Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ შეზღუდვებამდე დროის ათვლა დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 ნოემბერს


„წერტილოვანი შეზღუდვები“ თუ სრული „ლოკდაუნი“?

26 ნოემბერს შემდგომი ორი თვის გეგმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცნო და განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, რის გამოც ქვეყანა 28 ნოემბრიდან მკაცრ შეზღუდვებს უბრუნდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება თბილისსა და დიდ ქალაქებში, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი ონლაინრეჟიმზე გადავა, მათ შორის, ტანსაცმლის ბაზრები. კომენდანტის საათი გახანგრძლივდება და ქუჩაში გასვლა საღამოს 9:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე აიკრძალება.

დაანონსებული შეზღუდვები არ გავრცელდება აფთიაქებზე, სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიებზე. მუშაობას განაგრძობს საბანკო-საფინანსო სექტორი, ასევე სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. არ დაიხურება აგრარული ბაზრობებიც. კომენდანტის საათის გარდა, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის – ტაქსით გადაადგილება.

დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობა სრულ „ლოკდაუნს“ არ უწოდებს და ამბობს, რომ ეს წერტილოვანი შეზღუდვებია. როგორ აპირებენ ბიზნესის გადარჩენას და თანამშრომლების შენარჩუნებას კაფეები და რესტორნები, და რა შეფასებები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რა ფულს (არ) იღებს ოპოზიცია - რას ნიშნავს თანხმობა დაფინანსებაზე?

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, სხვადასხვაგვარად უყურებენ საპარლამენტო საბიუჯეტო დაფინანსების მიღების პერსპექტივას. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია: რვა პარტიიდან/ბლოკიდან, რომლებსაც ასეთი დაფინანსება ეკუთვნით, ორი უარს ამბობს, ორი - ჯერ ისევ ფიქრობს, ხოლო დანარჩენმა ოთხმა - დაფინანსების მიღების თანხმობით უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ბლოკებში შემავალი პარტიების ჩათვლით, ამ ეტაპისთვის დაფინანსების მიღება განზრახული აქვს 9 ოპოზიციურ პარტიას. პარალელურად, „ქართული ოცნებიდან“ ისევ ისმის მუქარა, რომ პარლამენტის ბოიკოტის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები შესაძლოა დაფინანსების გარეშე დარჩნენ.

ცესკოში დაფინანსების მიღებაზე თანხმობა უკვე შეიტანეს:

  • ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც 5 პარტიას აერთიანებს (ჯამში - 3 115 635 ლარი);
  • ბლოკმა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც ორ პარტიას აერთიანებს (ჯამში - 1 044 361 ლარი);
  • „ევროპულმა საქართველომ“ (1 124 409 ლარი);
  • „პატრიოტთა ალიანსმა“ (1 043 120 ლარი).

შესაძლებელია თუ არა, რომ საბიუჯეტო დაფინანსების თემამ ოპოზიციის ერთსულოვნებას შეუქმნას საფრთხე? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შესაძლოა დღეს გაიმართოს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით შესაძლოა დღეს გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„კოვიდის გამო გადაწყდა, რომ ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს ამ დისკუსიაში. ეს იყო ელჩების თხოვნაც და ჩვენ კოვიდის გათვალისწინებით გაგებით მოვეკიდეთ ამ თხოვნას. თითო პარტიას ჰყავს თითო წარმომადგენელი და ეს საკმარისია იმისათვის, რომ პარტიის პოზიციები იყოს დაფიქსირებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველო შეუერთდა გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

საქართველო შეუერთდა გერმანიის პარლამენტზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეუერთდნენ წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთიი მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნები: ისლანდია და ნორვეგია და ასევე, უკრაინა და საქართველო.

ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროპის კავშირი ამ ვალდებულებას მიესალმება.

შეიძლება თუ არა, პანდემიამ “დაკარგული თაობა” გააჩინოს?

UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, 3 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოს 87 ქვეყანაში ბავშვებსა და მოზარდებზე მოდიოდა კორონავირუსით ინფიცირების 9-დან 1 შემთხვევა. სკოლების დახურვა 30 ქვეყანაში 572 მილიონ მოსწავლეს შეეხო. გაეროს ბავშვთა ფონდი შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გრძელვადიანმა ზემოქმედებამ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და საერთო კეთილდღეობაზე შესაძლოა ბავშვების „დაკარგული თაობა“ გააჩინოს.

2020 წლის შუა პერიოდისთვის მსოფლიოში 150 მილიონით გაიზარდა მრავალმხრივ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რიცხვი, რომლებსაც არ აქვთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საცხოვრებელსა და საკვებზე.

UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხა და მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

წაიკითხე მეტი.

სავარაუდოდ, ურთიერთობა მქონდა კოვიდინფიცირებულთან, რას ვშვრები? რა შემთხვევაში ვითვლები ახლო კონტაქტად? როგორ ვიქცევი, თუ ვარ ახლო კონტაქტი? რას გულისხმობს თვითიზოლაციაში ყოფნა? იზოლაციაში ყოფნისას უნდა ჩავიტარო COVID-19-ზე გამოკვლევა? თუ მაწუხებს სხვა დაავადება და მჭირდება გავესინჯო ექიმს ან ჩავიტარო გამოკვლევა, როგორ მოვიქცე? ამ ვიდეოში მიიღებთ პასუხს ამ და სხვა შეკითხვებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG