Accessibility links

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები


"მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჯარისკაცების მიმართვისას.

"102 წლის წინ, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ მალევე საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება თითქმის 7 ათწლეულით შეაჩერა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა.

გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის განმტკიცებაში. საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები არის ის, რითიც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი" - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს, რომელსაც არაერთი ომი გადაუტანია, წელს ახალ უხილავ მტერთან, კორონავირუსთან მოუწია ბრძოლამ და ამ ბრძოლაში მოპოვებული წარმატებით შედეგად "შევძელით სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში, კიდევ ერთხელ გვეამყა ჩვენი სახელმწიფოთი, ჩვენი საზოგადოებით."

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებში მომუშავე სამხედროებს და უთხრა, რომ "საქართველოს სახელმწიფო მოწოდებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის დაცვისა და განვითარებისთვის. საქართველოს სახელმწიფო ყველა თქვენგანს ეკუთვნის."


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG