Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაცია


„მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) შეისწავლა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხი. მოქალაქეებზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს ის საინფორმაციო სივრცე, რომელშიც იმყოფება. საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს ქართულ საინფორმაციო სივრცეს აშორებს სახელმწიფო ენის არცოდნაც. MDF-ის მკვლევარი ანა ჩიტალაძე "დილის საუბრებში" ლაპარაკობს გამოწვევაზე, რაც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშია: „წყაროები, საიდანაც ვიღებთ ინფორმაციას, რეალურად ახდენენ გავლენას ჩვენს პოლიტიკურ არჩევანზე, შეხედულებებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. NDI-ს და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ დაბალი მხარდაჭერა სწორედ ასეთ რეგიონებშია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არა ამ ხალხის ეთნიკური კუთვნილება, არამედ ის საინფორმაციო გარემოა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“. ნაშრომის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის საინფორმაციო არხების ზეგავლენაზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.  "მათ ხელს უშლის ქართული ენის არცოდნაც და მათ რჩებათ ალტერნატივა, რომ მიმართონ სომხურ და აზერბაიჯანულ ტელევიზიებს და მედიას, ან ხშირ შემთხვევაში რუსულ ტელევიზიებსა და მედიას, რაც რეალურ პრობლემებს ქმნის მათი ხედვების ჩამოყალიბებაში".​ ანა ჩიტალაძე ერთ თავისებურებაზეც ამახვილებს ყურადღებას: "ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული, თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რაც დავინახეთ, არის ის, რომ ზოგადად ამ რეგიონებში საქართველოს სხვა ნაწილებთან შედარებით ტელევიზიის, ტრადიციული მედიის მიმართ ნდობა არის ბევრად ნაკლები. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ეს ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარი პრობლემების ასახვას ტრადიციულ მედიაში. 4 რეგიონში ფოკუს-ჯგუფები რომ გამოვიკვლიეთ, ეს ადამიანები ინფორმაციის მთავარ წყაროდ არაფორმალურ საშუალებებს ასახელებდნენ: მეზობლებს, ჩაი-ხანას და ა.შ., რადგან მათთვის არ არის სანდო მედია, რომელშიც საკუთარ თავს დაინახავდნენ". ანა ჩიტალაძემ ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაზეც მოსახლეობაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოპულარიზაციის კუთხით. მკვლევრის თანახმად, საჭიროა სიღრმისეული კვლევა იმისა - რას უყურებენ და რა ინფორმაციის მიღება სურთ ეთნიკურ უმცირესობებს.

XS
SM
MD
LG