Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის იდეის გამო აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს კურორტიდან გადაიტანენ


აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო

მას შემდეგ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ტუბერკულოზით დაავადებულებულ პაციენტებს მკურნალობის ადგილის შეცვლა მოუწევთ. კურორტის ტერიტორიაზე, სანატორიუმ „ზეკარში“ განთავსებული სამედიცინო დაწესბულება ხეობიდან გარეთ, სოფელ აბასთუმანთან გადააქვთ.


„როგორი შედეგი ექნება იქ გადატანას?! წესიერად არც ნაძვია და არც ფიჭვი. აშენებენ სამსართულიან საავადმყოფოს და ავადმყოფებს გადაიყვანენ იქ. ეს შენობა კი, მგონი, ივანიშვილმა იყიდა“. - ამბობს აბასთუმნელი ეთერ ბალახაძე.

საავადმყოფოს გადატანაზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. იოსებ ცისკარაძე ამ ზაფხულის ამბებს იხსენებს და ყვება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ,,ლაბორატორია ჩამოიყვანა, ჰაერის გამჭვირვალობა და სისუფთავე გაზომა და 95 % აჩვენა.“ მისივე თქმით, სანატორიუმ "ზეკარის" ადგილზე შვიდსართულიანი სასტუმრო გაკეთდება.

სამედიცინო ცენტრის მშენებლობა
სამედიცინო ცენტრის მშენებლობა

"ამბობენ, რომ აბასთუმანი უნდა იყოს კურორტი, სადაც ავადმყოფი ხალხი აღარ იქნება, მარტო ჯანმრთელი და ფულიანი ხალხი იცხოვრებს“ - ყვება აბასთუმნელი ენვერ შონია.​

ახალი სამედიცინო ცენტრი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ აბასთუმნის შესასვლელთან შენდება. ეს ადგილი წიწვოვანი ხეობიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის დაშორებითაა.

ახალი, მრავალპროფილიანი ცენტრი 100 ადამიანზეა გათვლილი. წინასწარი ინფორმაციით, აქედან 30 ადგილი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. საავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის ინფორმაციით, პაციენტებს, რომლებსაც ახალი კლინიკა ვერ მიიღებს, თბილისის პროფილურ საავადმყოფოებში უმკურნალებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის მკურნალობისთვის კურორტის მიკროკლიმატი გადამწვეყია, ტუბსაავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის აზრით შენობის ხეობიდან სოფელთან გადატანა, სადაც წიწვონი ხეები არ ხარობს პაციენტებს არ დააზარალებს. “მიკროკლიმატს არ ქმნის მარტო ხე, არამედ ქმნის ჰაერის ბუნებრივი განიავების მიმართულება და შემადგენლობაც. ამ სამკურნალო სივრცედ მოიაზრება ეს ადგილი და გრძელდება სოფელ აბასთუმნის შუაგულ ტერიტორიამდე, სადაც ახალი საავადმყოფო განთავსება. სწორედ ამ აეროგრაფიულ რუკაში ზის. აქ არის მეორე მომენტიც - ორი ჰაერის კვეთა ხდება მდინარე ოცხისა და კურცხანის ხეობის - განმარტავს რევაზ ჟღენტი.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო
აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო

დღეს მოქმედ კლინიკაში 55 პაციენტი მკურნალობს. მათი უმრავლესობა ძირითადად, ექვს, ან თორმეტთვიან კურსს გადის.​ ტუბსაავადმყოფოს პაციენტებმა არ იციან კურორტიდან შენობის სოფელთან გატანა რამდენად შეამცირებს მკურნალობის ეფექტს.

,,6 თვეა, ვმკურნალობ. იყვნენ სპეციალისტები, შეამოწმეს და ჰავა ერთი და იგივეა. მდებარეობით, რა თქმა უნდა, ეს ჯობია“, – ამბობს ერთი პაციენტი. ,,სად ნაძვნარი და სად ტიტველი მიწა. ეზოში ხომ უნდა ჩამოხვიდე? ოთახში ხომ არ იქნები სულ, ჩრდილშიც ხომ უნდა დაჯდე? არანაირი ხე არ არის იქ“ - უკმაყოფილოდ შენიშნავს მეორე.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს დირექტორის რევაზ ჟღენტის ინფორმაციით, ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ამ შემოდგომაზე დაიწყო, 2019 წლის მაისში დასრულდება, ტექნიკით აღჭურვა კი, სავარაუდოდ, აგვისტომდე გაგრძელდება. პაციენტები ახალ სამედიცინო ცენტრში მკურნალობას მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყებენ. რაც შეეხება უშუალოდ კურორტის ტერიტორიას, რევაზ ჟღენტის განცხადები, 2020 წლამდე აბასთუმანი ოთხსეზონიანი მსოფლიო დონის კურორტი გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG