Accessibility links

ბლოგები

სამშაბათი, 14 მაისი 2019

აბა, რომელ პოლიტიკოსს არ უფიქრია უკვდავებაზე, ვის არ უოცნებია, ყოფილიყო ხალხთან, ოღონდ მაინც ზევით, შემაღლებულ კვარცხლბეკზე?! ყოფილიყო ცოცხალი გმირი, საყოველთაო თაყვანისცემის საგანი, ღირსი ქვასა და ბრინჯაოში განსხეულებისა! ბევრს უოცნებია, მაგრამ ცოტამ შეძლო უდიდესი ძალისხმევის ფასად, ერთეულებმა - უმნიშვნელო და მხოლოდ გიორგი გახარიამ სხვისი ძალისხმევის წყალობით!

ცოცხალ კაცს, როგორც წესი, ძეგლს (ბიუსტს) არ უდგამენ, გიორგი გახარია კი ცოცხალია და, როგორც ზაქარია ქუცნაშვილი იტყოდა, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მართლია, შს მინისტრი ხელისუფლების გამორჩეული წევრია, მაგრამ მაინც გასაკვირია, როგორ გააიმასქნა შუა რუსთაველზე ნატურალური ზომის ბიუსტის დადგმა?

როგორც წესი, ძეგლს (ბიუსტს) უდგამენ იმ ადამიანს, რომელიც ან ყველაზე მეტად გამოხატავს საზოგადოების ღირებულებებს ან ყველაზე მეტად შეესაბამება ძალაუფლების არსებულ ტიპს. ქრესტომათიულ მაგალითად გამოდგება იაკობ ნიკოლაძის შემთხვევა, როცა საქართველოს გასაბჭოებამდე შეძენილი ქვისგან ოსტატმა ჯერ მენშევიკ ნოე ჟორდანიას ბიუსტი გამოთალა, შემდეგ კი ბოლშევიკების - ფილიპე მახარაძისა და საშა წულუკიძისა. მოქანდაკის შვილიშვილის, გურამ ნიკოლაძის თქმით, სავარაუდოდ ასეთი ვითარება ყოფილა:

„დიდი ქვა იყო, ფიგურა უნდა გაეკეთებინა... მაგრამ ჟორდანიას ბიუსტს რომ მორჩა, ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოს დაპყრობა და გასაბჭოება. შესაბამისად, შეწყვიტა ნოე ჟორდანიას ქანდაკების კეთება, დარჩა მხოლოდ ბიუსტი. მოგვიანებით დაუკვეთეს ორი პორტრეტი, რომელიც ჟორდანიას მორჩენილი ქვიდან გათალა - ფილიპე მახარაძისა და საშა წულუკიძის პორტრეტები. მერე ხუმრობდა ხოლმე ამაზე, ერთი მენშევიკიდან ორი ბოლშევიკი გავაკეთეო“.

...მაგრამ ღირებულებების და ძალაუფლების გარდა, ძეგლი ასევე შეიძლება აღმართოს საზოგადოების პროტესტმა და რისხვამ, როგორიც, მაგალითად ჰქონდათ შორეულ 1942 წელს ვიატკის N6 („სიკვდილისა და წამების“) იძულებითი შრომის ბანაკის პატიმრებს, რომლებმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ტაიგაში კარიკატურული ძეგლი დაუდგეს სტალინს.

„ვიღაცას ტაიგაში თოვლისგან სტალინის უზარმაზარი კარიკატურა გაეკეთებინა“, - იხსენებს რეპრესირებული მწერალი ალ. სიგუა, - „მე ბევრ კარიკატურისტს ვიცნობ, როგორც ქართველს, ისე რუსსა და უცხოელს, მაგრამ ამის მსგავსი კარიკატურა ჯერ არ მინახავს. კარიკატურისტს სტალინი ისე გამოექანდაკებინა, თოვლისგან ისე დაეხატა, რომ თქვენ უყურებდით არა ჩვეულებრივი ადამიანის კარიკატურას, არამედ ურჩხულს, კაცის მკვლელს, კაცის მჭამელს. ეს ჩანდა არა მარტო კარიკატურის გარეგანი სახიდან, არამედ მისი შინაგანი ბუნება ისე იყო გაგებული და დახატული, რომ ადამიანი შეგეზიზღებოდა. ქუფრი და ადამიანის მოძულე სახე, ტირანი, უზურპატორი. სტალინს რომ ენახა თავისი კარიკატურა, ალბათ, გამოგზავნიდა სამხედრო თვითმფრინავების მთელ ესკადრილიას და ვიატკას გაანადგურებდა“.

ფაქტურა, რისგანაც ქანდაკება კეთდება, ცხადია, გარკვეული ინფორმაციის მატარებელია. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რისგან კეთდება „მოღვაწის“ თავი ან ტანი - იქნება ეს თოვლი, ქვიშა, ხე, თაბაშირი, ბრინჯაო, ფოლადი, გრანიტი თუ მარმარილო. ყოფილა შემთხვევა, როცა ქანდაკების მასალას პრაქტიკული სარგებელიც კი მოუტანია საზოგადოებისთვის, როგორც მაგალითად კ. პაუსტოვსკის მოთხრობა „კოლხეთშია“, როცა გამოუვალ ვითარებაში ინჟინერ გაბუნიას მხსნელად მოევლინება ლენინის ბრინჯაოს ბიუსტი, რომლისგანაც ექსკავატორის გატეხილ დეტალს (მილისი) გამოჩარხავს და წყალდიდობისგან დაიცავს კოლხეთის ჭაობის დაშრობაზე მომუშავე ხალხის მრავალი წლის ნაშრომს.

ცხადია, არც გახარიაა სტალინი და არც თაბაშირი - თოვლი, მაგრამ ჩანაფიქრით, ბიუსტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იხდის ბოდიშებს, უფრო თოვლისგან გაკეთებულ კარიკატურას ჩამოჰგავს, ვიდრე - ლენინის ბრინჯაოს თავს. აშკარაა, რომ თაბაშირის ბიუსტისგან პრაქტიკულად სასარგებლო არაფერი გამოდნება, მათ შორის არც ექსკავატორის მილისი, ის ვერც ბრინჯაოს შეეჯიბრება გამძლეობაში, მაგრამ არც თავისით დადნება, როგორც თოვლი დადნებოდა მზეზე. საინტერესოა, რომ შეიძლებოდეს გახარიას ამ ბიუსტის მუდმივად გამოფენა საჯარო სივრცეში, რა ბედი ეწეოდა მას?

ცნობილი ამბავია, საბჭოთა რუსეთში, კომედიური ფილმის, „ოცდაცამეტის“ გადაღებისას, ქალაქ როსტოვ-იაროსლავსკში, თაბაშირის ძეგლი დაუდგეს ფილმის მთავარ პერსონაჟს, რომელსაც მსახიობი ევგენი ლეონოვი ასახიერებდა. სიუჟეტის შესაბამისად, დააგეს წითელი ხალიჩა, საზეიმო ვითარებაში გაჭრეს ლენტი, წარმოთქვეს სიტყვა. პაპიე-მაშეს კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა იუწყებოდა: „ტრავკინ ივან სერგეევიჩ - სამაგალითო მეოჯახე“. გადაღების დასრულების შემდეგ გადამღებ ჯგუფს დაავიწყდა „ძეგლის“ აღება. მალე „ძეგლის“ გარშემო გაშენდა სკვერი, დაირგო ყვავილები და ამგვარი ზრუნვა გაგრძელდა მანამ, ვიდრე პაპიე-მაშეს კვარცხლბეკი არ დაიშალა.

საინტერესოა, აქ თუ უპატრონებდა ვინმე თაბაშირის მობოდიშე მინისტრს? ან რამდენი მოქალაქე მოახდევინებდა ბოდიშს? ვინ უფრო ხშირად მოიხდიდა ბოდიშს - ცოცხალი მინისტრი თუ მისი თაბაშირის ასლი? რომელი უფრო გულწრფელი იქნებოდა? რამდენ ხანს გაგრძელდებოდა „ბოდიშის მოხდა“ - მინისტრის სავარძლის მორყევამდე თუ პაპიე-მაშეს კვარცხლბეკის დაშლამდე?

1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გენერალი ივან სუსლოპაროვი (საბჭოთა კავშირის სამხედრო მისიის ხელმძღვანელი მოკავშირეების კარზე) ცივ ოფლში იღვრებოდა. აიზენჰაუერი მას სთხოვდა ხელი მოეწერა გერმანული სამხედრო ძალების კაპიტულაციის აქტზე. შეშინებული სუსლოპაროვი ნებართვის თხოვნით მოსკოვში სასწრაფო დეპეშას აფრენს. ვინაიდან მოსკოვიდან პასუხი იგვიანებდა, სუსლოპაროვი საბოლოოდ იძულებული იქნება, კაპიტულაციის აქტზე საკუთარი ხელწერა დაესვა. და აი, ზუსტად ამ დროს, მოვა სტალინის დიდი „НЕТ“ კრემლიდან. სუსლოპაროვის თავნებობით უკმაყოფილო, ჯუღაშვილი წერტილს დაუსვამს „ურჩი“ გენერლის კარიერას (და არა სიცოცხლეს), ხოლო მოკავშირეებისგან მოითხოვს კაპიტულაციის აქტის გამეორებას ბერლინში, რომელიც ერთი კვირა უკვე წითელი არმიის ხელში იყო.

კაპიტულაციის აქტზე განმეორებითი ხელმოწერა არ იყო სტალინის უბრალო კაპრიზი - ამგვარად მას უნდოდა მოკავშირეებისთვის ეჩვენებინა, რომ ვერმახტს ხერხემალი მისმა არმიამ გადაუტეხა და შესაბამისად ეს გამარჯვება პირველ რიგში მას და არა ვაშინგტონს ეკუთვნოდა.

მაგრამ რა მიზნის მიღწევა სურდა სტალინს ამ გამარჯვებით? ან რის გაკეთება შეეძლო სტალინს 1945 წელს საკუთარი ექვს მილიონიანი არმიით, რომელიც 10 ათასი პირველხარისხოვანი ტანკითა და 20 ათასი თვითმფრინავით იყო აღჭურვილი? ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია 1945 წლის ცხელ ზაფხულს.

1945 წლის იანვრიდან მოყოლებული სტალინი ძალის პოზიციიდან ელაპარაკებოდა მოკავშირეებს და მუდმივად ატყუებდა მათ როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ვარშავაში და ბუქარესტში კრემლის მიერ ორგანიზებული გადატრიალება და პოლონეთის სამხედრო თუ პოლიტიკური ელიტის ციხეში ჩაგდება (ხალხის, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ებრძოდა ჰიტლერს, როცა ბელადი ფიურერის მოკავშირე იყო), ყველაზე ძნელად მოსანელებელი იქნება ვაშინგტონისა და ლონდონისათვის. თუმცა სტალინის ეს თავნებობა დიდხანს ვერ გასტანს: მას შემდეგ რაც ვაშინგტონი ფინანსურ ონკანს გადაუკეტავს და „ატომურ კლანჭებს“ დაანახვებს მოსკოვს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში (6 და 9 აგვისტო), ჯუღაშვილი გადაწყვეტს, პაუზა გააკეთოს უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიაში; ხოლო ირანისა და თურქეთის დიდ ლუკმაზე საერთოდ უარს იტყვის - ცენტრალური ევროპის ქვეყნების სოვიეტიზაცია ჯუღაშვილისთვის პრიორიტეტად რჩებოდა.

სტალინის აზრით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიამიტი რუზველტის უაზრო ახირება იყო. ჯუღაშვილი დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობა მხოლოდ და მხოლოდ სულის მოთქმა იყო ომების დიდ ჯაჭვში. ჯუღაშვილისთვის, რომელსაც უნარი არ ჰქონდა მარქსისტულ-ლენინისტური მანიქეიზმიდან გამოსულიყო, კაპიტალისტური სამყარო იყო არა მარტო მოსკოვისადმი გლობალურად მტრულად განწყობილი, არამედ ის საკუთარ წინააღმდეგობებში იფხრიწებოდა. სტალინის აზრით, დასავლეთი, ბაზრებისა და რესურსებისათვის კონკურენციის გამო, უთუოდ ჩაერთვებოდა მესამე მსოფლიო ომში. თუმცა, ამასთან ერთად, დასავლეთის გაერთიანებული ფრონტი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ასევე გარდაუვალი იყო.

მოკლედ, სტალინისტური (და არა მხოლოდ სტალინისტური) მარქსიზმი, ფროიდიზმისა არ იყოს, ზეინტერპრეტაციის ნევროზით იყო დაავადებული. ამიტომაც, მიუხედავად მუშახელის სასტიკი დეფიციტისა გაპარტახებულ საბჭოთა კავშირში, სტალინი გადაწყვეტს მრავალმილიონიანი ჯარის შენარჩუნებას და დასავლეთის მიმართულებით ექსპანსიას - პოლონეთს, რუმინეთსა თუ ბულგარეთს მალე მოჰყვება ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთისა და ნახევარი გერმანიის გაწითლება.

და სხვა რა ალტერნატივა ჰქონდა მარქსისტული ნევროზით დაავადებულ სტალინს?

აღმოსავლეთ ევროპის სოვიეტიზაციის ნაცვლად მათი ფინლადიზაციით, ჯუღაშვილს შეეძლო თავიდან აეცილებინა კონფრონტაცია დასავლეთთან და შეენარჩუნებინა ამერიკული ფინანსური დახმარება, რომელიც გაპარტახებულ ქვეყანას ჟანგბადივით სჭირდებოდა (მარტო 1946-1947 წელს 1,5 მილიონი საბჭოთა მოქალაქე შიმშილით დაიხოცება. ასეთი მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ სტალინის გადაწყვეტილება, ხორბლის უკანასკნელი მარაგი მიეწოდებინათ სოვიეტიზაციის პროცესში მყოფი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის). ასე რომ, აღმოსავლეთ ევროპის ფინლანდიზაციას ჰქონდა შანსი, ერთის მხრივ, სტალინი განეკურნა ფანტომური შიშებისგან, და, მეორეს მხრივ, აღმოსავლეთი ევროპა დაეყენებინა ნორმალური განვითარების გზაზე.

მაგრამ მარქსისტულ-ლენინისტური ფობიებით დაავადებული ჯუღაშვილი ბოლომდე სტალინად დარჩება - იგი აირჩევს იზოლაციის, ტერიტორიული ექსპანსიისა და უხეში სოვიეტიზაციის გზას. ამგვარად, 1945 წლის მაისი, როგორც საბჭოთა კავშირის მოსახლეობის, ისე აღმოსავლეთ ევროპელთათვის, შავი ჭირის დამთავრებისა და ქოლერის დასაწყისის მაუწყებელი იქნება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG