Accessibility links

ანდრია ჯაღმაიძე: თუ იქნება უფრო მკაცრი რეკომენდაციები, სინოდი იმსჯელებს


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები თითქმის ყველა ეკლესიაში სრულდება. დამატებითი შეზღუდვების განსახილველად კი სინოდის შეკრება გახდება საჭირო.

„გვითხრეს - 2 მეტრი დაიცავით (დისტანცია შიგნით) და გარეთ - 1,5 მეტრი... ნიშნულები გავაკეთეთ და თითქმის ყველა ტაძარში გაითვალისწინეს ეს. თუ რაიმე სხვა რეკომენდაციები იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ისევ მღვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ და ითათბირონ ამაზე... სინოდის შეკრება არ არის ლიმიტირებული. შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გამო კვლავ შეიკრიბოს სინოდი...

შეკითხვას რაც შეეხება, რომ სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში თუ შეიძლება რაიმე დაზუსტდეს? შეიძლება დაზუსტდეს. სინოდის გადაწყვეტილება რასაც არ კრძალავს, იქ შესაძლებელია, რომ დაზუსტდეს კიდევ რეკომენდაციები... მე ახლა ვერ ჩამოგითვლით უბრალოდ, ნაადრევი იქნება ჩემგან რაღაცის გაჟღერება... ნებისმიერი დებულება, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმდენად მკაცრად განსაზღვრული, რომ იქ არ შეიძლებოდეს რაღაცის დაზუსტება კიდევ... ამიტომ თუ იქნება ამის აუცილებლობა და მღვდელმთავრები მიიჩნევენ საჭიროდ კვლავ შეკრებას, დაველოდოთ..., - განაცხადა 29 მარტს ანდრია ჯაღმაიძემ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მორწმუნეებმა ზიარება ისევ საერთო კოვზით მიიღეს 29 მარტს.

„წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“, - წერია სინოდის სხდომის 20 მარტის განჩინებაში.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG