Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აი, ეს სიმღერა უხდება ბოლოდროინდელ ამბებს ყველაზე მეტად


ხანდახან ცდილობ გადაწყვიტო, თუ რომელი სიმღერა შეესაბამება მიმდინარე ამბებს ყველაზე კარგად და მერე ვერ ხვდები, ეს მიმდინარე ამბები საერთოდ რა არის.

ჯერ ხომ საერთოდ რამდენიმე დღეა რეპრესიებია. მამაკაცები ერთად შეიკრიბნენ და გეებს ხელები უნდა გაუკოჭონ. ბრბო ვიღაც ტიპის კარის შემოტეხვას ლამობდა - ჭრელი ფარდა რატომ გიკიდიაო. ვიღაცეებს მეტროში ურტყეს - საყურეებისთვისო.

მერე ყველას გაუკვირდა, ეს რა ხალხი მოვიდაო? ახლა ხომ არ მოსულან? 17 მაისის მეორე დღეს ვიღაცეებმა ქუჩაში გოგო დაკბინეს. არ გახსოვთ? მკბენარი თუ მკბენარები არ დაუკავებიათ.

მერე, გახსოვთ, ვიღაც ტიპის ფოტო რომ გავრცელდა, შოთა რუსთაველს გავსო. იმას მერე ფეისბუკზე ურდოები მიესივნენ - „ამიერიდან ტრუსიკში ფოტოს გადაღება აღარ გაბედო, შენ, იცი, ვის გავხარო?!“ არადა ის ტიპი ფრანგი მოდელი იყო, მანამდე საქართველო სულ არ იცოდა ალბათ.

ჰოდა მერე რაღა გასაკვირია, საყურიან ბიჭს რომ აუხირდება ვინმე.

თუმცა, ის ჭრელი ფარდის ამბავი მაინც ძალიან მაზალოა.

მერე კიდე რუსი კომუნისტი მართლმადიდებელი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა და აი, ეგ აღმოჩნდა ყველაზე ცუდი რამე. არადა, ირაკლი კობახიძის ნაცვლად თამარ ჩუგოშვილის სკამი რომ დაეკავებინა მაშინ არა უშავდა? ვიღაც მეორე თავისნაირი ჩამოყოლია თან, რომელიც გვეკაიფა - რა ოკუპაცია, რის ოკუპაციაო. ვინ, ჩვენო? რუსები, კაცოო? სად გაგონილა ჩვენი ოკუპირებული რამეო. გეშლებათო.

მერე ხატებს ჩუქნიდნენ ერთმანეთს.

ჰოდა ის კაცი ვიდრე იმ სკამზე დაჯდებოდა კი პარპაშებდა, როგორც უნდოდა. ბოლო წვეთი მაინცდამაინც კობახიძის სკამის წაბილწვა აღმოჩნდა. მერე ოცნებაში ყველამ შეიცხადა - ეს კაცი ვინაა და აქ როგორ მოხვდაო. ესო, ალბათ ზაქარიამ შემოაპარაო.

პარალელურად ნახევარ ქალაქში მაჩხუბარი კაცები იკრიბებიან.

ჰოდა, რა სიმღერა ასახავს ამ ყველაფერს? განა მარვინ გეის „ვოთს გოინგ ონ?“ არანაირად!

აი, ეს რაღაცა. სიმღერა რაზეა არ ვიცი - წიწილებზე ალბათ. კლიპში რა ხდება - აგე, თავად ნახეთ. ვინ იცის?

ჰოდა ეგაა, რა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG