Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ბინა, 3 ავტოსადგომი, 4 მანქანა და 850 000 ლარზე მეტი ტანსაცმლისთვის - რა შეიძინა კახა კალაძემ 2018 წელს?


თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2018 წლის დეკლარაცია იანვრის მიწურულს შეავსო. ამ დოკუმენტში წელს პირველად მოხვდა ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსუარებში დახარჯული თანხა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 850 000 ლარზე მეტი შეადგინა.

შედარებით მოკრძალებული თანხა, დაახლოებით 26 000 ლარი დახარჯა მერის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ.


2018 წელს თბილისის მერმა ორი ბინა და სამი ავტოსადგომი შეიძინა მარო მაყაშვილის ქუჩაზე. ორი ბინის ფასმა ჯამში 1 703 298 ლარი შეადგინა, ავტოსადგომებმა კი 240 549 ლარი.

გარდა ამ უძრავი ქონებისა, რაც კახა კალაძემ 2018 წელს შეიძინა, მის საკუთრებაშია 6 ბინა, მათ შორის 2 უკრაინაში, 7 მიწის ნაკვეთი, 2 საჩუქრად მიღებული აგარაკი წყნეთში და 3 ავტოფარეხი.



უძრავი ქონების გარდა 2018 წელს თბილისის მერმა 4 ავტომობილი შეიძინა და ამდენივე გაყიდა. ფერარის, ბენტლისა და ორი მერსედესის გაყიდვით ჯამში კალაძემ 2 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძეს 4 მილიონ ნახევარი ევრო და 3 მილიონ ნახევარი დოლარი აქვს არაქართული ბანკების ანგარიშებზე.

ქალაქის მართვისთვის მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 38 160 ლარი შეადგინა. კახა კალაძე შემოსავალს იღებს უკრაინაში, კიევში მის მფლობელობაში არსებული ბინების გაქირავებიდანაც. 2018 წელს ამ ტიპის შემოსავალმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

2018 წელს თბილისის მერმა ქველმოქმედებაში 330 000 ლარი დახარჯა, პარტიას 50 000 ლარი შეწირა; დაახლოებით 160 000 ლარი გადაიხადა თვითმფრინავის ბილეთებში, 376 500 ლარზე მეტი კი სასტუმროს იჯარაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG