Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-საქართველს ურთიერთობა და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ


ავტორი: ბადრი ხატიძე

1992 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. აშშ-ს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში. შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

დასაფასებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აშშ საქართველოსადმი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა მრავალი კუთხით. აღსანიშნავია საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, რომლითაც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით და დაფინანსებით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ განათლება აშშ–ში და შემდეგ ეს ცოდნა ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.

2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში აშშ–სა და საქართველოს შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც აშშ–სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას ეფუძნება. ასევე აღსანიშნავია აშშ–ს და საქართველოს პარტნიორობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ მეტად გამყარებაში. ავღანეთში, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ამერიკელი სამხედროების გვერდით მსახურობენ. ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გათვლით მთავარი კონტრიბუტორია.

მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებიც. 2007 წელს, აშშ–სა და საქართველოს შორის გაფორმდა ჩარჩო შეთანხმება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ, რომლის მიზანია ორ სახელმწიფოს შორის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა და საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის გაფართოება. 1992 წელს, აშშ–სა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ. ასეთი ხელშეკრულებების მიზანია, მისი ხელმომწერი ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების დაცვა და ხელშეწყობა. ეს იმას მიანიშნებს, რომ აშშ–სთვის ეკონომიკური და საინვესტიციო საქმიანობისთვის საქართველო საინტერესო და მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს. აშშ–ს მიერ დღემდე საქართველოში მრავალი საინვესტიციო პროექტია განხორციელებული. 2018 წლის მე–3 კვარტლის მონაცემებით, აშშ–დან საქართველოში განხოციელებული ინვესტიციების რაოდენობამ 27.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დღეისათვის საქართველოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარება წარმოადგენს, რომლის დაძლევა სხვადასხვა მიმართულებით ძალიან აქტიურ მუშაობას მოითხოვს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის არსებობა. თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურეობის დაუბრკოლებელ მიმოცვლას ნიშნავს. პრაქტიკაში თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ვაჭრობას დისკრიმინაციის გარეშე – იმპორტზე დაბალი საბაჟო გადასახადი, კვოტების აკრძალვა იმპორტზე, სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შემცირება ან საერთოდ უარის თქმა და ა.შ. საქართველოს უკვე გააჩნია ევროკავშითან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.

რაც შეეხება აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, მასზე საუბარი 2012 წელს დაიწყო. მანამდე მოლაპარაკებები არ გამართულა და არც ამჟამად მიმდინარეობს. თუმცა სამთავრობო პროგრამაში 2018–2020 აღნიშნულია, რომ საქართველოს მიზანია აშშ–სთან ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კუთხით მუშაობის გაგრძელება, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატში, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.

საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რათა შესაძლებელი გახდეს აშშ–სთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე. გარდა ამისა, მისასალმებელია ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების პოზიციაც ამ საკითხთან დაკავშირებით. 2018 წელს, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს წერილით მიმართა. კონგრესმენ პოს განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო დიალოგის წყალობით, ორივე ქვეყნის კომპანიებს, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს შორის მზარდი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი არსებობს, რაც სავაჭრო კავშირების სრული პოტენციალით განვითარების საშუალებას იძლევა.

აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლებლობა ექნება შევიდეს ამერიკულ ბაზარზე. ეს დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე, რადგან მოხდება საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობა. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი წარმოების განვითარება, შესაბამისი ხარისხის და სტანდარების მქონე საქონლის წარმოება, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, მოახერხებს ამერიკულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და გაუძლებს ანალოგიური საქონლის საბაზრო კონკურენციას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG