Accessibility links

ბლოგები

შაბათი, 4 მაისი 2019

კალენდარი
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

ერთი რამ ცხადია - ის დაიწყო იერუსალიმში! მაგრამ რა არის ის, რაც იერუსალიმში დაიწყო? ქრისტიანობა? სიტყვა ქრისტიანობა ხომ ანაქრონიზმია პირველ საუკუნეში?! მართალია მოციქულთა საქმიდან ვიგებთ, რომ „ანტიოქიაში მოწაფეები პირველად იწოდნენ ქრისტიანებად“...მაგრამ სიტყვა პირველად ხომ გულისხმობს ამ ტერმინის შემდგომ გამოყენებას?! თუმცა, როგორც ჩანს, ვერც მოციქულთა საქმის ავტორმა, ვერც სხვა სამოციქულო მამებმა ვერ შეისისხლხორცეს ეს ტერმინი, რომელიც ახალ აღთქმაში სულ სამჯერ გვხვდება (საქმენი XI, 26; XVI, 28 და 1 პეტრე IV, 16). როგორც ჩანს, ტერმინ ქრისტიანს სამოციქულო მამები სხვა კრებით სიტყვებს ამჯობინებდნენ: დები, ძმები, წმინდანები და აშ.

(მკითხველს არ გაუკვირდეს, თუ ახალ აღთქმაში სიტყვა დებს ხშირად შეხვდება. არც ის გაუკვირდეს, თუ აღმოაჩენს, რომ ქალები არა მარტო ეკლესიებს ედგნენ სათავეში, არამედ მოციქულებადაც იყვნენ წოდებულნი).

ქრისტიანისგან განსხვავებით ერთ-ერთი კრებითი ტერმინი, რომელსაც ხშირად ვხვდებით ახალ აღთქმაში, არის მორწმუნე (მარტო მოციქულთა საქმეში ეს კრებითი ტერმინი სულ ცოტა თორმეტჯერაა გამოყენებული. ხოლო პავლე მოციქულთან კიდევ უფრო ხშირად ვხვდებით). თუმცა სიტყვა მორწმუნე ახალ კითხვას აჩენს - რის მორწმუნე? იესოსი? დავუშვათ. მაგრამ რა კავშირი აქვს იესოს ქრისტიანობასთან? როგორ არის იესო იმ ის-ის დამაარსებელი, თუ ეს ის ჩამოყალიბდა, როგორც ანტითეზა იუდაიზმისა და თუ იესოს მორწმუნეებში ებრაელებს ვერ ვხვდებით?! ვინაიდან თვით იესო ხომ საკუთარ მოწაფეებს არწმუნებდა, რომ მხოლოდ ებრაელებისათვის იყო მოვლენილი: „აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.- ვინაიდან - სხვას როდის მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს“ .

ან იქნებ ეს ის დაიწყო იესოს აღდგომით? მაგრამ როგორ ჩავთვალოთ, რომ ის დაიწყო იესოს აღდგომით, მაშინ როცა იესოს აღდგომაზე სახარებები ერთსულავანნი არ არიან?! ყოველ შემთხვევაში, სახარებათა შორის უძველესს, მარკოზისას, ყველაზე არქაული ხელნაწერები მეთექვსმეტე თავის მერვე მუხლზე თავდება - „და გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგანაც ეშინოდათ“. იესოს გამოცხადების ეპიზოდი კი (მარკოზი XVI, 9-20) არ არის არც ბერძნულ უძველეს ხელნაწერებში (სინას კოდექსი, ვატიკანის კოდექსი), არც უძველეს სირიულ, ქართულ თუ სომხურ ხელნაწერებში. ვერც ეკლესიის მამები - კლიმენტი ალექსანდრიელი, ევსევი კესარიელი თუ ორიგენე - ვერ ადასტურებენ ამ მუხლების არსებობას. როგორც ჩანს, აღდგომის სასიხარულო ამბავს უჭირდა ტრადიციაში დამკვიდრება...

ასე რომ, თუ იოაჰან სებასტიან ბახის ღვთაებრივ მესაში ტრაგიკული Crucificus-ი ("ის ჯვარს ეცვა") ძალზედ ბუნებრივად გადადის სიხარულით აღსავსე Et Resurrexit-ში („და ის აღდგა“), ქრისტიანულ ტრადიციაში ეს გარდაქმნა სავარაუდოდ ასე უმტკივნეულოდ არ მომხდარა.

მაგრამ მოდით გვერდზე გადავდოთ ბახის ღვთაებრივი მუსიკა და ახალი აღთქმის ტექსტებს დავუბრუნდეთ: ზემოთ ხსენებული მაგალითები მხოლოდ ერთი-ორი წვეთია კითხვების იმ ოკეანეში, რომელიც შეიძლება ამ ტექსტებით დაინტერესებულ მკითხველს გაუჩნდეს. ასე რომ, იქნებ ჯობდეს, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის მზადებისას მაინც მორწმუნემ დროებით გვერდზე გადადოს როგორც მოგვიანებით გამოგონილი რიტუალები, ისე ობსკურანტიზმში ჩავარდნილი მღვდლების „რჩევები“ და ახალი აღთქმის კითხვას მიჰყოს ხელი...

მოხუცი, თავსაფრიანი ქალი, რომელიც ძირს იხრება და ათობით სხვა თანასოფლელთან ერთად ქვას ესვრის პოლიციის რაზმს - შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ვიდეოკადრებს, როგორც კანონდარღვევას თუ ნივთმტკიცებას, უსასრულოდ ატრიალებს მედია, მაგრამ ისიც ვიკითხოთ, რამ აიძულა ასაკიანი, ალბათ შვილიშვილების პატრონი ქალი, მიეტოვებინა ოჯახი, კერა და ხეობაში ჩასული პოლიციის რაზმისთვის გაეწია გავეშებული წინააღმდეგობა, მკერდი მიეშვირა ხელკეტებისთვისა და რეზინის ტყვიებისთვის?

განა, ყოველ დღე ისვრიან ქვებს საქართველოს მთაში მცხოვრები, ტრადიციულ ოჯახებში აღზრდილი ქალები? რამ შეიძლება ერთ აზრზე დააყენოს განსხვავებული ასაკისა და სქესის ამდენი ადამიანი და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიოს სპეციალური დანიშნულების რაზმს? იქნებ, სასოწარკვეთამ, მათ წინ აღმართულმა ყრუ კედელმა?

როგორც ჩანს, ქვა ისევ რჩება სასოწარკვეთილი ადამიანების ერთადერთ იარაღად გულქვაობისა და უგუნურების წინააღმდეგ, როცა არჩევანს არ გიტოვებენ, როცა არაფრად გაგდებენ, არაფერს გეკითხებიან და შენი ნების მიუხედავად გიცვლიან საცხოვრებელს ისე, როგორც შეუცვლიდნენ ტყეში ირმებსა და მინდვრებში მგლებს! როცა შენი შიში, ჰესის აშენებით დაკარგო მდინარე და, შესაბამისად, ცხოვრების შესაძლებლობა, მიჩნეულია ჩამორჩენილი ადამიანის არარაციონალურ შიშად და შენთან სალაპარაკოდ მოჰყავთ არა ავტორიტეტიანი, მიუკერძოებელი გეოლოგები და ეკოლოგები, არამედ სპეცდანიშნულების სამშენებლო რაზმი - მინისტრებისა და ინვესტორების, პოლიციელებისა და მშენებლების, ექსკავატორებისა და ჯავშანტრანსპორტიორების უცნაური ნაზავი.

„ალაზანი ჩვენი ხერხემალია! ალაზანი, თუ წაგვართვეს, აღარ გვეცხოვრება!“ - ამ ერთ წინადადებამდე დაიყვანება პანკისის ხეობის მთელი მოსახლეობის გულისტკივილი და პოზიცია. ალაზნის, როგორც სასმელი და სარწყავი წყლის დაკარგვის შიში უბიძგებთ მათ მოქმედებისკენ და არაფერი სხვა, მათ შორის არც რელიგიური, არც ეთნიკური ან სხვა სახის პრობლემები და, თუ ვინმეს რამე საჩოთირო წამოცდა ცხელ გულზე, როცა გონება რისხვითა და ცრემლსადენი გაზით ჰქონდა არეული, არ ღირს ამ ამბისთვის სერიოზული მნიშვნელობის მინიჭება.

თუ ჰესი საყოველთაო სიკეთეა, მაშინ ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს ხალხის დარწმუნება მშენებლობის სიკეთეში და თუ ვერ დაარწმუნებს, იმდენი ხნით უნდა გადადოს მშენებლობა, რამდენი ხანიც დასჭირდება დარწმუნებას. აკი, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა კიდევაც, მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმაო, ოღონდ ეს თქვა მას შემდეგ, რაც სამყაროს გაჩენიდან მიწაში უძრავად ნადებმა ქვებმა ფრენა დაიწყეს, ხოლო თუ რა ფაქტორები აფრთიანებს ქვებს, საყოველთაოდაა ცნობილი და ამ ფაქტორებში ძალაუფლების ენას, რომლითაც ჯერ შს მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თვითონ მინისტრი ელაპარაკებოდა მოსახლეობას, უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს.

შს მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ენას ასევე მძიმე კვალი დაამჩნია მთავარ ოპონენტებთან („ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) დავამ და კინკლაობამ, როცა მათთან დაპირისპირებაში არგუმენტების მცირე ჩამონათვალით - „სისხლიანი 9 წელი“, „საკითხის პოლიტიზირება“, „რევანშიზმი“ და ა.შ. - გადიოდა ფონს. 21 აპრილის დრამატულმა ამბავმა გამოაჩინა, რომ ხელისუფლებას სხვაგვარად ლაპარაკი არც საზოგადოების სხვა ჯგუფებთან შეუძლია და, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასაც ისე ექცევა, როგორც ექცევა პოლიტიკურ ოპონენტებს, არადა, ხალხი თავის სამშობლოსა და საარსებო გარემოს იცავს, იცავს ჰესებისგან, რომლებიც, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენელს ნუგზარ ზაზანაშვილს რომ დავესესხოთ, „გველეშაპებივით "ყლაპავენ" პატარა, უმშვენიერეს მდინარეებს და პატარა ხეობების ეკოსისტემებს უქმნიან საფრთხეს, სწორედ იმ ხეობებისას, სადაც მდიდარი ბიომრავალფეროვნებაა "შენახული"! თან ქვეყნის ენერგოსისტემას, ფაქტობრივად, არაფერს აძლევენ, ტურისტულ პოტენციალს კი ანადგურებენ!“.

ჰესების მშენებლობას წლებია ასევე აპროტესტებენ სვანეთში, აჭარაში, რაჭაში... თუმცა რეზინის ტყვიებისა და ქვების სროლამდე საქმე მხოლოდ პანკისის ხეობაში მივიდა, რადგან აქ უფრო მძიმე და ყრუ კედელი აღიმართა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ამ კედელში მძიმე ლოდებად დალაგდა როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე წლების განმავლობაში დაგროვილი უნდობლობა გამოწვეული პოლიციის და უშიშროების სამსახურის აქტიური ჩარევით ხეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამ ყრუ კედლიდან დაცვენილი ქვები დაფრინავდა 21 აპრილს სოფელ ბირკიანთან. ლამის მთელი სოფელი - ქალი, კაცი, დიდი და პატარა ისროდა ამ ქვებს, რაც კანონის ენით, დანაშაულია გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. კანონი დაირღვა, გიორგი გახარიამაც პირობა დადო, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩებოდა, მაგრამ როგორ უნდა დასაჯო 70-80 წლის თავსაფრიანი ქალები, რომლებიც ქმრების, შვილების და შვილიშვილების მხარდამხარ იცავენ თავს?

იქნებ, გაკვეთილად მაინც გამოგვადგეს 21 აპრილის გამოცდილება, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის აღმართული უნდობლობის კედელი სასწრაფოდაა დასაშლელი და გასატანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ეს კედელი მაინც დაინგრევა და ძნელი მისახვედრი არაა, თუ რა ტრაექტორიას მოხაზავენ კედლიდან დაცვენილი ქვები.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG