Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილის ადვოკატი: ნიკოლოზი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა პროვოკაციებს


ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობას ამტკიცებს მის სახლთან არსებული კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი მის შვილთან ერთად ტოვებს სახლს და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი ამ მტკიცებულების სასამართლოზე წარდგენას აპირებს.

"ჩანაწერებში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ოჯახის წევრები არავიზე არ ძალადობენ, ჩანს როგორ მიდის ქალბატონი ბავშვთან ერთად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასამართლოს წარვუდგინოთ მტკიცებულებები, როაც ადასტურებს, რომ არც ნიკოლოზ ბასილაშვილი და არც მისი ოჯახი არ არიან მოძალადეები. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა პროვოკაციებს და, სამწუხაროდ, ეს პროვოკაცია იმ დღეს შედგა", - თქვა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ადვოკატმა.

ირმა ჭკადუა უარყოფს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნელი დოროყაშვილს შორის განქორწინების შემდეგ დადებული კონტრაქტის არსებობას, რომლის თანახმადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს ყოველთვიურად სოლიდურ თანხას უხდიდა.

"არანაირი კონტრაქტი მათ შორის არ ყოფილა, წყვილი განქორწინდა 2019 წელს. განქორწინების შემდეგ ნიკოლოზმა, ისე როგორც ყველა ნორმალურ მამას უნდა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი შვილი, გადასცა გარკვეული ქონებები, გარკვეული შემოსავლებით, იმისთვის, რომ ბავშვი გაზრდილიყო ჯანსაღ გარემოში და უზრუნველყოფილი ყოფილიყო", - ამბობს ირმა ჭკადუა.

ბასილაშვილის თქმით, "ნეკას აქვს სრული თავისუფლება იმისთვის, რომ გაასაჯაროვოს, თუ რაიმე პირადი ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია გააჩნია".

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ 24 მაისს 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ნელი დოროყაშვილზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG