Accessibility links

ბლოგები

ორშაბათი, 27 მაისი 2019

კალენდარი
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

მართალი გითხრათ, წლევანდელი კანის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა როცა გაგვაცნეს, ეგრევე ვივარაუდე, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმზე ბოლოს რაღაც აირეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის თავმჯდომარემ - ჩემი აზრით, საშუალოზე უფრო ცუდმა რეჟისორმა ალეხანდრო ინარიტუმ - თავის დასკვნით სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეული ფილმი “პარაზიტები” ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად ცნო საუკეთესოდ, მაინც ვერ ვხვდები, რა საერთო უნდა ჰქონდეს ინარიტუს, მაგალითად, ალისია რორვაჩერთან, ან, თუნდაც, პაველ პავლიკოვსკისთან... როგორ შეიძლებოდა ეს ხალხი რამეზე შეთანხმებულიყო, თუკი მათ წინასწარ არ ჩაუტარეს “ინსტრუქტაჟი”... ანდა, უფრო ზრდილობიანები თუ ვიქნებით, ასე ვთქვათ, “არ გააცნეს კანის კინოფორუმის პრიორიტეტები”.

მახსოვს, 1992 წლის ბერლინის კინოფესტივალზე როგორ მოვუგე ნიძლავი ელდარ შენგელაიას, რომელიც “ბერლინალეს” ჟიურის წევრი იყო. არაფრით არ დამიჯერა, რომ ლორენს კასდანის ფილმი “გრანდ კანიონი” ფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნებოდა. “გამორიცხულია, ეს ხომ ძალიან ცუდი ფილმიაო”, მითხრა “კანიონის” პრემიერის შემდეგ. მაგრამ ბატონი ელდარი პირველად იყო ბერლინის ფესტივალზე და ნაკლებად ერკვეოდა ა კლასის კინოფორუმების კონიუნქტურაში - კასდანის “საფესტივალო ფილმში” ყველაფერი იყო, რასაც ბერლინის კინოფორუმი რეჟისორისგან ითხოვდა: მარცხნივ მიმართული “ლიბერალური აქცენტები”, პოლიტკორექტულობა, უმცირესობები... და “ოქროს დათვისთვის” მნიშვნელოვანი - ფილმის კომერციული წარმატების პერსპექტივა. ჟიურის დასკვნითი სხდომა რომ დასრულდა, გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა ელდარ შენგელაიამ მითხრა: “წავაგე ნიძლავი!”

შესაძლებელია კორეული ფილმი “პარაზიტები”, რომელიც წლევანდელი “პალმის რტოს” ლაურეატი გახდა, მართლაც, ერთადერთი სურათი იყო საკონკურსო პროგრამაში, რომელიც ჟიურის ყველა წევრს მოეწონა. ეს, მართლაც, ძალიან კარგი ფილმია - ამბავი ორ ოჯახზე - ღარიბზე და მდიდარზე (შესაბამისად, კლასთა დაპირისპირებაზე), ერთდროულად სასაცილო და ტრაგიკული ამბავი, გონებამახვილური, დაძაბული, დასამახსოვრებელი სახეებითა და პერსონაჟებით. ადამიანი თუ ხარ, არ შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ეგ არის და ეგ. ყველაფერი დანარჩენი, რაც კანის კინოფესტივალის წლევანდელ კონკურსში ვნახეთ, პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ - დიდი ოსტატების ფილმები და ნაკლებად ცნობილი, ან სრულიად უცნობი ავტორების სურათები, რომლებიც, როგორც ჩანს, კონკურსში კვოტებით მოხვდნენ. ხომ გახსოვთ, როგორი აქცია გამართეს ფემინისტებმა კანის ფესტივალების სასახლესთან 2 წლის წინ, როცა აღმოჩნდა, რომ საკონკურსო პროგრამაში ქალის გადაღებული მხოლოდ 3 ფილმი იყო. წლევანდელი ფესტივალის გახსნის წინ დირექციამ რაღაც პროცენტებზე დაიწყო ლაპარაკი - ჟიურიში გენდერული ბალანსი უკვე დავიცავით, რამდენიმე წელიწადში საკონკურსო პროგრამაშიც მივაღწევთ ბალანსსო... მე პირადად არ ვარ კვოტების წინააღმდეგი და მჯერა, რომ იმ ასიმეტრიულ სისტემაში, რომელშიც მუშაობა უხდებათ კინემატოგრაფისტ ქალებს, დიახაც ნორმალურია, როცა წლების მანძილზე დაჩაგრულებს ეხმარებიან და შანსს აძლევენ. მაგრამ რანაირად უნდა დაიცვას კანის ფესტივალის დირექციამ ბალანსი, თუკი ქალებს ისევ ეჭვით უყურებენ დიდი სტუდიები, თუკი ისევ უჭირთ დაფინანსების მოპოვება თავიანთი პროექტებისთვის? გამოდის, რომ კანის ფესტივალი, მხოლოდ იმიტომ რომ გენდერული ბალანსი დაიცვას, იმ ქალების ფილმებს რთავს კონკურსში, რომლებსაც ბედმა გაუღიმათ? ან, რა ვიცი, რაღაც გზებით მოახერხეს ფილმის დასრულება?

ქსავიე დოლანს, კანადელ რეჟისორს, წელს კანში უკმაყოფილება გამოუხატავს, ჩემს ფილმზე როცა წერთ, “გეი-დრამას” ნუ ამბობთო... ჰეტეროსექსუალური წყვილის რომანზე ხომ არ იტყვით “ჰეტერორომანიო”? და მართალია ეს კაცი. აბა, რამდენად ნორმალურია, როცა ფესტივალის გრან-პრით აღნიშნულ ფილმზე ვამბობთ: “სურათის რეჟისორი პირველი შავკანიანი ქალია, რომლის ფილმი მონაწილეობს კანის ფესტივალის კონკურსში”? არის თუ არა ეს “პირველი შავკანიანი ქალის” შეურაცხყოფა? ალბათ, არის. მაგრამ რა ვქნათ? ცუდი ფილმია ეს “ატლანტიკი”, ცუდად გადაღებული, ცუდად აწყობილი (სენეგალელ მსახიობებს, ეტყობა, უჭირთ კამერის წინ თამაში, ამიტომ ავტორმა საშუალო და შორი ხედები არჩია, ან ზურგით გადაღება... მაგრამ გარემოს გამოხატვა და ნორმალურად განათება ვერ შეძლო, რამაც საერთოდ მოკლა ემოცია და თანაგრძნობა ფილმში).. ანდა საკონკურსო პროგრამის ფრანგული ფილმი ავიღოთ - “ასალგაზრდა ქალის პორტრეტი ცეცხლში”... ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაიღო უნგრელმა რეჟისორმა კაროი მაკმა ფილმი ქალებზე, ლესბოსელებზე, რომლებსაც ებრძვის სისტემა და საზოგადოება. რა ვნახეთ აქ? მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი და “აკრძალული სიყვარული”, ორი ახალგაზრდა ქალის ურთიერთობის ამბავი, გადაღებული რატომღაც “შენელებული დროის”, ანუ რაპიდის, ტექნიკით, არაერთხელ რომ გვინახავს კინოში. უბრალოდ, იმ ფილმებში “ჰეტეროსექსუალური სიყვარული” იყო, აქ - ლესბოსური. გამარჯვებულებს შორის ამ ფილმის დასახელება სამ კურდღელს ერთად კლავს - რეჟისორი ქალია, ფილმი სექსუალურ უმცირესობაზეა და, თანაც, ფრანგული! ფრანგებს კი კანის ფესტივალზე კვოტები ლამის ოფიციალურად აქვთ დაწესებული. ყველა ფესტივალზე, რამდენი წელია უკვე, ერთი ფრანგული ფილმი მაინც ხვდება პრიზიორებს შორის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანში იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობები და შანსს არ აძლევენ იმ ქვეყნებს, სადაც კინოს წარმოებას პრობლემები აქვს ფინანსების გამო. წლევანდელ კონკურსში ასეთი ფილმი ბევრი არ იყო, მაგრამ რაც იყო, ის გამარჯვებულებს შორის გამოცხადდა - ბრაზილიური “ბაკურაუ” (ჟიურის სპეციალური პრიზი), ამბავი ღარიბი სოფლის მცხოვრებლებზე, რომლებიც თავებს მოაჭრიან დამპყრობელს, რა თქმა უნდა, ამერიკელებს, მოთხრობილი მაგიური რეალიზმის ესთეტიკაში, მაგრამ უსაშველოდ სწორხაზოვნად და ტლანქად. ასევე პალესტინელი რეჟისორის, ელია სულეიმანის, ახალი ნამუშევარი - “ეს, ალბათ, სამოთხეა” (ჟიურის პრიზი). ვისაც სულეიმანის წინა ფილმები გახსოვთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ახალი სურათი უკვე ნახეთ: “სამოთხე” პალესტინელი რეჟისორის ძველი ფილმების ასლია.

კვოტირებული ავტორების წარმატებას კიდევ გადავიტანდით, კანის 72-ე კინოფესტივალზე დიდი ოსტატების ახალი ნამუშევრები რომ არ გვენახა, მაგრამ კვოტირებულებმა დაიტაცეს პრიზები და კლასიკოსებს არაფერი დაუტოვეს; პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმისთვის “ტკივილი და დიდება” ჟიურიმ მხოლოდ ერთი პრიზი გაიმეტა, რომელიც არა ალმოდოვარს, არამედ ანტონიო ბანდერასს ერგო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ბანდერასმა თითქოს ხაზგასმით გადაუხადა მადლობა ალმოდოვარს, რომელიც დახურვის საღამოზე საერთოდ არ გვინახავს)... სხვები - კენ ლოუჩი, მარკო ბელოკიო და, რაც მთავარია, კვენტინ ტარანტინო პრიზების გარეშე დარჩნენ. ახლა პირადად მე მოუთმენლად დაველოდები კანის წლევანდელი ფესტივალის შედეგებით კმაყოფილი კოლეგების არგუმენტებს იმის გასაგებად, თუ რატომ არის უკეთესი სენეგალური ფილმი “ატლანტიკი” თუნდაც კვენტინ ტარანტინოს ფილმზე “ერთხელ ჰოლივუდში”, ანდა ელია სულეიმანის “კაპუსტნიკი” რატომ სჯობს მარკო ბელოკიოს ნამდვილ კინოოპერას იტალიურ მაფიაზე, ფილმს “ჩამშვები”... პასუხი “ტარანტინოს ისედაც აქვს სახელი და დიდება, ახლა სხვებს სჭირდებათ დახმარება” არ მიიღება! ჯერ ერთი, სახელი და დიდება ამ “სხვებსაც” აქვთ - ჟიურიმ პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის აღნიშნა ბელგიელი რეჟისორების, ძმები დარდენების, ფილმი “ყმაწვილი აჰმედი”... გარდა ამისა, თუკი ფილმი ჩართულია საკონკურსო პროგრამაში, ე.ი. მონაწილეობს კონკურსში, ჰო? რა შუაშია მაშინ “ისედაც აქვს სახელი”? რატომ ვამართლებთ ჟიურის, რომელმაც ასე დემონსტრაციულად დაჩაგრა ოსტატები კანის 72-ე კინოფესტივალზე?

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ძვირფასო კინოს მოყვარულებო. შედით ვიკიპედიაში, აკრიფეთ “კანის ფესტივალი” და ნახეთ, რომელი ფილმები იმარჯვებდნენ აქ წინა წლებში. თითქმის ყველა ფესტივალზე გამარჯვებულებს შორის ნახავდით ფილმს, რომელიც დღეს არავის, მართლა არავის აღარ ახსოვს, მაგრამ იმხანად კვოტის გამო მოხვდა ლაურეატებში. მესმის, რომ ფესტივალი შანსს აძლევს იმას, ვისაც უჭირს. ისიც მესმის, რომ სტიმული, მართლაც, სჭირდებათ ქალებს, უმცირესობებს და ისიც, რომ აფრიკელი რეჟისორი შეიძლება სხვანაირად ხედავდეს სამყაროს: “ბნელი კადრი” მისთვის, შესაძლებელია, სულაც არ იყოს ბნელი.. პირიქით, გამოხატვის ფორმა იყოს. და მაინც, ელდარ შენგელაიას მსგავსად, თქვენც დაგენიძლავებით, რომ კანის წლევანდელ ფესტივალზე გამარჯვებულ რეჟისორებს შორის ბევრია ისეთი, ვინც მომავალში არაფერს ღირებულს არ გადაიღებს, სხვები კი - პედრო ალმოდოვარი, კენ ლოუჩი, მარკო ბელოკიო, კვენტინ ტარანტინო - კიდევ გაგვახარებენ

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ოსტატები!

ბელგიელმა რეჟისორებმა, ძმებმა დარდენებმა, ერთხელ უკვე “წაართვეს” პედრო ალმოდოვარს “ოქროს პალმა”. 1999 წელს მათმა ფილმმა “როზეტამ” მოუგო ალმოდოვარის სურათს “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, რომელიც ფესტივალის ბოლომდე კრიტიკოსთა ყველა გამოკითხვაში ლიდერობდა.

“ყველაფერი დედაჩემის შესახებ” დღემდე ითვლება ალმოდოვარის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად, “როზეტა” კი ისეთი არაფერია. თავიანთი მთავარი ფილმები დარდენებმა მოგვიანებით გადაიღეს და ცოტა ხანში მეორედ მოიპოვეს “ოქროს პალმა”, განსხვავებით ალმოდოვარისგან, რომელიც დღემდე ვერ ეღირსა კანის ფესტივალის მთავარ ჯილდოს.

დღეს ალმოდოვარი და ძმები დარდენები ისევ კონკურენტები არიან. დღეს კრიტიკოსთა გამოკითხვებში ალმოდოვარი კანში ისევ ლიდერობს, ძმები დარდენების ფილმი “ყმაწვილი აჰმედი” კი აუტსაიდერია. მიუხედავად ოვაციებისა, რომელიც მოუწყვეს ბელგიელ რეჟისორებს მათი ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ, კრიტიკა უკმაყოფილოა - წერენ, რომ აჰმედის ამბავი არადამაჯერებელია, უფრო თამამები კი დარდენებს მთლად ისლამოფობიაში სდებენ ბრალს.

დარდენების კინოკომპანიის, “Les Films du Fleuve”-ის, ფანჯარა ქალაქ ლიეჟში მდინარე მაასსა და ლიეჟის პოსტინდუსტრიულ უბანზე, სერენზე, დევნილებისა და ღატაკების უბანზე გადის. “ეს ფანჯარა გვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ ჩვენი პერსონაჟები, - ამბობენ ძმები დარდენები. - ჩვენ არაფერს ვიგონებთ, ეს ისტორიები ნამდვილი ისტორიებია”.

თუკი 13 წლის ბიჭის, აჰმედის ამბავი, რომელსაც გვიამბობენ ჟან-პიერ და ლუკ დარდენები, მართლაც ნამდვილი ამბავია, მაშინ ყველამ ერთად უნდა გავიკვირვოთ - როგორ “გამოტოვა” კინოხელოვნებამ ამ პატარა ბიჭის ტრაგედია, როგორ არ ასახა აქამდე კინოკამერამ. მაგრამ საქმე სწორედ ისაა, რომ კინორეჟისორებს ფანჯარა, საიდანაც უყურებენ სამყაროს ძმები დარდენები, დიდი ხანია, - ვგონებ, ნეორეალიზმის მერე, - ამოქოლილი აქვთ. სოციალური კინო არსებობს, რასაკვირველია. აგერ კენ ლოუჩი მერამდენედ დებს ფიცს, რომ უკანასკნელ ფილმს იღებს, მაგრამ ვერ ეშვება კინოს და კვლავ გვიამბობს სისტემის მიერ დაჩაგრულ ადამიანებზე. ეგაა, რომ ვერავინ, ამას ხაზგასმით ვიმეორებ, ვერავინ ბედავს უსამართლო სისტემისა და ძალაუფლების ინსტიტუტებისგან დაჩაგრული, დათრგუნვილი და, როგორც აქ, “ყმაწვილ აჰმედში”, მოტყუებული ადამიანი წარმოადგინოს როგორც წამებული, როგორც წმინდანი. კენ ლოუჩთან ჩაგრული გმირის დასაცავად აუცილებლად გამოჩნდება ვინმე - მუშათა კლასი, პროფკავშირები, ოჯახის წევრები... ძმებ დარდენებთან - არასდროს! ერთადერთი, ვინც შეიძლება მოულოდნელად მოევლინოს დარდენების წამებულ გმირს, არის თითქმის გაღმერთებული კინოკამერა. და აქაც გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ არც ერთ სხვა რეჟისორთან კინოში, დრეიერის, როსელინისა და პაზოლინის შემდეგ (დარდენები სწორედ მათ ასახელებენ ხოლმე თავიანთ მასწავლებლებად), კამერა არ ყოფილა ასეთი “განსულიერებული”, ასეთი პრინციპულად მნიშვნელოვანი.

დარდენების ამ ახალ ფილმსაც, ფაქტობრივად, ორი მთავარი გმირი ჰყავს - ყმაწვილი აჰმედი და კინოკამერა. აჰმედი სკოლაში სწავლობს, თუმცა მისი ფიქრები მთლიანად მოცულია ინტერნეტწინასწარმეტყველებისა და ადგილობრივი იმამის ქადაგებებით. იცავს რიტუალებს და გულმოდგინედ იბანს ხელებს ყოველი ლოცვის წინ.

დედამისი სვამს. უფროსი და, რომელსაც აჰმედი ბოზს ეძახის, ბიჭებს ხვდება. მაგრამ დარდენების გმირს ოჯახის წევრები უკვე აღარ აინტერესებს, მას სხვა მიზანი აქვს - მოკლას თავისი მასწავლებელი. ჯერ ხელს არ ართმევს (“ნამდვილი მუსლიმი არასდროს ჩამოართმევს ხელს ქალს”), მერე კი, როცა შეიტყობს, რომ მასწავლებელს ებრაელი ბოიფრენდი ჰყავს, მის მოკვლას გადაწყვეტს.

13 წლის აჰმედი დარწმუნებულია, რომ მის რელიგიას მტრები ჰყავს. მტერი უნდა განადგურდეს, რათა აჰმედს სამოთხეში მოხვედრის შანსი მიეცეს. სიტყვები, ფრაზები, აზრები, რომლებსაც აჰმედი იმეორებს, ნაცნობია ყოველი ჩვენგანისთვის. და არა აქვს მნიშვნელობა, ვისგან გვესმის ეს ფრაზები: იმისგან, ვინც თავის თავს “მაჰმადიანს” უწოდებს, თუ იმისგან, ვინც ამბობს - “მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ქრისტიანობა არ კრძალავს თავისი მტრის განადგურებასო”.

ალმოდოვარისა არ იყოს, კრიზისის ნიშნები ბოლო დროს ძმებ დარდენებსაც დაეტყოთ. მათი ბოლო ნამუშევრები მათ შედევრებს - პირველ რიგში კი, ფილმს “ვაჟიშვილი” - ვერ უტოლდებიან. “ყმაწვილი აჰმედის” პრემიერის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ დარდენების ახალი სურათი იმ კლიშეებით იქნებოდა სავსე, რომლებიც მრავლად ვიხილეთ ტერორიზმსა და ემიგრაციაზე გადაღებულ ევროპულ ფილმებში. ამ სურათების ავტორები დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ “ტერორიზმი პოეზიაა”, “ტერორიზმი, პირველ რიგში, სოციალური მოვლენაა”, “ტერორისტებსაც უნდა გავუგოთ” და ა.შ... მაგრამ არა, დარდენებმა სულ სხვა მიმართულებით შემოაბრუნეს ეს თემა - ევროპა “ყმაწვილ აჰმედში” არაფერს დაინანებს აჰმედის “გამოსასწორებლად”; ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, პედაგოგების მთელი ჯარი ჩაერთვება აჰმედის აღზრდაში. მაგრამ კათარზისი მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარდენების გმირი თავად იგრძნობს, რა არის ტკივილი. ჰოდა, ბავშვს როცა სტკივა, ვის ეძახის, პირველ რიგში? სულ ერთია, მუსლიმია, ქრისტიანი თუ, საერთოდ, ურჯულო? ცხადია, დედას. პირველ რიგში, დედას ეძახის.

თავის დროზე ლუკ დარდენი ემანუელ ლევინასთან სწავლობდა, მერე კი არაერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ ფრანგი ფილოსოფოსის იდეებმა მოახდინა გადამწყვეტი გავლენა მის ფილმებზე. დარდენებისთვის ყოფიერება თვითუარყოფის და ასე, საკუთარი თავის მიტოვების შემდეგ, “შინ ხელახალი დაბრუნების” პროცესს გამოხატავს. “სხვაში შესვლის” ამ რიტუალს ბელგიელ რეჟისორებთან სწორედ კინოკამერა ასრულებს - ადამიანი, რომელსაც ზურგიდან იღებს კინოკამერა, და ქალაქის გარეუბანში, ავტობანთან, ტყეში გაქცეული გმირი - ის სახეები, რომლითაც ეგრევე იცნობთ ძმებ დარდენების ხელწერას. კამერა ამ ადამიანს დასდევს - ჩამორჩება და დაეწევა ხოლმე. უკან არ იხევს და არ ერიდება აღწეროს მისი ტანჯვა, - თან ისე აღწეროს, რომ, ფაქტობრივად, წმინდანები გახადოს ეს ხალხი.

ყმაწვილი აჰმედი წმინდანობაზე ოცნებობდა. წერილიც დაუწერა დედას, ვიცი, რომ იამაყებ ჩემითო. რამდენად წარმატებით დაასრულებს ის თავის ჩანაფიქრს, ამას ნახავთ, როცა ძმებ დარდენების ახალი ფილმი ჩვენს ეკრანებზე გამოვა (იმედია!). მაგრამ ძმებ დარდენების კინოკამერა რომ აჰმედს წმინდანად გადააქცევს, ამის წინასწარ თქმას არ მოვერიდები.

ჩემი პალმა ჟან-პიერ და ლუკ დარდენებს! ისინი იმსახურებენ მესამე “ოქროს პალმის რტოს”!

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG