Accessibility links

“ამნესტი ინტერნეიშენალი”: გასულ წელს საუდის არაბეთმა ყველაზე მეტი ადამიანი დასაჯა სიკვდილით


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, “ამნესტი ინტერნეიშენალი”, აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ, რომელშიც წერს, რომ შარშან, გლობალურად, სიკვდილით დასჯის შემთხვევები 5 პროცენტით შემცირდა და ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები შემთხვევა აღირიცხა, ყველაზე მეტი შემთხვევა კი საუდის არაბეთში, ერაყში, სამხრეთ სუდანსა და იემენში იყო.

„საუდის არაბეთმა 2019 წელს რეკორდულად ბევრი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, მიუხედავად იმისა, რომ, მთლიანობაში, მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა იკლო“, - იუწყება ორგანიზაცია. - „საუდის არაბეთში შარშან 184 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია, რომელიც კი “ამნესტის” ამ ქვეყანაში აღურიცხავს ერთი წლის განმავლობაში. პარალელურად, სიკვდილით დასჯის შემთხვევები გაორმაგდა ერაყში, ირანმა კი შეინარჩუნა თავისი ადგილი, როგორც მსოფლიოში მეორემ სიკვდილით დასჯის რაოდენობით, ჩინეთის შემდეგ, თუმცა სიკვდილით დასჯილი ადამიანების ზუსტი რიცხვი იქ სახელმწიფო საიდუმლოდ რჩება. ეს სახელმწიფოები წინააღმდეგობაში მოდიან გლობალურ ტენდენციასთან: უკვე მეოთხე წელია, იკლებს სიკვდილით დასჯის შემთხვევები. 2019 წელს აღირიცხა სულ მცირე 657 შემთხვევა, 2018 წელს კი ეს მონაცემი სულ მცირე 690 იყო, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მონაცემია“.

„სიკვდილით დასჯა შემზარავი და არაჰუმანური სასჯელია და არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომ ის პატიმრობაზე მეტად აკავებს დანაშაულს. ამას ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს და იმედისმომცემი გარემოებაა ის, რომ სიკვდილით დასჯის შემთხვევები იკლებს მსოფლიოში“, - ამბობს კლერ ალგარი, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ კვლევის, ადვოკატირებისა და პოლიტიკის განყოფილების დირექტორი.

„თუმცა სახელმწიფოთა მცირე ჯგუფი წინააღმდეგობაში მოვიდა სიკვდილით დასჯის შემთხვევების შემცირების ამ გლობალურ ტენდენციასთან, ამ სასჯელის უფრო ხშირად გამოყენებით. საუდის არაბეთში მატულობს სიკვდილით დასჯის შემთხვევები, მათ შორის როგორც იარაღი პოლიტიკური დისიდენტების წინააღმდეგ, რაც შემაშფოთებელი გარემოებაა. ასევე თავზარდამცემი იყო მასშტაბური ზრდა ერაყში, სადაც ერთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები“, - ამბობს ის.

სიკვდილით დასჯის შემთხვევების სიმრავლის თვალსაზრისით, 2019 წელს პირველ ადგილზე იყო ჩინეთი (1000-ები), შემდეგ ირანი (სულ მცირე 251), საუდის არაბეთი (184), ერაყი (სულ მცირე 100) და ეგვიპტე (სულ მცირე 32).

„ამნესტის“ მონაცემები არ მოიცავს ჩინეთს, სადაც სიკვდილით დასჯის შემთხვევები, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ათასებს ითვლის, სახელმწიფო საიდუმლოა. სხვა სახელმწიფოები, სადაც სიკვდილით დასჯა ხშირია, - მათ შორის ირანი, ჩრდილოეთი კორეა და ვიეტნამი, - კვლავ განაგრძობენ სრული სურათის დამალვას, ამ საკითხზე ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, - იუწყება ორგანიზაცია.

რაც შეეხება სიკვდილით დასჯის შემთხვევების კლებას, „ამნესტი ინტერნეიშენალი“ იუწყება, რომ მნიშვნელოვანი ვარდნა იყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც წლის განმავლობაში შვიდ შემთხვევაზე გავრცელდა ცნობები. იაპონიამ და სინგაპურმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ადამიანთა სიკვდილით დასჯა - 15-დან 3-მდე და 13-დან 4-მდე, შესაბამისად.

2010 წლის შემდეგ პირველად, სიკვდილით არავინ დაუსჯიათ ავღანეთში. პაუზა იყო ტაივანსა და ტაილანდშიც, სადაც 2018 წელს აღირიცხებოდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები. ყაზახეთმა, რუსეთმა, ტაჯიკეთმა, მალაიზიამ და გამბიამ დაიცვეს ოფიციალური მორატორიუმები სიკვდილით დასჯაზე.

მსოფლიოში 106-მა ქვეყანამ კანონით გააუქმა სიკვდილით დასჯა ყველა დანაშაულისთვის, 142-მა ქვეყანამ უმაღლესი სასჯელი გააუქმა კანონით ან პრაქტიკაში.

აშშ-ში კალიფორნიის გუბერნატორმა შემოიღო ოფიციალური მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე თავის შტატში, სადაც ყველაზე მეტი სიკვდილმისჯილია. ნიუ-ჰემფშირი გახდა აშშ-ის 21-ე შტატი, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა ყველა დანაშაულისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG