Accessibility links

logo-print logo-print

ბაიდენი პრეზიდენტია: მოლოდინები ახალი ადმინისტრაციის მიმართ - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 იანვარს


დაბრუნებული ამერიკა და მოლოდინები საქართველოში

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კიბეზე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ საინაუგურაციო სიტყვაში მან თქვა, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტია. ბაიდენმა ილაპარაკა საზოგადოებაში დაპირისპირებისა და დანაწევრების გადალახვის აუცილებლობაზე. გუშინ მისი სიტყვის მთავარი ადრესატი ამერიკელი ხალხი იყო, თუმცა მას მრავალი საგარეო პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა წინ ელის. ამას მოლოდინით უყურებს მსოფლიოც.

აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლა განსაკუთრებულ მოლოდინებს აჩენს საქართველოში. პოლიტიკოსები და ექსპერტები მოელიან, მაგალითად, ახალი პერსპექტივის გაჩენას ნატოსთან დაახლოების კუთხით; მეტ რეაგირებას რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და მეტი დემოკრატიის მოთხოვნასაც საქართველოსთვის. ოპონენტებისგან განსხვავებით ვაშინგტონიდან მეტი შენიშვნის მიღებას არ ელოდებიან „ქართულ ოცნებაში“.

გვაქვს თუ არა კონკრეტული გეგმები ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომზე განაჩენს გამოაცხადებს

დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გამოაცხადებს განაჩენს, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოდან განიხილებოდა.

ამ წლების განმავლობაში საქართველომ 700 მტკიცებულება წარადგინა. პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის აპრილში გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის ივნისში; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის მაისში შედგა.

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს:

  • სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
  • საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი);
  • განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  • მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

მთავარია არა ფარული ჩანაწერების არსებობის ფაქტი, არამედ მათი შინაარსი - დაკავებული კარტოგრაფის ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ელოდებიან, რომ პროკურატურა მათ დღეს გააცნობს იმ ვიდეო- და აუდიოჩანაწერებს, რომელთა საქმეში არსებობის შესახებაც საქმის პროკურორმა გუშინ გააკეთა განცხადება კარტოგრაფების ბრალის დაზუსტებისას.

ორივე ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი საქმეში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების არსებობის შესახებ. გაჩნდა ეჭვიც იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე დანაშაულის მოტივის გამოკვეთა და ამ დრომდე უცნობი მტკიცებულებების შემოტანა საქმეში, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ისახავს მიზნად. ბრალდებულების ადვოკატების შეფასებით, ბრალის ნაწილში რამდენიმე სიტყვის დამატება სამართლებრივად არანაირი განსაკუთრებული ღირებულების ან მნიშვნელობის მატარებელი არ არის.

წაიკითხე მეტი.

ბიზნესასოციაციები მთავრობას ეკონომიკის გადარჩენის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ

13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

ბიზნესის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დადებული პირობის მიუხედავად, ლოკდაუნის ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1 თებერვალს მოხსნის თაობაზე, კვლავ არსებობს კითხვები გახსნის წინაპირობების შესახებ. მათ შიშს აძლიერებს ის, რომ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ლოკდაუნზე ლაპარაკობენ.

"მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა)“, - ნათქვამია ასოციაციების გაერთიანებულ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ფეხბურთელი ქალები მწვრთნელს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

თბილისის ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი ფეხბურთელები, კლუბის მთავარ მწვრთნელსა და ამასთანავე, კლუბის მფლობელს, სასამართლოში უჩივიან. ექვსი ფეხბურთელი (ორი არასრულწლოვანი) ყოფილ მწვრთნელს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციაში, მათ შორის, სქესისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელების საქმის პირველი, მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

ფეხბურთელები, რომელთა შორისაც ორი არასრულწლოვანია, ამბობენ, რომ ყოფილი მწვრთნელი მათ სექსუალური შინაარსის შემცველი ტექსტებით მიმართავდა, აიძულებდა გაეკეთებინათ სექსუალური ხასიათის ვარჯიშები, რის შემდეგაც მათ დასცინოდა. მათივე მტკიცებით, მწვრთნელი უნებართვოდ შედიოდა ქალების გასახდელ ოთახში და მოთხოვნის მიუხედავად, გასახდელს არ ტოვებდა.

მოსარჩელე მხარე სასამართლოში ითხოვს დისკრიმინაციის, მათ შორის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის იძულების გამო განაცდურსა და დისკრიმინაციის ფაქტის ნიადაგზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს ფიცი დაადებინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG