Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ახალმა სავიზო წესებმა შესაძლოა უცხოელებს სოცქსელებში სიფრთხილისკენ უბიძგოს


უცხოელებმა, რომლებიც საჯაროდ გმობენ ამერიკულ იმპერიალიზმს და ამავე დროს სურთ მაიამის პლაჟებზე დასვენება ან ლას-ვეგასის კაზინოებში პოკერის თამაში, ტვიტერში ტონი უნდა შეარბილონ.

ასევე უცხოელები, რომლებიც ფეისბუკში პოსტავენ, რომ ოცნებობენ ოდესმე ნიუ-იორკში ცხოვრებაზე, ცოტა უნდა გაფრთხილდნენ, რათა არ აღძრან ეჭვი, რომ სამუდამოდ აპირებენ აშშ-ში საცხოვრებლად დარჩენას.

მიზეზი?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების მსურველებისგან ითხოვს სოციალურ მედიაში პროფილები წარმოადგინონ დაახლოებით ორ ათეულამდე პლატფორმაზე, მათ შორის ფეისბუკსა და ტვიტერზე.

ახალი წესები, რომლებიც 31 მაისს შევიდა ძალაში, ვიზების მსურველთაგან არ მოითხოვს სოცქსელებში მათი პასვორდების წარმოდგენას.

მიუხედავად ამისა, საიმიგრაციო საკითხებში მომუშავე იურისტების თქმით, ახალმა მოთხოვნებმა შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს სოცქსელებში აზრთა ღია გაცვლა-გამოცვლას, პოტენციური იმიგრანტები შეიძლება უფრო ფრთხილი და თავშეკავებული გახდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას პოსტავენ და ვის უმეგობრდებიან სოცქსელებში.

„ხალხს შეეშინდება აშშ-ის პოლიტიკაზე საკუთარი აზრის გამოხატვა,“ განაცხადა ანდრეი რომანენკომ, რუსულენოვანმა იურისტმა სან-ფრანცისკოდან. „ზოგი მოერიდება აშშ-ში მცხოვრები მეგობრების დამატებას, ვინაიდან შეიძლება იფიქრონ, რომ აშშ-ში მეგობართა ფართო ქსელი შესაძლოა იმიგრაციის სურვილის მაჩვენებლად იქნეს მიჩნეული.“

ახალი წესების შესახებ შარშან გამოცხადდა. ესაა ნაწილი დონალდ ტრამპის უფრო ფართო პროგრამისა, რომლის მიზანია აშშ-ის საზღვრებზე რეჟიმის გამკაცრება, რის შესახებაც მან ჯერ კიდევ 2016 წელს გააკეთა დაპირება.

ახალი წესების მიხედვით, თითქმის ყველა, ვისაც აშშ-ის ვიზის მოპოვება სურს - იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რამდენიმე დღით აპირებს ნათესავების მონახულებას - ვალდებულია სოცქსელებში საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დაურთოს ვიზის მოსაპოვებელ განაცხადს.
ეს არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებსაც მოცემული მომენტისთვის არ ეხებათ მოკლევადიანი სავიზო წესები. მაგალითად, უცხოელ ტურისტებსა და საქმიანი ვიზიტით მოგზაურებს, რომლებსაც უფლება აქვთ, 90 დღით უვიზოდ შევიდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე.

მაგრამ სამუშაო ვიზის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ასეთი ინფორმაცია. მაგალითად, LinkedIn-ის პროფილი.

„ეროვნული უშიშროება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ვიზების კანდიდატთა შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. და აშშ-ში შესვლის მსურველი ყოველი პოტენციური მოგზაური და იმიგრანტი საფუძვლიან შემოწმებას გადის უსაფრთხოების თვალსაზრისით,“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა რადიო თავისუფლებას.

20 პლატფორმა

ახალი წესებით, ვიზაზე განაცხადის შეტანისას მსურველმა უნდა წარმოადგინოს სოცქსელებზე საკუთარი იუზერნეიმი, რომელიც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოუყენებია. ეს პლატფორმებია: Ask FM, Douban, Facebook, Flickr, Google+, Instagram, LinkedIn, MySpace, Pinterest, QZone, Reddit, Sina Weibo, Tencent Weibo, Tumblr, Twitter, Twoo, Vine, VKontakte, YouKu, და YouTube.
გამონაკლისებს შორის არის SnapChat და გასაცნობი აპლიკაცია Tinder. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მოგვიანებით სიას სხვა პლატფორმებიც მიემატება.
თუ სოცქსელებში ერთზე მეტ პლატფორმაზე ხართ აქტიური, განაცხადის შეტანისას ყოველი მათგანის იუზერნეიმი უნდა წარმოადგინოთ.

ვისაც არასოდეს არცერთ სოციალურ მედიაში არ ჰქონია ანგარიში, მას ვიზაზე უარი არ ეთქმება, აზუსტებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

საიმიგრაციო საკითხების ლონდონელი ადვოკატის, კარნიგ დუკმაჯიანის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ საიმიგრაციო სამსახურის მუშაკები ყოველი განმცხადებლის ანგარიშებს შეისწავლიან სოციალურ ქსელებში.

ახალ წესებს ალბათ უფრო მაშინ გამოიყენებენ, როცა საჭირო გახდება იმ პირთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტება, რომლებიც რაიმე მიზეზით აღძრავენ ეჭვებს.

„არ ვიცით, როგორ აპირებენ ამ წესების გამოყენებას ან საერთოდ აქვთ თუ არა იმის რესურსები, რომ ამ ინფორმაციის დამუშავება შეძლონ,“ ამბობს დუკმაჯიანი. მისი აზრით, ფართო მასშტაბის შემოწმებებმა შესაძლოა შეანელოს ვიზების დამუშავების პროცესი.

ახალი წესების შემოღებამდეც აშშ უკვე ითხოვდა საიმიგრაციო თუ არასაიმიგრაციო ვიზების მსურველთაგან დეტალურ ინფორმაციას ყოფილი მოგზაურობების, ოჯახის წევრების, ყოფილი მისამართების, დამსაქმებლებისა და განათლების შესახებ.

ვიზების სააპლიკაციო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფოტოებიც. ზოგიერთი კატეგორიის ვიზისთვის აუცილებელია ციფრული სურათების წარმოდგენა, სხვა კატეგორიის ვიზებისთვის - დაბეჭდილი სურათებისა.

დუკმაჯიანის თქმით, მართალია, მისი ზოგიერთი კლიენტი უკმაყოფილოა ახალი წესებით, მაგრამ „არავის გამოუხატავს აღელვება“.

უცხოელებმა, რომლებიც აშშ-ში მოგზაურობას გეგმავენ, რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ახალი მოთხოვნები მათ არ გადააფიქრებინებს აშშ-ის ვიზაზე განაცხადის შეტანას.

„ეს მე არ მაფიქრებს, ვინაიდან არაფერი მაქვს დასამალი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრებიც ასე არიან. სხვათა შორის, სოციალური მედიის შესახებ ინფორმაცია რომც არ წარმოადგინო, ინტერნეტში შეიძლება მისი მოპოვება“, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე კუნძულ სახალინზე მცხოვრებმა მარია გორელოვამ, რომელიც წელს პირველად მიემგზავრება აშშ-ში. მან თავისი ვიზა ახალი წესების შემოღებამდე მიიღო.

სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებ არტიომ ტიხონოვი, რომელიც რამდენჯერმეა აშშ-ში ნამყოფი, ახალ წესებს „უსიამოვნოს“ უწოდებს, მაგრამ, მისი თქმით, დაემორჩილება მათ, ვინაიდან მოსწონს აშშ-ში მოგზაურობა.

„ეს პიროვნების თავისუფლებაზე ზეწოლაა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მთავრობის პოლიტიკაა. უგულებელყავით და შეეცადეთ, არ იფიქროთ ამაზე. ეს სახელმწიფო მანქანის მოთხოვნებია,“ დასძენს ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG