Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია გახარიას: მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?


„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში მისულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ურჩია, ტონი შეარჩიოს და შეწყვიტოს პარლამენტის შეურაცხყოფა.

„თქვენთვის დრო არა მაქვს და აქ ნუ გამაცდენთო, ამ კითხვებზე რა პასუხი უნდა გავცეო... ამას რომ ამბობთ, ვინ წაგახალისათ, ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ? თქვენ პატივს სცემთ იმას, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო? თუ დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან, რომ მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ, გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს, ოპოზიციას დააბრალოთ ეს კრიზისი და პოლიტიკური პასუხი არ აგოთ მაგაზე?“, - უთხრა გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, გახარია დიდ გულზე მათთან არის, ვინც ცივილიზებულად ელაპარაკება. მისი მთავრობა ყვავილების გამყიდველს აჯარიმებს და რელიგიურ ფანატიკოსს ვერაფერს უბედავს:

„ეგრეა ხომ თქვენი მსოფლმხედველობა?ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესრიგს ვინც ფეხებზე იკიდებს, ვინც ამბობს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო, მასთან უნდა დაწვეთ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე იყოთ აქ, ტრიბუნიდან. ეგ არის, რაც ქვეყანას გამოადგება? ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას ითხოვენ პოპულისტებიო, ხუთ დღეში ხომ გახსენით? ამიტომ, ახლა მოგვისმინეთ, ტონი შეიცვალეთ, იქნებ შემდგომში ნაკლები სისულელე თქვათ, რომელიც თქვენც ნაკლებად გადაზარალებთ და ქვეყანასაც, თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას მისამართით.

პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც ის ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG