Accessibility links

site logo site logo

აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ოქტომბერს


ვინ უერთდება და ვინ - არა 14 ოქტომბრის აქციას

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაა.

"ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა, დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს", - განაცხადა ნიკა მელიამ 9 ოქტომბერს ზუგდიდში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში კი ნაწილი აპირებს, რომ შეუერთდეს დღევანდელ პროტესტს, ნაწილი თავს იკავებს, ზოგი პარტიის წევრები კი ინდივიდუალურად აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას.

უერთდებიან თუ არა პოლიტიკური პარტიები დღეს დაგეგმილ აქციას - ამ კითხვით რადიო თავისუფლება პარლამენტში მომუშავე პარტიების უმრავლესობას დაუკავშირდა.

აქციას არ უერთდებიან პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად ოპოზიციური ფრაქციის მქონე პარტიები - "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "რესპუბლიკური პარტია".

ვის იქნება და ვინ არა დღეს, თავისუფლების მოედანზე? წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

როგორ უნდა გაიგოთ, უსაფრთხოა თუ არა ცხოვრება თქვენს სახლში

როგორც ბათუმის, ასევე თბილისის მერიაში ბოლო ერთი კვირაა, მოქალაქეების ზარები არ წყდება. ბათუმის ცენტრში ხუთსართულიანი სახლის ჩამონგრევის და 9 ადამიანის სიკვდილის შემდეგ, თბილისელები და ბათუმელები ითხოვენ შეამოწმონ არა მხოლოდ მათი სახლები, არამედ მეზობლებთან მიმდინარე რემონტის პროცესიც.

ამ დროისთვის:

  • არ არსებობს არც ერთ ქალაქში ერთიანი ბაზა, სადაც მოქალაქეები საკუთარი კორპუსის უსაფრთხოების შესახებ მიიღებდნენ ინფორმაციას.
  • არ არსებობს შენობის უსაფრთხოების დამდგენი კრიტერიუმი.
  • ქალაქებს არ აქვთ სტრატეგიის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომლითაც ავარიულ შენობებს ეტაპობრივად ახლით ჩაანაცვლებდნენ.

„ერთიანი მონაცემი არ არსებობს და საბინაო პოლიტიკის განსაზღვრა ასე შეუძლებელია. მასშტაბის სწორად დასანახად და სტრატეგიის ისე განსასაზღვრად სრული სურათის დანახვა აუცილებელია. სტატისტიკური მონაცემების გარეშე შეუძლებელია გრძელვადიანი დაგეგმვა, ფინანსური გაანგარიშებები. სტატისტიკური მონაცემები არის საწყისი წერტილი, რომლის საფუძველზეც აფასებ გამოწვევას, მასშტაბს და საზღვრავ თანმიმდევრულად ნაბიჯებს, როგორ უნდა მოაგვარო ეს პრობლემა”, - ამბობს არქიტექტორი, მკვლევარი, ნანო ზაზანაშვილი. ნანო თვლის, რომ თბილისის ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამგეობების მიერ გამოყოფილი თანხები მწირია, კაპიტალური გამაგრების პროგრამები კი შეზღუდული და რიგ შემთხვევებში მეზობელი შენობების დამაზიანებელი. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ქალაქის ისტორიულ ნაწილშია.

შესაძლებელია თუ არა დავადგინოთ ჩვენი ბინის უსაფრთხოება? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია

საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი ისევ 4 ათასს სცდება. გუშინ გარდაიცვალა 26 პაციენტი. „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროექციის თანახმად, პირბადის ტარების მაჩვენებლისა და ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით, დეკემბრის მიწურულს, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 097-ს მიაღწევს, უარეს შემთხვევაში, 11 ათასს გაუტოლდება. ანუ, ამ მონაცემებით, მომდევნო ორთვე-ნახევარში, კოვიდს მინიმუმ 760 და მაქსიმუმ 1670 ადამიანი ემსხვერპლება.

საქართველოში უკვე იწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება - ეს არის მესამე აცრა, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ადამიანს უტარდება. დამატებითი აცრის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა და კონკრეტული კატეგორიები გამოყო.

ბრძანება 11 ოქტომბრით თარიღდება და უკვე მოქმედია. დამატებითი დოზის გაკეთება შესაძლებელია, თუ გასულია ვაქცინაციის სრული კურსიდან მინიმუმ 6 თვე. ჯერ ბუსტერის გაკეთება 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლებათ. კიდევ ვინ არიან ბუსტერ დოზის მიმღებთა კატეგორიაში, წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სამოგზაუროდ წამსვლელებს "სინოვაკისა" და "სინოფარმის" აცრის ჩანაცვლება უკვე შეუძლიათ

WHO-მ გამოაცხადა ახალი ჯგუფის შესახებ, რომელიც COVID-19-ის წარმომავლობას შეისწავლის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მის მიერ ახლახან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სახიფათო პათოგენებზე მუშაობს, შესაძლოა „ჩვენი ერთადერთი შანსი“ იყოს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის წარმომავლობის დასადგენად და ჩინეთს მოუწოდა თანამშრომლობისკენ.

COVID-19-ით დაავადების შემთხვევები პირველად ჩინეთში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში. პეკინმა არაერთხელ უარყო თეორიები, რომ თითქოს ვირუსმა ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა და აცხადებს, რომ WHO-ს ექსპერტების მხრიდან შემოწმება აღარაა საჭირო.

მიმდინარე წლის დამდეგს WHO-ს ჯგუფმა ოთხი კვირა გაატარა უჰანსა და მის შემოგარენში ჩინელ მეცნიერებთან ერთად და მარტში ერთობლივ ანგარიშში განაცხადა, რომ ვირუსი, როგორც ჩანს, ღამურებიდან გადავიდა ადამიანზე სხვა ცხოველის გავლით, მაგრამ დაასკვნა, რომ საჭიროა შემდგომი კვლევა.

წაიკითხე მეტი.

ლოიდ ოსტინის ისტორიული ვიზიტის შესაძლო პრაქტიკული შედეგები

საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა „ისტორიული” უწოდეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის, პირველ ვიზიტს საქართველოში, რომელიც პენტაგონის განცხადებით მომავალ კვირას გაიმართება.

არც აშშ-სა და არც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ცნობები ჯერჯერობით არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი თარიღის, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი, დარწმუნებულია, რომ „ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას“.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს გარდა, ჩავა უკრაინასა და რუმინეთში. იგი ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის გეოგრაფია უკრაინელ და ქართველ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ კიევშიც და თბილისშიც მისი შეხვედრების ცენტრში სავარაუდოდ იქნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება და ნატოს დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული პრაქტიკული დახმარება.

რას ელის ლოიდ ოსტინის ვიზიტისგან უკრაინა და რა მოლოდინია თბილისში? წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

შესრულდა 100 წელი ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან. რა იქნება ხვალ?

100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ყარსში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მონაწილეობით, გაფორმდა „მეგობრობის ხელშეკრულება“ თურქეთსა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის. სწორედ ყარსის ამ ხელშეკრულებით დადგინდა თურქეთისა და საქართველოს გამყოფი სახელმწიფო საზღვარი, რომელიც 100 წელია არ შეცვლილა, მაგრამ რა იქნება ხვალ? როგორ მოიქცევიან ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ასი წლის გასვლის შემდეგ?

„არაფერი არ იქნება! უფრო ზუსტად, არაფერი არ შეიცვლება, რადგან ამ ხელშეკრულებას არ აქვს 100-წლიანი ვადა, - უთხრა რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის მკვლევარმა, თურქოლოგმა ზურაბ ბატიაშვილმა, - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომ თითქოს ყარსის ხელშეკრულებას აქვს 100-წლიანი ვადა და მისი გასვლის შემდეგ თურქეთი მიიერთებს ბათუმს, რაც ტყუილია. არც ამ ხელშეკრულებას აქვს 100-წლიანი ვადა და არც თურქეთი აპირებს საქართველოს დაპყრობას - ეს ყველაფერი გაქარწყლდა დღეს, როცა ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 100 წელი შესრულდა და ყველაფერი ძველებურად დარჩა“.

რა წერია ხელშეკრულებაში და რატომ მოუწია რუსეთს დათმობაზე წასვლა? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

1990-იანი წლების ბოლო იყო. მხატვარი ირაკლი ბოჭორიშვილი შინ იჯდა და ხატავდა. გარშემო ყველას უჭირდა - ფული თითქმის არავის ჰქონდა. მხატვრებს - მით უმეტეს.

ერთ დღეს ისანში ფეხსაცმელების ძველ ფაბრიკას ისეთი ხალხი დასჭირდა, ვისაც მხატვრობასა და დიზაინთან ჰქონდა შეხება. ასე მოხვდა ირაკლი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი სამხატვრო აკადემიიდან ფაბრიკაში, სადაც ფეხსაცმელების კერვა ისწავლეს.

მერე ფაბრიკა დაიხურა, ირაკლიმ კი, რომელსაც ჰქონდა ახალი ხელობა, თავისი სახელოსნო გახსნა და ფეხსაცმელების ხატვა და კერვა დაიწყო. თავიდან სახელოსნოს უბრალოდ ირაკლის სახელოსნო ერქვა. დღეში 12-14 საათს მუშაობდნენ. ახალი საქმით ასეთი შეპყრობილობის გამო, მეგობარმა ურჩია, ბარემ აქაურობას „შუზოფრენია“ დაარქვიო - ასე გაჩნდა თბილისში ოცი წლის წინ ადგილი, სადაც ხელით ნაკეთი ფეხსაცმელები იქმნება.

ერთი კარგი ფეხსაცმლის შეკერვას - ხელით, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც სჭირდება.

ჯერ მოდელი იქმნება, მერე კალაპოტი იჩარხება და იწყება უამრავი ეტაპისგან შემდგარი პროცესი, სანამ ნახატი ნამდვილ ფეხსაცმლად იქცევა. ირაკლი ბოჭორიშვილის სახელოსნო კი ოცი წლის მერეც რჩება ადგილად, სადაც, მიუხედავად ცვლილებებისა, ფეხსაცმელებს ჯიუტად კერავენ ხელით - მთავარი „მუღამიც“ ესაა. შექმნან ერთი გამორჩეული ფეხსაცმელი ერთი ადამიანისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG