Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო: თანამშრომლობა რეგიონული კონფლიქტების ფონზე


ელმარ მამედიაროვი, დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ
ელმარ მამედიაროვი, დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ხელი მოაწერეს მე-8 სამმხრივი შეხვედრის ერთობლივ განცხადებასა და 2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან - ელმარ მამედიაროვთან და თურქ კოლეგასთან - მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრათა ფორმატი „რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველი და წარმატებული მექანიზმია“.

„ორმხრივ დონეზე საქართველოს სამაგალითო ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან - ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია; ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საერთო ინტერესის სფეროში შემავალ პროექტებს შორის დასახელდა:

  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ენერგეტიკული პროექტები;​
  • ტრანს-ანატოლიური (TANAP) ბუნებრივი აირის მილსადენი - „პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ახალი რეალობის ჩამოყალიბებას ევროპული ენერგოუისაფრთხოების არქიტექტურაში“;
  • ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი - „ევროპისა ადა აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტი;
  • ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მასშტაბური მიზანი.

დავით ზალკალიანმა საგანგებო პრობლემად დაასახელა რეგიონში არსებული კონფლიქტები, რომლებიც „სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“ და რომლებიც ასევე „აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“. ითქვა, რომ არსებული კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის გათვალისწინებით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის თქმით, მოუგვარებელი კონფლიქტების თვალსაზრისით დიდია მსგავსება მის ქვეყანასა და საქართველოს შორის. მამედიაროვმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ორივე ქვეყანა საერთაშორისო სამართლით ხელმძღვანელობს.

სამმხრივი ფორმატის პირველი შეხვედრა 2012 წელს თურქეთში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG