Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმე: გამოძიება გარდაცვლილის სამსახურის ვერსიაზე მუშაობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 აგვისტოს


თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ გამოძიება მისი შვილის სამსახურით დაინტერესდა

გარდაცვლილი პროგრამისტი ქალის თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ გამოძიება გარდაცვლილი გოგოს სამსახურის ვერსიაზე მუშაობს.

„გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღე და ამიტომ ეს პასუხები მინდა მივიღო პრემიერისგან. ახლა უფრო მუშაობენ სამსახურის ხაზით, ანუ იქაც არ ჰქონდაო კომფორტული სიტუაცია. იქ შეიძლება, არ ჰქონდა კომფორტული სიტუაცია, მაგრამ რა შუაშია ამასთან. მე განვაცხადე, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი მკვლელობა, რომ ყოფილიყო აქამდე გამოძიებული იქნებოდა. გამოძიება ითხოვს ვადებს, ამბობენ, რომ სჭირდებათ დრო, რათა გაეცნონ საქმის მასალებს და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. ასევე, აღმოჩნდა დამატებითი კამერები, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების ნახვას თეთრიწყაროს რაიონში. მე მაინტერესებს რა რეაქცია ექნება გახარიას, მინდა მასთან შეხვედრა, მინდა თვალებში ჩავხედო და მისგან პირადად მოვისმინო, რომ გამოძიებული იქნება ეს საქმე წესისა და რიგის მიხედვით და დასახელებული იქნება ის სამი ჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

გარდაცვლილ პროგრამისტს ორი სამსახური ჰქონდა. ერთი იყო დეველოპერული კომპანია „ზეგ“, მეორე სამსახურის შესახებ კი ჯერ არაფერია ცნობილი.

შაქარაშვილის საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება. ამის შესახებ დაღუპულის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ტვ "პირველის" ეთერში ისაუბრა:

"მოგეხსენებათ, რამდენიმე კითხვაა დასმული დამატებითი ექსპერტიზის წინაშე. ყველა კითხვები არის ანალიტიკური, რომლებიც ითხოვს გარემოვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ამას მოჰყვა თუ არა ბავშვისთვის გონების დაკარგვა და შეეძლო თუ არა შემდგომი ქმედებების განხორციელება?! ნევროლოგზე და ნეიროქირურგზეა კიდევ საუბარი, თუ არ ვცდები", - ამბობს ნიკოლაძე.

"ევროპული საქართველო" დღეს რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

დღეს, 12 საათზე პარტია „ევროპული საქართველო“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

ამ დროისთვის კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარად პარტია მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს წარადგენს. ის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გასულ თვეში უკვე გააცნო მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას.

მანამდე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რეგიონებში საერთო კანდიდატები ეყოლებოდათ, თუმცა პროცესი სხვაგვარად წარიმართა. პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ოლქში კანდიდატების დამოუკიდებლად დასახელება გადაწყვიტა.

მიუხედავად ამისა ამ დრომდე „ევროპული საქართველოს მხრიდან ისმოდა მოწოდებები ოპოზიციის შიგნით შეთანხმების შესახებ. მოხდა თუ არა ს შეთანხმება და რა გადაწყვეტილება მიიღო „ევროპულმა საქართველომ“ ეს დღეს გახდება ცნობილი.

პუტინმა აკრძალა მედიაში უშიშროების სამსახურის (ФСБ) შესახებ მასალების გამოქვეყნება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს „ფედერალური უშიშროების სამსახურის შესახებ“, რომელიც უწყების ხელმძღვანელობის ნებართვით კრძალავს ФСБ-ს შესახებ მასალები პუბლიკაციას და გავრცელებას.

რადიო თავისუფლების პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, საუბარია სამხედროების, სახელმწიფო მოხელეების, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების მიერ პროფესიული ინფორმაციის გავრცელებაზე.

თავად კანონის მიხედვით „პროფესიული საიდუმლო“ არ შეიცავს სახელმწიფო და კანონით დაცულ სხვა საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ შესწორების ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებამაც შეიძლება „შეუქმნას საფრთხე“ ქვეყნის უსაფრთხოებას და „ზიანი მიაყენოს“ ФСБ-ს რეპუტაციას.

წაიკითხე მეტი.

ბავშვები პროსტიტუციაში

რამდენი ბავშვია საქართველოში ჩართული პროსტიტუციაში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის პოვნა თითქმის შეუძლებელია.

დასჯილა ვინმე, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ არასრულწლოვნისგან სექსმომსახურება მიიღო? პასუხი ისევ გაურკვეველია.

ნამდვილად ხდება ასეთი რამ საქართველოში? ხდება. ეს ამბები ინგას და ელენეს გადახდათ თავს.

არიან კი ისინი გამონაკლისები?

ინგას ამბავი

„თბილისი ცენტრალის“ უკანა მხარეს ავედი. ბაქანს გავცდი, ლიანდაგებს გავუყევი და ნაძვებში შევედი. ბინდდებოდა, როცა უცხო კაცების ჯგუფი შევნიშნე, ჩემკენ მოდიოდნენ. ჩქარ-ჩქარა გადავყლაპე საცხობში ნაყიდი ხაჭაპური, მათთან მივედი და სიგარეტი ვთხოვე. ასე გავიცანი „ძევკები“.

მეორე დღეს მათთან ისევ დავბრუნდი. ზოგი ლუდს სვამდა, ზოგი ეწეოდა, ზოგს იქვე ჰქონდა სექსი. კლიენტებიც იქ მოდიოდნენ. ჩვენ მათ „ვალიკებს“ ვეძახდით. მე ყველაზე პატარა ვიყავი და ჩემთან დალაპარაკებას ყველა ცდილობდა. ეს მომწონდა. წარმოვიდგინე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი მქონდა.

ერთმა კაცმა მითხრა, ამაღამ ჩემთან წამოდიო. მომეწონა და წავყევი.

მთელი ღამე თბილად მექცეოდა. თითქოს კიდეც ვუყვარდი. მაგრამ გამთენიისას უხეშად შენჯღრევამ გამაღვიძა - დროზე ადექი და წადი, არ მინდა მეზობლებმა დაგინახონო. ჩემი ბინძური ტანსაცმლის ჩაცმა რომ დავიწყე, კარადა გამოაღო და სპორტულები მომაწოდა, ჩემი შვილისაა, მაინც აღარ იცვამს და აიღეო. სასწრაფოდ გამომაგდო და მომაძახა, სადმე რომ გადამეყარო ქუჩაში, არ გამომეცნაურო, თორემ ღორივით დაგკლავო.

თენდებოდა. ქუჩაში მოვხეტიალობდი და ვფიქრობდი. მერე ისევ ვაგზალზე მივედი, ჩემს „ტაჩკას“ ხელი მოვკიდე და მუშაობა დავიწყე. 14 წლის ვიყავი.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში. „ენჯეო-ხალხი”, რომელიც “ენჯეო ენაზე” ლაპარაკობს, თუ გულმხურვალე მებრძოლები ადამიანის უფლებების დასაცავად?
როდის გაჩნდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები? როგორ დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლება? რატომ განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენში ხან რუსეთის, ხანაც ამერიკის ინტერესების გამომხატველებად?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG