Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კონკურს “განდაგანას” მოსაწყობად ბიუჯეტიდან 105 000 ლარის დახარჯვა იგეგმება


ფესტივალი "განდაგანობა", 2019 წელი
ფესტივალი "განდაგანობა", 2019 წელი

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით ირკვევა, რომ აპრილის ბოლოს ბათუმში მუსიკალური კონკურსი, “განდაგანა” გაიმართება, რომლის ორგანიზებაშიც სახელმწიფო მზადაა გადაიხადოს 105 000 ლარი.

ამ ღირებულებაში შედის:

  • კონკურსის ბრენდინგი და სარეკლამო ვიდეორგოლების დამზადება, ვებსაიტის შექმნა და რეკლამა სოციალურ მედიაში 40 დღის განმავლობაში;
  • მოწვეული ჟიურის წევრის (1 კაცი) თბილისიდან ტრანსპორტით მომსახურება (ორმხრივი გზა) და სასტუმროში განთავსება 3 ღამე (სასტუმრო ქალაქის ტერიტორიაზე), ასევე ჰონორარები და კვება ჟიურის ადგილობრივი წევრებისთვის;
  • კონკურსანტების კვება;
  • მონაწილეების უსაფრთხოება;
  • ფოტოგრაფის, ვიდეოოპერატორისა და 1 ჟურნალისტის ანაზღაურება;
  • კონკურსის ორგანიზება და ფინალური შოუ 2 წამყვანით.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, კონკურსს ეყოლება 8 კაცისგან შემდგარი ჟიური, რომელთა ვინაობას და ჰონორარსაც ბათუმის მერია განსაზღვრავს და დაამტკიცებს სპეციალური ბრძანებით. კონკურსისთვის იმუშავებს 5 კოორდინატორი. ფოტოგრაფი, ვიდეოოპერატორი და ჟურნალისტი შექმნიან დოკუმენტურ მასალას კონკურსის ყველა ეტაპზე.

კონკურსს ბათუმის კულტურის ცენტრი ატარებს. კონკური “განდაგანა” 2020 წელს პირველად ტარდება. წინა წლებში ბათუმში ამ სახელის ფესტივალი იმართებოდა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ორგანიზებით და ხარჯებით. ფესტივალი “განდაგანა” სოფლის ტურიზმის ფესტივალს წარმოადგენდა და როგორც საკომუნიკაციო მასალებში ეწერა, მისი მიზანი ქალაქიდან გაუსვლელად აჭარის სოფლების ცხოვრებისა და კულტურის შესახებ წარმოდგენის შექმნა იყო.

კონკურს "განდაგანას" მიზანი კი გვარებსა და ოჯახებში შემონახული ავთენტური ხალხური ცეკვის თვითმყოფადი ვერსიების წარმოჩენა, განვითარება, პოპულარიზაცია და ნიჭიერი შემსრულებლების
გამოვლენაა. როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, ამ კონკურსს აქვს შანსი იქცეს ნამდვილ სახალხო კულტურულ მოვლენად და ხედავენ მისი სატელევიზიო შოუდ გარდაქმნის პოტენციალსაც. ბათუმის კულტურის ცენტრში შიშობენ იმასაც, რომ შეიძლება დადგეს კონკურსის გადადების საჭიროება კორონავირუსის ეპიდემიის შემთხვევაში.

სახელმწიფო ტენდერს ერთი მონაწილე ჰყავს, შპს „ენერჯი გრუპი“, რომელიც მზადაა, კონკურსს 100 000 ლარად გაუწიოს ორგანიზება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG