Accessibility links

ბლოგები

შაბათი, 5 იანვარი 2019

კინოკრიტიკოსებს განსაკუთრებით უყვართ ყველანაირი ათეულებისა და ასეულების შედგენა - “საუკეთესო ფილმები”, “ყველაზე ცუდი ფილმები”, “ყველაზე დაუფასებელი ფილმები” და ა.შ. ასეთი სიების მოფიქრება ადვილია მათთვის, ვინც კინოს ლეპტოპებში უყურებს, ანდა, ვისაც “ნეტფლიქსის” ხარისხი აკმაყოფილებს, მაგრამ ჩემნაირი პრეტენზიული კაცისთვის, ვისაც ფილმის ყურება მხოლოდ კინოთეატრში, სხვასთან ერთად უყვარს... უყვარს კარგი ხარისხის კინოპროექცია, კარგი ხმით და გამოსახულებით, ასეთი სიის შედგენა ნამდვილი ტანჯვაა. რამდენი რამე შეიძლება გამოგრჩეს, რამდენი კარგი ფილმი შეიძლება არ დააფასო მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ნახვა კინოთეატრში ვერ მოახერხე. ამიტომაცაა, თავს დავიზღვევ და წინასწარ განვაცხადებ “გოგი გვახარიას სია” თავად გოგი გვახარიამ შეიძლება შეცვალოს მას შემდეგ, რაც 2018 წელს დასრულებულ სხვა ფილმებს ნახავს დიდ ეკრანზე. განსაკუთრებით ამერიკულ “ოსკარზე” წარდგენილ ფილმებს, რომელთა ნაწილის პრემიერა დიდ კინოდარბაზებში ჯერ არ გამართულა.

და მაინც, გავბედავ და შემოგთავაზებთ ჩემს ათეულს, 2018 წლის საუკეთესო ფილმებს, რომელთა ნახვას ვურჩევ ჩემი ბლოგის მკითხველებს, კინოს მოყვარულებს. დიდ ეკრანზე ნახვას, ცხადია.

პრინციპში ამ ფილმების უმრავლესობა უკვე უჩვენეს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მით უფრო საინტერესოა ჩემთვის, რამდენად დამეთანხმებიან კინოს მოყვარულები, რამდენად ფასეულია მათთვის ეს ათეული

მაშ ასე, მივყვეთ ბოლოდან:

10. “მეკბუტი, ჩემი სიყვარული” (რეჟისორი: აბდელათიფ ქეშიში, საფრანგეთი)

90-იანი წლების დასაწყისის საფრანგეთი, დრო, რომელსაც აღადგენს კანის ფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატი, აბდელათიფ ქეშიში დღევანდელთან შედარებით სამოთხეს ჰგავს: ქვეყანა ჯერ კიდევ არ ცხოვრობს მუსლიმი ტერორისტებისა და დევნილების უკონტროლო ნაკადის შიშით, ცხოვრობს სექსით, დისკოთეკებით, პლაჟებზე გაშლილი სუფრებით და მომავლის იმედით. არაბული კულტურა, როგორც ქეშიშის სხვა ფილმებში, როგორღაც ორგანულად თანაარსებობს ფრანგულთან... არა, არც თანაარსებობს. ეს კულტურა უკვე თავადაა “ფრანგული” და ქეშიშიც, მისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმით, კინემატოგრაფიული წესების პრინციპული უარყოფით, გვიხატავს სამხრეთ საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქს, როგორც “ნეტარების სივრცეს”, სადაც კულტურათა ომს და სოციალურ დაპირისპირებას მთლიანად გადაფარავს სექსი და მზის სხივები, პირდაპირ კამერაში რომ იჭრება და გვაბრმავებს.

9. “ზაფხული” (რეჟისორი: კირილ სერებრენიკოვი, რუსეთი)

დისტანციიდან დანახული ჩვენი წარსული, ყოველგვარი ნოსტალგიის გარეშე, და პუბლიცისტური პათოსის გარეშეც (გვახსოვს ქართული “მძევლები”, რომელიც სხვათა შორის “ზაფხულის” ოპერატორის, ვლადისლავ ოპელიანცის გადაღებულია). ეს უკვე ახალი თაობის სურვილია აღადგინოს დრო, რომელიც ლეგენდების და მითების სახით არსებობს, მაგრამ ისევ ბევრს ენატრება, აღადგინოს პოსტსაბჭოთა კინოსთვის უჩვეულო, როკ-მიუზიკლის ჟანრში. მე პირადად ძალიან მომწონს “ზაფხულის” ავტორის (პუტინის პირადი პატიმრის) სურვილი გააცოცხლოს “ზასტოის” სამყარო იმ ადამიანებით, რომლებიც შემოქმედებით ცდილობდნენ გადაერჩინათ თავი საბჭოთა ჭაობისგან. არა, ისინი არანაირი გმირები არ არიან (არადა, ვიქტორ ცოის მოყვარულები, ვეჭვობ, სწორედ ამას მოითხოვდნენ ფილმის ავტორებისგან - ამ არტისტების ლამის გენიოსებად წარმოდგენას), არც განსაკუთრებით ახალს ქმნიან რამეს. მათ ჯერ არ იციან მნიშვნელობა სიტყვებისა “კონკურენცია”, “შოუ-ბიზნესი”, “ბაზარი”... ერთმანეთს ეხმარებიან, რათა სხვაც გადაარჩინონ და თავადაც გადარჩნენ.

8. “ასაკო 1 და 2” (რეჟისორი: რიუსუკე ჰამაგუტი, იაპონია)

წლევანდელი კანის ფესტივალის ყველაზე დაუფასებელი და ყველაზე დახვეწილი ფილმი. მე ვიტყოდი “რაფინირებული”, ნაზი, გამჭვირვალე, კინემატოგრაფიული ფორმალიზმის ნამდვილი ფეირვერკი, გამოხატული უბადლო იუმორითა და თვითირონიით. “ორეულის თემა”, არაერთხელ გათამაშებულა კინოს ისტორიაში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არა “გაორებული ყმაწვილია”, რომელშიც თავდავიწყებითაა შეყვარებული სურათის გმირი ასაკო, არამედ თავად სიცოცხლე, რომელშიც რეალური და წარმოსახვითი ისეა გაერთიანებული, რომ სიმართლის ძიების გზაზე შეიძლება მაგრად მოვტყუვდეთ, მერე კი ვინანოთ. ესაა ერიკ რომერი იაპონიაში! ასაკო იზრდება, ემშვიდობება სიჭაბუკეს და ნელ-ნელა, ჩვენ თვალწინ “ქალად” იქცევა. შესაბამისად, იცვლება სინამდვილე, რომელსაც ის ხედავს, მათ შორის ყმაწვილი, რომელსაც ფაქტობრივად მთელი თავისი ახალგაზრდობა მიუძღვნა... და რომელ ხელოვნებას შეუძლია გამოხატოს ყველაზე უკეთ გაზრდის, თუ “დაქალების” ეს პროცესი, თუ არა კინემატოგრაფს?

7. “დონბასი” (რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა, უკრაინა)

ბევრს უკვირს, რომ “დონბასის” სტრუქტურას საფუძვლად დაედო ლუის ბუნუელის უკანასკნელი ფილმის, “თავისუფლების აჩრდილის” კომპოზიცია. სად ბუნუელი და სად დოკუმენტური კინო, სად სიურრეალიზმი და სად ქრონიკაო, კითხულობს ხალხი. საქმეც ისაა, რომ “დონბასი” ის რეალობაა, რომლის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერათ ვიღაც-ვიღაცებს. შესაბამისად, სერგეი ლოზნიცას ან ტენდენციურობაში სდებენ ბრალს, ან სწორხაზოვნებაში... დიახ, რუსეთი რომ ოკუპანტია და უკრაინის მიწები მიტაცებული აქვს, ამას სერგეი ლოზნიცა ცალმხრივად აღიარებს. ესაა ფაქტი, რომლის მიმართ ეჭვს ვერ იგრძნობთ ფილმში (“დონბასის” ოპონენტებს, ჩემი დაკვირვებით, რეჟისორის სწორედ ეს პოზიცია აღიზიანებთ). ამას აღიარებს და ბოროტების ანატომიას შეისწავლის კინოხელოვნების ენით, შეიძლება ითქვას “ანათებს” ბოროტებას, რათა ბოლომდე გააშიშვლოს. შედის მის ჩონჩხში და ცდილობს გაერკვეს, საიდან იბადება ეს ძალადობა, რაღაც ბუნებრივია თუ ისტორიამ მოიტანა? რაღაც ადამიანურია, თუ ოკუპანტის პოლიტიკის შედეგია?

6. “მეურვეობა” (რეჟისორი: ქსავიე ლეგრანი, საფრანგეთი)

ზოგს სტენლი კუბრიკის “ნათება” გაახსენა “მეურვეობამ”, ზოგს “მონადირის ღამე” და ზოგსაც მიხაელ ჰანეკეს, ძმები დარდენების ფილმები. ფაქტია, რომ ლეგრანის დებიუტი კინოში იმაზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე თავად რეჟისორი (პირველი პროფესიით მსახიობი) ელოდა ამას; მცირებიუჯეტიანი “მეურვეობა” ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორია. ლეგრანს, როგორც თეატრის მსახიობს, ანტიკურ ტრაგედიებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა სწორედ ამ ჟანრში “აეყვანა” კამერული ფსიქოლოგიური დრამა მამაზე, რომელსაც სასამართლო მხოლოდ შაბათ-კვირას აძლევს თავისი მცირეწლოვანი ვაჟის ნახვის უფლებას. დიახ, “მეურვეობა” ნამდვილი თანამედროვე ტრაგედიაა, რომელშიც ტრაგიკულს არა სოციალური უსამართლობა, არა “ცუდი მთავრობა”, არა სისტემა (კაპიტალისტური!) ქმნის, არამედ თავად ადამიანი, მისი ბუნება, მარტოობის შიში, რომელიც მუდმივად თან ახლავს მის სიცოცხლეს. სიყვარული ასეთ შემთხვევაში კი არ “აგვამაღლებს”, არამედ ანადგურებს ყველას და ყველაფერს, სიყვარული, უბრალოდ, კლავს! ნამდვილად არაა სასიამოვნო ამის აღიარება, არა? ზვიაგინცევის ფილმებისა არ იყოს (“უსიყვარულოს” ხშირად იხსენებენ ქსავიე ლეგრანის ფილმის გვერდით) აუცილებელი არაა დიდმა ხელოვნებამ მხოლოდ გვასიამოვნოს.

5. “შავი კლანის კაცი” (რეჟისორი: სპაიკ ლი, აშშ)

სპაიკ ლისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ სიღრმეს და ობიექტურობის მიღწევის სურვილს რასიზმის თემის ინტერპრეტაციის პროცესში. ყოველთვის მაღიზიანებდა ამ რეჟისორის თამაში სიძულვილით, მისი აგრესიულობა და ცალმხრივობა. მაგრამ აქ სულ სხვანაირი სპაიკ ლი ვიხილეთ - ისეთივე გაბრაზებული, როგორც ადრე (განსაკუთრებით დონალდ ტრამპზე, რომლის შესახებ კანში თქვა “უნდა გამოვაძევოთ ეგ ბიჭი თეთრი სახლიდან. მას ატომურ იარაღზე მოუწვდება ხელიო”), მაგრამ ამავე დროს დასევდიანებული და ცოტა არ იყოს დაღლილი. აღადგენს რა გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკას, სპაიკ ლი მსჯელობს ტრამპის ამერიკაზე და აღიარებს, რამდენჯერმე აღიარებს ფილმში, რომ მას შემდეგ ქვეყანაში არც არაფერი შეცვლილა - თეთრებს ისევე სძულთ შავები, როგორც ადრე.. და შავებს ზუსტად ისე სძულთ თეთრები, როგორც იმ 70-იან წლებში. ეს ანალოგია ისეთი აშკარაა, რომ ავტორს... ეცინება. ისტორია კომიკური ხდება, გამოსავალი კი ცალკეულ ადამიანებშია, რომლებიც მზად არიან შესწირონ თავი ამერიკულ იდეალებს, რომლისაც, როგორც ჩანს, სპაიკ ლის ჯერ კიდევ სწამს.

4. “კაპერნაუმი” (რეჟისორი: ნადინ ლაბაქი, ლიბანი)

დიდებული, ეპიკური კინოფრესკა ბავშვზე, რომელმაც თავის მშობლებს სასამართლოში უჩივლა, ფაქტობრივად, იმის გამო რომ... ამ ქვეყანას მოავლინეს. ძალიან დიდი იყო ცდუნება უსახლკარო ბავშვების თემაზე გადაღებულ ფილმში გაძლიერებულიყო ემოციები, “გაორკესტრებულიყო” ამბავი, მაგრამ ლაბაქი ბოლომდე გადის ამ ბეწვის ხიდს, ინარჩუნებს ზომიერებას, დისტანციას და ხანდახან იუმორსაც კი. თუმცა წესით იუმორისთვის აქ ადგილი არ უნდა ყოფილიყო - უსასტიკესია ის ყოფა, რომელშიც უხდება ცხოვრება ფილმის 12 წლის გმირს, თავზარდამცემია გამოუვალობის ატმოსფერო, რომელსაც გამოხატავს რეჟისორი. ვაღიარებ, ფილმის ყურების პროცესში ეჭვიც კი შემეპარა, რომ ღმერთის მიერ უსამართლოდ მიტოვებული სამყაროს ეს შთამბეჭდავი სურათი არცთუ ისე ცნობილმა და წარმატებულმა რეჟისორმა შექმნა (და მას არავინ დაეხმარა). ბევრი არაა კინოს მოყვარული, ვისაც ლაბაქის ფილმები უნახავს და ბევრიც სკეპტიკურად უყურებს “კაპერნაუმის” ტრიუმფს კანში. გარწმუნებთ, ცდებით! ეს ძალიან დიდი კინოა.

3. “ჩემი პროვინციალები” (რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი, საფრანგეთი)

წლის ყველაზე მოულოდნელი ფილმი, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის კონკურსშიც კი არ ჩართეს (ალბათ, ყველაზე სუსტ საკონკურსო პროგრამაში “ბერლინალეს” ისტორიაში), ფილმი სინეფილებისთვის, მათი გულების გასახარად და ფილმი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ილუზიებით ცხოვრობენ, რომ ქვეყანას გადმოატრიალებენ, მთებს დაძრავენ და ზღვაზე გაივლიან... არა, სივეირაკი მათ უიმედოდ არ ტოვებს და კონფორმიზმის გზას არ უწინასწარმეტყველებს, უბრალოდ ახსენებს, რომ ცხოვრება შავ-თეთრი ფილმი არაა, როგორც “ჩემი პროვინციალები”, სადაც მთავარი გმირის, სტუდენტი-კინორეჟისორის ცხოვრებიდან ნელ-ნელა ქრება კინო და სილამაზე, ზღვაზე ფეხით გავლის სურვილი და ლამაზი გოგოები. ამ ყველაფერს მოსაწყენი რეალობა ჩაანაცვლებს. სხვათა შორის, არა შავ-თეთრი რეალობა, არამედ ერთფეროვანი, ბანალური, უსახო! კინოც მოკვდება. კარგი კინო მხოლოდ მუზეუმებში და სინეფილების პატარა კინოდარბაზებში დარჩება.

​2. “მაღაზიის ქურდები” (რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეედა, იაპონია)

რატომღაც კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმით” აღნიშნულ ამ ფილმს იასუძირო ოძუს “ოჯახურ კინოს” ადარებენ ხოლმე, თუმცა მე “მაღაზიის ქურდები” უფრო მეორე იაპონელის შედევრს მახსენებს, აკირა კუროსავას სურათს “ტრამვაის ბორბლების ხმაურში”... იქაც, ის, რასაც “ინსტიტუტები” ჰქვია, კანონი, სახელმწიფო, ოჯახი (აგებული სისხლით ნათესაობაზე), იცვლებოდა ადამიანთა უფრო მაღალი ერთობით, ერთგვარი ჰორიზონტული ურთიერთობით, რომელსაც სწორედ ტრადიციული ინსტიტუტები ემტერებიან და შლიან ხოლმე. ასეა, “მაღაზიის ქურდებშიც” ოჯახს, რომელიც უფრო კომუნაა, ვიდრე ოჯახი, სადაც ყველა თანასწორია, სადაც არავინ ძალადობს და რაც მთავარია, სადაც “ამ წუთით”, თუ “ამ წამით” ცხოვრობენ, ბოლოს მაინც დაშლიან, მაგრამ კინო, კორეედას კინო დააფიქსირებს და შეინახავს ამ სამოთხეს, “პირველადი ბედნიერების”, ადამიანთა სოლიდარობის კერას... და, აბა, რა არის კინო, თუ არა “შენახვა” არა მარტო სევდისა და სასოწარკვეთისა, არამედ სიხარულისა, მზის სხივებისა, ზღვის ტალღებისა, რომლებიც ყველას ეკუთვნის, მათ შორის იმათაც, ვინც თანამედროვე ცივილიზაციამ მოისროლა და ყველაფრის გარეშე დატოვა.

1. “ალმოდებული” (რეჟისორი: ლი ჩან დონი, სამხრეთი კორეა)

ლი ჩან დონის ფილმზე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ ახალს იმ რეცენზიებს ვერაფერს დავუმატებ. ჩემთვის ეს კორეული ფილმი უფრო მეტია, ვიდრე “ფილმი”, იშვიათი შემთხვევა კინოს ისტორიაში, როცა მხატვრული ნაწარმოები იმდენად გაჯადოებს, რომ დროდადრო გიჩნდება სურვილი ხელახლა ნახო და ყოველი ნახვის შემდეგ დაუბრუნდე კითხვას - რა ხდება მაინც “ალმოდებულში”? რამდენად რეალურია ამბავი, რომელსაც ჰყვება რეჟისორი, საერთოდ, რა არის მისთვის რეალობა და რა არის სიზმარი, ხილვა, შეთხზული ტექსტი? მოუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული ბუნტის თემა უაღრესად აქტუალურია თანამედროვე კორეისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბუნტი არა იმდენად მამის, რამდენადაც, პირველ რიგში, მომხმარებლური საზოგადოების მიმართ სერიოზულად და ღრმადაა გაანალიზებული ავტორის მიერ. “ალმოდებულის” ხიბლი მაინც ეს წარმოსახვითი რეალობაა, “მიღმა სამყარო”, რომელსაც მართლაც რომ ფიზიკურად შეიგრძნობს მაყურებელი, როცა ლი ჩან დონის ფილმს დიდ ეკრანზე უყურებს. ეს ფილმი-გამოცანა უსასრულობას გვაზიარებს - დამწყები მწერალი ჯონსუ, მე მჯერა, მაინც მიუჯდება თავის ლეპტოპს და დაწერს რომანს, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რა დაგვემართება ჩვენ - ჩვენც მოვინდომებთ რაღაც შევქმნათ! “ალმოდებული” ხომ, ისევე როგორც დიდი კორეელი მაესტროს ყველა ფილმი, არის თანაშემოქმედებაზე, სილამაზის კოლექტიურად შექმნის პროცესზე, შესაძლებელია ერთადერთზე, რის გამოც ნამდვილად ღირს ცხოვრება

2018 წელი პოლიტიკური კრიზისების გამწვავების წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი რეგიონისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის. ამ სტატიაში ამ კრიზისების თავისებურებებზე ვისაუბრებ ისე, რომ გარკვეულ პროგნოზებსაც შემოგთავაზებთ.

დავიწყებ მსოფლიოში არსებული ვითარების მიმოხილვით. დასავლეთის ქვეყნები ამ წელს ე.წ. ლიბერალური კონსენსუსის რღვევის და პოტენციურად, გლობალური წესრიგის დესტაბილიზაციის საფრთხეებთან ბრძოლით იყვნენ დაკავებული. მემარცხენე და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები ამომრჩეველს მასობრივად კარგავენ. ისინი ყველაზე მეტად მემარჯვენე პოპულისტური პარტიების დარტყმის ქვეშ ექცევიან. ასეთი დარტყმები უფრო ძლიერია ამერიკის კონტინენტზე და დიდ ბრიტანეთში (სადაც ამ მოძრაობებმა უკვე ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს), ვიდრე კონტინენტურ ევროპაში. ეჭვის ქვეშ დგება ლიბერალური წესრიგის ისეთი ფუნდამენტური ელემენტები, როგორიცაა, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობა და მულტიკულტურალიზმი (და მასზე დაფუძნებული საიმიგრაციო პოლიტიკა). თუ აქამდე ვინმეს შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება სისტემაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარვეზია, რომელიც მალევე გამოსწორდება, 2018 წლისთვის უკვე ნათელია, რომ ეს მოძრაობები სერიოზულად არიან განწყობილნი და ისინი ნელ-ნელა ცვლიან მსოფლიო პოლიტიკას.

2018 წელმა მკაფიოდ დაგვანახვა, რომ მემარჯვენე პოპულისტური და, ზოგადად, პოპულისტური მოძრაობები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან ცენტრისტული პარტიების რღვევის ხარჯზე. მაგალითად, საფრანგეთში ემანუელ მაკრონის ლიბერალური ცენტრისტული მთავრობა ღრმა კრიზისშია „ცენტრიზმის“ რებრენდინგის მცდელობის მიუხედავად. მაკრონს ებრძვის „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა, რომელმაც, როგორც ეტყობა, რადიკალი მემარცხენეებისა და მემარჯვენეების ნაწილი გააერთიანა. იტალიაში საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში პოპულისტებმა ცენტრისტულ პარტიებზე ბევრად მეტი ხმა დააგროვეს; მთავრობის დაკომპლექტებაშიც სწორედ მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი. ბრექსიტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დანარჩენი წევრების მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეს ევროკავშირში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

დღევანდელი გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ მომდევნო წელს დასავლეთში პოპულისტური პარტიები - განსაკუთრებით, მემარჯვენე პოპულისტები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდებიან. ევროკავშირში რომ სიტუაცია ფუნდამენტურად შეიცვალოს, ამისათვის საჭიროა, რომ წამყვან ქვეყნებში - საფრანგეთსა და გერმანიაში ცენტრისტული მთავრობები შეიცვალოს, რასაც მომდევნო წელს ნაკლებად უნდა ველოდოთ. უფრო მეტად მოსალოდნელია ის, რომ პოპულისტური მოძრაობები ერთმანეთთან კავშირს გააძლიერებენ და უფრო აგრესიულები გახდებიან. თუ ლიბერალური პარტიები მოსახლეობას ახალ ხედვას არ წარუდგენენ იმავე ევროკავშირთან დაკავშირებით, სავარაუდოა, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ დასავლეთის ქვეყნების შიდა პოლიტიკური კრიზისების გამწვავებით რუსეთი პირდაპირ არის დაინტერესებული. კრემლის რეჟიმი განსაკუთრებით ცდილობს დასავლეთში ულტრაკონსერვატორული ტენდენციების წახალისებას და ამ გზით არეულობის გამოწვევას. როგორც წინა ბლოგში დავწერე, ევროპელი და ამერიკელი პოპულისტების ნაწილი კრემლთან ღიად თანამშრომლობას არც ერიდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ში და ევროპაში არსებული პოლიტიკური კრიზისით რუსეთმა მაინცდამაინც ვერ იხეირა. უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ისევ ძალაშია, რაც რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. 21 დეკემბერს, ევროკავშირმა ეს სანქციები ექვსი თვით - 2019 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა.

შიდა და გარე ეკონომიკური შოკების მოლოდინში, რუსეთის მთავრობა ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ნაწილს მომავლისთვის ინახავს. ამავე მიზეზით, 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საპენსიო ასაკის ხუთი წლით გაზრდას, რამაც მის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, როგორც ეტყობა, ზღვარს უახლოვდება. აზოვის ზღვის ჩაკეტვა ერთ-ერთი ის ბოლო ნაბიჯია, რაც რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ გადადგას.რუსეთთან ომმა უკრაინული ნაციონალიზმი გააძლიერა და ამის ფონზე მთელი უკრაინის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა კრემლს ძალიან გაუჭირდება. უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი განსაკუთრებით გართულდება იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური კრიზისის გამწვავების მოლოდინში, რუსეთმა სამხედრო ხარჯები 20%-ით შეამცირა.

საქართველოსთან მიმართებაში ნატოს და ევროკავშირის ერთსულოვანი პოზიცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს, რაც რუსეთს საქართველოში ვითარების გამწვავების შესაძლებლობებსაც უზღუდავს. ერთი სიტყვით, შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებიდან იმპერიალისტურ საგარეო პოლიტიკაზე ყურადღების გადატანა კრემლს მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება, რადგან რუსეთის შესაძლებლობები გარკვეულ ზღვარს უახლოვდება.

დასავლეთში და რუსეთში არსებული კრიზისისგან განსხვავებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იზოლირებული და ლოკალური მნიშვნელობის არის. მას რეგიონების ქვეყნების პოლიტიკაზე მარგინალური გავლენა აქვს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მართალია დარღვევებით, მაგრამ მეტწილად მშვიდობიანად ჩაიარა. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და პატრონ-კლიენტელისტური ურთიერთობები ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ქართული ოცნება მოსახლეობას თვისებრივად ახალს ვერაფერს სთავაზობენ და ძირითადად საკუთარი დანაშაულებების მეორე მხარისთვის გადაბრალებით არიან დაკავებული. ნაცმოძრაობის ერთპიროვნული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ისევ რევოლუციური რიტორიკით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. პოლიტიკური ენის რადიკალიზაციას განსაკუთრებით უწყობს ხელს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი.

საბოლოო ჯამში, ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს. ეს, რაღაც აზრით, ლოგიკურიც არის, რადგან საქართველოს ბედი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება დასავლეთსა და რუსეთში. თუკი 2019 წელს ევროკავშირში კრიზისი გამწვავდება, მაგრამ ასევე გამწვავდება კრიზისი რუსეთშიც, ეს ორი ერთმანეთს გააწონასწორებს და საქართველოსთვის, სავარაუდოდ, ბევრი არაფერი შეიცვლება - არსებული სტატუს კვო შენარჩუნდება. სხვა შემთხვევაში, რაიმე სახით რუსეთის გაძლიერება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ მეტად დაძაბავს, რადგან რუსეთი შეეცდება ქვეყნის შიდა საქმეებში თავის სასარგებლოდ ჩარევას, რაც დემოკრატიის ხარისხს ბევრად გააუარესებს. როგორც აღვნიშნე, უფრო სავარაუდოა ის, რომ ასე არ მოხდება, რადგან დასავლეთიც და რუსეთიც ისეთი ფუნდამენტური კრიზისების წინაშე დგანან, რომ მომავალ წელს სავარაუდოდ, საქართველოს ამჟამინდელზე მეტ ყურადღებას არ დაუთმობენ. ამის გათვალისწინებით, 2019 წლისთვის ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ რამენაირად შევძლოთ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიან და სამართლებრივ ჩარჩოში გადაყვანა და ისეთი მყარი პოლიტიკური ინსტიტუტების შენება, რომელთა დანგრევაც გაუჭირდებათ ავტორიტარული მიდრეკილების ძალებს. სამწუხაროდ, ამ მიზნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG