა კი ჰარი პოტერის ხსენების დროც მოვიდა. ჰარი პოტერი იმიტომ გამახსენდა, რომ ამ საბავშვო წიგნში შესანიშნავად არის აღწერილი პროცედურა, რომელიც იმ მაგიის გასაგებად გამოგვადგება, რომელიც სტალინს ისტორიულ ფიგურებს განუყრელად (ოღონდ ჩვენთვის გაუცნობიერებლად) უკავშირებს და მას სიცოცხლეს უხანგრძლივებს. თუ მაინცდამაინც მოვინდომებთ, აქვეა სტალინიზმთან ბრძოლის რეცეპტიც.

ინგლისელი მწერლის, ჯოან როულინგის წიგნი გვიყვება ჯადოქარი ბიჭის, ჰარი პოტერის ამბავს, რომელსაც ბოროტი ჯადოქარი ლორდი ვოლდემორტი შვიდი წიგნის განმავლობაში მოსაკლავად დასდევს, იმიტომ რომ სჯერა წინასწარმეტყველებისა, რომ ვოლდემორტს და ჰარის ერთად სიცოცხლე არ უწერიათ.

ვოლდემორტი უკვდავების მანიით არის შეპყრობილი და უკვდავების საიდუმლოებასაც მიაგნებს. მაგიური ოპერაციის მეშვეობით ის თავის სულს შვიდ ნაწილად დაყოფს და სხვადასხვა უსულო და სულიერ საგნებს, ე.წ. "ჰორკრუქსებს", დაუკავშირებს. მკვლელობის საშუალებით დანაწევრებული სულის ერთი ნაწილი უკავშირდება არჩეულ საგანს, რომელიც ერთი მხრივ მაგიურ ხასიათს და ძალას იღებს, მეორე მხრივ კი ვოლდემორტს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. მისი მოკვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ყველა ჰორკრუქსი განადგურდება.ბოლო, ცოცხალი ჰორკრუქსი თვითონ ჰარი პოტერია. ასე რომ ვოლდემორტის მოკვლა მხოლოდ ჰარის იდენტობის დარღვევის, მისი ნაწილობრივი სიკვდილის შემთხვევაშია შესაძლებელი.

სტალინის „სიცოცხლისუნარიანობა“ შეიძლება ვოლდემორტის ანალოგიურად წარმოვიდგინოთ: სტალინი „ცოცხალი“, ანუ დღემდე პოპულარულია იმიტომ, რომ მან მოახერხა საკუთარი თავის „ინვესტირება“, შესისხლხორცება ისტორიულ ფიგურებთან თუ ნარატივებთან. თუკი ბოლშევიზმის ან კომუნიზმის ჰორკრუქსი დღეს მეტწილად განადგურებულია, სხვა ჰორკრუქსები - მაგ. რუსული იმპერიალიზმი ან ქართული ისტორიული ნარატივის სტალინური ვერსია - ჯერ კიდევ ცოცხალია. სწორედ ეს ნარატივი წარმოშობს მონარქიის აღდგენად წოდებულ კლოუნადას, ცირკის რაინდებს და მანდილოსნებს, წარმოშობს ქართულ ურაპატრიოტიზმს, რომელიც ქართველობას ხედავს არა აწმყოში, არამედ წარმოსახვით (და არა ისტორიულ) წარსულში და წარსულის ყალბი ხატებით აწმყოს ჩანაცვლებას ცდილობს.

სტალინიზმის ეს ნაწილი იმდენად შეზრდილია ჩვენს იდენტობასთან, რომ მისი განადგურების ყოველი მცდელობა ჩვენი საზოგადოებისათვის (ან მისი დიდი ნაწილისთვის მაინც) უკიდურესად მტკივნეულად აღიქმება. მაგრამ ამ ტკივილის და ჩვენი იდენტობის სტალინური ნაწილის გაუნადგურებლად სტალინი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში და, შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეშიც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG