Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები მძიმე კოვიდვითარებაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 აგვისტოს


"თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა" - პანდემიის პოლიტიკური დილემა

საქართველო უკვე მეორედ ატარებს არჩევნებს პანდემიაში. წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, ქვეყანაში ვირუსის დელტა ვარიანტი მძვინვარებს. ამ შტამის თვისება - გავრცელდეს უფრო მარტივად, ინფიცირებისა და გარდაცვალების ყოველდღიურ მაჩვენებლებზე აისახება. უკვე არაერთხელ დაფიქსირდა პიკი ამ თვალსაზრისით.

ერთი მხრივ, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოვიდის გავრცელების მხრივ ასეთი მძიმე მდგომარეობა საქართველოში ჯერ არ ყოფილა; ხოლო მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ მწვავედ უპირისპირდება ყველას, ვისაც არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე სურს მსჯელობის დაწყება, მათ შორის სახალხო დამცველსაც.

კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკის ფონზე, როცა პაციენტებს კლინიკები ვეღარ იტევს და მათი განთავსება სპორტულ დარბაზებში გახდა საჭირო, საქართველოს ხელისუფლება იმპერატიული ტონით აცხადებს, რომ, სულ რაღაც ხუთ კვირაში, არჩევნები აუცილებლად გაიმართება და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

24-25 აგვისტოს, ერთმანეთის მიყოლებით გამართულ ბრიფინგებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ - არჩევნების გადადებას მარცხისთვის წინასწარ განწირული „რადიკალური ოპოზიცია“ ცდილობს და მას ამაში სახალხო დამცველი ეხმარება.

მმართველი პარტია ირწმუნება, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩატარდა და არც სტატისტიკის დამძიმება გამოვლენილა. თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შარშან სწორედ არჩევნების პერიოდში დამძიმდა ეპიდემიოლოგიური სურათი საქართველოში.

გაეცანი სხვადასხვა პოზიციას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ლელა კუნჭულიას სტატიაში.

„მამა ვერ ჩაითვლებოდა სრულად ვაქცინირებულად“ - ორი დოზით აცრილი პაციენტის გარდაცვალების დეტალები

23 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსით ორჯერადად აცრილი პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დრომდე სულ ესაა რაც ოფიციალურად ვიცით. უწყება ამბობს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და დამატებით განცხადებებს ამ საკითხზე ვერ გააკეთებს.

მაგალითად, ამ უწყებებში არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვებს, რამდენი ხანი იყო გასული მეორე ვაქცინაციიდან, რა ასაკის იყო პაციენტი, ჰქონდა თუ არა მას ქრონიკული დაავადებები, როდის მოხვდა კლინიკაში და ა.შ.

ორი დოზით ვაქცინირებული გარდაცვლილი პაციენტი 63 წლის მწერალი და პუბლიცისტი, ვაჟა შაქარაშვილია. ის კორონავირუსით 22 აგვისტოს გარდაიცვალა. რადიო თავისუფლება მის შვილს, მხატვარ მარიამ შაქარაშვილს დაუკავშირდა, რომელიც დრეზდენში, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ერთი თვის წინ გაემგზავრა და მამასთან გამომშვიდობება ვეღარ მოასწრო.

როგორც მარიამი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ნინო თარხნიშვილს ეუბნება, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გააგებინოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამა ორჯერ იყო აცრილი, ის სრულად ვაქცინირებულად არ ითვლებოდა, რადგან ინფიცირების პირველი ნიშნები ვაჟა შაქარაშვილს მეორე დოზის გაკეთებიდან მეოთხე-მეხუთე დღეს დაეწყო.

გააგრძელე სტატიის კითხვა.

პანკისში დაკავებულთა საქმე: სუს-მა ვიდეო და აუდიომასალა გაავრცელა

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულთა საქმეზე „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეო და აუდიომასალას ავრცელებს.

სუს-ის ვერსიით, „საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას".

სუს-ის ინფორმაციით, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი.

დაკავებულებს ბრალი გუშინ წარუდგინეს და ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს. მოსალოდნელია, რომ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის მიზნით სასამართლო დღეს გაიმართება.

ერთ-ერთი დაკავებულის, რამაზ ქავთარაშვილის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქმის მასალები 8 ტომისგან შედგება და მასში შედის როგორც ვიდეომასალა, ასევე ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ე.წ. კრებსები, რამდენიმე მოწმის ჩვენება და სხვა საპროცესო დოკუმენტები (დაკავების ოქმები, განჩინებები და ა.შ.).

უფლებადამცველის თქმით, ამ საქმის დეტალებზე მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს, ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ქაბულის აეროპორტში კვლავ ათასობით ადამიანია, დასავლეთი ჩქარობს დადგენილ ვადამდე დაასრულოს მათი გამოყვანა

ათასობით ადამიანი, რომელიც ავღანეთის დატოვებას ცდილობს, კვლავაც ქაბულის აეროპორტშია. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩქარობენ ჩაეტიონ 31 აგვისტოსთვის დათქმულ ვადაში და დაასრულონ ევაკუაცია, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ყოველდღე სულ უფრო სარისკო ხდება აშშ-ის ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ჯერ კვლავ იქ არიან.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 11 დღის თავზე 82 000-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს ავღანეთიდან 25 აგვისტოს დილისთვის, რის შედეგადაც საერთო რიცხვმა ივლისის ბოლოს შემდეგ თითქმის 88 000-ს მიაღწია იმის ფონზე, როცა აშშ და მოკავშირე ძალები აჩქარებენ ამ პროცესს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ადამიანი იზრდება ტრავმით"

კორონავირუსით გამოწვეული ეპიდსიტუაცია მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სავალალოდ აისახება. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის, „კლუბი სინერგიის“ დამფუძნებელი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტს დეპრესიის ნიშნები აქვს, ასევე გაზრდილია სხვა აშლილობების რიცხვიც.

“ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მოსახლეობას და ამ კვლევების შედეგად ჩანს, რომ 2020 წელთან შედარებით მდგომარეობა დამძიმებულია. საქართველოს მოსახლეობის მესამედს დეპრესიის სიმპტომები აღენიშნება, ასევე ძალიან ცუდი მაჩვენებელია (40 პროცენტს ახასიათებს) სტრესთან ადაპტაციის თვალსაზრისით, ანუ ადამიანები ახალ სიტუაციას ერგებიან ძალიან რთულად, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე”, - ამბობს ფსიქიატრი.

რა ფსიქოლოგიური სტრესი მოგვიტანა პანდემიამ? რა გვასწავლა ან რა ვერ გვასწავლა განვლილმა წელიწად-ნახევარმა? წაიკითხე ვრცლად თეა თოფურიას ინტერვიუში ფსიქიატრ ნინო მახაშვილთან.

ყოფილი სამხედრო პავლე მაკარაძე ავღანეთიდან 22 აგვისტოს დაბრუნდა. ის რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რა ვითარება იყო ქაბულში მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. პავლე მაკარიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005-2018 წლებში მსახურობდა. აგვისტოს ომის ვეტერანი სამხედრო სამსახურიდან სამი წლის წინ წამოვიდა და ავღანეთში კანადურ კომპანიაში დასაქმდა. როგორც ამბობს, კერძო კომპანია ავღანეთში მუშაობდა საელჩოების დაცვასა და უსაფრთხოებაზე. ასევე უხდებოდა მუშაობა ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და ავღანელ ჯარისკაცებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG