Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა არგანაშვილი: სისტემის პასუხისმგებლობაში ბოდიშის მოხდას არ ვგულისხმობთ


რუსთავში, სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე ბიძის მიერ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს ორი კრიტიკული კითხვით მიმართავს ბავშვთა უფლებების დამცველი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ანა არგანაშვილი.

  1. შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანს, რეალურად, არ მიუღია ის სამედიცინო დახმარება, რაც უნდა მიეღო, მკვლელობის წინა დღეს, როდესაც მან მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
  2. არსებული სისტემის პირობებში, როდესაც ფსიქიატრებსა და ნარკოლოგებს შორის არსებობს მკვეთრი გამიჯვნა და ეს მათივე თქმით, სისტემის დიდი ნაკლია, სწორედ ამ გახლეჩილი პროფესიის პირობებში, მიიღებდა თუ არა ეს ადამიანი ხარისხიან სამეცინო მომსახურებას? ანუ პრობლემა ადამიანებშია, პროფესიონალებში თუ სისტემაში, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს (რაც უნდა გულისხმიერი ექიმი იყოს) ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას?

ანა არგანაშვილმა ეს შეკითხვები მას შემდეგ დასვა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო არ სწავლობს, თუ რატომ დარჩა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდა სათანადო ყურადღებისა და მომსახურების გარეშე, რასაც საბოლოოდ 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემის პასუხისმგებლობაზე, ჩვენ ბოდიშის მოხდას და „ვწუხვარ“ კომენტარის გაკეთებას არ ვგულისხმობთ. სისტემის პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ ხვალ რომ მივიდეს ადამიანი, სისტემური ხარვეზის გამო, შესაძლოა ამ ადამიანს იგივე საფრთხე შეექმნას. სისტემა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ეს ხარვეზი დაინახოს, იმიტომ, რომ საფრთხე იგივე რჩება. ერთი და ორი ადამიანის დასჯა სისტემურ ხარვეზს ვერ გამოასწორებს“, - აცხადებს ანა არგანაშვილი.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურში უპასუხეს, რომ „თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლია რეგულირების სააგენტოს მიმართოს“ და რომ „სააგენტოში არანაირი საჩივარი და მიმართვა არ შემოსულა“.

საქმე ისაა, რომ მოზარდის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ბრალდებულის მეგობრებმა, მას, მათი თქმით, უცნაური, არაადეკვატური ქცევა შეატყვეს და ჯერ რუსთავის საავადმყოფოში წაიყვანეს, იქიდან კი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადაიყვანეს.

მისი მეგობრები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებაში მათი მეგობარი ადგილების არარსებობის გამო არ მიიღეს, ნარკომანიის პრევენციის განყოფილებაში მისაღებად კი მათ 3000 ლარი მოსთხოვეს, რისი გადახდაც დაკავებულის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იმ წუთას ვერ მოახერხეს და ამიტომ, მათი თქმით, იძულებულნი გახდნენ, მეგობარი სახლში დაებრუნებინათ.

რაც შეეხება საქმის მიმდინარეობას, 12 თებერვალს პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი წარსულში ძარცვისა და ცემისთვის იყო ნასამართლევი. მისივე მტკიცებით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები „არ უფიქსირდება“.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, ზურა დალაქიშვილის განცხადებით კი, აუცილებელია მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპერტიზისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსონ. სწორედ ამ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს ადვოკატი.

ექსპერტიზის დასკვნა განსაზღვრავს ბრალდებულს სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ თუ მას იძულებითი მკურნალობა დაენიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG