Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი თარგამაძე პროკურატურისგან კორუფციის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვს


„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისი თქმით არსებულ კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურის რეაგირებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ ამ სამსახურის თანამშრომელი, ივანე აბესაძე სამსახურიდან სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან დარღვევების მამხილებელი მასალები მოიპოვა.

გივი თარგამაძის განმარტებით, ივანე აბესაძემ კონკრეტული დანაშაულებები სააფთიაქო ქსელსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოავლინა. იგი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დარღვევების შესასწავლად აუდიტის სამსახურის შესვლა მოითხოვა, საჯაროდ დადასტურდა, რომ ერთი წლის წინ ივანე აბესაძე კეთილსინდისიერი მუშაობისთვის გაათავისუფლეს იმიტომ, რომ იგი შეეხო ცალკეული თანამდებობის პირების პირად ბიზნეს-ინტერესებს.

“ლაპარაკია ზუსტად იმ პერიოდზე და ფინანსური პოლიციის ზუსტად იმ ხელმძღვანელ პირებზე, რომლებიც „იბერიის“, „ომეგას“ საქმეში ფიგურირებენ. და ქართული კორუფციის ისეთი მამებიც კი, როგორიცაა ვანო ჩხარტიშვილი, ლაპარაკობენ მათ გადამეტებულ მადაზე და იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან პრაქტიკულად ყაჩაღები“- აღნიშნა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძე ამბობს, რომ ივანე აბესაძის საქმეში იკვეთება ასევე ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა უკანონო მოსმენა. თავად ივანე აბესაძე კი განმარტავს, რომ მის მიერ მოპოვებული დანაშაულებრივი მასალები შეეხებოდა კონტრაბანდული და ვადაგასული მედიკამენტებით ვაჭრობის ფაქტებს, ასობით ათასი ლარის დატაცებაზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას და რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ისევ ის პირები რჩებიან, რომლებმაც დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინეს. კერძოდ, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, თბილისის საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ელგანდაშვილი. იკვეთება პირადი ბიზნესის ლობირება. სამსახურიდან რომ გამომიშვეს, უშიშროების სამსახურიდან გამომიგზავნეს მაღალჩინოსნები, არ მიმემართა პროკურატურისთვის. მთავაზობდნენ ასევე ფულად თანხას, სამსახურის დაწყებას.“- განაცხადა ივანე აბესაძემ.

ივანე აბესაძე მოითხოვს მის მიერ წარდგენილ დარღვევებზე პროკურატურა ერთი წლის შემდეგ მაინც დაინტერესდეს. მისი თქმით, პროკურატურას მისი უკანონო მოსმენის საფუძველზე მასალები გადაუგზავნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG