Accessibility links

ბლოგები

„რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას?

პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით...“

გახსოვთ? ესაა ნაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ მომავალმა ლიდერმა გამოგვიგზავნა პოლიტიკაში მოსვლის წინ, 2011 წლის 12 ოქტომბერს. ამას წერს და აქვე ამატებს:

„რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო: იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ „ალია-ჰოლდინგის“ საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზიცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო...“

ეწყინა. მაგრამ არ გაიბუტა. პირიქით, პირველად სწორედ „რესპუბლიკური პარტია“ დაასახელა პოლიტიკურ ძალად, რომელსაც დაეყრდნობა მომავალში.

მერე იყო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი. „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია. ქართველი ინტელექტუალების გამოსვლები... მოსმენისას ტანში ჟრუანტელი რომ დაგივლიდათ, ისეთი გამოსვლები - ამაღლებული, პათეტიკური, ხორავას და ვერიკოს ხმებით, სტანისლავსკის პაუზებითა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს კრეშჩენდოებით. დროდადრო ტელეტრანსლაციის რეჟისორი ბიძინა ივანიშვილის ბედნიერ სახეს გვიჩვენებდა. კაცი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, თბილისში რომ ჩამოვედი არავის ვიცნობდი, თეთრი ყვავივით ვიყავიო... მერე წავედი, გავლით ვიყავი აქო, იყო უზომოდ ბედნიერი, იქნებ ყველაზე ბედნიერი თავის ცხოვრებაში - მთელი ფილარმონია, ქართული ინტელექტუალური ელიტა, მეცნიერები, მწერლები, მომღერლები, მღვდლები, მოჭიდავეები მას ფეხზე ამდგარი მიესალმნენ. ისინი ტაშს უკრავდნენ კაცს, რომელმაც ”სამება ააშენა”!

რესპუბლიკელებიც იყვნენ, ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილთან და სააკაშვილისგან განდგომილ ალასანიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის საბჯენებად რომ იქცევიან „ქართული ოცნების“ კოალიციაში. ამ „განდგომილებს“ ივანიშვილი ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს სცემდა - მოინანიეს და ეახლნენ, უძღები შვილებივით! ბოლოს და ბოლოს თვითონაც ხომ განდგომილი იყო; ერთხანს ისიც ხომ „მიშისტად“ მოიაზრებოდა.

განდგომილი, კი. აი, ინტელექტუალიო, ეს ბატონ ბიძინასაც კი არ უთქვამს თავის თავზე. ლევან ბერძენიშვილს აქ, უთუოდ მოუხდებოდა პასუხის გაცემა, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, ვიცი, საიდან იშოვა ფულიო. ალბათ, გასცა კიდეც პასუხი. სხვა საქმეა, რამდენად დააკმაყოფილა ინტელექტუალი თანაფრაქციელის პასუხმა „ოცნების“ ლიდერი. ასეა თუ ისე, ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, ისეთივე ბედნიერი იქნებოდა თავის „ბიზნესცენტრში“ (კაპურისა და ლიხტენშტეინის ნამუშევრების გარემოცვაში) მაშინ, როდესაც ინტელექტუალი რესპუბლიკელები უხსნიდნენ, რა იგულისხმეს, როცა თქვეს, ვიცით, საიდან გამდიდრდაო; როგორი ბედნიერიც იყო ფილარმონიაში, როცა ქართველი პოეტები, მხატვრები, მღვდლები და მოჭიდავეები მას სიყვარულს ეფიცებოდნენ.

აბა, ვის არ გაგვიხარდებოდა გამოჩენილი ინტელექტუალების ეს დაფასება. ისიც მოგვეწონებოდა, როგორი სარკაზმით, კარგი ქართულით, ირონიით უტევდნენ ეს ადამიანები ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“). მხოლოდ ხანდახან, მარტო რომ დავრჩებოდით ჩვენს უზარმაზარ სახლში, მოქალაქე კეინის ქსანადუს ციხე-სიმაგრეში, შეიძლებოდა ჩვენი თავისთვის გვეკითხა: „მე ხომ ამათთვის არაფერი ვარ, მე ხომ ისევ „თეთრი ყვავი“ ვარ. უბრალოდ, ფული მაქვს... რატომ არიან ჩემთან ესენი?“

კატაგელოფობია, ანუ დაცინვის შიში, ერთ-ერთი გავრცელებული სენია თანამედროვე სამყაროში, სადაც სოციალური უთანასწორობა უფრო და უფრო მძაფრდება. კატაგელოფობიას, რამდენადაც ვიცი, ბავშვობის ტრავმებით ხსნიან და იმასაც ამბობენ, რომ ადამიანები, რომელთაც დაცინვის შიში ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში, ჩაკეტილები არიან და ერიდებიან უცხო ხალხთან კონტაქტს. თუმცა, თუ ბედმა გაგიღიმა და ფული იშოვე (მათ შორის, ლევან ბერძენიშვილმა რომ იცის, იქიდან) შეიძლება, მშვენივრადაც იძიო შური იმათზე, ვინც დაგცინოდა - დაიმორჩილო ეს თავზეხელაღებული ცინიკოსები. მერე კი წინააღმდეგობა თუ გაგიწიეს, დაშალო მათი ერთობა, გასვარო, წაართვა სახელი და პოპულარობა.

მან ეს გააკეთა! მან დინჯი ინტელექტუალი, დავით უსუფაშვილიც კი აიძულა მთლად ამერიკული პრესისთვის შეეთავაზებინა ბიძინა ივანიშვილის პანეგირიკი (ზოგიერთი მონაცემით, სტატიაში 75 ათასი ევროა გადახდილი). მან დაშალა და დაიმორჩილა ქართული პოლიტიკური სპექტრი და სრულიად დისკრედიტებული დატოვა ქართული პოლიტიკური ოპოზიცია, მაგრამ ფული, ეტყობა, საკმარისი არაა. სხვას რომ კარგად დასცინის, შენს პოლიტიკურ ოპონენტს რომ ოსტატურად უმკლავდება, ვაითუ შენზეც ქილიკობს მეგობრებში, თანაპარტიელებში? ვაითუ ამჩნევს, რომ ვერც განათლებით, ვერც გემოვნებით, ვერც ინტერესებით, მისი მეგობარი თუ თანამებრძოლი ვერ გახდები.

ჰოდა, აქ იწყება პროცესი, რომელიც ვერა და ვერ დასრულდა ჯერ საქართველოში და სავარაუდოდ, 2030 წლამდე არც დასრულდება - გარემოცვის „ტესტირება“ ერთგულებაზე! არა აქვს უკვე მნიშვნელობა რას ამბობს იგი საჯაროდ! მთავარია, რას იტყვის ახლობლებში, თავის ცოლ-შვილში! დასცინებს? დასცინებს? ხომ არ დასცინებს?

აქ აღარ გეყოფა ზაზა გაბუნია და სოფო კილაძე. მათი ერთგულება და სახოტბო სიტყვა არაფერს მოგცემს, აქ გინდა უფრო მეტი - ვინმე ახალი მარგველაშვილი, ანდა, უსუფაშვილი გინდა. ბოლოს და ბოლოს ვინმე ახალი კვირიკაშვილი! ისინი კი აღარ არიან. ზოგი გაგექცა, ზოგიც თავად გააგდე. დარჩი მარტო ზაზა გაბუნიასთან და სოფო კილაძესთან ერთად!

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან პირველი არხის ჟურნალისტს, ახალგაზრდა, ლამაზ ქალს მისცა, საინტერესოა, ალბათ, ექსპერტებისთვის. პირადად მე უფრო ხალხის რეაქცია მაინტერესებდა ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, „პირდაპირი ეთერის“ ლინკის ქვეშ, ჩატებში. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ქართველები დასცინოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერს. არა ინტელექტუალები, არა ბერძენიშვილები... არამედ უბრალო ქართველები - არაფერს რომ გვეუბნება მათი სახელები და გვარები... ჰოდა, მეტი რა უნდა ჩემისთანა გაქნილ ცინიკოსს? ეგრევე გავიკეთე ჩემთვის „პატარა დასკვნა“ – „ქართული ოცნების“ ლიდერმა რეიტინგი დაკარგა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ოცნება“, ფაქტობრივად, ავტორიტეტული ლიდერის გარეშე რჩება.

მაგრამ, თურმე სადა ხარ? მერამდენედ უნდა დავრწმუნდე, რომ ფეისბუკი და ინტერნეტი არ არის რეალობა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს რეიტინგი 4 მთელი რაღაცა პროცენტია. ივანიშვილის ოპონენტებს გაუხარდათ... არადა, ძალიან ტყუილად. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი ოთხმოცდათხუთმეტი და რაღაც პროცენტი მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებზე ისევ „ოცნების“ კანდიდატს მისცემს ხმას.

მისცემს ხმას, ხო? როგორ გგონიათ? უბრალოდ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ეს ხალხი და არ აინტერესებს, რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი? პოლიტიკისთვის ამ ადამიანებს უბრალოდ არ სცალიათ? ასეა, ხო?

ისიც ხომ გახსოვთ, რა გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა იმ წერილში, სადაც, როგორც ჩემი კოლეგები ამბობენ ხოლმე, „დააანონსა“ თავისი მოსვლა პოლიტიკაში... ჩემმა შვილმა, უტამ მითხრაო, შენ თუ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო. თქვენსას რომ მიაღწიოთ და ბატონ ბიძინას პოლიტიკა დაატოვებინოთ, „კინო“ ამით არ დამთავრდება - პოლიტიკაში მოვა უტა!

ნატოს პირველ გენერალურ მდივან ლორდ ისმეის უყვარდა გამეორება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დანიშნულება იყო „ამერიკა ჰყოლოდა შიგნით (ევროპაში), რუსები - გარეთ, ხოლო გერმანელები - (მეურვეობის) ქვეშ“. დღეს, როცა ამერიკელები შიგნით ყოფნას კითხვის ქვეშ აყენებენ, გერმანელებს მეურვეობა არ სჭირდებათ, ხოლო რუსების შეკავება უფრო და უფრო რთული ხდება, ევროპა დაუბრუნდა ევროპული ჯარის შექმნის ძველ იდეას.

1950 წლის ზაფხულში კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებულმა კონფლიქტმა ევროპის კონტინენტზე ცივი ომის ტემპერატურა მკვეთრად გაზარდა და წითელი ჩექმის აჩრდილი ხელახლა გამოჩიანა დასავეთ ევროპის მოწმენდილ ცაზე. 1950 წლის ცხელ ზაფხულს დასავლეთი იგრძნობს, რომ ცივი ომის ცხელ კონფლიქტად გადაქცევის ალბათობა დიდი იყო და კრემლის შეკავების მექანიზმზე დაიწყებს ფიქრს.

განგაშს ამერიკელები ატეხენ : „მე მინდა, რომ გერმანელები სამხედრო უნიფორმაში ვნახო მომავალ შემოდგომაზე, (...) რადგან ბერლინის სამხედრო წვლილის გარეშე ევროპის დაცვა წარმოუდგენელია,“ - განაცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დინ აჩესონი 1950 წლის სექტემბერში (დასავლეთ გერმანიის შეიარაღებული ძალები ოფიციალურად შეიქმნება მხოლოდ 1955 წელს. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკაც ამ წელს გაწევრიანდება ნატოში).

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ, გერმანიის ჯარის აღორძინებაზე დინ აჩესონის წინადადება თევზის ფხასავით გაეჩხირება პარიზისა და ევროპის სხვა დედაქალაქების ყელში. ფხა ძნელად გადასაყლაპი და მოსანელებელი იყო და ამიტომ პარიზი ვაშინგტონს შესთავაზებს გერმანული შეიარაღებული ძალების აღორძინებას ნატოს პარალელურ ევროპულ სტრუქტურებში. საფრანგეთის მთავარობის მეთაურის აზრით, საჭირო იყო შექმნილიყო „ევროპული არმია, რომელიც დაექვემდებარებოდა ევროგაერთიანების პოლიტიკურ ინსტიტუტებს“. ვაშინგტონი დათანხმდება პარიზის წინადადებას, რადგან ამერიკელებისთვის ეს იყო „ოპტიმალური ვარიანტი გერმანიის ჩართვისა ევროპის უსაფრთხოების სისტემაში“.

ხელშეკრულების თანახმად, უნდა შექმნილიყო 40 დივიზია საერთო ფორმითა და შეიარაღებით, რომელიც ევროპის გაერთიანებულ მთავარსარდლობას დაექვემდებარებოდა. ბრიტანეთი, რომელიც ყოველთვის ალმაცერად უყურებდა ზენაციონალურ ინსტიტუციებს, უარს იტყვის ევროპის ჯარის შექმნაში მონაწილეობის მიღებაზე. ადენაუერი კი აღფრთოვანებით შეხვდება ამ წინადადებას - დასავლეთ გერმანიის კანცლერისათვის ეს იყო შანსი, რომ, ერთის მხრივ, სრულად ინტეგრირებულიყო დასავლეთ ევროპაში და, მეორე მხრივ, თავის მეზობლებში არ გამოეწვია გერმანული მილიტარიზმის რენესანსის შიში.

1951 წლის 15 თებერვალს, ევროგაერთიანების ექვსი დამფუძნებელი წევრი ქვეყანა დაიწყებს მოლაპარაკებებს, რომელიც 1952 წლის მაისში ევროპის თანამეგობრობის თავდაცვის ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდება. ასე, (ქაღალდზე), ევროპული არმია შეისხამს ხორცს.

ევროპის თანამეგობრობის ექვსი ქვეყნის პოლიტიკური ელიტა საერთო არმიის შექმნის იდეას ენთუზიაზმით შეხვდება - პარიზში, რომში, ბრიუსელსა თუ ბერლინში თვლიდნენ, რომ საერთო ჯარი იქნებოდა ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მოტორი. ევროპის თავდაცვის ენთუზიაზმის მეცხრე ტალღაზე „დიდი ექვსეულის“ დედაქალაქებში დაიწყებენ საუბარს საერთო ვალუტასა და საერთო კონსტიტუციაზეც კი, რომელიც ჯარის შექმნას უნდა მოჰყოლოდა.

მაგრამ ეიფორია მალე ჩაივლის და 1945-ში დამარხული დემონები უკან ამოძვრებიან საფლავიდან: „შეიარაღებულმა გერმანიამ რომ თვითონ დაიწყოს საბჭოთა კავშირთან ომი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით?“ - დაიწყებენ კითხვას ხელშეკრულების მოწინააღმდეგეები პარიზში... (პარიზის ეს კითხვა ლეგიტიმური იყო მას შემდეგ, რაც წითელი არმია სისხლში ჩაახშობს სახალხო პროტესტს აღმოსავლეთ გერმანიაში).

ამ დემონების საფლავიდან ამოსვლას საერთაშორისო კონტექსტი უწყობდა ხელს: ჯერ სტალინის სიკვდილი 1953 წლის მარტში, შემდეგ ზავი კორეაში (1953 წლის ივლისი) და ბოლოს საფრანგეთის მარცხი ინდოჩინეთის კოლონიალურ ომში (1954 წლის მაისი). თუ პირველი ორი მოვლენა საერთაშორის სიტუაციას განმუხტავს და ევროპაში ცხელი ომის საფრთხეს გააქრობს, კოლონიალურ ომში მარცხი პარიზში ნაციონალიზმს გააღვივებს. ხოლო ულტრანაციონალისტურ ბურანში გახვეული ფრანგებისათვის ეროვნული არმია, როგორც სიმბოლო სუვერენულობისა, ღირსების დაბრუნების აუცილებელი ატრიბუტი აღმოჩნდება.

1954 წლის 30 აგვისტოს საფრანგეთის პარლამენტი (319 წინააღმდეგი და 262 მომხრე ხმით) ჩააგდებს ევროპის თავდაცვითი თანამეგობრობის ხელშეკრულების რატიფიკაციას. თუ ადენაუერსა და აიზენჰაუერს (აშშ-ის პრეზიდენტი) ეს ამბავი თავზარს დასცემს, მოსკოვში შამპანურს გახსნიან: „ევროპული სამხედრო და პოლიტიკური გაერთიანება მკვდრადშობილი ტყუპი აღმოჩნდა“, განაცხადებს კრემლი. თუმცა მალე გაირკვევა, რომ ტყუპის ერთი ცალი ცოცხალი ყოფილა და ფეხსაც მალე აიდგამს... დღეს, ისევე, როგორც 66 წლის წინ, როგორც მოსკოვი, ისე პარიზი და ბერლინი ტყუპის მეორე ცალს შეჰყურებს და მკითხაობს, აიდგამს თუ არა ისიც საბოლოოდ ფეხს...

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG