Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასიანზე სპეცოპერაციით აშლილი ფიქრები


ავტორი: ესმა გუმბერიძე

  1. ნარკოვაჭრობასთან, ნარკოგასაღებასთან, პროსტიტუციასთან, კორუფციასთან, კრიმინალურ მენტალიტეტთან, ტერორიზმთან და სხვა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ასე ფრაგმენტულად, ეპიზოდურად კი არ უნდა მიმდინარეობდეს. ისე კი არა, ერთდროულად ბევრი ადამიანი რომ დაიღუპება, მერე რომ დაფაცურდებიან, ამდენ ადამიანს რომ შეაწუხებენ/შეავიწროებენ და ამხელა პროტესტის აგორებას რომ გამოიწვევენ. ეს მუდმივი და თანდათანობითი პროცესი უნდა იყოს. არ უნდა უყურო უქმად და დაიგროვო საქმე სამართალდამცავმა სტრუქტურამ, სანამ რაღაცა არ ამოხეთქავს. ყოველდღიურად თუ იმ დღის საქმეს გააკეთებ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, არავისთვის არ იქნება ასეთი მტკივნეული, ცოტ–ცოტა იქნება და საზოგადოებაც ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს. თორემ სადღაც რაღაც გასაჯაროვდა, საზოგადოებრივი რეზონანსი შეიძინა, დავიჭიროთ– ასეთ რეაგირების რეჟიმში ყოფნა კარგად რომ ვერ მუშაობს, კი ჩანს. დღეს რომ ვუსმენდით 1 პოლიტიკოსის საუბარს, რომ საბერძნეთ–იტალიაში უფრო მსხვილი რეიდებიც ხდება და ამას აქაური ტელევიზიებიც აშუქებენ, დედაჩემმა თქვა, ესენი მგონი მუშაობას ტელევიზორის ყურებით სწავლობენო. გუშინდელ–დღევანდელი სპეცოპერაცია ჩემს 1 ნაცნობს მახსენებს, რომელიც თავის შვილს ჯერ საერთოდ არაფერს ეუბნებოდა, მშვიდად უყურებდა, ბავშვი ისეთ რამეს რომ აკეთებდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა (მაგ. რამეს რომ აფუჭებდა სახლში ან გარეცხილ ნივთებს რომ იატაკზე აბურთავებდა), ბოლოს კი, მოთმინება რომ ამოეწურებოდა, ელვისებური სისწრაფით, მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების, ყოველლგვარი სიტყვიერი აკრძალვისა თუ მუქარის გარეშე, რომ ეცემოდა ხოლმე იმ ბავშვს თმებში. ამ დღეებში 1 ძალიან სწორ აზრს მოვკარი თვალი: ამ ქვეყანაში ვსაუბრობთ ფართომასშტაბიან ნარკოვაჭრობაზე და 2 გრამით ხალხის დაჭერას ვერ გავცდით, ხომ ძალიან არალოგიკურია. ვიღაცა ხომ უფრო დიდი ოდენობებით ამარაგებს... პორტუგალიისა და ჰოლანდიის მაგალითებს რომ ვიფრიალებთ, იქ ნარკორეფორმა გატარდა რამდენიმე პარლამენტის წევრისა და მინისტრის დაპატიმრებით ნარკოვაჭრობის ხელშეწყობის გამო და ჩვენთანაც სანამ საქმე ნარკომოვაჭრეთა მაღალი თანამდებობის მფარველებამდე არ მივა, ნარკოვაჭრობასთან ბრძოლა შედეგს ვერ გამოიღებს, მსგავსი სპეცოპერაციები კი უფრო კონკურენტის ჩამოშორებისა თუ საზოგადოების დაშოშმინების შეგრძნებებს დატოვებს.
  2. ადრე ნარკომაფიოზებს უწევდათ სამართალდამცავების, პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვა და დაშინება, ჟურნალისტების დაშინება, მუქარა, ძალადობა, ზოგჯერ მათი ჯანმრთელობის დაზიანება, გატაცება, წამება, შანტაჟი, მკვლელობა. „ინდივიდუალური მუშაობა“– ერთი სიტყვით. ახლა კი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლები ისე ასხამენ წყალს მათს წისქვილზე, რომ ვერც ამჩნევენ ამას, ისე უფასოდ უწევენ მათ საქმეს ლობირებას, ისე გამოსდით მათი ინტერესების დაცვა.
  3. ქართული ოცნების წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი მათი ხელისუფლებიდან წასვლის მოთხოვნებით ჩემი მოკლე ჭკუით ამ 6 წლის განმავლობაში ამ პარტიის იდეოლოგიური მრავალფეროვნებისა და სიჭრელის გამო არ მომხდარა. პარტიის ლიდერებსა და წარმოჩენილ სახეებს უამრავ საკითხთან დაკავშირებით აქვთ არაერთგვაროვანი, ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციებიც კი. არიან პარტიაში კონსერვატორებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, მაგალითად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, არიან ისეთები, რომლებიც პირიქით ნარკომოხმარების ლეგალიზაციას მოითხოვენ. და ასეა სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით. გამოდის, რომ ყველანაირი იდეოლოგიური წარმოდგენის მოქალაქეზე არის პარტია მორგებული: კონსერვატიულად განწყობილები პარტიის კონსერვატორ ლიდერებს უჭერენ მხარს, მათ უსმენენ და მათი იმედი აქვთ, მემარცხენეები– მემარცხენეებს, ლიბერალური/ანარქიული ეკონომიკის მომხრეები– პარტიის ეკონომიკურ გუნდს, სეკულარული სახელმწიფოს მომხრენი– დასავლური განათლებისა და არასამთავრობო სექტორიდან წამოსულთ, საპატრიარქოს სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობის მომხრენი– ეკლესიისთვის მრავალმილიონიანი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მამულების უსასყიდლოდ გადამცემებს, პროდასავლურები– პარტიის პროდასავლურ ფიგურებს, პრორუსულად განწყობილნი– რუსეთისადმი უფრო შემწყნარებლურად და რბილად განწყობილებს, რუსეთში ბიზნესის მქონეებს. ფაქტობრივად ხალხის იდეოლოგიური სპექტრი/კალეიდოსკოპი თითქმის მთლიანად/სრულად მოიცვეს. ფართო საზოგადოების შეხედულებები ერთი–ერთში თუ არ შეესაბამება პარტიისას, რომელიმე მისი წარმომადგენლის პოზიციასთან ახლოს მაინცაა. ყოველ შემთხვევაში რომელიმე მოქალაქის შეხედულებები ქართული ოცნების რომელიმე ლიდერის შეხედულებებისგან მაინც იმდენად შორს არაა, რომ დაპირისპირება გამაღიზიანებელი გახდეს მოქალაქისთვის და მან პარტიას აღარ მისცეს ხმა. ეს განაპირობებს ამ, ზოგიერთის აზრით არაორგანიზებული ძალის პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობას შიდა ერთობის, გუნდურობისა და სოლიდარობის ნაკლებობის მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG