Accessibility links

logo-print logo-print

ახლოსაა თუ არა კორონავირუსის მესამე ტალღა? - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 აპრილს


საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევები მატულობს

საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 2 %-ს გადასცდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დღიური შემთხვევების ზრდა გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ სურათზე მიუთითებს, რაც შესაძლოა გახდეს ახალი, წერტილოვანი შეზღუდვების მიზეზი.

"თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და მობილობის შეზღუდვის მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დაიცავს მოსახლეობა წესებს", - თქვა გაბუნიამ.

აქვე მან დაამატა, რომ შესაძლოა ქვეყანაში ისევ დაიწყოს ე.წ „მობილობის შეზღუდვა“, თუმცა, მისი თქმით, დახურვის საფრთხე არ ემუქრება ბაღებსა და სკოლებს, - ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნება მიღებული.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კოვიდინფიცირებულებს შორის აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მასთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია გადასული საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

2021 წლის 3 თვეში “ოცნებამ” 3 მილიონზე მეტი შემოწირულება მიიღო, ოპოზიციურმა პარტიებმა - ჯამში 350 000 ლარამდე

2021 წლის პირველ სამ თვეში, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მმართველმა პარტიამ 3 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 2 მილიონზე მეტი - მხოლოდ მარტში.

ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე "ქართული ოცნების" მიერ მიღებული შემოწირულება შარშან, საპარლამენტო არჩევნების წლის დასაწყისში და აჭარბებს 2019 წელს გაზაფხულზე, შუალედური არჩევნების წინ მიღებულ თანხასაც. "ქართულ ოცნებას" 9-წლიანი არსებობის განმავლობაში სულ 83 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული შემოწირულებებით 4 700-ზე მეტი პირისგან.

შემოწირულებების მოცულობა იზრდება, მაგრამ მნიშვნელოვნად არ იცვლება ძირითად შემწირველთა გვარები: შემწირველების დიდი ნაწილი 2021 წელსაც ისინი არიან, ვინც “ქართული ოცნების” ყულაბას წინა წლებშიც ავსებდა - უმრავლესობა ბიზნესმენია და მათ შორის ისინიც, ვინც 2012 წელს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სწირავდა ფულს. ტრადიციულად, შემწირველებს შორის არიან პარტიასთან დაახლოებული პირებიც.

რა ტენდენციებს აჩვენებს მმართველი პარტიის შემოწირულებების ანალიზი და როგორ იცვლებოდა პარტიების შემოწირულებები წლიდან წლამდე? - წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ერთადერთი გზა დონბასში ომის შესაჩერებლად

კვლავ არ წყდება ინტენსიური სროლები აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში. უკრაინის არმიის ინფორმაციით, 6 აპრილს, დონბასელი სეპარატისტების საბრძოლო პოზიციებიდან დაწყებული იერიშის შედეგად, იქ კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

უკრაინის მიმართ რუსეთს ამოქმედებული აქვს ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი: პროვოკაცია, ძალის დემონსტრირება, დეზინფორმაცია და დივერსია.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბოლო დღეებში დასავლეთის ლიდერებთან უწყვეტ კომუნიკაციაში იმყოფება, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების სახიფათო ესკალაციის გამო, „დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატოს“ მიიჩნევს და ალიანსის გენერალური მდივნისგან ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიღებას ითხოვს.

მანამდე, ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან საუბარში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა გამოხატა.

რა ვითარებაა დონბასში და რამდენად რეალურია ომის განახლების საფრთხე, წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს, დაიწყება თუ არა ქვეყანაში ჩინური ვაქცინით აცრა

დღეს, 7 აპრილს, ვაქცინაციის ინტერსექტორული კომიტეტის სხდომაა, სადაც განიხილავენ, დაიწყება თუ არა საქართველოში აცრა ჩინური წარმოების ვაქცინით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინა მას შემდეგ შეიძინა, რაც იგი აღიარა ევროკავშირის წევრი უნგრეთის მარეგულირებელმა სამსახურმა.

„სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს შემოვიდა ქვეყანაში. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 4 აპრილის ჩათვლით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით აიცრა 11 603 ადამიანი.

ევროკავშირი იმეორებს, რომ "ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი"

6 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ ილაპარაკა საქართველოში ევროკავშირის საშუამავლო მისიაზეც.

„31 მარტს დასრულდა [ევროპული საბჭოს] პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის რანგში ბატონი [კრისტიან] დანიელსონის მედიაციის მეორე მისია, რომლის შედეგადაც ვერ მოხერხდა საშინაო პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. არცერთმა მხარემ - არც მმართველმა პარტიამ და არც ოპოზიციურმა პარტიებმა - არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, შეთანხმებულიყვნენ მათთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე. როგორც გასულ კვირაში ვახსენეთ რამდენჯერმე, ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი. ეს კვლავაც ძალაშია. ბატონმა დანიელსონმა ვითარების შესახებ მოახსენა პრეზიდენტ მიშელს და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს. ახლა [ევროკავშირის] შიგნით იმსჯელებენ შემდეგი ნაბიჯების შესახებ“, - განაცხადა მასრალიმ.

წაიკითხე მეტი.

IRI-ის კვლევა პოლიტიკური კრიზისის სარკეში

პოლიტიკური კრიზისის ფონზე საგანგებო დისკუსია გამოიწვია აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ.

იმ საჯარო პირთა თუ პოლიტიკოსების სიას, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას გამოკითხულთა სრული ან გარკვეული კეთილგანწყობით სარგებლობენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (89%) ლიდერობს. პირველ ათეულში დანარჩენ 9 ადგილს პოლიტიკოსები იკავებენ: 4 – ოპოზიციიდან და 5 – „ქართული ოცნებიდან“. რესპონდენტების გამოკითხვისას, ტრადიციულად აღირიცხა როგორც კეთილგანწყობის, ასევე მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებლებიც.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კვლევით გამოვლენილი 65%-იანი დადებითი მაჩვენებელი დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ გიორგი გახარია გამოკითხვისას ქვეყნის პირველი პირი და აქტუალური ფიგურა იყო მთავრობაში; ხოლო იგივე კვლევა დღეს რომ ჩატარებულიყო - ექსპრემიერის გვარის გასწვრივ შესაძლოა უფრო დაბალი მაჩვენებელი გვეხილა. ოპოზიციონერები ლაპარაკობენ შეკითხვებზე, რომლებიც, მათი აზრით, საზოგადოებას აქვს გიორგი გახარიას, უკვე როგორც ხელისუფლების გარეთ მყოფი პოლიტიკოსის მიმართ და მთავარი შეკითხვა 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს უკავშირდება.

რამდენად რელევანტურია საზოგადოებრივი აზრის თებერვლის გამოკითხვა? რა გზავნილი მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა? - წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ექიმებს მუდმივად ერთსა და იმავე კითხვაზე უხდებათ პასუხის გაცემა - როგორ ტარდება აცრა და როგორია რეალური რისკები, რომლებიც მას თან ახლავს. თუმცა მხოლოდ ექიმებს არ ეკითხებიან. ამიერიდან ყველას, ვინც აცრას აპირებს, რამდენიმე კითხვაზე აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვიხსნის, რატომ არის საჭირო ეს ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG