Accessibility links

„ანას ბაღის“ მცველები: თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, კახა კალაძის გადადგომას მოვითხოვთ


„ანას ბაღის“ მცველები, სამოქალაქო აქტივისტები და გარემოს დამცველები, თბილისის მერიასთან აქციას მართავენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავენ და მოუწოდებენ, ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი კორპუსის მშენებელ კომპანიას ალტერნატიული სივრცე შესთავაზოს საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად:

„კახა კალაძე, შენ გაქვს ერთი საათი იმისათვის, რომ დაუკავშირდე მშენებელ კომპანიას, შეაჩერო მშენებლობის ნებართვა და შესთავაზო მას ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა, თორემ 13 ივნისს მიიღებ უარეს პროტესტს“, - ასე მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ფხალაძემ თბილისის მერს.

„სამი წელის ვიბრძვით ჩვენი ეზოსთვის, ჩვენი ბავშვებისთვის, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს მერიის მხრიდან. ხომ შეიძლებოდა ერთხელ მაინც ჩავეთვალეთ ადამიანებად, მოსულიყო კახა კალაძე და ენახა რა მდგომარეობაშია ჩვენი ეზო და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა, ამჟამად. ბავშვები როგორ უნდა შევიყვანოთ იმ სკვერში, ისეთი გამონაბოლქვი და მტვერია. კახა კალაძეს შეეძლო ეს საქმე მოეგვარებინა, მაგრამ რატომ ჩაგვიდგა ჯინაში, არ ვიცი“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი თბილისის მერია არ შეცვლის „ანას ბაღის“ მიმდებარედ მშენებლობის გადაწყვეტილებას, 13 ივნისს ისინი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ.

ვარკეთილის მოსახლეობისა და მათი თანამოაზრეების პროტესტი „ანას ბაღის“ გადასარჩენად, სამი წელია გრძელდება. ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა და იქ მრავალსართულიანი კორპუსის აშენება გადაწყდა.

2018 წელს ადგილობრივებმა საჩივრით მიმართეს მერიას. ისინი დოკუმენტში მიუთითებდნენ, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიკეტება ბაღის შესასვლელი და კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას.

2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ დააკმაყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის საჩივარი და ბათილად ცნო არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვა.

თუმცა, მშენებელმა კომპანიამ, „ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა“, კვლავ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

2019 წლის მიწურულს მოსახლეობის პროტესტი აქტიურ ფაზაში გადაიზარდა. „ანას ბაღის“ მცველებმა ბაღის მიმდებარედ კარავი გაშალეს, დაიწყო საპროტესტო აქციები, რასაც 2020 წლის დასაწყისში რამდენიმე აქტივისტის ადმინისტრაციული წესით დაკავებაც მოჰყვა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოსახლეობა, რომელიც კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.

2020 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტების სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მშენებლობის დაუყოვნებლივი შეჩერების განჩინება გამოიტანა.

აპრილის მიწურულს კი სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა მშენებლობა „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და საქმე განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს, რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

29 აპრილს, „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობდა, რომ მშენებლობა, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG