Accessibility links

არ იტიროთ, ბავშვებო, არ იტიროთ!


ავტორი: ქეთი ბარამიშვილი

ბავშვები არ ირჩევენ სამშობლოს, არც ოჯახს, არც მშობლებს. ისინი არ იწყებენ ომებს, მაგრამ ეწირებიან ამ ომებს. ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმკიან მის შედეგებს. პატარებს ვერ მოვთხოვთ სტრესის მართვას, როცა ზრდასრულებმაც არ ვიცით, როგორ ვმართოთ ის. ბავშვების უსუსური ეგო არ არის მზად, ინტეგრირდეს სამყაროს უსამართლო კანონებთან და სამყარო მათ კარგად არ ექცევა.

როდის მთავრდება ბავშვობა? ალბათ მაშინ, როცა სიხარულისგან მუცელში ჭვლები აღარ ჩნდება და თვალებში სხივი უმიზეზოდ ქრება. თუ ინდივიდის ასაკობრივი განვითარების ფაზებს მივყვებით, მთავრდება მაშინ, როცა იგი ზრდასრულობამდე გაივლის ეგოცენტრულ პერიოდს და ჩამოყალიბებული ფიზიოლოგიით, კონტროლს დაქვემდებარებული ემოციებით თუ განვითარებული ლოგიკური აზროვნებით სოციუმის სრულფასოვანი წევრი გახდება. თუმცა, ეს დეფინიცია შეუსაბამოა ისეთი ადამიანების ცხოვრებასთან, რომელთა ბიოგრაფიაც მძიმე და უიღბლო ბავშვობაზე გადის. მათთვის ბავშვობა მთავრდება იქ, სადაც თვითგადარჩენისთვის ბრძოლა იწყება.

იუნისეფის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის 2019 წლის მონაცემებით, დედამიწაზე 168 მილიონი ბავშვი იძულებითი შრომის მსხვერპლია. ზუსტად ახლა და ამ წუთს, ეს ბავშვები შიმშილს, სექსუალურ ძალადობას, წამებას, მონურ შრომას, მორალურ ზეწოლას და ექსპლუატაციას განიცდიან. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა ჯერ კიდევ 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებათა კონვენციით აიღეს ვალდებულება მათ დაცვაზე, დღემდე ვერ შექმნეს ისეთი სისტემა, რომელიც ამ კონვენციის ყველაზე მძიმედ ჩასაკითხ მუხლებს ფუნქციურად გააძლიერებს.

როცა ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ, სუში მივირთვათ თუ ხინკალი, ჩვენგან რამდენიმე მეტრში, ბავშვებს მუცელში სპაზმით, პური ენატრებათ. როცა სიზარმაცე გვჯაბნის და გვაიძულებს, უგულოდ შევასრულოთ სამუშაო, სოფლის განაპირას, დაკოჟრილი ხელებით პატარა ბიჭი მიწას ბარავს და სწავლაზე ოცნებობს. როცა გარშემომყოფთა გულწრფელ მზრუნველობას უმადურობით ვაბათილებთ, ქუჩაში გაყინული მიუსაფარი ბავშვი თბილ მოპყრობას ნატრობს. როდესაც ჩვენ, სრულიად გაუცნობიერებლად, მოჩვენებითი ემპათიით თუ მიმბაძველობით, სოციალური ქსელიდან ვარომანტიკულებთ სუიციდს, თბილისის რომელიღაც კორპუსში კიდევ ერთი მოზარდი თვითმკვლელობას გეგმავს.

ასეა, ჩვენი ქვეყანა 143 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს იტევს. საქსტატისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2015 წლის კვლევამ გვიჩვენა, რომ საქართველოში 24 400 ბავშვი მუშაობს. 2018 წელს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მხოლოდ 2051 ბენეფიციარი იმყოფებოდა. შსს-ის 2019 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკით, 18 წლამდე მოზარდებში სუიციდის 38 მცდელობიდან, ათი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

რა ხდება მაშინ, როდესაც ზიანი ადგება ბავშვის კეთილდღეობის ნებისმიერ ასპექტს და სახელმწიფო, მშობელი თუ საზოგადოება ვერ იცავს მათ ამ სხვადასხვა ფორმის ექსპლუატაციისაგან? ვერ იცავს ჯანმრთელობისთვის საშიში თუ განათლების მიღებაში დამაბრკოლებელი სამუშაოსგან? ვერც შიმშილისგან, ვერც ძალადობისგან, ვერც სიკვდილისგან?

ასეთ დროს ბავშვები თვითონ იცავენ თავს. თითოეულს თავისი სტრატეგია გააჩნია, როგორც თამაშისას, ოღონდ წესების გარეშე და გამართლების პრინციპით - თუ გაბედე და შეეწინააღმდეგე ბედისწერას, ცხოვრება აგირჩევს და გადარჩები, როგორღაც გადარჩები. თამაშის ეს შეუქცევადი პროცესი საბოლოოდ, შთაგონების წყარო ხდება მიზნამდე მისვლაში. სხვა შემთხვევაში, თამაშგარე რჩები - უკომპრომისოდ ცხოვრებასთან, უფრო მეტი გამოწვევებით, ახალი საფრთხეებით და მძიმე დარტყმების მოლოდინში.

პატარებს შესწევთ უნარი, გაუძლონ მოულოდნელ დარტყმებს. თუმცა, ეს არაცნობიერში სამუდამო დაღს სვამს. ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ჩვენი ემოციები, კომპლექსები, ფიქრები, მიზნები - ყველაფერი სულში ისეა ჩაკირული და ფსიქიკაში ჩაბეჭდილი, რომ მერე, მთელი ცხოვრება მისგან განთავისუფლებას ვლამობთ. როცა თვითდამკვიდრების სურვილი ქარიშხალივით დაგვეცემა თავს, ჩვენი მეორე ნაწილი გვერდიდან დაგვიწყებს ყურებას და გვეტყვის, რომ მაინც იმ ბავშვად დავრჩით, რომელსაც შიოდა, სტკიოდა, სციოდა და ენატრებოდა.

„ბავშვი დაბადებისას არც კარგია და არც ცუდი. მაშ, ვინ წყვეტს, როგორი იქნება ის შემდგომში - კეთილი და გულისხმიერი თუ სასტიკი და გულქვა მარტოხელა მგელი? ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ - ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვჩადით“. - ამბობდა ასტრიდ ლინდგრენი.

კარაგად დააკვირდით ბავშვებს თქვენს გარშემო. დააკვირდით და დაიმახსოვრეთ მათი თვალები, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ვასწავლოთ მათ ყურება სწორი მიმართულებით - ჯერ კიდევ მყიფე, მოუმწიფებელი ფიქრები ვაქციოთ სუფთა, ჯანსაღ აზრებად. უფრო მეტიც, მოვეპყროთ როგორც შემდგარ პიროვნებებს, მოვუსმინოთ ყურადღებით, მოწიწებული სიფრთხილითაც კი, რათა გამოვძერწოთ კეთილშობილი და ძლიერი სულის ადამიანები. მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვებმა ბედისწერასთან ჭიდილში აღარ იგრძნონ ორთაბრძოლის უპერსპექტივობა, რომ მათი ყველა წამოწყებული თამაში წესების დაცვით, დამარცხების და ცრემლების გარეშე დასრულდეს.

არ იტიროთ, ბავშვებო, არ იტიროთ!

როცა სიმწრისგან მუცელში ჭვლები გაჩნდება, უშიშრად შეემეტოქეთ ცხოვრებას, მაგრამ არ იტიროთ. არ იტიროთ მაშინაც, როცა შიმშილისგან კუჭი წვას დაგიწყებთ და ღამით ცივ ლოგინში სპაზმი დაგეწყებათ. არც მაშინ, როცა თანატოლებივით არ გაგიმართლებთ და მოთქმით ტირილი მოგინდებათ. როცა უსამართლობა და იმედგაცრუება სამყაროს ნდობას დაგიკარგავთ, გაიქეცით წინ, გადასარჩენად. გაიქეცით, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და უკანმოუხედავად, მაგრამ არ აქციოთ ზურგი მომავალს.

და არ იტიროთ,

ბავშვებო, არ იტიროთ!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG