Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი: საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ერეკლე კუხიანიძეზე გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ


თბილისის საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციის დასასრულს, რომელიც საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით იმართებოდა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო პირობა, რომ „ქართული ოცნება“ იმსჯელებს ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას საზოგადოებას ხვალ გააცნობს. ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადებები მისთვის მიუღებელია.

საკრებულოს თავმჯდომარისა და ალეკო ელისაშვილის შეხვედრას წინ უძღოდა დაძაბულობა საკრებულოს შესასვლელთან, საიდანაც შესვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ მოქალაქეებს, მათ შორის, არც აქციის მონაწილეებს. აქციის მონაწილეებმა პირად ნომერზე დაურეკეს ერეკლე კუხიანიძესაც, რათა მისთვის ამ გზით მოეწოდებინათ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა.

თბილისის საკრებულოს წევრმა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გაავრცელა, სადაც თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს.

საკრებულოს დეპუტატი სხვადასხვა დროს აკეთებდა გავრილოვის მხარდამჭერ და მედიის საწინააღმდეგო განცხადებებს ფეისბუკზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG