Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარისა ივანოვნას მრისხანება


საბჭოთა კავშირის დაშლა გამიხარდაო (სუფრაც კი გავშალეო), სსრკ-ს გერბს - ნამგალსა და უროს ვერ ვიტანდიო, პუტინი საბჭოთა ლიდერად მიმაჩნიაო, რუსეთმა მაგრად მიჰქარა საქართველოსთან 2008 წელსო, საქართველო რომ გადარჩეს, ნატოში უნდა შევიდესო. კიდევ, „ხრენოვაია“ იყო ცხოვრება საბჭოთა კავშირშიო, ერთადერთი რაც მომწონდა კიევური კატლეტი იყოო, მაგრამ იმ საშინელ ქვეყანაში ადამიანებს ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდათ და, ამ თვალსაზრისით, სულიერება იყოო - დაახლოებით ასეთი რამ თქვა ვახტანგ კიკაბიძემ „დოიჩე ველესათვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში რომელმაც რუსული ინტერნეტი ააფორიაქა.

კომენტატორებმა ერთ დროს საყვარელ მსახიობს “არარაობა” უწოდეს, ინტერნეტგამოცემები კი მამხილებელ პასკვილებს არ დასჯერდნენ და სტატიებს კიკაბიძის კარიკატურები დაურთეს.

„ვახტანგ კიკაბიძის ფსკერი. როგორ გათელა პუბლიკის რჩეულმა თავისი თავი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „არგუმენტი ი ფაქტმა“, ინტერნეტგამოცემა „ვზგლიადმა“ კი წერილში - „რა ვუპასუხოთ კიკაბიძეს საბჭოთა კავშირის სიძულვილზე“ - ხოტბა შეასხა საბჭოთა კავშირს, მომღერალი და მისი სამშობლო კი უმადურობაში „ამხილა“.

დაწერეს პოლიტიკოსებმაც.

რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერაციათა საბჭოს წევრი ალეკსეი პუშკოვი: „კიკაბიძე საბჭოთა კავშირის წყალობით იქცა იმად, რაც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა, ნაკლებად ცნობილი მომღერალი ევროპის კიდეზე. წლები მოემატა, სიბრძნე კი - არა“.

დეპუტატი ფრანც კლინცევიჩი: „რუსებს კიკაბიძე უყვარდათ და უყვართ მისი შემოქმედების გამო, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ადამიანი აღარ არსებობს. დღევანდელ ვახტანგ კიკაბიძეს კი ჩვენ არ ვიცნობთ და მისი ცნობა არც არაფრად გვარგია. დაე, ილაპარაკოს, რაც მოესურვება“.

ჯიმშერ რეხვიაშვილი, ვახტანგ კიკაბიძე
ჯიმშერ რეხვიაშვილი, ვახტანგ კიკაბიძე

დეპუტატ კლინცევიჩის ეს სიტყვები ნათელს ჰფენს რუსული ინტერნეტის მრისხანების მიზეზს.

საყოველთაოდ ცნობილია რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილის (60%) წუხილი საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, თუმცა ვახტანგ კიკაბიძის სიხარულმა გამოწვეულმა „დიადი საბჭოეთის“ დანგრევით, ბევრად მასშტაბური რისხვა გამოიწვია. ლამის მთელმა რუსეთმა მოინდომა მსახიობის მხილება და გალანძღვა, და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს, ვრცელი ინტერვიუს მსვლელობისას, ერთი ცუდიც კი არ დასცდენია რუს ხალხზე.

აშკარაა, რომ ვახტანგ კიკაბიძის პიროვნებაში რუსეთის მოქალაქეები (უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსები და მედია) ხედავენ არა საქართველოს მოქალაქეს და თავისი ქვეყნის პატრიოტს, არამედ გიორგი დანელიას რომანტიკული კომედიების პერსონაჟებს, ისეთებს როგორებიცაა ვალიკო „მიმინოდან" და ბენჟამენი „არ დაიდარდოდან". კოლექტიური „ლარისა ივანოვნა“ ვერ ეგუება მსახიობის ამგვარ ტრანსფორმაციას, ვერ ეგუება იმას, რომ „ვალიკოს“ დიდ ავიაციაში დაბრუნებასა და ლარისა ივანოვნასთან რომანტიკული შეხვედრის პერსპექტივას, სამშობლოს ინტერესები ურჩევნია.​

ვახტანგ კიკაბიძე იმასაც ამბობს, რომ არ არის პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი, მაგრამ უწევს პრინციპული პოზიციის დაკავება, რადგან საქმე სამშობლოს ბედსა და მომავალს ეხება. ამავე კონტექსტში მსახიობი შენიშნავს, რომ ხსნა და გამოსავალი საქართველოს ნატოში მიღებაა, თორემ პუტინის რუსეთის გადამკიდე და რუსული მედიის აგრესიული ანტიქართული პროპაგანდის გათვალისწინებით, საქართველოს წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი ელისო.

მძაფრი აგრესია ვახტანგ კიკაბიძის ინტერვიუზე (ფაქტობრივად, სსრკ-სა და რუსეთის პოლიტიკის კრიტიკაზე) ცხადად მიუთითებს მომღერლის მიერ დასახული სავალალო პერსპექტივის შესაძლებლობაზე. თანაც, აშკარაა, რომ ეს არ არის ერთეულ მოქალაქეთა აგრესია და წყევლა-კრულვა და, რომ ამ საქმეში რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილია ჩართული. 80 წლის მსახიობსა და მომღერალს, რომელსაც ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირსა და რუსეთში აქვს გატარებული, ალბათ, სიტყვაზეც დაეჯერება, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ჩვენი და სხვისი გამოცდილებაც გვიკარნახებს, რომ კარგს არაფერს უნდა ველოდეთ, რადგანაც ემპირიულად დამტკიცებულია:

როცა დედა-რუსეთი გწყევლის, მისი ძუძუები გბომბავენ!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG