Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა


ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში, ორ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვმა 49-ს მიაღწია, დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

არდერნის თქმით, ახალ ზელანდიაში გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე. პოლიციამ დააკავა ოთხი ადამიანი, სამი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებსაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, ექსტრემისტული შეხედულებები აქვთ, მაგრამ პოლიციას ისინი არ ჰყოლია შეყვანილი საეჭვო პირების სიაში.

„აშკარაა, რომ ამას მხოლოდ ტერორისტული თავდასხმა შეიძლება ეწოდოს“, თქვა არდერნმა.

პოლიციის კომისრის, მაიკ ბუშის თქმით, მკვლელობების ბრალდებები წაეყენა 30-მდე წლის მამაკაცს.

თვითმხილველი აღწერს თავდასხმას ახალ ზელანდიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

თვითმხილველი აღწერს თავდასხმას ახალ ზელანდიაში

ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ფიჯიში ავღანეთის ელჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ავღანელი და სამი დაიჭრა.

ერთმა თვითმხილველმა, აჰმად ალ-მაჰმუდმა, რომელიც ალ-ნურის მეჩეთში იმყოფებოდა, მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელი იყო თეთრკანიანი, ქერა, ეხურა ჩაფხუტი და ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი. ის მეჩეთში შევარდა, როცა მლოცველები მუხლებზე იდგნენ.

„დიდი იარაღი ეჭირა... შემოვიდა და სროლა დაუწყო ყველას, ყველგან,“ თქვა ალ-მაჰმუდმა. მისი თქმით, მან და სხვებმა შუშის კარი გაამტვრიეს და თავს უშველეს.

ახალი ზელანდიის რადიოს მოჰყავს იმ თვითმხილველთა ინფორმაცია, რომლებიც მეჩეთში დარჩნენ. როცა მათ სროლა გაიგეს, იატაკზე, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ეგდო და „ყველგან სისხლი იყო“.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დაპატიმრებული ეჭვმიტანილი ავსტრალიის მოქალაქეა.

სოცქსელებში გავრცელდა ფოტო ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც შეიარაღებულმა მამაკაცმა გააკეთა, როცა კრაისტჩერჩში მანქანით მოძრაობდა.
სოცქსელებში გავრცელდა ფოტო ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც შეიარაღებულმა მამაკაცმა გააკეთა, როცა კრაისტჩერჩში მანქანით მოძრაობდა.

მამაკაცმა, რომელმაც სროლისთვის პასუხისმგებლობა იკისრა, მანიფესტში დაწერა, რომ არის 28 წლის თეთრკანიანი ავსტრალიელი, რომელიც ახალ ზელანდიაში ჩავიდა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეგეგმა და მოემზადებინა თავდასხმა.

პოლიციის თანახმად, მის მიერ დაკავებულ მანქანაში ნაპოვნია იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ახალ ზელანდიაში ყველა მეჩეთს ეთხოვა, ჩაეკეტათ კარები.

პარასკევის ლოცვაზე ბანგლადეშის კრიკეტის გუნდი აპირებდა მისვლას, როცა სროლა ატყდა. როგორც გუნდის მწვრთნელმა უთხრა როიტერსს, სპორტსმენები უვნებელი არიან.

ადრე გაკეთებულ კომენტარში არდერნმა თქვა, რომ მომხდარის გამო ესაა „ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე“.

„ის, რაც აქ მოხდა, ესაა ძალადობის განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტი,“ თქვა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, სწრაფად მიიღონ ზომები ისლამისა და მუსლიმთა წინააღმდეგ მზარდი რასიზმის აღსაკვეთად და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „გარდაუვალია“ ახალ ზელანდიაში მომხდარის მსგავსი სხვა თავდასხმები.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა ახალ ზელანდიაში მომხდარისთვის ბრალი დასდო „მზარდ ისლამოფობიას“.

მან ტვიტერზე დაწერა: „ტერორიზმს არ აქვს რელიგია“.

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტის ადგილზე ამოღებული იარაღის მჭიდებზე გაკეთებულ წარწერებს შორის არის ქართული წარწერაც - „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებელი“. ფოტოს აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა „Daily Mail”-ი. ფოტოზე ჩანს წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის - რუსულად.

ამ ტიპის ინციდენტები იშვიათია ახალ ზელანდიაში. ქვეყანამ გაამკაცრა იარაღის კონტროლი და 1992 წელს შეზღუდა ნახევრად ავტომატურ შაშხანებზე წვდომა მას მერე, რაც ფსიქიკურად დაავადებულმა მამაკაცმა 13 ადამიანი მოკლა ქალაქ არამოანაში.

მიუხედავად ამისა, 16 წელზე უფროსებს უფლება აქვთ მოიპოვონ სტანდარტული ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების ლიცენზია მას შემდეგ, რაც გაივლიან უსაფრთხოების კურსს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG