Accessibility links

site logo site logo

„ამნისტიის კანონის“ ხელისუფლების ვერსია - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 მაისს


გათავისუფლება დაზარალებულის თანხმობის გარეშე - "ამნისტიის კანონის" ხელისუფლების ვერსია ცნობილია

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის პროექტის შინაარსი, რომლითაც პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე ყველა პირი. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სრულად გავრცელდება მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე.

მმართველი პარტიის ვერსიაში ამნისტია არ შეეხება იმ პირს, ვინც მასზე უარს იტყვის. ამ შემთხვევაში პირის მიმართ სამართალწარმოება ისევ გაგრძელდება. თუ კანონის მიღება ამ სახით მოხდება, ის ვერ შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას. ის ამ დრომდე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონი და მის უკან გაწვევას ითხოვს.

ამნისტია ასევე არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის. ამ ნაწილში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციების თანხვედრაა.

კიდევ რა წერია ამნისტიის კანონის ხელისუფლების ვერსიაში, წაიკითხე ვრცლად აქ.

COVID 19-ის უქმეები - ვინ ისვენებს საქართველოში?

4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული, ხოლო 12 მაისს ისედაც უქმე დღე უწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხანგრძლივი უქმეები უკვე მეორედ გამოცხადდა.

ეკონომისტებმა სწორედ დაწესებულ უქმეებს დაუკავშირეს იანვარში ეკონომიკის მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საყოველთაო „დასვენებას“ დასავლეთის განვითარებული ქვეყნები არ აცხადებენ - COVID-19-თან ამგვარ ბრძოლას იქ დამაზიანებელ "ჩაკეტვად“ თვლიან.

მწვავე დისკუსიის საგნად იქცა სამუშაო პროცესის შეჩერება საქართველოს პარლამენტში, სადაც 4 მაისს ბოლო კვირების ყველაზე სადავო კანონპროექტების განხილვა უნდა დაწყებულიყო.

უქმეების პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზების შესახებ წაიკითხე აქ.

შსს ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ძალადობის მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 44 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა გუშინ დაიწყო. დღეს, 5 მაისიდან პროცესში ჩაერთვება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

მწარმოებლის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც რამდენიმე თვეა „სინოფარმს“ იყენებს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ევროკავშირის ქვეყნებიდან „სინოფარმი“ აღიარებული აქვს უნგრეთს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინას იყენებენ 45-მდე ქვეყანაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბოლო 1 წელში პროდუქტი 7,2 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში პროდუქტი 7,2 პროცენტით გაძვირდა. ბოლო ერთ თვეში კი ფასები 0,9 პროცენტით არის გაზრდილი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ერთ-ერთი ჯგუფი, რომელზეც ფასები გაიზარდა, ტრანსპორტია. ზრდა 12,4 პროცენტი იყო. შედარებით ნაკლებად გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, თუმცა ამ ჯგუფში შემავალი რამდენიმე პროდუქტი გაცილებით მეტად არის გაზრდილი. მაგალითად, ზეთი და ცხიმი გაძვირებულია 40,2 პროცენტით.

კორონაპანდემიის პირობებში გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები: ჯგუფში ფასები მომატებულია 13,8 პროცენტით.

მაღალი ინფლაციის გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 მაისიდან სესხზე პროცენტი 120 ათასზე მეტ ადამიანს გაუზარდა.

როგორი იქნება ზაფხულში ევროკავშირში მოგზაურობის წესები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირი ცდილობს წარმოადგინოს ერთიანი წესები როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბლოკის შიგნით იმოგზაურებენ, ისე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში მეგობრების ან ნათესავების მონახულება ან, მაგალითად, შვებულების ალპებსა თუ ხმელთაშუაზღვისპირეთში გატარება სურთ. მაინც რა ხდება ვაქცინების სერტიფიკატებთან მიმართებით და როდის შეძლებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბლოკში მოგზაურობას?

რაც შეეხება საკუთრივ ევროკავშირის სავაქცინო პასპორტს, რომელსაც „ციფრულ მწვანე სერტიფიკატს“ უწოდებენ, პროცესი წინ მიდის, თუმცა ნელი ტემპით. ინიციატივით ამ გაზაფხულზე გამოვიდა ევროპული კომისია და ევროპის პარლამენტი და საბჭო, რომლებიც 27-ვე წევრ ქვეყანას წარმოადგენენ, მოლაპარაკების თავ-თავიანთ მანდატებზე შეთანხმდნენ. ახლა საჭიროა, საბოლოო საკანონმდებლო ტექსტის ფორმულირებისთვის ეს სამი ინსტიტუტი ერთობლივად ამუშავდეს ე. წ. ტრიალოგის ფორმატში. პირველი ასეთი შეხვედრა 3 მაისს გაიმართა და პროცესი მომდევნო დღეებსა და კვირებში გაგრძელდება.

რამდენი დრო დასჭირდება ამ პროცესს და რა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი „მწვანე სერტიფიკატების“ გასაცემად? წაიკითხე ვრცლად რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.

28 წლის რუსთაველი დათა ცინცაძე ის კაცია, ვინც ერთ დღეს რუტინულ სამსახურს თავი დაანება და გადაწყვიტა ის ეკეთებინა, რაც უფრო ბედნიერს გახდიდა. ზუსტად ჯერ მხოლოდ ის იცოდა, რომ ბედნიერების განცდას მოუტანდა ბუნებასთან სიახლოვე, გარემოზე ზრუნვა და თავის ქალაქში რაღაცის შეცვლა.

ისე მოხდა, რომ, თითქოს სიმბოლურად, ყველაფერი მიწით დაიწყო. თავისი ეზოს მცენარეებისთვის კარგი ნიადაგი დასჭირდა და როცა სასურველი მიწა ვერ იშოვა, გადაწყვიტა თავად დაემზადებინა - პანდემიის ზამთარი ბიოლოგიის წიგნების კითხვასა და ქიმიური ელემენტების გადამეორებაში გაატარა და ნიადაგის წარმოებაც დაიწყო.

ნიადაგი რომ გაჩნდა, მერე რუსთავში წლების წინ დარგული კედრების გამრავლება გადაწყვიტა: ტყეპარკებიდან, სადაც უამრავი თესლი იყრება, ღვივდება, უკვე ამოსული პატარა კედრების ნერგები ნიადაგში გადააქვს და მსურველებს ასაჩუქრებს.

რუსთავში ერთ დღეს ურბანული მებაღეობისა და ჰუგელ-კულტურის განვითარება ჯერ მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნების ასრულების გზად დათამ ბავშვები აირჩია - იმას, რაც თავად იცის, მათ ასწავლის და რისიც მართლა სჯერა, ის არის, რომ ვითარებას ისინი შეცვლიან. ისინი უკეთეს გარემოს მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG