Accessibility links

„ამირანში“ მაყურებელი იკრიბება მეორე სეანსისთვის ფილმისა - „და ჩვენ ვიცეკვეთ“


ვითარება მცირე ხნით დაიძაბა კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც მაყურებელი იკრიბება მეორე სეანსისთვის შვედურ-ქართულ-ფრანგული ფილმისა „და ჩვენ ვიცეკვეთ“. პირველი სეანსი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ კიდევ ორი ადამიანი დააკავეს მაშხალების სროლის გამო.

„მოღალატეებო“, „გამყიდველებო“, „სამარცხვინოებო“, „ვინ გაგზარდათ“ - ასეთი შეძახილებით ხვდებიან რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პირველი კინოსეანსიდან გამოსულ მაყურებელს და ასევე მათ, ვინც შედის „ამირანში“ , ფილმის მეორე სეანსისთვის.

გაცილებით დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ მაყურებლებს, რომლებსაც ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ 19:00- საათიანი ჩვენებისთვის. მაყურებლების ნაწილმა კინოთეატრში შესვლა მხოლოდ დაგვიანებით, პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფნის გავლით მოახერხა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თქმით, პოლიცია მოუწოდებდა აქციის მონაწილე რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს, გაეთავისუფლებინათ კინოთეატრის შესასვლელი და გაეტარებინათ ფილმის სანახავად მისული ადამიანები.

ისინი პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ - კინოთეატრთან მყოფი პოლიციელების კორდონის გარღვევასა და შენობაში შესვლას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ. ამ დრომდე დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.

ქართულ-შვედურ ფილმს ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევენ „ქართული მარში“ სანდრო ბრეგაძის ხელმძღვანელობით, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად. ფილმის ჩვენების ჩაშლის ძალადობრივ გეგმას ისინი ბოლო დღეებში აქტიურად ახმოვანებდნენ.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მასშტაბური მობილიზაცია შეიმჩნეოდა.

ფილმის პირველი სეანსის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს წინააღმდეგობა არ შეხვდა სხვა კინოთეატრებში. როგორც "cavea"-ს კინოთეატრების ქსელის წარმომადგენელმა, მაია სიხარულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პირველი სეანსი ყველგან დროულად დაიწყო.

ამ ეტაპზე დაძაბულობაა ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“, სადაც პირველი სეანსი 10:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

ლევან აკინის ფილმის („და ჩვენ ვიცეკვეთ“) ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში - 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG