Accessibility links

ბლოგები

ბერძნულ-რომაული რელიგიები, რომლებსაც ცოტა აგდებულად პოლითეისტურ რელიგიებს უწოდებენ, ინკლუზიური რელიგიები იყო. ინკლუზიური რელიგიის „გადმოსახედიდან“ კი, ანტიკური ხანის რომაელისათვის, სამყარო ნაკლებად მანიქეური იყო, ვიდრე მონოთეისტი ებრაელისათვის. რომაელი, რომელიც მიიჩნევდა, რომ იუპიტერი მისი ღმერთი იყო, არ თვლიდა ბერძენს ერეტიკოსად იმის გამო, რომ „სადღაც“ ათენში იუპიტერის მაგივრად „ვიღაც“ ზევსის ქანდაკება იდგა (ზოგადად ანტიკური ხანის როგორც რომაელისთვის, ისე ათენელისთვის, ცნება ერეტიკოსი უცხო გახლდათ). ისევე, როგორც რომაელი თვლიდა, რომ ზევსი და იუპიტერი ერთი და იგივე ღმერთი იყო, ასევე ათენელი მიიჩნევდა, რომ ეგვიპტელების ღმერთი ამონი იგივე ზევსი იყო. მხოლოდ ებრაელები უყურებდნენ სამყაროს სხვაგვარად, რაც ხშირად ხდებოდა მიზეზი კონფლიქტისა არა მარტო რომაელებთან და ბერძნებთან, არამედ ზოგჯერ სხვა, ე.წ. „ერეტიკოს“ ებრაელებთანაც კი (შემთხვევითი არ არის, რომ მითი ბაბილონის გოდოლის შესახებ ბიბლიაში მოხვდა). მოგვიანებით ებრაელებს დაემატნენ ჯერ ქრისტიანები და შემდეგ მუსულმანები.

იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი - სამივე ექსკლუზიური რელიგიებია. ამ რელიგიების მიხედვით, ყოველ რელიგიურ ან კონფესიურ თემს აქვს თავისი დადგენილი საზღვრები და ამ საზღვრებს გარეთ დარჩენილი სხვა თემი მიეკუთვნება ერეტიკოსთა და ბიწიერთა საზოგადოებას. ექსკლუზიური რელიგიების ეპოქიდან მოყოლებული ერთი ადამიანი მეორეს კლავს არა იმიტომ, რომ იგი მისი მტერია, არამედ იმიტომ, რომ მეორე ისე არ ფიქრობს როგორც პირველი. აქედან გამომდინარე ამ სამ რელიგიაში ღმერთის შესახებ მთელი მეცნიერება ხშირად სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტი ღმერთებს შორის და ომი ხალხებს შორის.

დღეს ჩვენ გვავიწყდება, რომ სიტყვა რელიგია მოდის ლათინური სიტყვიდან religio და მას ორი ეტიმოლოგიური საფუძველი აქვს: relegere და religere. თუ პირველი ნიშნავს ფეხზე დგომას, თვალების ცისკენ აღმართვას, მეორე ნიშნავს დაკავშირებას, სხვასთან გაერთიანებას. პირველი ეტიმოლოგიური საფუძველი ვერტიკალურია, ხოლო მეორესი - ჰორიზონტალური. თუ პირველის საშუალებით ადამიანი ცდილობს შეიცნოს უხილავი და ტრანსცენდენტული, მეორე მას საშუალებას აძლევს სხვებთან ერთად შექმნას ერთიანი სოციალური სხეული, რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო მშვიდობის საწინდარია. ვინაიდან ექსკლუზიური რელიგიები ზუსტად ამ მეორე, ჰორიზონტალურ ნაწილს აყენებდნენ საფრთხის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთში გადაწყვიტეს, რომ სასულიერო და საერო საბოლოოდ გაემიჯნათ ერთმანეთისაგან, რათა სამოქალაქო მშვიდობა არ დარღვეულიყო.

ის დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებს სეკულარიზმი მოახვიეს თავს, ძალზედ ხშირად მორწმუნეები იყვნენ. მაგრამ მორწმუნეობასთან ერთად ისინი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსები გახლდნენ და იცოდნენ, რომ უპრიანია საკუთარ რელიგიურ აზრებს „პირზე ხმის ჩამხშობი ჩამოაცვან“, რათა სახელმწიფოში სამოქალაქო მშვიდობას და, აქედან გამომდინარე, საკუთარ მმართველობას „წყალი არ შეუყენონ ქვეშ“. ასე რომ, რიგორისტული სეკულარიზმი არც ვინმეს ახირებაა და არც შეთქმულებაა რაიმე ინსტიტუციის წინააღმდეგ. იგი უბრალოდ სამოქალაქო მშვიდობისათვის აუცილებელი „საარსებო მინიმუმია“.

18 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში, რომლის საფუძველზეც 2016 წლის დასაწყისში უნდა მომზადდეს კანონპროექტი საიმისოდ, რათა ევროკავშირის წესში #539/2001 შეტანილ იქნეს ცვლილება. ამ ცვლილებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებს ფლობენ, შეეძლებათ ექვსი თვის განმავლობაში 90 დღით დარჩნენ შენგენის ზონის ქვეყნებში. შენგენის ზონა კი მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა, ასევე, ოთხ არაწევრ სახელმწიფოს: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, ასევე, შენგენის ზონის წევრობის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში გამგზავრებაც: ხორვატიაში, რუმინეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში.

აქამდე ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი მიიღო, მოლდავეთი იყო. ეს მოხდა 2014 წლის 28 აპრილს. ევროკომისიის საბოლოო ანგარიშიდან უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებამდე მოლდავეთს დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდა. სანამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოხდებოდა, ევროკომისიის წინადადება განიხილა ჯერ ევროკავშირის პარლამენტმა და შემდეგ ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, რომელშიც კავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები შედიან. საქართველოსაც ამავე პროცედურების გავლა მოუწევს. მოლდავეთამდე იგივე გზა გაიარეს ბალკანეთის ქვეყნებმაც: სერბიამ, ჩერნოგორიამ, მაკედონიამ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და ალბანეთმა.

სავარაუდოა, რომ ჩვენ და უკრაინა, ბალკანეთის ქვეყნებისა და მოლდავეთის მსგავსად, წარმატებით გავივლით პროცესს, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებთან ლიბერალურ სავიზო რეჟიმამდე მიგვიყვანს. სანამ ეს მოხდება, კარგად უნდა გავიაზროთ ის, თუ რას უნდა ველოდეთ და რას − არა სავიზო ლიბერალიზაციისგან.

დავიწყოთ იმით, რომ სავიზო ლიბერალიზაცია არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვექნება ევროკავშირში ემიგრირების უფლება. შენგენის ზონაში სამუშაო ვიზის მოსაპოვებლად საქართველოს მოქალაქეებს კვლავაც დასჭირდებათ ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების წარმოდგენა (და ესეც არ არის ვიზის მიღების გარანტია). რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღებას, ეს არც ისე იოლი საქმეა და ამ პროცედურის წარმატებით გავლისთვის საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ იმის დასაბუთება, რომ საქართველოში მათ სდევნიან, ანუ ამ ქვეყანაში მათი უსაფრთხოება დაცული არ არის. ამის დასაბუთება, როგორც წესი, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხერხდება (მაგალითად, საქართველოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეთ ამის საფუძველი). უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს − განსაკუთრებით, დომინანტური ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლებს − ეს გაუჭირდებათ.

მოლდავეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი დაუწესეს, ემიგრანტთა რიცხვი მკვეთრად არ გაზრდილა. ამის საპირისპიროდ, ბალკანეთის რეგიონიდან ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის თხოვნით იმდენმა მოქალაქემ მიმართა (განსაკუთრებით, ეთნიკურ უმცირესობათა წევრებმა), რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო ერთხანს ბალკანეთის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის დროებით აღდგენის საკითხსაც განიხილავდა.

2015 წლის დასაწყისში ევროკომისიამ გამოაქვეყნა რიგით მეხუთე ანგარიში ბალკანეთის ქვეყნებში ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე. ანგარიშის თანახმად, მართალია, ევროკავშირი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, რომ შეინარჩუნოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებთან, ამ ქვეყნებმა მაინც უნდა გადადგან მთელი რიგი ნაბიჯები იმისათვის, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ამ ნაბიჯებს შორის დასახელებულია ისიც, რომ უნდა გამოსწორდეს ეთნიკური უმცირესობების, განსაკუთრებით ბოშების, მდგომარეობა.

ასეთი სცენარისთვის საქართველოს მთავრობა მზად უნდა იყოს და წინასწარვე უნდა მიიღოს ზომები საიმისოდ, რათა ვითარება არ გამწვავდეს. თუ პროცესები „ბალკანური სცენარით“ განვითარდა, ეს წაგებიანი იქნება მათთვის, ვისაც ევროკავშირში ტურისტული მიზნით წასვლა, საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა ან ნათესავების მონახულება სურს. ყოველივე ამასთან ერთად, დაზარალდება ქვეყნის პოლიტიკური მომავალიც. ამავე დროს, ძნელია იმ ხალხის გამტყუნებაც, ვისაც საქართველოში ეკონომიკურად იმდენად უჭირს, რომ რისკზე წასვლას და უცხოეთში არალეგალად დარჩენას, ან თავშესაფრის მოთხოვნას გადაწყვეტს.

შენგენის ზონის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან და ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოების კუთხით. მით უფრო მნიშვნელოვანია ეს ახლა, როცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების შედეგად არნახულად გაიაფდა ავიამიმოსვლა საქართველოსა და ევროპას შორის. გარდა კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული დატვირთვისა, ვიზების ლიბერალიზაციას პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება. ჩვენი ევროპული იდენტობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსი ამით კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც, საბოლოო ანგარიშით, საწინდარია იმისა, რომ უფრო თავისუფალ, დემოკრატიულ, ეკონომიკურად განვითარებულსა და სოციალურად სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG