Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის გარეშე - ცურვა უკომპასოდ


კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის გარეშე - ცურვა უკომპასოდ
please wait

No media source currently available

0:00 0:52:37 0:00

„საქართველოს უჭირავს საშუალო ადგილი კიბერუსაფრთხოების კუთხით მომზადების თვალსაზრისით“, - აცხადევს ანდრო გოცირიძე, კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი რადიო თავისუფლების ეთერში. ის აღწერს კიბერსაფრთხეებს და იმ სკანდალების უკან არსებული საფრთხის სტრუქტურას, რომელიც საქართველოს შეეხო და მუდმივად ემუქრება.

„საქართველოს უჭირავს საშუალო ადგილი კიბერუსაფრთხოების კუთხით მომზადების თვალსაზრისით“, - აცხადევს ანდრო გოცირიძე, კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი რადიო თავისუფლების ეთერში. ის აღწერს კიბერსაფრთხეებს და იმ სკანდალების უკან არსებული საფრთხის სტრუქტურას, რომელიც საქართველოს შეეხო და მუდმივად ემუქრება.

ბოლო ამბავზე, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სახელი იყო ნახსენები, იუწყებოდა ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებულმა და საქართველოში „ბაზირებულმა“ ჰაკერებმა კიბერთავდასხმის შედეგად ხელში ჩაიგდეს ასობით ბრიტანელის შესახებ კონფიდენციური ინფორმაცია, რომლებიც ბრიტანეთის სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ COVID-19-ზე წარმოებულ გამოკვლევებში მონაწილეობდნენ. ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ შემთხვევის შესახებ სტატიის მიღმა ჯერჯერობით არაფერია ცნობილი:

„თავად ამ სტატიაში მოყვანილი ინფორმაციითაც შეიძლება ეჭვი არსებობდეს, რომ აქ უფრო მეტად საუბარია არა იმაზე, რომ კონკრეტული ჰაკერი საქართველოს ფიზიკურ ტერიტორიაზეა შემოსული და რაღაც კონსპირაციული ბინიდან მოქმედებს. სავსებით შესაძლებელია, ეს იყოს ის გარემოება, რომ საქართველოს ქსელებს იყენებს რუსული სპეცსამსახური. ეს ძალიან დიდი ალბათობით არის შესაძლებელი ერთი მხრივ იმიტომ, რომ რუსეთის სახელმწიფო აქტორების აგრესიული ბუნება ყველასთვის ცნობილია და ერთი წუთითაც არ ყოფილა სიწყნარე ქართულ კიბერსივრცეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს სივრცე აითვისა. მეორე მხრივ, რასაკვირველია, საქართველოს აქვს უამრავი პრობლემა კიბერუსაფრთხოების სფეროში გარდა იმისა, რომ რაღაცებით ვამაყობთ და რაღაცებზე ვამბობთ, რომ კარგად გვაქვს გაკეთებული, არსებობს მთელი წყება პრობლემებისა, რომლებიც ხელს უწყობს რუსულ პენეტრაციას ჩვენს კიბერქსელებში.

მიუხედავად იმისა, დადასტურდება თუ არა ეს ინფორმაცია, ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და სასწრაფოდ, რადგან მოდის საარჩევნო პერიოდი და ჯერ კიდევ 2015-16 წლებიდან იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაფრთხილებები ოფიციალურ თუ ექსპერტულ დონეზე, რომ რუსეთი აუცილებლად გამოიყენებდა ამ პერიოდს საქართველოს კიბერსივრცის შესალახად“.

ანდრო გოცირიძე საფრთხის წარმომავლობისა და სერიოზულობის გარდა, განმარტავს მის მიზნებსა და შინაარსს:

„დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებები და მოწოდებები კიბერსივრცის მნიშვნელობაზე შემთხვევითი არ არის. საქართველო რუსული კიბერთავდასხმის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო და მას შემდეგ იმდენი მოვლენა განვითარდა ამ სფეროში საქართველოს ირგვლივ, რომ ბუნებრივია ჩვენი კიბერსივრცე გაცილებით ძლიერ დაცვას და მწყობრ მიდგომას საჭიროებს სახელმწიფოსგან კიბერუსაფრთხოებზე ზრუნვის თვალსაზრისით.

დასავლელი პარტნიორები მუდმივად მიგვითითებენ და ჩვენც გვაქვს საკმაოდ სამწუხარო გამოცდილება იმისა, რომ რუსული კიბერშეტევები არ შემოიფარგლება მხოლოდ საინფორმაციო-ტექნიკური ეფექტით, რაც გულისხმობს სისტემების მწყობრიდან გამოყვანას, სერვისების შეფერხებას, კომპიუტერული ინფორმაციის მოპარვას და ა.შ., არამედ უკანასკნელი რამდენიმე წელია ორიენტირებულია ასევე ფსიქოლოგიურ ეფექტზე, მოსახლეობის აღქმის შეცვლაზე, მიდგომების შეცვლაზე და არ არის დასამალი, რომ მიმართულია პრორუსული სენტიმენტების გაღვივებისსკენ, დასავლეთისკენ სწრაფვის ჩახშობისაკენ. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მიუხენის კონფერენციაზე გაანაცხადა, რომ რუსული პროპაგანდის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე არის მოსახლეობის ფენების, საზოგადოების ერთმანეთზე გადამტერება, ანტაგონისტური მიდგომების გააღვიძება.

თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, რა ეტაპზე იმყოფება საქართველო და რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, ძალიან ნათლად ჩანს ის კვალი, რომ რუსული სპეცსამსახურები ეწევიან ანტაგონისტური განწყობების გაღვივებას და ამ ბრძოლის ძირითადი არეალი გახლავთ საინფორმაციო სფერო, კიბერსივრცე“.

რამდენად დაცულია საქართველოს კიბერსივრცე ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში, COVID-19-ის პანდემიის ფონზე და საპარლამენტო არჩევნების წინ?

„საქართველოს უჭირავს საშუალო ადგილი კიბერუსაფრთხოების კუთხით მომზადების თვალსაზრისით. ეს რამდენიმე ინდიკატორით განისაზღვრება და ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციების გარკვეულ რეიტინგებში მაღალ ადგილზეც მოვხვდით, მაგრამ ერთია რეიტინგები, ციფრები და მეორეა მის მიღმა რეალობა.

ბუნებრივია, ნებისმიერ, მათ შორის, ჩვენი სპეცსამსახურების ანგარიშებში გამუდმებით აღინიშნება, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის კიბეროპერაციები, თუმცა, ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის საიტი განთავსებულია ნაკლებად დაცულ სერვერზე. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს უკანასკნელი ორი წელია არ აქვს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. უბრალო ფორმალობის გამო ვერა და ვერ მოხერხდა მისი დამტკიცება. ვერა და ვერ მოხერხდა ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია თანამედროვე პრობლემებთან. ახლა 2020 წელია და სულ სხვა გამოწვევებია.

თვითონ კიბერკონფლიქტმაც თავისი ტრანსფორმაცია განიცადა. რუსეთს არათუ არ შეუცვლია თავისი აგრესიული ზრახვები, ერთი-ორად აამაღლა, ხარისხობრივად და თვისებრივად სხვა ჭრილში გადაიყვანა კიბეროპერაციები. ამიტომ, ჩვენც ამ გამოწვევებს განახლებული ძალებით უნდა შევხვდეთ და ეს ძალიან საშური საქმეა, მითუმეტეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“.

ანდრო გოცირიძის თქმით, რუსეთი საკმაოდ სერიოზული კიბერაქტორია და სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია საქართველოსთვის, მსხვერპლამდეც კი მიიყვანოს საქმე. ამ ფონზე კიბერტექნოლოგიების სპეციალისტისთვის კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს საქართველოს სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მიღებას:

„ყველა საკითხის პოლიტიზება ხდება და მითუმეტეს უსაფრთხოების საკითხების, რაც არამც და არამც არ წაადგება ამ სფეროს. უსაფრთხოება ვიწრო პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს ყოველთვის. ფაქტი ერთია - საქრთველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დასრულდა 2018 წელს მისი სამოქმედო გეგმით. 2019-მა წელმა გაიარა. იყო აქტიური მუშაობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ექსპერტების ჩართულობა, ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომლებმაც მანდაც ფასილიტაციის ტვირთი იკისრეს და ფინანსურადაც დაეხმარნენ ამ პროცესს. ფაქტი ერთია, რომ აგერ წელიწადნახევარია სტრატეგია არ არსებობს. როცა არ არსებობს სტრატეგია, ეს ნიშნავს ზღვაში უკომპასოდ მოძრაობას. ზღვაში უკომპასოდ მოძრაობა საკმაოდ საფრთხის შემცველია, მითუმეტეს თუ იქ აგრესიული აქტორებიც არსებობენ და რომ არსებობენ, ამას ყოველდღე ვხედავთ“.

ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ერთადერთი დამცავი არის მისი დემოკრატიულობის ხარისხი და მოქალაქეების გათვითცნობიერებულობა კიბერსაფრთხეების სფეროში:

„მოსახლეობის ფართო ფენების ცოდნა, ინფორმირებულობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, რაც უნდა პროფესიონალური ან ტექნიკური დაცვა არსებობდეს, ნებისმიერ გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელს შეუძლია მტერი ნებსით ან უნებლიედ შემოიყვანოს დაცვის ზღვარს შიგნით და ამით გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. რა შედეგეზეც უნდა იყოს გამიზნული კიბეროპერაცია - იქნება საბანკო ბარათიდან 5 ლარის მოპარვა თუ ამერიკის არჩევნებში ჩარევა, 80-90% შეტევებისა ხორციელდება და გაპირობებულია მომხმარებლის შეცდომით, ადამიანური ფაქტორით.

პროცესებს, რაზეც შეიძლება მოქალაქეების, მოსახლეობის, საზოგადოების აზრი გაიყოს, რუსეთი მუდმივად გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს გაყოფა გადაიქცეს უფსკრულად, იყოს ანტაგონისტური და შეძლებისდაგვარად გამოიწვიოს დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკური და კონვენციური დაპირისპირებაც კი. ეს არის ფაქტი.

საქართველოს ერთადერთი დამცავი არის მისი დემოკრატია, თუ დემოკრატია არ გვქენება, არაფერი განგვასხვავებს რიგი სახელმწიფოებისგან.

ამაშია რუსული პროპაგანდის ვერაგობა - საპირისპირო აზრის განდევნა, შინაარსის კონტროლი - ეს არის სწორედ რუსული გარემოსთვის და ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი. როგორც კი ეს წესი საქართველოში დაინერგება, დროშის აღმართვაღა დარჩება, ოღონდ ამას აღარ დასჭირდება ოკუპაცია, ტანკები, რადგან ეს ბუნებრივად მოხდება“.

ანდრო გოცირიძე იხსენებს 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს, როცა უამრავი მომხმარებლის, მათ შორის - მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყებებისა და მედიაორგანიზაციების საიტები დაიბლოკა და ყველგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფოტო გამოჩნდა. ოქტომბრის შეტევაზე გამოძიების შესახებ 2020 წლის თებერვალში საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გაავრცელეს ინფორმაცია და მის ჩამდენად რუსეთის დაზვერვის სამსახური დასახელდა:

„ცხადია, ძალიან დიდი გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი იმისთვის გაისარჯა, რომ ექსპრეზიდენტის ფოტო გამოექვეყნებინა მოქმედი პრეზიდენტის საიტზე. ჩვენ მუდმივად უნდა ველოდეთ, რომ ჩვენი ქსელი შესაძლებელია გამოყენებული იყოს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ.

უნდა გვქონდეს დაცვის ზღუდეები, რომ რუსეთის სპეცსამსახურმა და სხვა მტრულად განწყობილმა აქტორებმა ვერ მოახერხონ ჩვენი ქსელის შეფერხება, შეჩერება ან თუნდაც, თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება“.

ანდრო გორიციძემ ილაპარაკა ტროლებისა და ბოტების შესახებაც და რაც მან აღწერა, არის გაცილებით დიდი ზიანის მომტანი, ვიდრე რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური ინტერესის ჯგუფის ინტერესების ხელყოფაა:

„ტროლების და ბოტების ინსტიტუტი არის რუსული და ნაწილობრივ ირანული მოვლენაც. რუსეთი და ირანი მიხვდნენ, რომ „ფეისბუკში“ დაგეგმილი პროცესები შესაძლებელია უკონტროლო იყოს და შექმნეს ეს ინსტიტუტი იმისთვის, რომ ინტერნეტიდან, როგორც დემოკრატიული სივრციდან განედევნათ საწინააღმდეგო აზრი და დაემკვიდრებინაათ მხოლოდ მთავრობისთვის და კრემლისთვის მისაღები აქცენტები. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ტექნოლოგია გვაახლოებს იმ რუსეთთან, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი.

ტროლინგი და ბოტების ინსტიტუტი და ინტერნეტიდან საპირისპირო აზრის განდევნა არის რუსული, ავტორიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოვლენა და თუ ეს ფორმაცია ფართოდ დაინერგება აქ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაძლებელია დადგეს დრო, როცა ტანკიც არ დაგვჭირდება და არც ფიზიკური დაპირისპირება, ისე მოხდება მხოლოდ საინფორმაციო ოპერაციის ხარჯზე ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის.

ამაზე საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტექნოლოგია არის წმინდად რუსული, წმინდად ავტორიტარული და მისი გამომყენებელი არ უნდა იწვევდეს დადებით სენტიმენტებს საზოგადოების და ამომრჩევლის თვალში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG