Accessibility links

„ომში გამარჯვება შეუძლებელია“ - თომას დე ვაალი, კარნეგის ევროპის ფონდის მთავარი ანალიტიკოსი


რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა თომას დე ვაალს, კავკასიის ერთ-ერთ წამყვან ექსპერტს, მთიანი ყარაბაღისთვის ახლანდელი საომარი დაპირისპირების გარშემო. გთავაზობთ ინტერვიუს მცირედ შემოკლებულ ვერსიას.

გლობალური ფაქტორები, რამაც ამ ომამდე მიგვიყვანა

„რამ არ იმუშავა? ზოგიერთი გლობალური ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათგან ერთი-ერთი რეგიონის მიმართ ინტერესის შემცირებაა აშშ-ის მხრიდან, რომელიც იქ ძლიერი მოთამაშე იყო. ტრამპის ადმინისტრაციამ მართლაც არ მიაქცია საკმარისი ყურადღება ამ კონფლიქტს, ერთი გამონაკლისის გარდა, როცა 2018 წელს ჯონ ბოლტონი (აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში) რეგიონს სტუმრობდა. მაგრამ მე მგონია, და ასეც გამოჩნდა, მას უფრო ირანი აინტერსებდა, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა აშშ-მა ყურადღება დაუთმო ამ საკითხს.

ცხადია, ევროპას აქვს თავისი საზრუნავი და რუსეთსაც, ვფიქრობ, საკუთარი საზრუნავი აქვს და, როგორც სულ ვამბობდი, და ეს ახლა მტკიცდება კიდეც, რუსეთის გავლენა ამ კონფლიქტში გადაჭარბებული ჩანდა“.

„აზერბაიჯანი ძალიან იყო იმედგაცრუებული ნიკოლ ფაშინიანით“

„ჩემი აზრით, რაც მოხდა, ისაა, რომ აზერბაიჯანი ძალიან იყო იმედგაცრუებული ნიკოლ ფაშინიანით, ახალი პრემიერ-მინისტრით, რომლისგანაც მეტს მოელოდნენ, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანისგან და, საბოლოოდ, ნაკლები მიიღეს. კარგი შეხვედრა ჰქონდათ დუშანბეში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს (აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, და სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს), როცა აზერბაიჯანულ მხარეს ურთიერთობის გაუმჯობესების დიდი იმედი ჰქონდა. მათი თვალსაზრისით, გააუმჯობესეს უსაფრთხოების ვითარება, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის მხრივ განმუხტეს სიტუაცია, სომხებს მისცეს მეტი უსაფრთხოება და ამის სანაცვლოდ სურდათ ფაშინიანთან უფრო არსებითი მოლაპარაკება. მათი თქმით, მთლიანობაში, ნაკლები მიიღეს, მიიღეს ფაშინიანის პატრიოტული გამოსვლები, მათ შორის თვით ყარაბაღშიც; მისი დაჟინებით მტკიცება, რომ ყარაბაღელი სომხები პროცესის ნაწილს წარმოადგენენ, რაც აშკარად არ იყო არც სარქისიანთან და არც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან საუბრების თემა.

მათ ასევე დაინახეს, რომ სომხური მხარე ძირითადი პრინციპების ჩარჩოებს არ იზიარებდა.

ამდენად, აზერბაიჯანულმა მხარემ იგრძნო, რომ აღარ ჰყავდა მომლაპარაკებელი პარტნიორი, რამაც, ვფიქრობ, გააძლიერა ომის ვარიანტის განხილვისთვის მზაობა. და, მე ვფიქრობ, დამატებითი ელემენტი იყო თურქეთის პრეზიდენტის, ერდოანის, მხარდაჭერა. ამას დაერთვის ის, რომ, მაგალითად, ახლოვდება ზამთარი, არჩევნები აშშ-ში და გადაწყვიტეს, რომ კარგი მომენტია სტატუს კვოს შეცვლის მცდელობისთვის და ოპერაციის დასაწყებად.

„რუსეთმა უცბად აღმოაჩინა, რომ ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე ეგონა“

„ მე პირადად ვემხრობი მეორე თვალსაზრისს, რომ რუსეთისთვის სიურპრიზი იყო ეს ოპერაცია, ისინი არ მოელოდნენ ამას. შეიძლება, როცა დაიწყო ოპერაცია, მათ საკმარისად ძლიერი წინააღმდეგობა არ გაუწიეს მას, როგორც ეს მათ შეეძლოთ ფაშინიანთან რთული ურთიერთობისა და იმ გარკვეული იმედგაცრუების გამო, რომელსაც განიცდიან სომხეთის მიმართ.

მე მგონია, რომ რუსეთს ამ ოპერაციისთვის მწვანე შუქი არ მიუცია, ის მათთვის მოულოდნელად დაიწყო. და მართლაც, ვცდილობთ დავინახოთ რუსეთის რეაქცია. როგორც ცნობილია, რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა ისე გამოიყურებოდა, თითქოს რუსეთი ცდილობდა ინიციატივის დაბრუნებას, მაგრამ შეთანხმება დაირღვა. ამდენად, რუსეთის გავლენა ჯერ კიდევ მცირეა. ვფიქრობ, რუსეთს, საუკეთესო შემთხვეაში, ადგილზე სამშვიდობო ძალების განთავსება სურს, მაგრამ არა მგონია აზერბაიჯანის მხარე ამას დასთანხმდეს.

მე ვფიქრობ, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა აქ წონასწორობის შენარჩუნებას, თამაშობდა გამაწონასწორებლის როლს. მას სურდა ყოველთვის ამ კონფლიქტში ჰქონოდა ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა და ცდილობდა ბალანსი გამოეყენებინა თავისი გავლენისთვის. და ეს ბუნებრივია, თუ მხარეებს შორის არსებობს თავისებური სამხედრო ბალანსი, მაგრამ როცა ერთ მხარეს - აშკარად აზერბაიჯანული მხარეს - სურს დაარღვიოს ეს სამხედრო ბალანსი... ჩემი აზრით, რუსეთმა უცბად დაინახა, რომ მას ბევრად უფრო ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე ეგონა.

„რუსეთის გავლენას რეგიონში განსაზღვრავს თანაბარი ურთიერთობა სომხეთსა და აზერბაიჯანთან“

„ჩემი აზრით, ძალიან უცნაური იქნებოდა, რუსებს თავიანთ პოლიტიკაში ერთი პირის მიმართ ანტიპათიით ეხელმძღვანელათ (მინიშნება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე). მე ვფიქრობ, მათთვის მათ გავლენას რეგიონში განსაზღვრავს თანაბარი ურთიერთობა სომხეთსა და აზერბაიჯანთან. ამდენად, აზერბაიჯანისთვის უპირატესობის მინიჭება ვერ იქნებოდა ლოგიკური, რადგან, მთლიანობაში, ეს რუსეთის გავლენას რეგიონში შეასუსტებდა. მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი სამხედრო ბაზა გიუმრიში, მაგრამ როგორ მოხდა, რომ აზერბაიჯანი უცბად ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და თურქეთს მიიჩნევს და არა მოსკოვს თავის მთავარ მეგობრად?

საბოლოო ჯამში, ომში გამარჯვება შეუძლებელია“

"რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ომში გამარჯვება შეუძლებელია, არც ერთი ომისთვის არ არის გამოსავალი სამხედრო გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, საჭიროა, რომ მშვიდობამ დაისადგუროს. აზერბაიჯანულ მხარეს სრულიად რომ "მოეგო" კიდეც ეს ომი, მშვიდობა მაინც არ იქნებოდა და სომხური მხარე მაინც არ დანებდებოდა.

ჩვენ მოწმე ვართ შურისძიების რაღაც გარკვეულ ციკლისა, რომლის შედეგადაც მხოლოდ უდანაშაულო ხალხი იტანჯება. და მეც, უნდა ითქვას, ძალიან შეშფოთებული ვარ ამგვარი ინფორმაციული ომით ორივე მხრიდან. მე ვთვლი, რომ ეს წაქეზებაა იარღით ომისკენ. მე მიმაჩნია, რომ ის ენა, რომელიც გამოიყენება ორივე მხარის მიერ, უკიდურესად შემაშფოთებელია".

„რაც ჩემთვის გაუგებარია, ეს არის თურქეთის მიზანი

"ცხადია, თურქეთის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

თურქეთის პოლიტიკური მხარდაჭერა, თურქული დრონები, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. და აგრეთვე ეს ცნობები, რომლებიც, ჩანს, საკმაოდ დამაჯერებლად დასტურება, რომ თურქეთი კონფლიქტის ზონაში გზავნის დაქირავებულ მებრძოლებს სირიიდან. ასე რომ, თურქეთის მხარდაჭერა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ რაც ჩემთვის გაუგებარია, ეს არის თურქეთის მიზანი. თურქეთს სურს ბოლომდე მხარი დაუჭიროს [აზერბაიჯანის] პრეზიდენტ [ილჰამ] ალიევს და უყუროს, თუნდაც იმას, თუ როგორ იღვრება ყარაბაღისთვის ამდენი სისხლი და რა დიდი სისხლიანი ომია გაჩაღებული. თუკი აზერბაიჯანი ომს შეწყვეტს ახლა და გამარჯვებას გამოაცხადებს, ის უფრო ძლიერი პოზიციიდან შეძლებს ხელახლა წამოიწყოს მოლაპარაკება. მაშინ თურქეთს შეეძლება იზეიმოს უფრო ქვეყნის შიგნით, იქაურ აზრს აქვს პრეზდენტისთვის მნივშნელობა, თორემ, სინამდვილეში , ერდოანი ახლო აღმოსავლეთზე უფრო წუხს, ვიდრე კავკასიაზე".

ვისურვებდი მეხილა ბრძოლის შეწყვეტა და სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება უფრო ფართო ფორმატით

"უიმედო ვითარებაა. უამრავი ადამიანი იხოცება, მართლა ტრაგედიაა. მე უკვე მესმის ჩემი ნაცნობებისგან, რომ მეგობრები იღუპებიან. ეს კიდევ ბევრად უფრო მეტად წამლავს ურთიერთობას ამ ორ ხალხს შორის. ჩემთვის სრულიად გასაგებია ახლა სომხების სასოწარკვეთილი შიში. ერთი, რასაც ვიტყოდი, ის არის, რომ ვისურვებდი მეხილა ბრძოლის შეწყვეტა და სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება უფრო ფართო ფორმატით. არა მხოლოდ რუსები, ფრანგები, ამერიკელები, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიც, ევროკავშირი, საქართველოც, ალბათ, უნდა იყოს ჩართული, რომ უფრო მეტი ადამიანი იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მათ შორის ყარაბაღელი სომხებიც და, მე ვიტყოდი, ასევე ყარაბაღელი აზერბაიჯანელებიც. ვისურვებდი მეხილა ბევრად უფრო მასშტაბური პროცესი, რაღაც, დაახლოებით, მინსკის კონფერენციის მსგავსი, რომელიც პირველად 1992 წელს ჩაისახა. ეს არის, რასაც ვისურვებდი, რომ ვხედავდე, მაგრამ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე აქედან, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, ამ ომის ვითარებიდან, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ის არ არის, რის ხილვასაც ვისურვებდი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG