Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობის ფაქტს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ძალადობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული:

„დაბეჯითებით მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება და გამოიყენონ პირდაპირი კავშირის არსებული საშუალებები, რათა თავიდან აიცილონ ვითარების შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც სახელწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, მორგან ორტაგუსი გამოვიდა.

“როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება თავისი მოვალეობისა, დაეხმაროს მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან, მშვიდობიან მოგვარებაში. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას ამ მიზნის მისაღწევად.

ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რომლებიც მოუწოდებენ მხარეებს, რაც შეიძლება მალე განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები და ხაზს უსვამენ ეუთოს დამკვირვებლების რეგიონში დაბრუნების მნიშვნელობას, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ კვირას სროლის დაწყებაში. ორივე მხარემ მძიმე არტილერია აამოქმედა.

სომხეთის არმიის წარმომადგენლის თანახმად, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცნობა შეტაკების თაობაზე, სროლა დაიწყო 12 ივლისს ნაშუადღევს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხურმა მხარემ სროლა დაიწყო სტრატეგიული პოზიციის დასაკავებლად.

12 ივლისის ღამით, ასევე 13 ივლისს დილით კვლავ იტყობინებოდნენ სროლის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG