Accessibility links

site logo site logo

ბლოგები

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, უზრულა ფონ დერ ლაიენმა, ამ კვირაში განაცხადა, რომ ევროპის კომისია მარტის ბოლოს წარადგენს წინადადებას ევროპის კავშირის მოქმედი ვაქცინაციის ციფრული პასპორტის შექმნის შესახებ კონტინენტზე მოგზაურობის ხელშესაწყობად.

რამდენიმე საკვანძო შეკითხვა და პასუხი:

რას წარმოადგენს ევროკავშირის ვაქცინაციის პასპორტი?

არსებითად, ეს არის ევროპის კავშირში თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველყოფა როგორც საქმიანი, ისე დასვენების მიზნით.

მას აქტიურად შეუწყვეს ხელი წევრმა ქვეყნებმა სამხრეთ ევროპიდან, იმისათვის რომ გადაარჩინონ მოახლოებული ტურისტული სეზონი და მძიმე 12 თვის შემდეგ აღდგინონ თავიანთი ეკონომიკა.

როგორც ყოველთვის, საქმე რთულდება ისეთ ჰიბრიდში, როგორიცაა ევროპის კავშირი. ჯანმრთელობის დაცვა, პირველ რიგში, თავად ქვეყნების საკითხია, რომელსაც მათი მთავრობები წყვეტენ. ამას პანდემიის მიმართ ევროკავშირის შიგნით განსხვავებული და ხანდახან ქაოსური რეაქციებიც მოწმობს.

თუმცა ბრიუსელი ვაქცინების ერთობლივი შესყიდვის დაჟინებული მომხრე იყო და ისაა, ასევე, პასუხისმგებელი ბლოკის შიგნით თავისუფალი გადაადგილების კონტროლზე.

ამიტომაც ევროპის კომისია 17 მარტს, ევროკავშირის ქვეყნებისა და მთავრობის ხელმძღვანელთა სამიტის წინ, რომელიც ერთი კვირის შემდეგ შედგება, წარადგენს ოფიციალურ „იურიდიულ წინადადებას", როგორც იქ უწოდებენ, „ციფრული მწვანე პასპორტის" შესახებ.

ეს ნაუცბათევი რეაგირება მოჰყვა ცნობებს, რომ საბერძნეთმა და კვიპროსმა, შესაძლოა, უფრო სწრაფად წაიწიონ წინ, ვიდრე მათმა ევროპელმა კოლეგებმა, განსაკუთრებით ისრელთან ორმხრივი მიმოსვლის შესახებ შეთანხმების შემდეგ.

კიდევ მეტი დანაწევრება ყველაზე ნაკლებად უნდა ახლა ბრიუსელს, მაგრამ არანაკლებ აწუხებს, რომ უცაბედად არ აღმოჩნდეს, რომ მესამე ქვეყნის მიერ დაწესებული სისტემის, ან კიდევ უფრო უარესი - Google-ის ან Facebook-ის მსგავს ტექ-გიგანტებს ექვემდებარება.

რისი შემცველი იქნება ეს პასპორტი?

ბევრი რამ კვლავაც უცნობია, რადგან მუშაობის პროცესი გრძელდება.

თუმცა კომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, გამოყო რამდენიმე რამ, რისი შემცველიც იქნება "ციფრული მწვანე პასპორტი": ცხადია, დასტურის, რომ პირი აცრილია, მაგრამ იმისათვის, რომ დისკრიმინაცია თავიდან იქნეს აცილებული,“ პასპორტი“ უნდა შეიცავდეს სხვა ინფორმაციასაც, როგორიცაა კოვიდ-19-ის ტესტების ბოლოდროინდელი შედეგები ან საბუთი იმუნიტეტის შესახებ. ეს ხდება იმისთვის, რომ დაითანხმონ წევრი ქვეყნები, როგორებიცაა ბელგია, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც აქამდე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ამ იდეის მიმართ.

ისინი თვლიან, რომ აცრის საბუთი აცრილ პირებს ანიჭებს მეტ უფლებებს იმათთან შედარებით, რომლებიც არ არიან აცრილი.

როგორ იმოქმედებს პასპორტი რეალურად?

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს საბჭოში საერთო აღიარებასა და თამაშის თანასწორ პირობებზე. და წევრ სახელმწიფოებს, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება საერთოდ უარი თქვან, ისევე როგორც შეუძლიათ დააწესონ შესვლის დამატებითი კრიტერიუმები.

თუმცა სასურველი შედეგი იქნებოდა ურთიერთშეთავსებული და გაყალბებისგან დაცული საბუთი, რომლის ქონა შესაძლებელია მობილურ ტელეფონში ან ქაღალდზე, სავარაუდოდ, QR კოდის დახმარებით.

როგორც მატარებლის ბილეთი, რომლის სკანირებაც შესაძლებელია და რომელიც შეიცავს მინიმალურ მონაცემთა ერთობლიობას, ევროკავშირთან შეთანხმებით, როგორიცაა: სახელი/გვარი/, დაბადების თარიღი, ინფორმაცია ვაქცინის შესახებ, მისი მიღების თარიღი, რა ტიპის ვაქცინაა და რომელმა ქვეყანამ ჩაატარა ვაქცინაცია და შესაბამისი ინფორმაცია, როგორიცაა, ვინ გასცა ის და როდემდე აქვს მოქმედების ვადა.

ამასთან ერთად, ის იქნება ზემოხსენებული დამატებითი ინფორმაციის შემცველი, როგორიცაა უარყოფითი ტესტი ან იმუნიტეტის დამადასტურებული საბუთი.

როდისთვის იქნება „პასპორტი“ მზად

ფონ დერ ლაიენი ფიქრობს, რომ პასპორტი შეიძლება მზად იყოს 3 თვეში - სწორედ ზაფხულის სეზონის წინ.

მაგრამ ეს მოითხოვს სწრაფ შეთანხმებას როგორც პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ტექნიკურ სტანდარტებზე.

არსებითად, 27 წევრი ქვეყნისგან უნდა შეიქმნას ერთი, თავსებადი, ევროპული სისტემა.

ამოქმედება მოუწევს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სამინისტროს, როგორიცაა ჯანდაცვის, სამართლებრივი და ციფრული უწყებები, თუკი ასეთი არსებობს.

საქმეს ართულებს ის, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ეტაპზეა. ამჟამად ევროპის კომისიისთვის ცნობილია, რომ 13 წევრი სახელმწიფო გასცემს ვაქცინაციის საბუთს კოვიდ-19-ზე აცრილ პირებზე, მაშინ როცა დანარჩენი ექვსი ჯერ მხოლოდ გეგმავს ამის გაკეთებას.

ზოგიერთი ციფრულ სერტიფიკატს გასცემს, ზოგი კი მხოლოდ ქაღალდისას, რაც უკვე ართულებს საქმეს.

რომელი საკითხებია გადაუწყვეტელი?

უამრავი. დისკრიმინაციის საკითხი მათთან მიმართებაში, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს ვაქცინაცია, მოკლე დროში ვერ გადაწყდება.

ვაქცინაციის დაბალი სიჩქარე ნიშნავს იმას, რომ ამ დროისთვის ბლოკში ვაქცინაციის სულ რაღაც 32 მილიონი დოზა იქნა გამოყენებული, რაც მოსახლეობის, დაახლოებით, 6.4 პროცენტს შეადგენს.

ევროკავშირი კვლავაც იმედოვნებს, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში 300 მილიონ დოზას მიიღებს, რაც ბრიუსელს შეაძლებინებს მიაღწიოს თავის მიზანს - ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70 %-ზე მეტი იყოს აცრილი ზაფხულისთვის. მაგრამ არსებული შეფერხებების ფონზე ეს - ისევე როგორც ვაქცინაციის სერტიფიკატის იდეა -აუხდენელ სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.

თუმცა არის სხვა საკითხებიც, რომლებზეც ღირს დაფიქრება. ეს დროებითი ამბავია, თუ მომავალში ევროკავშირის სასაზღვრო შემოწმებების ნაწილი იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის, სადაც მსგავსი რამ ადრე არ ყოფილა?

რა ვუყოთ ევროკავშირის იმ მოქალაქეებს, რომლებიც აცრილები არიან ჩინური ან რუსული ვაქცინებით, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ჯერ რომ არ დაუმტკიცებია? უნგრეთის, სლოვაკეთის მოქალაქეებს და სხვებს, რომლებმაც, შესაძლოა, იხმარონ ეს ვაქცინები და მათ აღიარებას მოითხოვენ. თუმცა, შეიძლება, აქედან გამოსავალი იყოს ის, რომ ევროკავშირის ვაქცინის სერტიფიკატში უარყოფითი PCR ტესტების მონაცემებიც ჩაიწეროს.

სავარაუდოდ, ასევე შეიძლება გადაწყდეს ბავშვების საკითხი, ბავშვებისა, რომლებიც ჯერჯერობით ეროვნული სავაქცინაციო პროგრამების მიღმა რჩებიან.

დაბოლოს, რა უნდა ქნას იმ ხალხმა, ვინც მესამე ქვეყნებიდანაა და ევროკავშირში მოგზაურობა სურს?

ეს წინადადება, პირველ რიგში, ეხება ევროკავშირ -27-ს. თუმცა არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მის გამოყენებასაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კოორდინაციის მთელ მსოფლიოში გაფართოების გზით.

ეს თეორიულად კარგად ჟღერს, მაგრამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები დასავლეთ ბალკანეთსა და ბლოკის აღმოსავლეთ სამეზობლოში ამ პროცესს ნერვიულად მიადევნებენ თვალს.

ჩვენ ვერასოდეს მივხვდებით, რა დგას ჩრდილში, სანამ ის, რაც ჩრდილში დგას, სინათლეზე არ გამოვა.

ერთი სიურრეალისტური დღე წარმოვიდგინოთ. სტუდენტი ხარ, დილით იღვიძებ, დგები და ვარაზისხევის გავლით, ვახვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიემართები, ან ილია ბებურიშვილის უნივერსიტეტისკენ. ყოველ შემთხვევაში, ერთი გზა გაქვს გასავლელი - ორივე ბებურიშვილის ქუჩაზეა, ერთი დასაწყისში, მეორე - სადღაც მზიურთან, სადაც ბავშვები ბამბის ნაყინს ჭამენ, შესასვლელში დარგული ხე კი ერთ-ერთი პირველი აყვავდება ხოლმე თბილისში.

სანამ ყველა საბოლოოდ დაბნეულა, სიურრეალიზმი ცოტა ხნით გადავდოთ. რისი თქმა მინდოდა, კანონით ადამიანს შეუძლია დედის გვარიც ისევე ატაროს, როგორც მამის, თუმცა, ტრადიციულად, ჩვილს მაინც ყველა მამის გვარზე წერს, დედები ჩრდილში რჩებიან.

ზოგადად, მგონია, რომ კაცობრიობა მატრიარქატისკენ მიდის. რატომ მგონია და რამდენად სწორად, ეს სხვა თემაა, მაგრამ შორეულ მომავალში მართლაც რომ მივიღოთ ისეთი საზოგადოება, სადაც ქალს თუნდაც ისე დააფასებენ, როგორც ახლა კაცს აფასებენ, მათ, ვინც წარსულში დარჩა, მაინც არაფერი ეშველებათ. დრო ამ ადამიანებს წლების განმავლობაში გულმოდგინედ ივიწყებდა სახელის, გვარის, ჩუმი შრომისა და იმ ნიჭის ჩათვლით, რომელიც შვილებს მათი გენებითაც გადაეცათ. შვილები, მომავალში დიდი საზოგადო მოღვაწეები, რა თქმა უნდა, ყველანი მამის გვარზე იყვნენ და ისტორიაშიც ამ გვარებით დარჩნენ.

წმინდა თეორიული თვალსაზრისით, მომავალში მოგზაურობა უფრო რეალურია, ვიდრე წარსულში - ბოლოს და ბოლოს, გაგყინავენ და 50 წლის მერე გაგაღვიძებენ. მაგრამ როგორ გინდა იქ აღმოჩნდე, სადაც ეკატერინე აბაშიძე ჯერ კიდევ ცოცხალია და ათასგვარი ეშმაკობით ცდილობს თავის გაცელქებულ და გაზარმაცებულ შვილს წერა-კითხვა ასწავლოს. ეკატერინე აკაკის დედა იყო და რომ არა ზემოხსენებული ტრადიცია, წერეთლის გამზირის ადგილას დღეს აბაშიძის გამზირი გვექნებოდა, ხოლო აბაშიძის ქუჩის ნაცვლად - მოდებაძის ქუჩა.

და განა მარტო ეს?

მარჯანიშვილის ნაცვლად ჭავჭავაძის თეატრში ვივლიდით, სადაც დავით ღოღობერიძის „სამანიშვილის დედინაცვალს“ დადგამდნენ. ბავშვები პირველ კლასში კალმახელიძის „დედა ენას“ ისწავლიდნენ, უახლესი ისტორიიდან კი შეიტყობდნენ, როგორ წავიდა ნოე ჩიქოვანის მთავრობა ემიგრაციაში. ნიკოლოზ ორბელიანის წერილებსაც წაიკითხავდნენ ბიძის, გრიგოლ ბაგრატიონისადმი მიწერილს: „შევიტყვეთ, რომ თურმე ფრანციულს ჰსწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: ,,სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო!”

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

რუსთაველი კი ისევ რუსთაველი იქნებოდა, სწორედ იმის გაკვეთილად, თუ როგორ შეიძლება ჩრდილში დაგრჩეს იმ ადამიანის ვინაობა, ვინც შენი ქვეყნის მთავარი წიგნი დაწერა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG