Accessibility links

ბლოგები

სამშაბათი, 28 მაისი 2019

„კომუნისტებმა ვერ შეძლეს ვერც ქურდობის, ვერც ბოზობის, ვერც კაცის კვლის, ვერც მფლანგველობის, ვერც მექრთამეობის, ვერც აფერისტობის, ვერც ბანდიტიზმის ლიკვიდაცია. ერთადერთი რაც შეძლეს ეს არის აზროვნების ლიკვიდაცია“, - აკაკი ბაქრაძის მიერ საბჭოთა საზოგადოებისათვის ლამის 50 წლის წინ დასმული დიაგნოზი ზედმიწევნით ზუსტი აღმოჩნდა.

არაფერში ისე არ უჭირთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და მათ შორის საქართველოს, როგორც აზროვნების სფეროში. ამ გასაჭირს ვხედავთ და ვგრძნობთ ყოველ ნაბიჯზე როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე. სწორედ ეს გასაჭირი დაგვატარებს მოჯადოებულ წრეზე და არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას აგერ უკვე სამი ათეული წელია; სწორედ ამ გასაჭირმა იჩინა თავი, როცა ერთი თვის წინ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სასწრაფოდ დადგენის აუცილებლობაზე საუბრით სათავე დაუდო პროცესს, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის. საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც იოლად დაიჯერეს, რომ მათი ეროვნული ინტერესებისათვის საზიანო პროცესი დაიწყო. არადა, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დასადგენად თითქმის 20 წელია მშვიდად მუშაობენ სპეციალური სამთავრობო კომისიები, რომლებსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 460 კმ-დან, შეთანხმებული და აღწერილი აქვთ 310 კმ-მდე. საქმის ბოლომდე დასრულებას სწორედ საზღვრის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე მონაკვეთი ართულებს, თუმცა კომისიები ყოველ ჯერზე თანხმდებიან იმაზე, რომ „დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით“.

და მართლაც, მხარეები ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდნენ ამგვარი სულისკვეთებით და „დაუდგენელი საზღვარი“ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა არც გადაადგილების და არც ურთიერთობის თვალსაზრისით, მაგრამ ახლა, საზღვრის ამ მონკვეთზე დაუჯერებელი ამბები ხდება: ერთ მხარეს მძიმე ტექნიკა მუშაობს, მეორე მხარეს კი საპროტესტო აქციები იმართება, რასაც ახლავს გაშუქების ისტერიული ტონი და ქართული საზოგადოების ნაწილის, მათ შორის სასულიერო პირების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, ცალკეული აქტივისტების მოუზომავი განცხადებები, რომლებიც ლახავენ მეგობარი ქვეყნის ღირსებას. უბრალოდ ტყუილი კი არა, შეგნებული მავნებლობაა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ტოლობის ნიშნის დასმა. რომ არა „აზროვნების ლიკვიდაციის“ რეციდივი, იოლად მივხვდებოდით, რომ ასე არ ხდება დავის გადაჭრა, ასე იწყება კონფლიქტები!

როგორც ერთმა კარგმა ქართველმა მწერალმა შენიშნა: „გაუაზრებლობა, იმპულსურობა, თუნდაც უკიდურესად ფანატიკური პატრიოტიზმით აღსავსე, ნაყოფს არ გამოიღებს და ეს ვერ ვისწავლეთ საუბედუროდ ქართველებმა, იგივე შეცდომას ვიმეორებთ მერამდენე წელია“.

პრობლემას, რომლის გამო ორ მეგობარ ქვეყანას საზღვარი ვერ გაუმიჯნია, ბოლშევიკებმა ჩაუყარეს საფუძველი ლამის ასი წლის წინ. ტერიტორია, რომელზეც დავითგარეჯის ერთიანი სამონასტრო კომპლექსის განუყოფელი ნაწილი - ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები მდებარეობენ, აზერბაიჯანის მფლობელობაში de facto 1921 წლის 8 ნოემბერს, ხოლო de jure - 1924 წლის 20 ნოემბერს გადავიდა. ისტორიკოს ლადო მირიანაშვილის მიხედვით, 1924 წლამდე აზერბაიჯანელი გლეხები საქართველოს საძოვრების მხოლოდ ფაქტიურ მფლობელებად გვევლინებოდნენ. საქართველო-აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციისადმი დამოკიდებულება კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ამბოხება მოხდა. საქართველო თავისუფლებისადმი სწრაფვის გამო დაისაჯა: ამიერკავკასიის ცაკ-თან არსებული „ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალ რესპუბლიკებს შორის არსებული, მიწის, ტყის და წყლით სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის“ სხდომის 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზერბაიჯანის იურიდიულ მფლობელობაში გადავიდა საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები მთლიანად, აგრეთვე ჩიჩხიტურის მონასტრის ის ნაწილი, რომელიც უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს.

ქართული მიწა-წყლის ხელაღებით გადაცემა-დარიგების თაობაზე საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური არქივის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გურგენიძე ერთ-ერთ წერილში ჰყვება ასეთ ამბავს: „ამ საკითხზე როცა შესულან სერგო ორჯონიკიძესთან სათხოვნელად, საქართველოსთვის არ ჩამოეცილებინათ ძველისძველი ქართული ტერიტორიები: საინგილო, ლორე და სხვა, მან ქართველი თავკაცები ასეთი პასუხით გამოაბრუნა: თუ ამ საკითხზე მეორედ შემოსულხართ, თქვენი „ძველი საქართველოს“ საზღვრებს თბილისში, „შეითან ბაზართან“ გადმოვიტანო“.

აშკარაა და დრომაც აჩვენა, რომ საზღვრების ამგვარი გადაკეთებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებმა მწარედ დასაჯეს საქართველო და სამომავლოდაც დაუტოვეს მომაკვდინებელი ნაღმები, რომელთა აფეთქებით, ცხადია, ნაღმისდამდებთა იდეოლოგიური თუ სულიერი მემკვიდრეები ისარგებლებენ. ცხადია, ამგვარ საფრთხეს საქართველოს ბევრი მოქალაქე ხედავს და, შესაბამისად, მიმართავს კიდეც საქართველოს მთავრობას, თავიდან აიცილოს ყველა შესაძლო რისკი.

„ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობა და პარლამენტია.

საქართველოს საზოგადოებას ყველანაირი საფუძველი აქვს იფიქროს და იზრუნოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთლიანად საქართველოს ტერიტორიაში მოქცევაზე. სწორედ ეს მიზანი აქვს (უნდა ჰქონდეს) დასახული საზღვრის დამდგენ სამთავრობო კომისიასაც, რომლის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და, რომელიც წლებია მუშაობს აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

ცუდად მუშაობს?

ვერ ამართლებს საზოგადოების მოლოდინს?

საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი და მთელი მთავრობა, თუ მიაჩნია, რომ მისი წევრები ვერ იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შეცვალოს არჩევნების გზით, მოითხოვოს არაეფექტიანი მთავრობის გადადგომა, პარლამენტის დაშლა და ა.შ.

რთულია?

რა თქმა უნდა!

მაგრამ კიდევ უფრო რთული და, ფაქტობრივად, შეუძლებელია სხვა ქვეყნის მთავრობის იძულება და შეცვლა!

ცხადია, საქართველოს საზოგადოების სამიზნეში საქართველოს მთავრობა უნდა იყოს და არა აზერბაიჯანისა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეძლოს როგორც დავით გარეჯის, ასევე აზერბაიჯანის მეგობრობის შენარჩუნება. სხვა შემთხვევაში დავკარგავთ ან ერთს ან მეორეს ან ორივეს ერთად! ვერ შეძლებენ? არ გვჯერა მათი? აბა, რა საჭიროა მთავრობა, საგარე(ჯ)ო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტი, თუკი არც მათი პატრიოტიზმის გვჯერა და არც - შესაძლებლობების? თუ არ გვჯერა, უნდა შევცვალოთ! და თუკი ვერ ვცვლით და ვერ ვაიძულებთ ჩვენს ჭკუაზე სიარულს, მაშინ როგორ მოვახერხებთ ამას სხვა ქვეყანაში?

ნუთუ ოდნავადაც არ ცდებოდა აკაკი ბაქრაძე როცა ამბობდა, ერთადერთი რაც კომუნისტებმა შეძლეს ეს არის აზროვნების ლიკვიდაციაო?!

მართალი გითხრათ, წლევანდელი კანის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა როცა გაგვაცნეს, ეგრევე ვივარაუდე, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმზე ბოლოს რაღაც აირეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის თავმჯდომარემ - ჩემი აზრით, საშუალოზე უფრო ცუდმა რეჟისორმა ალეხანდრო ინარიტუმ - თავის დასკვნით სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეული ფილმი “პარაზიტები” ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად ცნო საუკეთესოდ, მაინც ვერ ვხვდები, რა საერთო უნდა ჰქონდეს ინარიტუს, მაგალითად, ალისია რორვაჩერთან, ან, თუნდაც, პაველ პავლიკოვსკისთან... როგორ შეიძლებოდა ეს ხალხი რამეზე შეთანხმებულიყო, თუკი მათ წინასწარ არ ჩაუტარეს “ინსტრუქტაჟი”... ანდა, უფრო ზრდილობიანები თუ ვიქნებით, ასე ვთქვათ, “არ გააცნეს კანის კინოფორუმის პრიორიტეტები”.

მახსოვს, 1992 წლის ბერლინის კინოფესტივალზე როგორ მოვუგე ნიძლავი ელდარ შენგელაიას, რომელიც “ბერლინალეს” ჟიურის წევრი იყო. არაფრით არ დამიჯერა, რომ ლორენს კასდანის ფილმი “გრანდ კანიონი” ფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნებოდა. “გამორიცხულია, ეს ხომ ძალიან ცუდი ფილმიაო”, მითხრა “კანიონის” პრემიერის შემდეგ. მაგრამ ბატონი ელდარი პირველად იყო ბერლინის ფესტივალზე და ნაკლებად ერკვეოდა ა კლასის კინოფორუმების კონიუნქტურაში - კასდანის “საფესტივალო ფილმში” ყველაფერი იყო, რასაც ბერლინის კინოფორუმი რეჟისორისგან ითხოვდა: მარცხნივ მიმართული “ლიბერალური აქცენტები”, პოლიტკორექტულობა, უმცირესობები... და “ოქროს დათვისთვის” მნიშვნელოვანი - ფილმის კომერციული წარმატების პერსპექტივა. ჟიურის დასკვნითი სხდომა რომ დასრულდა, გაბრაზებულმა და გაკვირვებულმა ელდარ შენგელაიამ მითხრა: “წავაგე ნიძლავი!”

შესაძლებელია კორეული ფილმი “პარაზიტები”, რომელიც წლევანდელი “პალმის რტოს” ლაურეატი გახდა, მართლაც, ერთადერთი სურათი იყო საკონკურსო პროგრამაში, რომელიც ჟიურის ყველა წევრს მოეწონა. ეს, მართლაც, ძალიან კარგი ფილმია - ამბავი ორ ოჯახზე - ღარიბზე და მდიდარზე (შესაბამისად, კლასთა დაპირისპირებაზე), ერთდროულად სასაცილო და ტრაგიკული ამბავი, გონებამახვილური, დაძაბული, დასამახსოვრებელი სახეებითა და პერსონაჟებით. ადამიანი თუ ხარ, არ შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ეგ არის და ეგ. ყველაფერი დანარჩენი, რაც კანის კინოფესტივალის წლევანდელ კონკურსში ვნახეთ, პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ - დიდი ოსტატების ფილმები და ნაკლებად ცნობილი, ან სრულიად უცნობი ავტორების სურათები, რომლებიც, როგორც ჩანს, კონკურსში კვოტებით მოხვდნენ. ხომ გახსოვთ, როგორი აქცია გამართეს ფემინისტებმა კანის ფესტივალების სასახლესთან 2 წლის წინ, როცა აღმოჩნდა, რომ საკონკურსო პროგრამაში ქალის გადაღებული მხოლოდ 3 ფილმი იყო. წლევანდელი ფესტივალის გახსნის წინ დირექციამ რაღაც პროცენტებზე დაიწყო ლაპარაკი - ჟიურიში გენდერული ბალანსი უკვე დავიცავით, რამდენიმე წელიწადში საკონკურსო პროგრამაშიც მივაღწევთ ბალანსსო... მე პირადად არ ვარ კვოტების წინააღმდეგი და მჯერა, რომ იმ ასიმეტრიულ სისტემაში, რომელშიც მუშაობა უხდებათ კინემატოგრაფისტ ქალებს, დიახაც ნორმალურია, როცა წლების მანძილზე დაჩაგრულებს ეხმარებიან და შანსს აძლევენ. მაგრამ რანაირად უნდა დაიცვას კანის ფესტივალის დირექციამ ბალანსი, თუკი ქალებს ისევ ეჭვით უყურებენ დიდი სტუდიები, თუკი ისევ უჭირთ დაფინანსების მოპოვება თავიანთი პროექტებისთვის? გამოდის, რომ კანის ფესტივალი, მხოლოდ იმიტომ რომ გენდერული ბალანსი დაიცვას, იმ ქალების ფილმებს რთავს კონკურსში, რომლებსაც ბედმა გაუღიმათ? ან, რა ვიცი, რაღაც გზებით მოახერხეს ფილმის დასრულება?

ქსავიე დოლანს, კანადელ რეჟისორს, წელს კანში უკმაყოფილება გამოუხატავს, ჩემს ფილმზე როცა წერთ, “გეი-დრამას” ნუ ამბობთო... ჰეტეროსექსუალური წყვილის რომანზე ხომ არ იტყვით “ჰეტერორომანიო”? და მართალია ეს კაცი. აბა, რამდენად ნორმალურია, როცა ფესტივალის გრან-პრით აღნიშნულ ფილმზე ვამბობთ: “სურათის რეჟისორი პირველი შავკანიანი ქალია, რომლის ფილმი მონაწილეობს კანის ფესტივალის კონკურსში”? არის თუ არა ეს “პირველი შავკანიანი ქალის” შეურაცხყოფა? ალბათ, არის. მაგრამ რა ვქნათ? ცუდი ფილმია ეს “ატლანტიკი”, ცუდად გადაღებული, ცუდად აწყობილი (სენეგალელ მსახიობებს, ეტყობა, უჭირთ კამერის წინ თამაში, ამიტომ ავტორმა საშუალო და შორი ხედები არჩია, ან ზურგით გადაღება... მაგრამ გარემოს გამოხატვა და ნორმალურად განათება ვერ შეძლო, რამაც საერთოდ მოკლა ემოცია და თანაგრძნობა ფილმში).. ანდა საკონკურსო პროგრამის ფრანგული ფილმი ავიღოთ - “ასალგაზრდა ქალის პორტრეტი ცეცხლში”... ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაიღო უნგრელმა რეჟისორმა კაროი მაკმა ფილმი ქალებზე, ლესბოსელებზე, რომლებსაც ებრძვის სისტემა და საზოგადოება. რა ვნახეთ აქ? მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი და “აკრძალული სიყვარული”, ორი ახალგაზრდა ქალის ურთიერთობის ამბავი, გადაღებული რატომღაც “შენელებული დროის”, ანუ რაპიდის, ტექნიკით, არაერთხელ რომ გვინახავს კინოში. უბრალოდ, იმ ფილმებში “ჰეტეროსექსუალური სიყვარული” იყო, აქ - ლესბოსური. გამარჯვებულებს შორის ამ ფილმის დასახელება სამ კურდღელს ერთად კლავს - რეჟისორი ქალია, ფილმი სექსუალურ უმცირესობაზეა და, თანაც, ფრანგული! ფრანგებს კი კანის ფესტივალზე კვოტები ლამის ოფიციალურად აქვთ დაწესებული. ყველა ფესტივალზე, რამდენი წელია უკვე, ერთი ფრანგული ფილმი მაინც ხვდება პრიზიორებს შორის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანში იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობები და შანსს არ აძლევენ იმ ქვეყნებს, სადაც კინოს წარმოებას პრობლემები აქვს ფინანსების გამო. წლევანდელ კონკურსში ასეთი ფილმი ბევრი არ იყო, მაგრამ რაც იყო, ის გამარჯვებულებს შორის გამოცხადდა - ბრაზილიური “ბაკურაუ” (ჟიურის სპეციალური პრიზი), ამბავი ღარიბი სოფლის მცხოვრებლებზე, რომლებიც თავებს მოაჭრიან დამპყრობელს, რა თქმა უნდა, ამერიკელებს, მოთხრობილი მაგიური რეალიზმის ესთეტიკაში, მაგრამ უსაშველოდ სწორხაზოვნად და ტლანქად. ასევე პალესტინელი რეჟისორის, ელია სულეიმანის, ახალი ნამუშევარი - “ეს, ალბათ, სამოთხეა” (ჟიურის პრიზი). ვისაც სულეიმანის წინა ფილმები გახსოვთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ახალი სურათი უკვე ნახეთ: “სამოთხე” პალესტინელი რეჟისორის ძველი ფილმების ასლია.

კვოტირებული ავტორების წარმატებას კიდევ გადავიტანდით, კანის 72-ე კინოფესტივალზე დიდი ოსტატების ახალი ნამუშევრები რომ არ გვენახა, მაგრამ კვოტირებულებმა დაიტაცეს პრიზები და კლასიკოსებს არაფერი დაუტოვეს; პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმისთვის “ტკივილი და დიდება” ჟიურიმ მხოლოდ ერთი პრიზი გაიმეტა, რომელიც არა ალმოდოვარს, არამედ ანტონიო ბანდერასს ერგო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ბანდერასმა თითქოს ხაზგასმით გადაუხადა მადლობა ალმოდოვარს, რომელიც დახურვის საღამოზე საერთოდ არ გვინახავს)... სხვები - კენ ლოუჩი, მარკო ბელოკიო და, რაც მთავარია, კვენტინ ტარანტინო პრიზების გარეშე დარჩნენ. ახლა პირადად მე მოუთმენლად დაველოდები კანის წლევანდელი ფესტივალის შედეგებით კმაყოფილი კოლეგების არგუმენტებს იმის გასაგებად, თუ რატომ არის უკეთესი სენეგალური ფილმი “ატლანტიკი” თუნდაც კვენტინ ტარანტინოს ფილმზე “ერთხელ ჰოლივუდში”, ანდა ელია სულეიმანის “კაპუსტნიკი” რატომ სჯობს მარკო ბელოკიოს ნამდვილ კინოოპერას იტალიურ მაფიაზე, ფილმს “ჩამშვები”... პასუხი “ტარანტინოს ისედაც აქვს სახელი და დიდება, ახლა სხვებს სჭირდებათ დახმარება” არ მიიღება! ჯერ ერთი, სახელი და დიდება ამ “სხვებსაც” აქვთ - ჟიურიმ პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის აღნიშნა ბელგიელი რეჟისორების, ძმები დარდენების, ფილმი “ყმაწვილი აჰმედი”... გარდა ამისა, თუკი ფილმი ჩართულია საკონკურსო პროგრამაში, ე.ი. მონაწილეობს კონკურსში, ჰო? რა შუაშია მაშინ “ისედაც აქვს სახელი”? რატომ ვამართლებთ ჟიურის, რომელმაც ასე დემონსტრაციულად დაჩაგრა ოსტატები კანის 72-ე კინოფესტივალზე?

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ძვირფასო კინოს მოყვარულებო. შედით ვიკიპედიაში, აკრიფეთ “კანის ფესტივალი” და ნახეთ, რომელი ფილმები იმარჯვებდნენ აქ წინა წლებში. თითქმის ყველა ფესტივალზე გამარჯვებულებს შორის ნახავდით ფილმს, რომელიც დღეს არავის, მართლა არავის აღარ ახსოვს, მაგრამ იმხანად კვოტის გამო მოხვდა ლაურეატებში. მესმის, რომ ფესტივალი შანსს აძლევს იმას, ვისაც უჭირს. ისიც მესმის, რომ სტიმული, მართლაც, სჭირდებათ ქალებს, უმცირესობებს და ისიც, რომ აფრიკელი რეჟისორი შეიძლება სხვანაირად ხედავდეს სამყაროს: “ბნელი კადრი” მისთვის, შესაძლებელია, სულაც არ იყოს ბნელი.. პირიქით, გამოხატვის ფორმა იყოს. და მაინც, ელდარ შენგელაიას მსგავსად, თქვენც დაგენიძლავებით, რომ კანის წლევანდელ ფესტივალზე გამარჯვებულ რეჟისორებს შორის ბევრია ისეთი, ვინც მომავალში არაფერს ღირებულს არ გადაიღებს, სხვები კი - პედრო ალმოდოვარი, კენ ლოუჩი, მარკო ბელოკიო, კვენტინ ტარანტინო - კიდევ გაგვახარებენ

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ოსტატები!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG