Accessibility links

არჩევნები ქართულ რეალობაში


ავტორი: ანა მირაქოვა

არჩევნები ,მის კლასიკურ განმარტებაზე დაყრდნობით, ფორმალური და ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების პროცესია,რომელიც განსაზღვრავს საჯარო თანამდებობაზე დასანიშნ ინდივიდს. არჩევნები მე-17 საუკუნიდან დღემდე წარმომადგენლობითი დემოკრატიის აუცილებელი და შეუცვლელი მექანიზმია.

არჩევნები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა საზოგადოებათა ცვლილების პარალელურად. ვიწრო, კონკრეტულ ჯგუფზე კონცენტრირებული არჩევნებიდან აღნიშნული პროცესი ნამდვილად საყოველთაო არჩევნებად იქცა, რომელში მონაწილეობისთვისაც სრულწლოვნობა სრულიად საკმარისია, თუმცა არც ისე შორეულ წარსულში შეზღუდვა სქესსაც კი ეხებოდა. დემოკრატიის ყველაზე მაღალი ნიშნულის მქონე საზოგადოებაში, შეერთებულ შტატებში, ქალებს ხმის მიცემის საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ, 1920 წელს მისცეს.

არჩევნების დახასიათებაზე მეტად, ალბათ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოში მისი მნიშვნელობის განსაზღვრა. როგორ აღიქვამს არჩევნებს ქვეყნის მოსახლეობა და შესაბამისად პოლიტიკური პარტიები.

არჩევნები დასავლეთით

დასავლურ სამყაროში არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად მოსახლეობა არჩევნებიდან არჩევნებამდე იმკის წინა არჩევნებში დაფიქსირებული არჩევნის შედეგებს,მოსწონს ეს თუ არა. ნებისმიერ დასავლურ პარტიას გააზრებული აქვს, რომ თუ მას ხელისუფლებაში მოსვლა სურს, ამის ერთადერთი ცივილური საშუალება არჩევნებში გამარჯვებაა, შესაბამისად, პარტია თავის რესურსებს მიმართავს მოსახლეობაზე, ამომრჩეველზე და არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს ხმების მობილიზებას. ნებისმიერ მმართველ პარტიას გააზრებული აქვს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილების შემთხვევაში, ამომრჩეველი მას შესაბამის პასუხს დაუბრუნებს უახლოეს არჩევნებზე. არჩევნები ერთგვარი სათანამშრომლო კონტრაქტის გაფორმებაა ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ყოველ არჩევნებზე გადაიხედება მოსახლეობის მიერ და ან გახანგძლივდება კონტრაქტი, ან ახალ დაქირავებულ პარტიას აირჩევს მოსახლეობა.

რა ხდება საქართველოში?

არჩევნები ამომრჩევლისა და დაქირავებული ხელისუფლის ურთიერთობაა. ამაზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არჩევნებიც ამომრჩევლისა და პარტიების შესაბამისია.

უპირველესყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არჩევნების მნიშვნელობა და ფუნქციები დაკნინებულია და არჩევნების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება, როგორც პარტიათა, ისე მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობას აქვს.

საქართველოში არსებულ პრობლემებს არა მარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური მიზეზებიც აქვს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ის დროის პერიოდი, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაატარა. საბჭოთა კავშირი ძალადობაზე დამყარებული სახელმწიფო იყო, ძალით შექმნილი და მოძალადე ხელისუფლით. ამ სახელმწიფოსთვის უცხო იყო ობიექტური, ფასეული არჩევნები. სწორედ ამ პერიოდში, საქართველო ჩამორჩა იმ პროცესებს, რამაც დასავლური სახელმწიფოები თანამედროვე, წარმომადგენლობით დემოკრატიებად აქცია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ აირჩია დასავლური კურსი, გაიზიარა დასავლეთის ღირებულებები თუმცა ვხედავთ, რომ მექანიკურად გადმოღებული ღირებულებები,მათ შორის არჩევნების იდეა ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. საქართველო ახალი დემოკრატიაა და ამ ჯგუფის სახელმწიფოების მსგავსი პრობლემები ახასიათებს. შემთხვევითი არ არის, რომ 28 წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით მხოლოდ ერთხელ შეიცვალა 2012 წელს. რაც, ხელისუფლების მშვიდობიანი და ლეგიტიმური ცვლილება იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლამდე საქართველო არჩევნების ამ მნიშვნელოვან უნარს არ სცნობდა.

გამოცდილების სიმწირე იწვევს იმას, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის არჩევნები არ ასოცირდება მნიშვნელოვან მოვლენასთან. ამომრჩეველში დიდია იმის განცდა, რომ გამარჯვებული მაინც მმართველი პარტია დარჩება, რომელიც ხელისუფლებას ოთხი წლით გაიხანგძლივებს. თუმცა, 2012 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის. კონსტიტუციაც ამ სიტყვებით იწყება.

ვინ ქმნის პარტიებს? - საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ,რომ პარტიების წევრებსა და ხელმძღვანელებშიც არჩევნების მიმართ ისეთი ზედაპირული დამოკიდებულებაა, რაც დანარჩენ მოსახლეობაში.

ყველაფრის სათავე, ახალგაზრდა სახელმწიფოში ჯერ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურაა. საქართველოს მოსახლეობა გამოვიდა საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველობის განცდა მოსახლეობაში გამოიკვეთა, თუმცა მოქალაქეობის განცდის გამოკვეთამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ამომრჩეველმა არა მარტო გულით და სულით უნდა იგრძნოს თავი ქართველად, არამედ ამავე ქვეყნის მოქალაქედაც. ეს კი ნებისმიერ ადამიანს გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს.

არის თუ არა არჩევნებზე აქტიურობა პრობლემა?

არჩევნებზე მთელი მოსახლეობა არც ერთ ქვეყანაში არ დადის. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ა.შ.შ.-ში 55.7% დაფიქსირდა აქტივობა. ამ მხრივ, პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის პირდაპირ გამოხატულებად იმის ჩათვლა, რომ საქართველოში მოსახლეობის 96% არ მიდის არჩევნებზე - არასწორია. უფრო საინტერესოა, რატომ არ დადის საქართველოში მოსახლეობა არჩევნებზე. დასავლეთში, განვითარებულ ქვეყნებში არჩევნებზე საშუალოზე ოდნავ მაღალი აქტივობა განპირობებულია მოსახლეობაში პოლიტიკის ინტერესის ნაკლებობით. განვითარებულ ქვეყნებში რადიკალური გადახვევებისა და გამონაკლისების გარდა, თითქმის დაუშვებელია, რომ მათი ცხოვრების სტანდარტი გარკვეულ ზღვრულს ჩამოსცდეს, შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის პოლიტიკა უბრალოდ არ არის საინტერესო. საქართველოში კი, მოსახლეობის ნახევარს უბრალოდ არ სჯერა არჩევნების. ქართველი ამომრჩევლისთვის წარმოუდგენელია, რომ მის პირად ხმას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. არადა, რეალურად, ეს ნამდვილად ასეა. ამ შემთხვევაში პოლიტიკური კულტურის კრიზისი საქართველოში აშკარაა.

ქართულ არჩევნებს მოსახლეობა სერიოზულად შეხედავს მაშინ, როდესაც იგივე მოსახლეობა ქართულ პარტიებს აღიქვამს სერიოზულად. ქართული პარტიები და ქართული არჩევნები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. არჩევნები პარტიათა რბოლაა, როგორი შესაძლებლობების პარტიებიც იქნება წარმოდგენილი სახელმწიფოში, შესაბამისი ხარისხის იქნება არჩევნებიც.

არჩევნები ქართული პოლიტიკური სივრცის სარკეა. არჩევნები არ ნიშნავს მხოლოდ, კონკრეტულად, არჩევნების დღეს. ის მოიცავს,როგორც წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდს, ისე არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლების გადაცემას, დამარცხებულ პარტიათა რეაქციებს და ა.შ.

საქართველოს მოქალაქეებს კი შეგვიძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა. ნებისმიერი წინა ან მომავალი არჩევნები შეგვიძლია სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რომ გავიზარდოთ და სწრაფად გავხდეთ იმგვარი საზაგოდებების მსგავსი, როგორ საზოგადოებებთანაც გვსურს მეგობრობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG