Accessibility links

ბლოგები

სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

კალენდარი
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

ერთ დროს, სანამ “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონიალს თებერვლის ბოლოს გადმოსწევდნენ, ბერლინის კინოფესტივალს “ოსკარების გენერალურ რეპეტიციას” უწოდებდნენ. “ფინალური ნომინაციების” გამოცხადება ემთხვეოდა “ბერლინალეს” დასრულებას. ამბობენ, რომ ამერიკელი კინოაკადემიკოსები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ფესტივალის მიმდინარეობას, ამერიკული ფილმების წარმატება-წარუმეტებლობას და ნომინანტებს სწორედ ასე ადგენდნენ.

გოგი გვახარიას "ბერლინალეს დღიური". 2
please wait

No media source currently available

0:00 0:02:25 0:00

შესაბამისად, ამერიკული ფილმების პრემიერები ყოველთვის ანშლაგით ეწყობოდა. თითქმის სამი ათას მაყურებელზე გათვლილი ფესტივალის მთავარი დარბაზი ყოველთვის გადაჭედილი იყო. უბრალოდ, სულ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ევროპელი კრიტიკოსები სიხარულს ვერ მალავდნენ, თუკი მორიგი “საოსკარო ფილმი” მოლოდინს ვერ გაამართლებდა: ევროპის კინოფორუმებზე ყოველთვის შურდათ ჰოლივუდის.

ეს დრო წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, ბერლინის ფესტივალის კონკურსში იკლო ამერიკულმა კინომ. ჰოლივუდს, უბრალოდ, აღარ აინტერესებდა თებერვლის ბერლინალე, თავისი პოლიტიკური და იდეოლოგიური კლიშეებით, უსაშველო პოლიტკორექტულობით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა. წლევანდელ ფესტივალზე უჩვენეს მხოლოდ ერთი “ოსკარის” ნომინანტი - “ძალაუფლება”, კრისტიან ბეილით მთავარ როლში (ფილმი უკვე შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში), ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის, ისტორია, კლასიკური ჰოლივუდური “დრამატული კომედია”, რომელსაც არა მგონია რაიმე შანსი ჰქონდეს “ოსკარის” მთავრ ნომინაციაში - “საუკეთესო ფილმი”.

და როცა ამერიკული ფილმები არაა, ვიღაცამ ხომ უნდა შეავსოს სამაყურებლო კინოს ნიშა? ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, “ჩვენც შეგვიძლია სანახაობის გადაღებაო”... სანახაობის კი არა, აგერ სკანდინავიური კინო დროთა განმავლობაში შეიძლება, საერთოდ, ინგლისურენოვანი გახდეს. ნორვეგიული, შვედური, დანიური ბაზარი მეტისმეტად მცირეა იმისთვის, რომ ფილმმა აქ მოგება მოუტანოს ავტორს, სახელმწიფო კი მუდმივად ვერ გარჩენს (სიტუაცია, როგორც ხედავთ, საკმაოდ “ქართულია”). იყო დრო, როცა დანიურმა “დოგმამ” ფორმის რადიკალური ცვლილებით გადაწყვიტა მსოფლიო კინოსამყაროს ყურადღების მიპყრობა. კაცმა რომ თქვას, მიაღწიეს კიდეც თავისას - ყოველ შემთხვევაში, ლარს ფონ ტრიერი ხალხმა სწორედ “დოგმით” გაიცნო. მაგრამ დღეს ტრიერი “მსოფლიო მოქალაქეა” და ფილმებს ინგლისურ ენაზე იღებს. სხვანაირად არ გამოვიდა - ამერიკელებს არ უყვართ სუბტიტრების კითხვა - უცხოური ფილმების გახმოვანებას, ამ ველურობას, აქ არავინ კადრულობს. ჰოდა, რა უნდა ქნა? როგორ უნდა გაძვრე მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ბაზარზე?

ახლა აღარ ჩამოვთვლი იმ არაამერიკელ რეჟისორებს, რომლებმაც ბოლო დროს “ინგლისურენოვანი ფილმების” გადაღება დაიწყეს. მათ შორის ყველაზე ორიგინალური ალფონსო კუარონი აღმოჩნდა. დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მექსიკაში გადაღებული კამერული, მცირებიუჯეტიანი ფილმების წარმატებამ მას საშუალება მისცა შეეღწია ჰოლივუდში და აქაურებისთვის მოეწონებინა თავი, უფრო მეტიც, “ოსკარის”ლაურეატიც გამხდარიყო. ამის შემდეგ უკვე თავისუფლად შეიძლებოდა დაბრუნებულიყო სახლში და ახლა ისევ მექსიკაში, და არა მცირე ბიუჯეტით, გადაეღო ესპანურენოვანი “რომა”, რომელიც წლევანდელი “ოსკარის” მთავარი ნომინანტია. არაა გამორიცხული, რომ მომავალში ლარს ფონ ტრიერიც დაუბრუნდეს დანიას ( და დანიურ ენას), იორგას ლანტიმოსი - საბერძნეთს, გილერმო დელ ტორო - მექსიკას. სახელი მოპოვებულია! მათ დასაკარგი არც არაფერი აქვთ.

ჰოლივუდს აშკარად უმიზნებს გერმანელი რეჟისორი ფატიჰ აკინიც, ეთნიკურად თურქი, რომლის თურქულ წარმოშობას განუწყვეტლივ უსვამენ ხაზს, იმიტომ რომ თურქი ემიგრანტების თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მის ფილმებში (არადა, აკინი გერმანიაში დაიბადა და აქ მიიღო განათლება). 2012 წელს კანის ფესტივალზე უჩვენეს ფატიჰ აკინის დოკუმენტური ფილმი “ნაგავი სამოთხის ბაღში”, რომელიც რეჟისორმა მიუძღვნა საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე თავის მამა-პაპათა სოფელს, ჩამბურნუს. ამავე კანის ფესტივალზე 2017 წელს წარმატებით უჩვენეს აკინის ფილმი “ზღვარზე”, რომელიც ამერიკული “ოქროს გლობუსით” აღინიშნა, როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. აკინის ამ ფილმის წარმატება, პირველ რიგში, განაპირობა მთავარი როლის შემსრულებელმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა დიანა კრიუგერმა, რომელმაც, მოგეხსენებათ, სწორედ გერმანული ფილმებით დაიწყო თავისი კარიერა.

წელს ბერლინის ფესტივალის კონკურსში ჩართეს ფატიჰ აკინის ფილმი “ოქროს ხელთათმანი”, რომელიც, ვფიქრობ, ჯერჯერობით “ბერლინალე-2019”-ის ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ აკინის სურათის განადგურება უკვე არაერთმა კრიტიკოსმა მოასწრო.

ზემოთ ლარს ფონ ტრიერი შემთხვევით არ გამახსენდა. თუ გინდათ დააფასოთ “ოქროს ხელთათმანი”, სწორედ ტრიერის უკანასკნელ სკანდალურ ფილმს უნდა შეადაროთ. ორივე სურათის მთავარი გმირი სერიული მკვლელია. მაგრამ ტრიერს ფილმში “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” აინტერესებს მკვლელობისა და მკვლელის ანატომია, უფრო სწორად, ფილმის კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, “მკვლელობის არქიტექტურა”, ყველაფერ დანარჩენზე - დროზე, გარემოზე - ის, ფაქტობრივად, უარს ამბობს. აკინი სწორედაც რომ პირიქით, აღადგენს რეალურ ამბებს, 70-იან წლებში მომხდარ მკვლელობათა სერიას, გვიამბობს რეალურ პერსონაჟზე, სახელგანთქმულ ჰამბურგელ მანიაკზე, საკმაოდ ნატურალისტურად გვიჩვენებს მკვლელობის აქტსაც , თუმცა ყველაზე ნაკლებად სწორედ მკვლელობის რიტუალი აინტერესებს. როგორც კი მანიაკი, დახლოებით 30 წელს გადაცილებული “ბოროტი კვაზიმოდო”, ფრიც ჰონკი, მოკლული ქალების “გადახერხვას” იწყებს (სხეულის ნაწილებს ჩემოდანში ათავსებს და ხან სად ყრის და ხან სად), კამერა სადღაც გვერდზე “გადაიხრება” ხოლმე. ამ სცენების მსვლელობისას მაყურებელი, რომელსაც თან ეშინია და თან აინტერესებს, რა ხდება კადრის მოჭრილ კუთხეში, დარწმუნებულია, რომ უყურებს კლასიკურ “ჰორორს”, მაგრამ სულ რამდენიმე წამში გრძნობს ავტორის ირონიას. ეს კი ქმნის დისტანციას “სანახაობასთან”, გამიჯვნის ეფექტს აღდგენილი 70-იანი წლებისგან (“ოქროს ხელთათმანი“კინოფირზეა გადაღებული). რეჟისორი სახიფათო გზას ირჩევს - არ ერიდება გროტესკს, უტრირებას: მთავარი გმირი უშნო კი არა, ძალიან მახინჯია; სახლი, რომელშიც ის ცხოვრობს, - ბინძური კი არა, ძალიან ბინძური (ფატიჰ აკინი ატმოსფეროს შექმნის ისეთი ოსტატია, რომ ამ ეპიზოდებში თითქოს სუნს გრძნობ ეკრანიდან). ესაა 20-იანი წლების გერმანელი ექსპრესიონისტების და, პირველ რიგში, ფრიდრიხ მურნაუს სტილის გაცოცხლება, იმ მიმართულების სტილიზაცია, რომელსაც 60-იან წლებშიც მიმართეს გერმანელმა რეჟისორებმა, როცა ძალიან გაუჭირდათ, და სწორედ ექსპრესიონისტების ენის დახმარებით გადაარჩინეს დასავლეთგერმანული კინო.

მაგრამ ფატიჰ აკინი, მეეჭვება, გერმანული კინოს გადარჩენისთვის იღვწოდეს. ქმნის რა 70-იანი წლების გერმანული საზოგადოების, უფრო სწორად, მისი “ჭაობის” პორტრეტს, რეჟისორი თითქოს ეკითხება გერმანელ მაყურებელს, რამდენადაა იგი დარწმუნებული, რომ ბოროტება განიდევნა ქვეყნიდან, უფრო კონკრეტულად კი, განიდევნა სხვისი ტკივილის ხარჯზე სიამოვნების მიღების ეს სურვილი, რომელსაც 60-70-იან წლებში გერმანელი რეჟისორები ისევ ხედავდნენ ქვეყანაში, ამტკიცებდნენ რა, რომ ნაციზმი მათ სამშობლოში ბოლომდე არ დამარცხებულა, რომ გერმანელი მეშჩანი ჯერ კიდევ მზადაა მოკლას ან, უბრალოდ, აწვალოს მასზე უფრო სუსტი და დაუცველი. თავად რეჟისორმა რამდენჯერმე აღნიშნა უკვე, რომ “ოქროს ხელთათმანი” არც ჰორორია და არც სოციალური დრამა. პრესკონფერენციაზე მან “კრავთა დუმილი” ახსენა, ფილმი, რომლის პრემიერა სწორედ აქ, ბერლინის ფესტივალზე, გაიმართა.

ეს იყო ჩემი პირველი “ბერლინალე”. ჯონატან დემი მაშინ ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისურისათვის. ასეთივე პრიზის მოპოვების შანსი აქვს ფატიჰ აკინს 2019 წლის ბერლინის კინოფესტივალზე. და, რაც მთავარია, ახლა უკვე ნამდვილად აქვს შანსი გაემგზავროს და დამკვიდრდეს ჰოლივუდში.

თებერვალი წელიწადის საუკეთესო თვეა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის. უკვე ძალიან რეალურია შანსი დასრულდეს ზამთარი და დაიწყოს ახალი ცხოვრება. ამიტომ ვერასდროს გავუგებ იმ ხალხს, ვისაც ბერლინის კინოფესტივალის ხსენებაზე სახე უცნაურად მოეღრიცება ხოლმე. “გაყინულ ბერლინში, ყველგან ორპირი ქარი რომ უბერავს, ძაღლს რომ არ გაუშვებ გარეთ, კინოში სიარულისგან როგორ უნდა მიიღო სიამოვნება?..” - არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის.

რამდენიმე წელია, აქ სულაც არ ცივა თებერვალში. რაც ძალიანაც მომწონს და სულაც არ ვიხსენებ ნოსტალგიით ჩემს პირველ ფესტივალს, რომელიც თოვლით დაფარულ, ახლად გაერთიანებულ ქალაქში ჩატარდა.

1991 წელს მე და ჟურნალ “ოგონიოკის” (იმხანად ძალიან პროგრესულის) კინომიმომხილველი დიმიტრი პოპოვი ერთად ჩავედით მოსკოვიდან ბერლინში ისე, რომ ჯიბეში არც ერთი მარკა არ გვქონდა. ფესტივალი გვაძლევდა ჯიბის ფულს, თუმცა ვინაიდან “ბერლინალეს” მაშინდელ დირექციას ვერ წარმოედგინა, რომ ამხელა ქვეყნიდან ამხელა ქვეყანაში ორი ზრდასრული ადამიანი “უმარკოდ” კი არა, მთლად “უფენინგოდ” იმოგზაურებდა, აეროპორტში არავინ დაგვხვდა და ჩვენც უბილეთოდ მოვახერხეთ ფესტივალის ოფისამდე ავტობუსით მისვლა.

აეროპორტის ავტობუსში ვუთხარი პოპოვს, არ დაგავიწყდეს უკანა გზის ფული დავიტოვოთ-მეთქი და გაოცებული სახე მიიღო: “რაო? შენ დაბრუნებას აპირებ? გაგიჟებულხარ!”

1991 წლის თებერვალში ძალიან ადვილი იყო დარჩენა. გამოცხადდებოდი პოლიციაში, ეტყოდი, რომ აღარ გინდა საბჭოთა კავშირი და ეგრევე დაგტოვებდნენ. დიმა იმავე ღამეს, როგორც კი ჯიბის ფული მისცეს, ჩაჯდა მატარებელში და მიუნხენში გაემგზავრა, საიდანაც ჯერ კიდევ მაუწყებლობდა “რადიო თავისუფლება”... როგორც ჩანს, წინასწარ მოლაპარაკებული იყო, რომ იქ დაიწყებდა მუშაობას

ამ ისტორიაში სასაცილო ისაა, რომ პოპოვი გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ რადიოში აღარ მუშაობს. მე - საქართველოს მოქალაქე და “რადიო თავისუფლების” თანამშრომელი.

საქართველოდან ევროპასა თუ ამერიკაში გადაბარგების სურვილი, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, არასდროს მქონია. როგორც ჟულიეტ ბინოშის გმირი ამბობს ფილმში “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” (ბინოშზე ბოლო დღიურში გიამბობთ. ჟულიეტი დაგვირგვინება უნდა იყოს!): “მე სუსტი ვარ და მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც ცხოვრობენ ჩემნაირი სუსტი ადამიანები”.

მაგრამ სისუსტე და პატრიოტიზმი იქით იყოს. რამდენიმე დღეში “ბერლინალეს” მაშინდელი დირექტორი, სხვათა შორის ჰოლანდიის მოქალაქე მორიც დე ჰადელნი, სასტუმროში გვეახლა საუზმეზე ჯერ კიდევ საბჭოთა მოქალაქეებს. გვითხრა, რომ ბერლინის კინოფესტივალს თავისებური ღვაწლი მიუძღვის გერმანიის გაერთიანებაში, რადგან ტოტალიტარული სისტემების ნგრევა და ამავე დროს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოების იდეა დასავლეთ ბერლინის კინოფესტივალის მთავარი იდეა იყო ჯერ კიდევ 1951 წელს, როცა აქ პირველი “ბერლინალე” ჩატარდა. ისიც გაგვახსენა, რომ საბჭოთა ბლოკის ქვეყნები 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე ბოიკოტს უცხადებდნენ “ბერლინალეს”, ხოლო მაშინ, როცა აქ მაიკლ ჩიმინოს “ირმებზე ნადირობის” პრემიერა გაიმართა, პროტესტის ნიშნად კინაღამ საერთოდ ჩაშალეს ბერლინის კინოფორუმი.

ამეებს გვეუბნებოდა და ჩვენ, უფეშენებელურეს სასტუმროში მცხოვრებ ზინტლიან ჯერ კიდევ საბჭოელებს გული გვისკდებოდა ჯიბეებიდან არ ამოყრილიყო მუქთა საუზმის “შვედური მაგიდიდან” შეგროვებული გემრიელი რაღაც-რუღაცები, რომლებსაც მთელი დღის მანძილზე ვანაწილებდით საბჭოეთიდან წამოღებულ “მინუტკაში” მოდუღებულ ყავასთან ერთად (ერთხელ ჩემმა “მინუტკამ” ისე დაიქუხა, რომ სასტუმროს ელექტროგაყვანილობა მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა).

“პოპოვი სადაა, სად გაუჩინარდა? მე მითხრეს, რომ მიუნხენში წავიდა”, - მოულოდნელად მე მომმართა დეჰადელნმა.

გული ამიჩქარდა, ვიფიქრე ისტერიკა ეწყება, მაგრამ არა, არც დაელოდა ჩემს პასუხს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დიმა პაპოვისა არ იყოს, მორიც დე ჰადლენსაც უკვირდა, რომ ზინტლიანი კინოკრიტიკოსები გერმანიაში დარჩენას არ ვაპირებდით.

იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგი კაცი იყო. და ძალიან, ძალიან უსამართლოდ გაუშვეს. 2001 წელს, როცა დეჰადელმა დაასრულა ბერლინის ფესტივალის კომპლექსის მშენებლობა პოტსტამის მოედანზე, “ბერლინალეს” სამეურვეო საბჭომ გამოუცხადა, რომ ხსნიან თანამდებობიდან. უკმაყოფილების მიზეზთა შორის იყო გერმანული კინოს სუსტი პოპულარიზაცია და ჰოლივუდის სიჭარბე ბერლინის ფესტივალის პროგრამებში. თავისი უკანასკნელი ფესტივალის პროგრამას როცა ადგენდა, მორიცმა უკვე იცოდა, რომ "ბერლინალე" უნდა დაეტოვებინა. ეს ის წელია, როცა კონკურსში პატრის შეროს “ინტიმი” ჩართეს - რადიკალურზე რადიკალური ეროტიკა, რომელსაც პორნომდე არც არაფერი უკლია, ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დრამა სექსუალური ვნების დაუმორჩილებლობაზე. სეანსის მსვლელობის დროს ისმოდა უკმაყოფილო შეძახილები დარბაზში, თუმცა მორიც დე ჰადელნსაც ეს უნდოდა - ხმაურით წასვლა უნდოდა; “ინტიმი” ფესტივალის “ოქროს დათვით” დაჯილდოვდა.

ამის შემდეგ ფესტივალის დირექტორი გახდა კაცი, რომელსაც “ბერლინალეს” ძველმა გვარდიამ “მიკი-მაუსი” შეარქვა - დიტერ კოსლიკი, იმ დროს უკვე წარმატებული შოუმენი, რომელიც სამეურვეო საბჭოს დაჰპირდა, რომ "ბერლინალე" მაყურებელსაც დაიბრუნებდა და გერმანული კინოს მიმართ ნდობასაც... 18 წელი ხელმძღვანელობდა ეს კაცი ბერლინის ფესტივალს და ყოველწლიურად ეცემოდა და ეცემოდა მისი დონე. თუკი 70-80-იან წლებში ბერლინის ფესტივალი ახერხებდა დაეცვა ბალანსი სოციალურად მძაფრ კინოსა და “კარგ კინოს” შორის, კოსლიკმა საერთოდ აურია ყველანაირი; ვეღარ გაიგებდი, რა განსაზღვრავდა ბერლინის ფესტივალის სახეს - პოლიტიკური სიმწვავე? “საავტორო კინოს” უპირატესობა? ახალი ქვეყნების და ახალი სახელების აღმოჩენა? მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, "ბერლინალეს" კინოსეანსებს მაყურებელი არ აკლდა (ხალხი აქ წლიდან წლამდე ელოდება ფესტივალის დაწყებას), ბერლინის კინოფორუმის კონკურსში ხვდებოდნენ სუსტი ფილმები, რომლებიც არანაირ ამინდს არ ქმნიდნენ კინოპროცესებში

მიუხედავად ამისა კოსლიკმა 18 წელი გაძლო. წელს მისი ბოლო “ბერლინალეა”. ფესტივალის მრჩეველთა საბჭომ არა თუ არ გაუგრძელა კონტრაქტი, არამედ გაიზიარა გერმანელი კინემატოგრაფისტების წუხილი, რომელიც მათ შარშან გამოქვეყნებულ ღია წერილში გამოხატეს - ბერლინის ფესტივალი კარგავს ავტორიტეტსო, ამტკიცებდნენ ისინი და დირექტორის შეცვლას მოითხოვდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი ხელმომწერის, ფატიხ აკინის ახალი ფილმი წლევანდელი "ბერლინალეს" კონკურსშია ჩართული.

ამის შემდეგ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, კოსლიკმა “ეტყობა “დაიკიდა ყველაფერი”; ფესტივალი 7 თებერვალს გაიხსნა, მაგრამ ჯერჯერობით პროგრამაში ჭარბობს ცუდი და ძალიან ცუდი ფილმები (ერთის გამოკლებით). ისიც სიმბოლურია, რომ წლევანდელი “ბერლინალე” გაიხსნა ფილმით, რომლის ავტორი, დანიელი რეჟისორი ლონე შერფიგნი მსოფლიომ სწორედ კოსლიკის პირველ ფესტივალზე გაიცნო (“იტალიური დამწყებებისთვის” მაშინ ბერლინის კინოფორუმის “ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა). ფილმის სათაურიც მრავალმნიშვნელოვანია - “უცნობი ხალხის სიკეთე”. რა ვიცი, მე პირადად მეცინება ამ სათაურზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ჟანრს შეესაბამება - ოდესღაც თამამმა და შეუპოვარმა რეჟისორმა ახლა თანამედროვე ზღაპარი გადაიღო, კორპროდუქცია, რომლის მოქმედება ნიუ-იორკში ხდება.

ეგაა, რომ ფილმის სათაური ძალიან უხდება “ბერლინალეს” დევიზს “დავეხმაროთ სუსტებს!” წლების წინ ბერლინის ფესტივალის პროგრამებში ეს დევიზი სულაც არ იყო მთავარი. მაგრამ დრო გავიდა და დარჩა მხოლოდ დევიზი, რომლის მიმართ ირონიას უკვე, მგონი, თავად “ბერლინალეს” ადმინისტრაციაში არ მალავენ. მაგრამ რა ქნან? სხვა რა მოიგონონ?

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG