Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეონაცისტური ჯგუფები საქართველოში


ნეონაცისტური ჯგუფები საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:23:14 0:00

„ნეონაცისტურ ჯგუფებს აქვთ საკმარისი რესურსი განვითარებისთვის“, - ამბობს “ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი „დილის საუბრებში“. მისმა ორგანიზაციამ მოამზადა და სამაგიდო გამოკვლევა „სიძულვილის მონობაში: ნეონაცისტური ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში“. ნაშრომში არის რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის. აგიტ მირზოევის თქმით, ნაშრომი ეძღვნება გასული წლის 30 სექტემბერს მოკლული მისი კოლეგის - ვიტალი საფაროვის ხსოვნას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაიღუპა ან დაზარალდა ნეონაცისტური ულტრამემარჯვენე ჯგუფების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად: „მეც მამა ვარ და ყოველი მსგავსი ტიპის დანაშაულს განვიხილავ როგორც ჩემი შვილების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ქმედებას. ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და ამიტომაც ვარ დაკავებული ზუსტად ამ საქმით, რომ ის, რაც განიცადა ვიტალი საფაროვის დედამ, აღარ განიცადოს არც ერთმა დედამ საქართველოში - როცა არც საღამოს და არც დილით მისი შვილი შინ არ დაბრუნდება“. აგიტ მირზოევი უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ნეონაცისტური იდეოლოგიის ჯგუფებში ახალგაზრდების რეკრუტირების პრევენციას. სწორედ ამას ემსახურება „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ მიერ მომზადებული რეკომენდაციები სამართალდამცავი უწყებებისა და გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის. გამოკვლევის ერთ-ერთი მიგნებაა ის, რომ არ არსებობს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საერთო სტატისტიკა. არ ხდება დისკრიმინაციის შემთხვევების აღირცხვა. „ძალოვანი უწყებები მოქმედებენ პოსტ ფაქტუმ და მათ არ ყოფნით გამოცდილება, არ აქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა როგორ უნდა შეეწინააღმდეგონ სიძულვილს“, - ამბობს აგიტ მირზოევი. ერთ-ერთ გამოწვევად ის თვლის სოციალურ ქსელებში ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათი წევრების აქტივობის მინიმიზაციას. ისინი ფართოდ, ღიად ქადაგებენ თავიანთ იდეოლოგიას, ძალადობას, ემუქრებიან ადამიანებს. „გვესმის, რომ ერთჯერადი ქმედებით მათ ვერ მოვაშორებთ სოციალურ ქსელს, მაგრამ თუ კომლექსურად მივუდგებით, მაშინ არც ერთი ქსელი, „იუზერი“ და სივრცე არ უნდა დავუტოვოთ სიძულვილის ქადაგებისთვის“. აგიტ მირზოევი ლაპარაკობს საქართველოში მოქმედი ნეონაცისტური ჯგუფების ორ თაობაზე: „პირველი თაობა, რომელიც ქადაგებს და ეფუძნება პატრიოტიზმს, „ენა, მამული, სარწმუნოება“ - ამ იდეალურ ფასეულობათა კრებულს იყენებს სიძულვილის ქადაგებისთვის: ვიღაც გვართმევს ენას, ვიღაც ემუქრება ჩვენს მამულს და ა.შ.. ასეთ ჯგუფებს მიეკუთვნებიან „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, მათ შორის არიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. მათი ლოზუნგები და იდეოლოგია პირდაპირ კავშირშია ამ ჯგუფთან. მივიღეთ აგრეთვე მეორე თაობა - უფრო ახალგაზრდებისა, ვისთვისაც სარწმუნოება არ წარმოადგენს დიდ ფასეულობას. პირველის შემთხვევაში, თუ არ ხარ მართლმადიდებელი, არ ხარ ქართველი - ეს პრინციპი მოქმედებს. ახალი თაობის ნეონაცისტურ ჯგუფებში საკმარისია შენს თავს მიაკუთვნებდე ეთნიკურად ქართულ წარმომავლობას, რაც გაძლევს ქართულ რასასთან კავშირს და უპირატესობას სხვა ჯგუფებზე. მაგალითად, „ბერგმანის“ ჯგუფის ძალიან ბევრი წევრი არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს თავს, ისინი თვლიან, რომ რელიგია ის არის, რასაც თავად ქადაგებენ - თეთრი რასის უპირატესობა“. ვინ შეიძლება მოექცეს ნეონაცისტური ჯგუფების თვალთახედვის არეალში, როგორც პოტენციური მოკავშირე? “ბევრი ახალგაზრდა მშობლების ყურადღების მიღმა რჩება და ქუჩაში ცდილობს თვითრეალიზაციას. როგორც წესი, ეს ახალგაზრდები იმ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ნაკლებად თვითრეალიზებულები არიან, ნაკლებად წარმატებულები და მათ ეუბნებიან - აქ არის თქვენი ადგილი. ანიჭებენ იმხელა ფუნქციას მათ ყოფნას იქ და მათ ბრძოლას, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამ ცდუნებას ვერ გაურბის. განათლების სისტემაა ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გავზარდოთ შვილები, რომლებიც ერთმანეთის განსხვავებულობას კი არ შეეწინააღმდეგებიან, არამედ მიიღებენ ფასეულობად. გენიალურია ჩვენი განსხვავებულობა!“ აგიტ მირზოევი სთხოვს ყველა მშობელს ელაპარაკონ თავიანთ შვილებს საფრთხეებზე, რომლებიც რადიკალური ჯგუფებისგან მოდის. ზოგადად კი, ისურვებდა, საზოგადოების ყველა წევრი მეტად ვუკვირდებოდეთ არა მხოლოდ იმას, რას ვაკეთებთ, არამედ რას ვამბობთ, როგორ ვხუმრობთ: „იუმორშიც, ანეკდოტებშიც ვაზავებთ სიძულვილის ელემენტებს, რაც ძალიან სახიფათოა“.

XS
SM
MD
LG